რ. შტაინერი – როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე

რ. შტაინერი – როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე

ჩეფალუს საკათეტრო ტაძრის მოზაიკა. სიცილია, იტალია.

რუდოლფ  შტაინერი

 

როგორ მოქმედებს ანგელოზი ჩვენს ასტრალურ სხეულზე

ციურიხი, 9 ოქტომბერი, 1918წ.

გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი

სინამდვილის ანთროპოსოფიული წვდომა მხოლოდ თეორიული მსოფლმხედველობის არეალით არ უნდა შემოიფარგლოს. იგი უნდა იქცეს ცხოვების შინაარსად, სასიცოცხლო ძალად. მხოლოდ მაშინ შეასრულებს იგი თავის ამოცანას, როცა ჩვენივე მეცადინეობით იმდენად მომძლავრდება ჩვენში, რომ ჭეშმარიტ სასიცოცხლო ძალად იქცევა. რაკიღა ჩვენს საფშვინველს ანთროპოსოფიულ წვდომასა და შემეცნებას ვუკავშირებთ, ძალაუნებურად კაცობრიობის განვითარების გარკვეული მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილედ და მეთვალყურედ წარმოვჩნდებით. ცნობილია, რომ ადამიანები, ეზიარებიან რა ამა თუ იმ მსოფლმხედველობას, დარწმუნებულები არიან, რომ აზრები და წარმოდგენები, გარდა იმისა, რომ ისინი მათ საფშვინველში წარმოიშვებიან, არაფრით არ ეხებიან, არ განაპირობებენ სამყაროთა ურთიერთკავშირს.

მსგავს მსოფლმხედველობათა მქონე ადამიანები ასე ფიქრობენ: აზრები და წარმოდგენები იდეალად მხოლოდ მაშინ დაინერგებიან ცხოვრებაში, ან იმდენად აქცევს მათ ადამიანი იდეალად, რამდენადაც, რაკიღა მისი ასპარეზი ფიზიკური სამყაროა, სწორედ ფიზიკურ სამყაროში შესძენს და მიანიჭებს მათ ცხოვრებისეულ მნიშვნელობას.

ანთროპოსოფიული მრწამსის აუცილებელი პირობაა, კარგად გავერკვეთ იმაში, რომ ჩვენი აზრებისა და წარმოდგენების ცხოვრებაში განსახორციელებლად სრულიად სხვა გზები და საშუალებები უნდა გამოიძებნოს, განსხვავებით იმისაგან, რომ ამა თუ იმ აზრსა და წარმოდგენას ადამიანები გრძნობად სამყაროში ფიზიკური მოქმედებით ახორციელებენ. ამ ცხოვრებისეული აუცილებლობის შეგნებაშივე უკვე ჩანს მოთხოვნაც იმისა, რომ ანთროპოსოფოსი ვალდებულია გარკვეული მონაწილეობა მიიღოს ეპოქის გამოცხადებათა – ნიშანთა და სიმბოლოთა – შეცნობასა და აღიარებაში. უამრავი რამ ხდება სამყაროთა განვითარებაში, ხოლო ადამიანის, უპირატესად კი ჩვენი ეპოქის ადამიანის, პირდაპირი ვალია გამოიმუშაოს გამოცხადებათა შეცნობის უნარი სამყაროთა განვითარების იმ პროცესში, თავად რომაა ჩართული.

მოგეხსენებათ, როცა ცალკეულ ადამიანს ეხებიან, არავის არ შეეპარება ეჭვი, რომ ამ ადამიანის დასახასიათებლად მისივე განვითარების გათვალისწინებაა აუცილებელი და არა მხოლოდ ამ გარე მოვლენათა ყურად ღება, რაც მის გარშემო ხდება. უხეშად რომ ვთქვათ, წარმოვიდგინოთ, რომ დღევანდელი გარე მოვლენები ეხება 5, 10, 20, 30, 50 და 70 წლის ადამიანებს. არცერთ ჭკუათმყოფელს არ მოუვა აზრად, რომ ხსენებული მოვლენები ერთნაირად უნდა განიხილებოდეს 5, 10, 20, 30, 50 და 70 წლის ადამიანთა მიმართებაში. ადამიანთა გარემოებისადმი დამოკიდებულება მხოლოდ მათივე განვითარების დონით უნდა განისაზღვროს, ე.ი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თითოეული ცალკეული ადამიანი – ამას დღეს არავინ არ უარყოფს.

მსგავსად იმისა, რომ თითოეული ცალკეული ადამიანი გარკვეულ საკუთარ განვითარებას ემორჩილება, მსგავსად იმისა, რომ განსხვავებული ძალები მოქმედებენ ყრმობის, სიჭაბუკისა და მოწიფულობის ასაკში, ასევე მთელი კაცობრიობის განვითარებაში სრულიად სხვადასხვა ძალები ვლინდება და, ასე ვთქვათ, მხოლოდ მძინარე უგულებელყოფს სამყაროთა განვითარების შემეცნებისას, რომ XX საუკუნის კაცობრიობის არსი რამდენადმე განსხვავდება,, ვთქვათ, XIV საუკუნის, ან გოლგოთას მისტერიისდროინდელი, ანდა, თუნდაც უფრო ადრეული კაცობრიობის არსისგან. ასეთი რამის უგულებელყოფა, ეგოდენ უდიდესი დაბნეულობა და შეცდომა ჩვენი დროისა ის გახლავთ, რომ ადამიანსა და კაცობრიობაზე აბსტრაქტულად შეიძლება ილაპარაკო და სრულებითაც არ არის საჭირო გაერკვე, რომ დღევანდელი კაცობრიობა გარკვეულ განსხვავებულ განვითარებას ემორჩილება.

ისმება კითხვა: როგორ უნდა მივაღწიოთ ამის უფრო ზუსტად შემეცნებას? დამეთანხმებით, ჩვენ ხშირად გვიხდებოდა ლაპარაკი ერთ უძირითადეს პუნქტზე ამ განვითარებაში. ბერძნულ-ლათინურ ეპოქას – ჩვენს ერამდე VII საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე XV საუკუნემდე ჩვენი წელთაღრიცხვით – ე.წ. განსჯითი საფშვინველის ანუ ხასიათის საფშვინველის კულტურის ეპოქად ვთვლით; ხოლო XV საუკუნიდან მოყოლებული დრო კი ცნობიერი საფშვინველის ეპოქად ითვლება. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე უძირითადესი კაცობრიობის განვითარებაში, მით უმეტეს, როცა ეს უკანასკნელი დღევანდელ დღესაც გრძელდება. ამრიგად, ჩვენ ვიცით, რომ XV საუკუნიდან მოყოლებული დრო, ვიდრე მესამე ათასწლეულის მიწურვამდე, ანუ მეოთხე ათასწლეულის დამდეგამდე, ითვლება ცნობიერი საფშვინველის ეპოქად.

მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, სულის მეცნიერებაში, როცა ჭეშმარიტად სულის მეცნიერებაზეა ლაპარაკი, მხოლოდ ზოგადი აბსტრაქტული აზრებით ვერ შემოიფარგლები. ყველგან და ყოველთვის უნდა ვესწრაფოდეთ კონკრეტული ფაქტების მოძიებას. მარტო აბსტრაქციით მხოლოდ რიგითი, ჩვეულებრივი ცნობისმოყვარე ადამიანი თუ დაკმაყოფილდება. ვისაც სურს სულისმეცნიერება სასიცოცხლო ძალად, ცხოვრების შინაარსად და აზრად აქციოს, იგი დიდის სერიოზულობით უნდა მოეკიდოს მას და ამდენად მარტო აბსტრაქციით ვეღარ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვცხოვრობთ ცნობიერი საფშვინველის ეპოქაში, რომელიც უპირატესად სწორედ ცნობიერი საფშვინველის განვითარებისა და გამოვლენისათვისაა განსაზღვრული. ეს სრული სიმართლეა და დიდი მნიშვნელობაც ენიჭება ამ აზრს, მაგრამ ყველაფერი ამით არ ამოიწურება.

