ეს რეტროგრადული მერკურის ერთერთი საუკეთესო პოზიციაა. ურანიელი მერწყულის ჰაეროვნება საკმარის სივრცეს ანიჭებს მერკურის, რომ სამივე ფაზა კომფორტულად განიცადოს დროისა და სივრცის სხვადასხვა განზომილებაში. I ფაზაში ინდივიდი ბედნიერია წინ ნახტომით, მაგრამ არ სურს სხვების სივრცეში შეიჭრას. III ფაზაში ბედნიერია, რადგან არ არღვევს სხვა ადამიანების სივრცეს და უხარია, რომ თავიდან იკვლევს წარსულს, ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად, რაც მომავალში გამოადგება. II ფაზის გადამკვეთი ვიბრაციისას, ის დროებით ისვენებს კვლევისგან, მაგრამ ბედნიერია იმით, რომ სხვებს ეხმარება. ასე რომ, სამივე ფაზაში, მას ნამდვილად აქვს სიხარულის მიზეზი.
ის საკმაოდ უნიკალური და ორიგინალური ინდივიდია. მართლია, გარშემომყოფებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ის მოკლებულია საღ აზროვნებას და არც სტაბილურობით გამოირჩევა, მაგრამ მას უდიდესი გაქანების იდეები აქვს, რომელსაც ყველაზე უჩვეულო „ადგილებიდან“ იღებს. მან შეიძლება ისესხოს სამყაროსავით ძველი კონცეფცია, რაღაცები გადააკეთოს, ოდნავ შეცვალოს და შექმნას გენიალური ახალი იდეა. თუმცა მისი იდეა შეიძლება მომდევნო ასწლეულის მანძილზე არ მიიღონ. დიახ, საზოგადოება ყოველთვის ვერ ხვდება მისი აზრების ფართო პერსპექტივებს.
მისი მენტალური ენერგია მუდმივად დაფარფატებს და იშვითად ფოკუსირდება ერთ წერტილზე ხანგრძლივი დროით. ამ ადამიანს უამრავი თემის მიმოხილვა შეუძლია ერთ საუბარში. ის თითქოს არაფერს ამტკიცებს. ყოველ შემთხვევაში, მის თანამოსაუბრეს ნამდვილად არ ჰგონია, რომ მას რამეს უმტკიცებენ და მიუხედავად ამისა, ეს თავისთავად ხდება. საერთოდ, თანამოსაუბრეები მის ნათქვამს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგ უკეთესად გაიგებენ, ვიდრე საუბრის მიმდინარეობისას. აუცილებელი დეტალები შესანიშნავი გამოგონებებისთვის, რეტრომერკურის მერწყულში, ხშირად წარსულიდან მოჰყვება _ იმ დროიდან, როდესაც სამყარო უფრო მზად იყო მისი იდეების მისაღებად.
მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“