თუკი გვსურს უფრო მივუახლოვდეთ და მკაფიოდ გამოვკვეთოთ საქმის არსი, უპირველეს ყოვლისა, უფრო გამოწვლილვით უნდა განვიხილოთ საკუთრივ ადამიანის არსიც. სულისმეცნიერების მიხედვით, ჩვენ, ვითარცა ადამიანნი, გარკვეულწილად, ზემოდან ქვემოთ რომ ჩამოვთვალოთ, შევდგებით: „მე“-ს, ასტრალური სხეულის, ეთერული სხეულისა (რომელიც ამასწინ მე ძალთამაფორმირებელ სხეულადაც მოვიხსენიე) და ფიზიკური სხეულისაგან. ადამიანური ბუნების ამ ოთხი შემადგენელი წევრისაგან მხოლოდ „მე“ გახლავთ ის წევრი, რომელშიაც ვიწყებთ ცხოვრებასა და ფშვინვიერ – სულიერ შემოქმედებას. „მე“ იმ დედამიწისეული განვითარებით გვენიჭება, რომელსაც ფორმის სულები (ელოიმები) წარმართავენ. ყოველივე, რაც ჩვენს ცნობიერებაში შემოდის, ძირითადად „მე“-ს წყალობით ხორციელდება. ხოლო, თუკი „მე“ იმგვარად განვითარდება, რომ დროის რომელიღაც მონაკვეთში, თუნდაც სხვა სხეულთა მეოხებით, გარე სამყაროს ვერ დაუკავშირდება, მაშინ ჩვენი ცნობიერება გარდაიქმნება იმ ცნობიერებად, რომელიც მხოლოდ დაძინებიდან გაღვიძებამდე გაგვაჩნია. „მე“ ის წევრია, რომელიც ჩვენ გარე სამყაროსთან გვაკავშირებს; ასტრალური სხეული ჩვენ იმ მთვარისეული განვითარების წყალობით გვებოძა, ჩვენს დედამიწისეულ განვითარებას რომ უსწრებდა. ეთერული სხეული მთვარისწინა მზისეული განვითარებით მივიღეთ; ხოლო ფიზიკური სხეულის პირველი ჩანასახები – წინარე სატურნისეული განვითარებით წყალობით.

უკეთუ „იდუმალმეტყველების ნარკვევში“ ზემოთ ჩამოთვლილ სხეულთა აღწერას გადავხედავთ, ნათელი გახდება რაოდენ სირთულით ჩამოყალიბდა და შეიქმნა ის, რასაც დღეს ოთხწევრა ადამიანი წარმოადგენს. განა „იდუმალმეტყველებიდან“ არ ჩანს, რომ ადამიანის სამ გარსად, სამ სხეულად, შენაწევრებაში ყველა იერარქიის სულები მონაწილეობდნენ? განა არ ვრწმუნდებით, რომ ის, რითაც ჩვენ შევიმოსენით, ასტრალური იქნება ეს, ეთერული თუ ფიზიკური სხეული, თავისთავად ერთობ ურთულესი რამაა? ხსენებული იერარქები გარდა იმისა, რომ ჩვენს გარსთა შექმნაში მონაწილეობდნენ, დღესაც განაგრძობენ მათ წიაღ შემოქმედებას უფრო სრულყოფის მიზნით. ვისაც სწამს, რომ ადამიანი ძვლების, სისხლის, გვამისა და ა.შ. უბრალო ნაერთს წარმოადგენს, როგორც ამას ჩვეულებრივი საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი გვამცნობენ, ფიზიოლოგია იქნება ეს თუ ბიოლოგია, ანდა ანატომია, მას სრულებით არ გაეგება, რა არის ადამიანი.

უკეთუ ჩვენ ადამიანის ამ გარსობრივი არსებითობის სინამდვილეს მივუახლოვდებით, უკეთუ ადამიანის ამ გარსობრივ არსებითობას მათს ყოველდღიურ მოქმედებაში განვჭვრეტთ, დავინახავთ, რარიგ მიზანშეწონილად, რაოდენ გონივრულად მოქმედებენ ისინი ერთიმეორეზე და ყოველივე იმაში, რაც ჩვენს სხეულებში ხდება და ჩვენი ცნობიერების მიღმაა, როგორ გამოსჭვივიან უმაღლეს იერარქიათა სულიერი არსნი. ის, რაც ადამიანის თანაშექმნაში უმაღლესი იერარქიების ცალკეულ სულთა ურთიერთკავშირიან ერთობლივ ქმედებაზე აღვწერე „იდუმალმეტყველების“ ნარკვევებში – მე ვიტყოდი, მონახაზის სახით – მკაფიოდ წარმოაჩენს, თუ რარიგ რთულია, დამეთანხმებით, ყოველივე ცალკე აღებული. და მაინც, მიუხედავად ამისა, უკეთუ ადამიანის არსის ჭეშმარიტ წვდომას ვესწრაფვით, ვალდებული ვართ ასეთი ურთულესი მოვლენებიც სულ უფრო და უფრო გამოცალკევებულად და უფრო და უფრო კონკრეტულად განვიხილოთ.

ამ სფეროში რომელიმე კონკრეტული საკითხის ცალკე გამოყოფა უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, რამეთუ საკუთრივ კონკრეტული კითხვებიც უსაზღვროდ რთულია. დავუშვათ, ასეთი კითხვა დაგისვეს: როგორ მოქმედებს კაცობრიობის განვითარების ახლანდელ ციკლში, წლევანდელ 1918 წელს, ადამიანის ეთერულ სხეულზე, ვთქვათ სერაფიმების ანდა ძალთა (მოძრაობის სულნი) იერარქია? მსგავსი კითხვის დასმა ისევე ადვილად შეიძლება, როგორც, ვთქვათ, ამდაგვარისა: წვიმს თუ არა ახლა ლუგანში?

სიმართლე უნდა ითქვას, ორივე საკითხის გადაწყვეტა ერთიანი უმნიშვნელო ხარისხით, მხოლოდ ჩვეულებრივი განსჯით ანდა გარკვეული თეორიის მეოხებითაა შესაძლებელი: საკითხს კონკრეტულად უნდა მივუდგეთ. ისევე როგორც პირადად მე დეპეშითა თუ წერილით, ანდა მსგავსი საშუალებით შევიტყობდი წვიმს თუ არა დღეს ლუგანში, ასევე კონკრეტულად უნდა მივდგომოდი ისეთ საკითხს, როგორიცაა, ვთქვათ, შემდეგი კითხვა: რა ამოცანას ითვალისწინებს კაცობრიობის დღევანდელ განვითარებაში სიბრძნის სულები (კირიოტეტეს) ან საყდარნი, ვთქვათ, ადამიანის ეთერული სხეულის მიმართ? ამდაგვარი საკითხი უჩვეულოდ რთულია და ჩვენც, რა თქმა უნდა, მხოლოდ თანდათან უნდა მივუახლოვდეთ იმ სფეროებს, სადაც ასეთი საკითხები აღიძვრებიან. სწორედ ამ სფეროებში ყოველივე ისეა დაფუძნებული, ადამიანი რომ არ აღზევდეს ცათა წიაღ და რომ ქედმაღლურად არ განეწყოს იგი ჭეშმარიტი წვდომის მისეულ სწრაფვაში.

გარკვეული უახლოესი პერსპექტივები, ჩვენ რომ უშუალოდ გვეხება, სწორედ ის პერსპექტივებია, რომელთაც მკაფიოდ ვხედავთ და წარმოვიდგენთ. და ჩვენც, ჩვენის მხრით, ვალდებული ვართ, მათ რაც შეიძლება მკაფიოდ ვჭვრეტდეთ, თუკი არ გვსურს კაცობრიობის განვითარებაში ჩვენი მონაწილეობა მიძინების, სიფხიზლის დაკარგვის გამო გამოგვეპაროს.

ამრიგად, მე ვილაპარაკებ ერთ საკითხზე, რომელიც არც ისეთი გაურკვეველი და ბუნდოვანია, როგორც საკითხი: როგორ მოქმედებენ ძალნი თუ საყდარნი ჩვენს ეთერულ სხეულზე?

მე ვილაპარაკებ საკითხზე, რაც ხსენებული საკითხივით გაურკვეველი და ბუნდოვანი გახლავთ, უფრო მეტიც, ეს საკითხი პირდაპირ და უშუალოდ ეხება თანამედროვე ადამიანს. აი, ეს საკითხიც: როგორ მოქმედებენ ანგელოზები ჩვენს ასტრალურ სხეულზე კაცობრიობის დღევანდელ განვითარებაში? ამავე დროს, ანგელოზები იერარქიულად ყველაზე ახლოს დგანან კაცობრიობასთან და მათი მოქმედება უშუალოდ ეხება სახელდობრ ადამიანს.

როცა ადამიანის შინაგან ბუნებას განვიხილავთ, ვხედავთ, რომ ჩვენს ადამიანურ „მე“-სთან ყველაზე ახლო ჩვენი ასტრალური სხეულია; ამდენად, იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე გაცემული პასუხი ჩვენში უდავოდ ცოცხალ ინტერესს აღძრავს. მართლაც ანგელოზთა იერარქია ყველაზე ახლოსაა თავად კაცობრიობის იერარქიასთან. მაშ ასე, ჩვენ დავისახეთ მორიდებული კითხვა: როგორ მოქმედებენ, სახელდობრ დღეს, კაცობრიობის ჩვენეულ სასიცოცხლო ასაკში, XX საუკუნეშიც რომ გრძელდება, რაიც XV საუკუნიდან დაიწყო და მეოთხე ათასწლეულის დამდეგისთვის მიილევა – აი, კაცობრიობის ამ სასიცოცხლო ასაკში როგორ მოქმედებენ ანგელოზები ადამიანის ასტრალურ სხეულზე?

ახლა ვნახოთ, ძვირფასო მეგობრებო, რა შეიძლება ითქვას საკუთრივ საკითხზე და მის პასუხზე. ერთი, რაც ცხადია, სულისმეცნიერებითი კვლევა, თუ იგი სათანადო სერიოზულობით ხორციელდება, არც გართობაა და არც სიტყვათა თუ წარმოდგენათა თამაში; ასეთი კვლევა ჭეშმარიტად იმ გარკვეულ სფეროთა გადამუშავებას ითვალისწინებს, რომელთა წიაღ სულიერი სამყარო ხილულად წარმოჩნდება. ამ უახლოესი სფეროების მოხილვა ნამდვილად არის შესაძლებელი, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხსენებულ კითხვაზე სწორი და უტყუარი პასუხი ცნობიერი საფშვინველის ეპოქაში ხდება ხელმისაწვდომი.

შეიძლება ასეთმა აზრმაც გაგვიელვოს: მსგავსი კითხვა რომ სხვა ეპოქებში აღძრულიყო, სავარაუდოა, მისი შესაფერისი პასუხიც მოიძებნებოდა. მაგრამ სინამდვილეში ატავისტური ნათელხილვის პერიოდში და ბერძნულ-ლათინური კულტურის დროსაც, ამ კითხვაზე სწორი და ამომწურავი პასუხის გაცემა იმიტომ იქნებოდა შეუძლებელი, რომ ის ხატ-სახეები, რომელთაც საფშვინველი ატავისტური ნათელხილვის ეპოქაში იღებდა, უდავოდ გაგვიბუნდოვნებდნენ, ჩვენი მხედველობისაგან გარკვეული საბურველით წარიტაცებდნენ ანგელოზების ზემოქმედებას ადამიანის ასტრალურ სხეულზე. დიახ, ჩვენ ვერაფერს ვერ განვჭვრეტდით, რადგან სავსე ვიყავით ხატ-სახეებით, ატავისტური ნათელხილვის წყალობით რომ გვეძლეოდა. ხოლო ბერძნულ-ლათინურ პერიოდში აზროვნება არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს გახლავთ, აზროვნება სწორედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეპოქის წყალობით მომძლავრდა. ასე და ამრიგად, ცნობიერი საფშვინველის ეპოქა სწორედ ის ეპოქაა, როცა შესაძლებელია ჩასწვდე და განჭვრიტო ისეთი საკითხები, რომელთაგან ერთ-ერთი ეს-ეს არის დავისახეთ.

ჩვენი სულისმეცნიერების სასიცოცხლო, ცხოვრებისეული მნიშვნელობა და ნაყოფიერება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თეორიებით არ ვკმაყოფილდებოდით; ჩვენ ძალგვიძს ისეთი რამ ვთქვათ, რასაც ცხოვრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

როგორ მოქმედებენ ანგელოზები ჩვენს ასტრალურ სხეულზე? მათი მოქმედების უტყუარობა ჩვენს საფშვინველში მხოლოდ მაშინ შეიძლება ვირწმუნოთ, როდესაც ნათელმხილველური კვლევის გარკვეულ ხარისხამდე ავმაღლდებით, რომლის დროსაც ჩვენი ასტრალური სხეულის ფუნქციონირება და მოქმედება განიჭვრიტება. ამრიგად, დასმულ კითხვაზე სათანადო პასუხის გასაცემად საჭიროა, სულ მცირე, იმაგინაციური შემეცნების სათანადო ხარისხის მოპოვება.

ამ ხარისხის წყალობით ვიხილავთ, რომ ანგელოზთა იერარქიის არსებები – გარკვეულწილად თითოეული ანგელოზი ცალ-ცალკე, რომლებიც თავიანთი საკუთარი მიზანდასახულობით არიან განმსჭვალული თითოეული ადამიანისადმი ცალ-ცალკე – მაგრამ ამავე დროს და ძირითადად, ურთიერთთანამშრომლობითი და ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებენ, – ადამიანის ასტრალურ სხეულში ჰქმნიან ხატ-სახეებს. ფორმით სულების (ელოიმების) ხელმძღვანელობითა და წარმმართველობით ანგელოზები ჰქმნიან ხატ-სახეებს. იმაგინაციურ შემეცნებამდე აუმაღლებლად ვერ შევიტყობთ, რომ ჩვენს ასტრალურ სხეულში განუწყვეტლივ იქმნება ხატ-სახეები.

ხატ-სახეები ხან წარმოიქმნება და ხანაც უჩინარდება. ეს ხატ-სახეები ახლა რომ შეიქმნას, მომავალში ადამიანი ვეღარ მიაღწევს იმ განვითარებას, ფორმის სულების (ელოიმების) განზრახვასა და მიზანს რომ შეესაბამება. რასაც ფორმის სულები ესწრაფვიან, დედამიწის განვითარების დასასრულს მიაღწიონ, უპირველეს ყოვლისა მათ იგი ხატ-სახეებში უნდა განავითარონ; ხოლო მოგვიანებით, ხატ-სახეებიდან ახალი კაცობრიობა, ახალი სინამდვილე წარმოიშვება. ფორმის სულთა ხატ-სახეები ანგელოზთა მეოხებით ჩვენს ასტრალურ სხეულში დღეს იბეჭდება. ანგელოზები ჰქმნიან ჩვენს ასტრალურ სხეულში იმ ხატ-სახეებს, რომლებიც ნათელხილვამდე ამაღლებული აზროვნებით განიჭვრიტება. როცა ამ ხატ-სახეთა განჭვრეტის შესაძლებლობა გვეძლევა, ირკვევა, რომ მათ, ჩვენს ასტრალურ სხეულში, ანგელოზები სრულიად გარკვეული იმპულსებითა და მკაცრად განსაზღვრული პრინციპებით ჰქმნიან. მათი შექმნა და განბეჭდვა იმგვარად მიმდინარეობს, რომ იქ, სადაც თავად ხატ-სახეები ისახება, გარკვეულწილად კაცობრიობის განვითარებისათვის სათანადო ძალაც ინერგება – როცა ანგელოზთა ამ რუდუნებას აკვირდები თუმცაღა უცნაურად ჩანს, მაგრამ იძულებული ვარ ასე გამოვთქვა – ანგელოზები ადამიანის მიწიერი ცხოვრების მომავალ გარკვეულ სოციალურ სტრუქტურას ესწრაფვიან; მათი ნება და სურვილია ადამიანის ასტრალურ სხეულში ისეთი ხატ-სახეები შექმნან, რომლებიც ადამიანთა მომავალ საერთო ცხოვრებაში სრულიად გარკვეულ სოციალურ მდგომარეობებს განაპირობებენ.

ადამიანებს ძალუძთ წინააღმდეგობა გაუწიონ იმას, რომ ანგელოზები ილტვიან მათ საფშვინველში მომავლის იდეალები აღძრან. მაგრამ ეს ფაქტია. და ანგელოზთა მიერ ამგვარ ხატ-სახეთა ქმნადობაში მკაფიოდ გამოხატული კანონიც მოქმედებს: ამ კანონის ძალით, მომავალში არცერთ ადამიანს არ ექნება უფლება კუთვნილი ბედნიერებით მოგვრილ განცხრომას მიეცეს იმ დროს, როცა მის გვერდით სხვა ადამიანები იტანჯებიან.

თავის ყოვლისმომცველობას აღწევს აბსოლუტური ძმობის, ადამიანთა მოდგმის აბსოლუტური თანასწორობის ურყევი იმპულსი – იმპულსი სწორად გაგებული ძმობისა – რაიც ფიზიკურ ცხოვრებაში სწორედ სოციალურ მდგომარეობას ერწყმის და ეხმატკბილება.

ეს გახლავთ პირველი, ყოვლის უპირატესი პუნქტი, რომლის თანახმად, როგორც ვხედავთ, ანგელოზები ადამიანის ასტრალურ სხეულში გარკვეულ ხატ-სახეებს ქმნიან.

გარდა ამისა, არსებობს მეორე იმპულსი, რომლის მიხედვითაც ანგელოზები თავიანთ მოქმედებას ახორციელებენ. ისინი გარკვეულ მიზნებს არა მხოლოდ გარე სოციალური ცხოვრების მიმარებით მიელტვიან; ანგელოზები გარკვეულ მიზნებს ადამიანის საფშვინველის, მისი ფშვინვიერი ცხოვრების მიმართებითაც ესწრაფვიან. რაც შეეხება ადამიანის ფშვინვიერ ცხოვრებას, ადამიანის საფშვინველში გარკვეულ ხატ-სახეთა ჩასახვისა და განბეჭდვის მეოხებით, ანგელოზებს ასეთი მიზანი დაუსახავთ: მომავალში თითოეულმა ადამიანმა თითოეულ მეორე ადამიანში გაიდუმალებული ღვთაებრივობა უნდა განჭვრიტოს.

ზემოთქმულიდან, ძვირფასო მეგობრებო, ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ანგელოზთა მიზნების თანახმად, რომლებიც მათსავე რუდუნებას უდევს საფუძვლად, რაღაც უნდა შეიცვალოს. გარდაუვალია დამკვიდრდეს, რომ ადამიანს ისე არ უნდა ვუყურებდეთ, როგორც გარკვეულწილად მაღალგანვითარებულ ცხოველს, როცა მის ფიზიკურ თვისებებს ვითვალისწინებთ – არც თეორიულად და არც პრაქტიკულად; არამედ თითოეულ მეორე ადამიანთან სრულიად განვითარებული გრძნობით უნდა მივიდეთ. ადამიანში მსოფლიო ღვთაებრივი საფუძველთა საფუძვლებიდან ვლინდება რაღაც და იგი მისი სხეულიდან და სისხლიდანაც გამოსჭვივის. ანგელოზთა მიერ განბეჭდილ ხატ-სახეებში შთაისახება ის, რისი წყალობითაც მომავალში ერთი ადამიანი მეორეს ყველა თავისი შესაძლებელი სერიოზულობით, მთელი ძალითა და ყურადღებით აღიქვამს, როგორც სულიერი სამყაროდან წარმომავალ ხატებას.

ოდესღაც, როცა ზემოთქმული განხორციელდება, მას ღრმად განსაზღვრული სათანადო შედეგიც მოჰყვება. ყოველგვარი რელიგიური თავისუფლება, რაიც სულ უფრო და უფრო დიდ გასაქანს მიიღებს მომავალში, დაემყარება არსობრივ შეგნებას, რომ ადამიანი არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკული უშუალობითაც წარმოჩენილ და ღირსყოფილ იქმნას, ვითარცა ცოცხალი ხატება ღვთისა. ამ დროს ადგილი აღარ ექნება რელიგიის მიერ ძალმომრეობას და აღარც მოთხოვნა იქნება ვინმეს მიმართ რელიგიური იძულებისა და ძალდატანებისა, რამეთუ ერთი კაცის ყოველი მიახლება მეორესთან, თავიდან ბოლომდე, რელიგიურ რიტუალს დაემსგავსება, საკრამენტს, წმინდათაწმინდა იდუმალებას გაუტოლდება და აღარავის დაებადება სურვილი მოიძიოს ფიზიკურ პლანზე არსებული რაღაც განსაკუთრებული ეკლესია თავისი რელიგიური ცხოვრების განსამტკიცებლად.

ანგელოზთა რუდუნებას, ერთი სიტყვით, ასეთი იმპულსი განაპირობებს: კაცობრიობის სულში რელიგიური ცხოვრების თავისუფლება შთაიღვაროს.

ანგელოზთა რუდუნების მესამე ძირითადი იმპულსი შემდეგი გახლავთ: ადამიანს უნდა მიენიჭოს უნარი და შესაძლებლობა თავისი აზროვნებით მიაღწიოს სულს, რათა აზროვნების წყალობით გადალახოს გრძნობადსა და ზეგრძნობელობას შორის არსებული უფსკრული და მიუახლოვდეს სულიერი განცდების სამყაროს.

სულისმეცნიერება – სულს, რელიგიური თავისუფლება – საფშვინველს, ძმობა – ფიზიკურ სხეულს; აი, ეს გახლავთ ის მსოფლიო მუსიკა, ჩვენს ასტრალურ სხეულზე ანგელოზისმიერ ზემოქმედებაში რომ ჟღერს.

ამრიგად, ჩვენ ახლა ცნობიერი საფშვინველის ეპოქაში ვცხოვრობთ, ხოლო ამ ეპოქაში ანგელოზები ისე მოქმედებენ ადამიანის ასტრალურ სხეულზე, როგორც ეს-ეს არის აგიწერეთ: ადამიანები სულ უფრო და უფრო უნდა მიუახლოვდნენ ყოველივე იმის ცნობიერ წვდომას, რაც უკვე მოგახსენეთ. იგი კაცობრიობის განვითარებას ეკუთვნის. ხოლო ეს ქმნადობა და მისთანანი სად უნდა მოვიძიოთ? ასე ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს ხსენებული ქმნადობა?

ეს ქმნადობა დღეს მძინარე ადამიანში ხორციელდება. იგი შეიძლება ადამიანის მძინარე მდგომარეობაში შეინიშნოს დაძინებიდან გაღვიძებამდე, ასევე ძილ-ფხიზლობის, თვლემის დროსაც. ხშირად მითქვამს თქვენთვის, რომ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ დღისით ფხიზლობენ, თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე მძინარესავით გამოეპარებათ ხოლმე უმნიშვნელოვანესი მოვლენები.

ყოველ შემთხვევაში, შემიძლია დაგარწმუნოთ, თუმცა ერთობ არასასიამოვნოცაა ამის მოსმენა, რომ ჭეშმარიტად, ძალზე ბევრია დღეს ასეთი მძინარე ადამიანი. ისინი არას დაგიდევენ, რა ხდება დღეს სამყაროში, სრულიადაც არ იწუხებენ თავს იმაზე, რომ უშუალოდ არიან დაკავშირებული მოვლენებთან – სრულიადაც არ ითავისებენ მათ. ყოველივე ის, რაც მსოფლიო მოვლენების სახით დედამიწაზე მათ წინ გათამაშდება და წარსულში ჩაინთქმება, ისე იოლად სცდება მათ ცნობიერებას, როგორც მძინარე ადამიანს ძილის დროს ქალაქში მოხდარი ამბები… თუმცაღა, გარეგნულად ადამიანები ამ დროს ფხიზლობენ. მაგრამ, სწორედ ამავე დროს, როცა ფხიზელი ადამიანები მძინარესავით გამოტოვებენ ხოლმე რაღაც განსაკუთრებულს, შეინიშნება, რომ მათ ასტრალურ სხეულში ანგელოზები – ადამიანთა ძილ-ფხიზლობისაგან სრულიად დამოუკიდებლად – ახორციელებენ თავიანთ იმ უმაღლეს მიზნებს, რაზედაც უკვე ვილაპარაკეთ.

ასეთი რამ მრავალგზის და თანაც იმგვარად ხდება, რომ ადამიანებს იგი უცნაურად და პარადოქსულად უნდა მოეჩვენოთ. ადამიანთაგან უმეტესობას მიაჩნია, რომ ამა თუ იმ მოვლენის სულიერ სამყაროსთან დაკავშირება უღირსი საქმეა. ასეთი ადამიანი თავის დღევანდელ ინკარნაციაში, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უბრალოდ გამოუსწორებელი ძილის გუდაა, რომელსაც ყველაფერი განზე რჩება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ დროს მის ასტრალურ სხეულზე მოქმედებს ანგელოზი – მისი მფარველი ანგელოზი, კაცობრიობაზე მზრუნველი მთელი თავისი საძმოს ერთობლივი ძალისხმევის ფონზე. ამრიგად, მისი ასტრალური სხეული მაინც გამოიყენება. აი, ასეთი ქმნადობა შეიძლება შეინიშნოს მის ასტრალურ სხეულში.

მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ მსგავსმა ქმნადობამ ადამიანურ ცნობიერებაში უნდა შეაღწიოს. ცნობიერი საფშვინველი იქამდე უნდა ამაღლდეს, რომ აღიაროს ის, რაიც მხოლოდ ამგვარად მოიძიება.

ასეთი წინასიტყვაობის მაგიერი შენიშვნები, ძვირფასო მეგობრებო, მხოლოდ იმისთვის დაისახა, რომ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდეს იმის მნიშვნელობა, რაზედაც ახლა მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო: სწორედ ჩვენი ცნობიერი საფშვინველის ეპოქას გარდუვალად მივყავართ გარკვეულ მოვლენამდე და რამდენადაც ცნობიერ საფშვინველს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, საკუთრივ ადამიანზე იქნება დამოკიდებული, როგორ და რა სახით წარიმართება ეს მოვლენა კაცობრიობის განვითარებაში.

ეს მოვლენა შესაძლოა საუკუნით ადრე ან გვიან განვითარდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ იგი გარდუვალად უნდა შემოვიდეს კაცობრიობის ევოლუციაში. ამ მოვლენის არსი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანებმა საკუთრივ ცნობიერი საფშვინველით, საკუთრივ შეგნებული აზროვნებით უნდა განჭვრიტონ და გაითავისონ, თუ რარიგ მოქმედებენ და როგორ ამზადებენ ანგელოზები მომავალ კაცობრიობას. რასაც ამ მხრივ სულისმეცნიერება გვასწავლის, იგი კაცობრიობის პრაქტიკულ და ცხოვრებისეულ სიბრძნედ უნდა იქცეს – იმდენად უნდა მიენიჭოს ყოველდღიური ცხოველმყოფელობა, რომ მტკიცედ სწამდეთ: ანგელოზთა ჩემს მიერ აღწერილი რუდუნებისა და ლტოლვის აღიარება თვითონ ადამიანებისთვის იქნება სასარგებლოცა და გონივრულიც.

მაგრამ ადამიანთა მოდგმამ თავისუფლების მისეული წყურვილით იმდენად ღრმად შეტოპა, რომ დღეს, თავად ადამიანთა მოდგმაზეა დამოკიდებული მძინარესავით ასცდება ამ მოვლენას თუ მთელი თავისი შეგნებით მიეახლება მას. ხოლო მთელი შეგნებით მასთან მიახლება შემდეგს ნიშნავს: დღეს უკვე შესაძლებელია სულისმეცნიერებას დაეწაფო; ასეთი მეცნიერება უკვე არსებობს; მართლაცდა, სულისმეცნიერების ათვისებაზე უკეთესს ადამიანი დღეს ვერაფერს ვერ გააკეთებს. გარდა ამისა, აღასრულებს რა სხვადასხვა მედიტაციებს და გაითვალისწინებს რა იმასაც, თუ პრაქტიკულად რისი მოცემა შეუძლია ამ მხრივ, მაგალითად, წიგნს, „როგორ მივაღწიოთ ზესამყაროთა შემეცნებას?“, იგი სათანადოდ მომძლავრდება ზემოხსენებულ მოვლენებთან მისაახლებლად.

მაგრამ ყველაზე მთავარი და აუცილებელი სწორედ მაშინ ხდება, როცა სულისმეცნიერებას ეწაფებიან და სწორედ იგებენ და ითვისებენ მას. დღეს, უკვე ნათელმხილველური უნარის გამოუმუშავებლადაც არის შესაძლებელი შეისწავლო სულისმეცნიერება. ასეთი რამ ნებისმიერ ადამიანს ხელეწიფება, თუ, რა თქმა უნდა, წინასწარ, აკვიატებულად არ გადაიტვირთავს თავს ცრურწმენებით. ხოლო თუ ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტის მონდომებით დაეწაფებიან სულისმეცნიერებას და მის იდეებსა და წარმოდგენებს გაითავისებენ, მათი ცნობიერება იმდენად გაიღვიძებს, რომ გარკვეულ მოვლენებს ისინი შეგნებულად შეეგებებიან.

ამ მოვლენების უფრო დეტალური დახასიათებაც შეიძლება, რადგან ის, რაც უკვე ანგელოზთა რუდუნების შესახებ ვიცით, ძირითადად, მხოლოდ წინასწარი შემზადებაა უმთავრესის გასათვალისწინებლად. უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს – როგორც უკვე მოგახსენეთ, კაცობრიობაზეა დამოკიდებული, როდის დადგება ეს დღე – ადრე თუ გვიან, ხოლო უარეს შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ არც დადგეს – ერთ მშვენიერ დღეს, ყოველ შემთხვევაში იმის გამო, რაც გათვალისწინებულია რომ მოხდეს, კაცობრიობისათვის, ანგელოზთა საუფლოს წყალობით სამი რამ გაცხადდება.

უპირველეს ყოვლისა, ადამიანისათვის ნათელი გახდება, რომ თავისი ადამიანური, უშუალო და არსებითი დაინტერესებით იგი რეალურად ჩასწვდება და შეეხება თავისი ბუნების დაფარულ სიღრმეებს.

დიახ, ძვირფასო მეგობრებო, დადგება დრო, რაიც სიზმარეულივით არ უნდა გამოგვეპაროს, როცა ადამიანი თავისი ანგელოზის წყალობით სულიერ სამყაროდან უძლიერეს იმპულსს მიიღებს, გაცილებით ღრმად დაინტერესდეს თითოეული მეორე ადამიანით, ვიდრე დღეს. ჩვენი ახლობლებისადმი მზარდი ინტერესი განვითარდება არა მხოლოდ სუბიექტურად, ვითარცა ეს დღევანდელ კაცობრიობას ეადვილება, არამედ უფრო ნახტომის სახით, რამეთუ ადამიანში რეალურად შთამოიღვრება სულიერი სამყაროდან ის საიდუმლოება… თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს მეორე ადამიანი?! ამ საიდუმლოებაში მე უაღრესად კონკრეტულს ვგულისხმობ, ეს თეორიული მსჯელობა არ გახლავთ; ადამიანები შეიტყობენ ისეთ რამეს, რაიც უდიდეს ინტერესს აღძრავს მათში მეორე ადამიანისადმი. ეს არის პირველი იმ სამთაგანი და იგი განსაკუთრებული ძალით დაიუფლებს მთელს სოციალურ ცხოვრებას.

მეორე ის გახლავთ, რომ სულიერი სამყაროდან ანგელოზი უწყვეტლივ შთააგონებს ადამიანს, რომ ქრისტესმიერი იმპულსი, გარდა სხვა დანარჩენისა, ადამიანისათვის სრულ რელიგიურ თავისუფლებასაც განაპირობებს და ნამდვილი ქრისტიანობა სახელდობრ ისაა, რაიც შესაძლებლად ხდის აბსოლუტურ რელიგიურ თავისუფლებას.

მესამე კი სამყაროს სულიერი ბუნების აუცილებელი წვდომა და შემეცნება გახლავთ.

ეს მოვლენა, როგორც უკვე ვთქვით, ისე უნდა განვითარდეს, რომ ადამიანის საფშვინველმა მისდამი ერთვარი დამოკიდებულება გამოიმუშაოს. ეს დამოკიდებულება ადამიანის განვითარების კვალდაკვალ უნდა ჩამოიქნას, რამეთუ ანგელოზი ამ მიმართებით მოქმედებს ადამიანის ასტრალურ სხეულზე თავისი ხატ-სახეების მეოხებით.

ახლა თქვენს ყურადღებას იმაზე მივაპყრობ, რომ ეს სამომავლო მოვლენა უკვე შთანერგილია ადამიანის ნებაში. ადამიანებს შეიძლება რაღაც გამორჩეთ. დღევანდელ დღესაც კიდევ ბევრი ადამიანი ვერ აფიქსირებს მრავალ ისეთ ნიუანსს, რამაც ხსენებული მომენტის შეგნებულ განცდამდე უნდა მიგვიყვანოს.

მაგრამ როგორც თქვენ უკვე უწყით, სამყაროთა განვითარებაში ისეთი არსებებიც მოიძევებიან, რომლებიც დაინტერესებული არიან, ადამიანი გზას ააცდინონ: ეს არიმანული და ლუციფერული არსებებია. ის, რაც ზემოთ მოგახენეთ, ადამიანის ღვთაებრივ განვითარებას განეკუთვნება. ადამიანი თავისი საკუთარი არსის თანახმად ბუნებრივ განვითარებას რომ დაექვემდებაროს, იოლად მივა იმის განჭვრეტამდე, რასაც ანგელოზი მის ასტრალურ სხეულში ავითარებს; მაგრამ ლუციფერული განვითარება იქითკენ მიდრიკავს ადამიანს, რომ მან ვერ განჭვრიტოს, ვერ შეიმეცნოს ანგელოზთა იერარქიის შემოქმედება. და ეს ლუციფერული არსებანი, ესწრაფვიან რა თავიანთ მიზანს, ამგვარად მოქმედებენ: ისინი ცდილობენ ადამიანში მისი თავისუფალი ნების პრაქტიკა გააბუნდოვანონ; მართალია, ისინი ისწრაფვიან ადამიანი კეთილ არსებად აქციონ: ლუციფერი ამ თვალსაზრისით, სახელდობრ, კეთილისაკენ, სულიერისაკენ მიილტვის, მაგრამ ამის განხორციელება მას ავტომატურად, თავისუფალი ნების გარეშე სურს… ასეთმა მოქმედებამ ადამიანი კეთილი პრინციპების თანახმად, ასე ვთქვათ, მექანიკურად, ავტომატურად უნდა გადართოს ნათელმხილველობის უნარში… მაგრამ ლუციფერს სურს ადამიანს წაართვას თავისუფალი ნება და ცოდვის ჩადენის შესაძლებლობა. ლუციფერული არსებანი იმას ესწრაფვიან, რომ ადამიანი ისეთ არსებად იქცეს, რომელიც თუმცაღა სულიერ წესრიგს დაემორჩილება, მაგრამ იმოქმედებს, როგორც სულიერი ანარეკლი, რომელსაც თავისუფალი ნება აღარ ექნება. მათ, ლუციფერულ არსებებს, სურთ ადამიანი მანქანად, ავტომატურ არსებად აქციონ.

ყოველივე ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული განვითარების მკაცრად განსაზღვრულ საიდუმლოებებთან. ლუციფერული არსებები, როგორც უკვე უწყით, ის ჩამორჩენილი არსებებია, განვითარების სხვა საფეხურებზე რომ გაიყინენ და რომლებსაც ნორმალურ განვითარებაში შემოაქვთ რაღაც უცხო, განსხვავებული. ისინი ერთობ არიან დაინტერესებული, რომ ადამიანი დაიპყრონ და არ მისცენ მას საშუალება, მიაღწიოს თავისუფალ ნებელობას, რამეთუ თავად ამ არსებებმაც ვერ მიაღწიეს თავისუფალ ნებას. თავისუფალი ნების მიღწევა მხოლოდ დედამიწაზე შეიძლება; ხოლო მათ დედამიწის გაგონებაც არ სურთ. მათი მიზანია, გაიარეს რა სატურნული, მზიური და მთვარეული განვითარებანი, შედგნენ და არავითარი კავშირი არ იქონიონ დედამიწისეულ განვითარებასთან. მათ სძულთ ადამიანის თავისუფალი ნება. მათი მოქმედებანი მეტად სულისმიერია… მაგრამ ისინი მოქმედებენ ავტომატურად – დიახ, სულისმიერად, მაგრამ ავტომატურად. ამრიგად, ერთის მხრივ, მოსალოდნელია საშიშროება, რომ ადამიანი ძალზე ადრეულად, სანამ მისი ცნობიერი საფშვინველი დაიწყებდეს ფუნქციონირიებას, მანამდე ჩამოყალიბდება სულიერ-ავტომატურ არსებად და მძინარესავით გამოტოვებს იმ სამომავლო გამოცდილებებს, რომლებიც ეს-ეს არის აგიწერეთ.

მაგრამ ამ გამოცხადებათა წინააღმდეგ, ასევე არიმანული არსებებიც მოქმედებენ. ისინი არ ესწრაფვიან, რომ ადამიანები განსაკუთრებულად სულიერი გახდნენ; პირიქით, სულ იმას ცდილობენ, რომ ადამიანში ჩაჰკლან მისივე სულიერების ცნობიერება. მათი მეცადინეობა იქითკენ მიიდრიკება, რომ ადამიანს რამენაირად ჩამოუყალიბდეს თავის თავზე გარკვეული წარმოდგენა, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილებამდე განვითარებული ცხოველია. მართლაც, სწორედ არიმანი გახლავთ მატერიალისტური დარვინიზმის დიდი მოძღვარი. ასევე არიმანი გვევლინება მთელი იმ ტექნიკური და პრაქტიკული მოღვაწეობის დიდ შემოქმედად, განუწყვეტლივ რომ თან სდევს დედამიწისეულ განვითარებას და რომელიც, ადამიანის გარეგრძნობადი ცხოვრების გარდა, ყველაფერს უარყოფს; ასეთი მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ განვითარებული ტექნიკის შექმნას ემსახურება, რათა ნატიფად და რაფინირებულად აღსრულდეს შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილება, ცხოველებსაც რომ გააჩნიათ. ჩვენი დროის არიმანული სულები ადამიანის ცნობიერ საფშვინველზე ყველანაირი რაფინირებული მეცნიერული საშუალებებით მოქმედებენ, რათა ჩაჰკლან და სრულიად დააკნინონ ადამიანში შეგნება, რომ იგი ღვთაების ხატებაა.

უფრო ადრეულ ეპოქებში არიმანულ სულებს არავითარ სარგებლობას არ მოუტანდა ადამიანის ცნობიერების ათასგვარი თეორიებით დაბუნდოვნება და დაკნინება, როგორც დღეს. რატომ? იკითხავთ თქვენ. ბერძნულ-ლათინურ ეპოქებში და მითუმეტეს უფრო ადრეც, როცა ადამიანს ატავისტური ნათელმხილველობა ჰქონდა და გამოცხადებებს ემორჩილებოდა, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა იმას, თუ რას ფიქრობდა ადამიანი; მას გამოცხადებები გააჩნდა და მათი მეოხებით ჭვრეტდა სულიერ სამყაროებს. და, რაც არ უნდა ცდილიყო არიმანი, ადამიანისათვის ცხოველთან მისეულ კავშირზე მიეთითებინა, ოდნავადაც ვერ შეცვლიდა ადამიანის დამოკიდებულებას ცხოვრებასთან. აზროვნება გაიზარდა – შეიძლება ითქვას, თავის უმწეობაში გაძლიერდა – მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მეხუთე, პოსტატლანტიკურ ეპოქაში – XV საუკუნიდან ჩვ.წ.-ით, მხოლოდ ამ პერიოდიდან იქცა აზროვნება სათანადო ძალად, ცნობიერი საფშვინველი რომ სულიერ სფეროებს მიეახლოს; ასევე, აზროვნებაა ის ძალაც, რომელიც დაამუხრუჭებს ცნობიერი საფშვინველის სულიერ სამყაროში შესვლას. სწორედ დღეს, ახლა გვიდგას ის დრო, როცა თეორია, მეცნიერება შეგნებულად და გაცხადებულად იტაცებს ადამიანის ღვთაებრიობას, ცდასა და მეცადინეობას ღვთაებრივში. ასეთი რამ მხოლოდ ცნობიერი საფშვინველის ეპოქაში შეიძლება მოხდეს.

სწორედ ამიტომაც ესწრაფვიან არიმანული არსებები, ისეთი მოძღვრებები და მეცნიერებები გაავრცელონ, ადამიანში ღვთაებრივ წარმომავლობას რომ მიჩქმალავს.

როცა ამ მიმდინარეობებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც კაცობრიობის ნორმალურ ღვთაებრივ განვითარებას უპირისპირდება, შეიძლება გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანოთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომ, ვიმეორებ, არ გამოგვეპაროს, რა უნდა შემოვიდეს ადამიანის განვითარებაში გამოცხადების სახით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დიდი საფრთხე შეიქმნას. რა თქმა უნდა, ადამიანი ვალდებულია ყურადღებით მოეკიდოს ამ საფრთხეს, რადგან იმ მრავალმნიშვნელოვანი მოვლენის ნაცვლად, რამაც უდიდესი ძალით უნდა განმსჭვალოს დედამიწის მომავალი განვითარება, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, დიდ საფრთხეს რომ შეუქმნის ამ განვითარებას.

მოგეხსენებათ, გარკვეული სულიერი არსებანი თავიანთ განვითარებას ადამიანის წყალობით აღწევენ იმ მხრივ, რომ ადამიანი მათთან ერთად ვითარდება. როცა ანგელოზები ადამიანის ასტრალურ სხეულში ხატ-სახეებს განბეჭდავენ, ამას ისინი, რასაკვირველია, გართობისათვის არ სჩადიან; ამით ისინი რაღაცას აღწევენ. და რაკი ის, რასაც მათ უნდა მიაღწიონ, სწორედ კაცობრიობის დედამიწისეულ განვითარებაში უნდა განხორციელდეს, მთელი ისტორია გართობად გამოჩნდება, უკეთუ ადამიანები, მოიპოვებენ რა ცნობიერ საფშვინველს, შეგნებულად უარყოფენ ანგელოზთა მთელს შემოქმედებას. მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გართობას დაემსგავსება. გამოდის, ანგელოზები მხოლოდ ერთობიან, როცა ადამიანის ასტრალურ სხეულს ავითარებენ! ხოლო რამდენადაც ეს განვითარება განხორციელდება, იმდენად წარმოჩინდება მათი რუდუნება სერიოზულ საქმედ და არა გართობად.

ასეთ ვითარებაში თქვენთვის ნათელი გახდება, რომ ანგელოზთა შემოქმედება, ყველა შემთხვევაში, სერიოზული უნდა დარჩეს. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია უნდა შეიქმნას ყოფიერების კულისებს მიღმა, უკეთუ  ადამიანები თავიანთი მთვლემარე ცხოვრების გამო, ანგელოზთა მთელს შემოქმედებასა და ლტოლვას გართობად აქცევენ!

წარმოიდგინეთ, ეს რომ მართლაც ასე მოხდეს! კაცობრიობას მართლა რომ გამორჩეს მომავალი მნიშვნელოვანი სულიერი გამოცხადების მოვლენა! ანდა, მაგალითად, მისი შუა ნაწილი გამოტოვოს, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას ეხება! ანდა ვერ განიცადოს გოლგოთას მისტერიის განმეორება ეთერულ პლანში, რაზედაც თქვენთან ხშირად მისაუბრია – ეთერული ქრისტეს მეორედ გამოცხადება! – მაშინ, ასეთ სიტუაციაში, ის, რასაც ადამიანთა ასტრალურ სხეულში ხატ-სახეთა განბეჭდვით უნდა მიაღწიონ, იმას ანგელოზები სხვა გზებით მოიპოვებენ.ვ უკეთუ ფხიზლობისას ადამიანები თავიანთ ასტრალურ სხეულში არ მისცემენ ანგელოზებს საშუალებას გარკვეულის მოსაპოვებლად, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ანგელოზები მათთვის საჭირო განვითარებას მიაღწევდნენ მძინარე ადამიანების ფიზიკური სხეულების მეშვეობით. ამრიგად, ის, რასაც ადამიანები თავიანთი მთვლემარე ცნობიერების გამო ვერ გაითავისებენ და რასაც, ამის შედეგად, ანგელოზები ვერ მიაღწევენ, ეს უკანასკნელნი მას მაინც მოიპოვებენ, ამჯერად უკვე ძილის დროს საწოლებში მდებარე ადამიანთა ფიზიკურ და ეთერულ სხეულთა მეშვეობით. ისინი ამ სხეულებში მოიძევებენ ძალებს იმის მისაღწევად, რაც ვერ განახორციელეს ფხიზელ ადამიანებთან, როცა დღის ცნობიერებაში ჩართული მათი საფშვინველები ფიზიკურსა და ეთერულ სხეულებში იმყოფებოდნენ. დიახ, ყოველივე ეს ჩაძინებული ფიზიკური და ეთერული სხეულების მეშვეობით განხორციელდება, როცა ადამიანის „მე“ და ასტრალური სხეული, ფიზიკურისა და ეთერულის გარე იმყოფებიან ძილის დროს.

ცნობიერი საფშვინველის ეპოქაში მოსალოდნელი დიდი საფრთხე სწორედ ეს გახლავთ. ეს ის მოვლენაა, რომელსაც ადგილი ექნება დედამიწაზე, უკეთუ ადამიანები არ მოისურვებენ სულიერი ცხოვრებისაკენ წარიმართონ მესამე ათასწლეულის დამდეგამდე. მესამე ათასწლეული ხომ 2000 წლის მერე იწყება. როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება მართლაც მოხდეს, რომ, რაკი ის, რაიც ანგელოზებმა თავიანთი რუდუნებით, (უკეთუ მათი მიზანი ადამიანთა ფხიზლობისას ვერ განხორციელდა), მძინარე ადამიანთა ფიზიკური და ეთერული სხეულების მეშვეობით უნდა დაიუფლონ, ისინი მთელ თავიანთ მისწრაფებასა და შემოქმედებას აღმოფხვრიან ადამიანთა ასტრალური სხეულებიდან და ეთერულ სხეულში შთანერგავენ, რათა ასეთი გზით მიაღწიონ დასახულ მიზანს. მაგრამ აქ უკვე ადამიანი ვეღარ იმონაწილეებს! ამრიგად, ეს უნდა განხორციელდეს ეთერულ სხეულში მაშინ, როცა ადამიანი არ მონაწილეობს! რადგან ფხიზელ ადამიანს რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიეღო, ყველაფერს წინ აღუდგებოდა.

ამით შევეცადე ზოგადი წარმოდგენა მომეხაზა დასმულ საკითხზე. მაგრამ რა უნდა მოხდეს, რას უნდა მოველოდეთ, უკეთუ ანგელოზები მთელ თავიანთ მუშაობას ახლა უკვე ადამიანთა ფიზიკური და ეთერული სხეულებისაკენ მიმართავდნენ, როცა ამ პროცესში თავად ადამიანები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას, ე.ი. მაშინ, როცა მათ ეძინებოდათ?

ამ ვითარების შედეგად, ძვირფასო მეგობრებო, ადამიანის განვითარებაში სამი რამ მოხდებოდა: უპირველეს ყოვლისა, ადამიანის მძინარე სხეულებში – როცა ადამიანს სძინავს, მისი „მე“ და ასტრალური სხეული ფიზიკურისა და ეთერულის გარე იმყოფება – წარმოიშვებოდა რაღაც, რასაც იგი მოგვიანებით მოიპოვებოდა, დაიუფლებდა, მაგრამ დაიუფლებდა არა თავისუფალი ნებელობით, არამედ მაშინ, როცა დილით გამოიღვიძებდა; ნიადაგ იგი რაღაცას მოიპოვებოდა… მაგრამ ცნობიერი თავისუფლების ნაცვლად ეს იქნებოდა ინსტინქტი და ამის გამო, იგი მხოლოდ ვნებას მოუტანდა ადამიანს. კაცობრიობას ემუქრება ის საშიშროება, რომ შესაძლოა გარკვეული ვნება და ზიანი მიაყენოს მას იმ ინსტინქტურმა შემეცნებებმა, რომლებიც ადამიანის ბუნებაში უნდა შემოვიდეს და რომელთაც კავშირი აქვთ ჩასახვის მისტერიასთან, მთელს სექსუალურ ცხოვრებასთან… უკეთუ ის საფრთხე უნდა დადგეს, რაც უკვე აღვნიშნეთ: ანგელოზთა გარკვეულმა ნაწილმა ასეთ შემთხვევაში თავად უნდა განახორციელოს გარკვეული ცვლილება, რაზედაც ამჯერად არ ვილაპარაკებ, რადგან ხსენებული ცვლილება ინიციაციის მეცნიერების იმ უმაღლეს საიდუმლოებებს განეკუთვნება, რის თაობაზეც დღეს საუბარი არ ეგების. მარამ იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ ის, რაც დღეს კაცობრიობის განვითარებაში მიმდინარეობს, თუკი სიფხიზლეში მკაფიოდ არ იქნა აღქმული, მაშინ სექსუალური ცხოვრებისა და სექსუალური არსის მავნე და დამანგრეველი გამოვლენა წარმოაჩენდა გარკვეულ ინსტინქტებს, რომლებიც არა მხოლოდ დაბნეულობა და გაუგებრობა იქნებოდა, არამედ შეერწყმოდნენ სოციალურ ცხოვრებას და ძალზე შეცვლიდნენ მას.

უპირველეს ყოვლისა, ის, რაც ამდაგვარი სექსუალური ცხოვრების შედეგად სისხლში შემოვიდოდა, დედამიწაზე არავითარი ძმობის დამკვიდრების სურვილს აღარ აღძრავდა ადამიანში. ადამიანები ნიადაგ წინ აღუდგებოდნენ ძმობას.

ეს უკვე ინსტინქტი იქნებოდა.

ამრიგად, დგება გადამწყვეტი მომენტი, როცა, ასე ვთქვათ, ხელმარჯვნივ უნდა წარვემართოთ… მაგრამ ამავე დროს  ფხიზლადაც უნდა ვიყოთ, ხელმარცხნივ რომ არ გადავუხვიოთ… გადახვევისას ძილიც შეიძლება, მაგრამ მაშინ ინსტინქტებიც აღმოცენდებიან – უსაშინლესი ინსტინქტები!

საინტერესოა, რას ეტყვიან საბუნებისმეტყველო დარგების მეცნიერები, როცა ცხოვრებაში უსაშინლესი ინსტინქტები შემოიჭრებიან? „ეს ბუნებრივი აუცილებლობა გახლავთ! -იტყვიან ისინი. – ეს ასეც უნდა მომხდარიყო; იგი კაცობრიობის განვითარების შედეგს წარმოადგენს!“

ასეთ საკითხებზე ლაპარაკი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პოზიციიდან შეუძლებელია. ბუნებისმეტყველების პრინციპებით შეიძლება განმარტებულ იქნას, თუ რატომ იქცნენ ადამიანები ანგელოზებად, ისე როგორც ის, თუ რატომ იქცნენ ადამიანები ეშმაკებად (თუკი ასეთი რამ მოხდებოდა). ორივე შემთხვევაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგები ერთსა და იგივე მოსაზრებას გამოთქვამდნენ: ის, რაც მოხდა, გამომდინარეობს იქიდან, რაც ადრე არსებობდა… ასეთი გახლავთ ბუნების მიზეზ-შედეგობრივი ახსნის ეგრეთ წოდებული დიდი სიბრძნე. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგები არაფერს არ შეცვლიან იმ მოვლენაში, რომელზედაც მე ვილაპარაკე, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, ბუნების კანონზომიერ აუცილებლობად ჩათვლიან იმას, რომ ადამიანები, ვთქვათ, სექსუალური ინსტინქტების წყალობით ნახევარეშმაკებად გადაიქცევიან. ამრიგად, ბუნებისმეტყველება ამ მოვლენებს ვერ ახსნის, რადგან მისი პრინციპებით განიმარტება მხოლოდ ის, თუ როგორ წარმოიქმნება ესა თუ ის მოვლენა. ხოლო ამგვარი მოვლენები მხოლოდ და მხოლოდ სულიერი შემეცნებით, მხოლოდ და მხოლოდ ზეგრძნობიერი შემეცნებით განიჭვრიტება. აი, ეს გახლავთ პირველი, რაიც არასწორ განვითარებას მოჰყვება.

მეორე: კაცობრიობისათვის გამიზნული ანგელოზთა რუდუნების უკვე იძულვებელყოფილი და ამდენად, შეცვლილი რუდუნების შედეგად მოვლენები ასე წარიმართება: დაიწყება ზოგიერთ სამკურნალო საშუალებათა ინსტინქტური, მაგრამ ამავე დროს მავნებლური შემეცნება!

ყოველივე, რაც მედიცინასთანაა დაკავშირებული, დიდის მასშტაბით და ამავე დროს მატერიალისტური მიმართებით შეიცვლის სახეს. დაიწყება ზოგიერთი ნივთიერების სამკურნალო თვისებების ინსტინქტური კვლევა და შესწავლა, ამა თუ იმ ორგანოების მოქმედებათა ინსტინქტური ახსნა და ყოველივე ეს დიდ ვნებას მოიტანს. მაგრამ ამ ვნებას სასარგებლოდ მიიჩნევენ. ძვირფასო მეგობრებო, ამ დროს ავადმყოფობას ჯანმრთელობად წარმოაჩენენ, რადგან მთელი მკურნალობა დაექვემდებარება იმ გარკვეული ორგანოების მოქმედების უზრუნველყოფას, ადამიანებს სიამოვნებას რომ მოჰგვრის, ადამიანები სიამოვნებით დაემორჩილებიან იმ მკურნალობას, რომელიც გარკვეული მიმართულებით მათ ავადმყოფებად აქცევს.

ამრიგად, წარმოუდგენლად გაიზრდება გარკვეულ პროცესთა სამკურნალო ეფექტისა და გარკვეულ ორგანოთა მოქმედების შემეცნება, მაგრამ ყველაფერი სრულიად მავნე და ნეგატიურ მიმართულებას მიიღებს, რადგან, უპირველეს ყოვლისა, გარკვეული ინსტინქტების წყალობით შეუდგებიან იმის კვლევას, თუ რა სნეულებების გამოწვევა შეუძლია ამა თუ იმ ნივთიერებებსა და ამა თუ იმ ორგანოთა მოქმედებას და წმინდა ეგოისტური მოსაზრებებით იხელმძღვანელებენ, გამოიწვიონ თუ ჩააქრონ ესა თუ ის სნეულება.

მესამე: ცხოვრებაში შემოვა ასეთი რამ: აითვისებენ სრულიად ახალ ძალებს, რომელთა მეშვეობით, მე ვიტყოდი, ძალზე, ძალზე იოლად – გარკვეულ ვიბრაციათა ჰარმონიზაციით – გამოათავისუფლებენ დედამიწაზე არსებულ უზარმაზარ მანქანებსა და ენერგიის მომწოდებელ დანადგარებს. სწორედ ამ გზით ინსტინქტურად შეიმეცნებენ ყოველგვარი მანქანისა და მექანიკის სულიერ მართვას და მთელი ტექნიკა დამანგრეველი გზით წარიმართება. მაგრამ ეს დამანგრეველი ეფექტი განსაკუთრებით კარგად მოემსახურება ადამიანთა ეგოიზმს და სიამოვნებით დაჰყვებიან მას.

ყოველივე ეს, ძვირფასო მეგობრებო – ყოფიერების ევოლუციიდან ამოღებული კონკრეტული ნაწყვეტი, ცხოვრების იდუმალებათა წვდომის ფრაგმენტი გახლავთ, რომლის სწორი შეფასება, ძირითადად, მხოლოდ მას ხელეწიფება, ვინც განჭვრეტს, რომ ცხოვრების არასულიერი აღქმა ვერავითარ ახსნა-განმარტებას ვერ მოუძებნის მსგავს მოვლენებს. თუკი ოდესმე კაცობრიობისათვის მავნე მედიცინა შეიქმნება, თუკი ადგილი ექნება სექსუალური ინსტინქტების საშინელ უკუღმართობას, მოხდება საშინელი არევ-დარევა თვითონ მსოფლიო მექანიზმში, ანუ დაიწყება ბუნების ძალთა გამოყენება სულიერ ძალთა მეშვეობით – არასულიერი მსოფლშეგრძნება ვერ ახსნის ამ მოვლენებს; უფრო მეტიც, იგი ვერ გაარკვევს, რომ სწორი გზიდან გადაუხვია… იგი იმდენად გაერკვეოდა ზემოაღწერილ სიტუაციაში, რამდენადაც მძინარე კაცი, როცა მას გასაძარცვად ბანდიტი უახლოვდება – რა თქმა უნდა, მძინარე ვერაფერს იგრძნობს და გვიან, გამოღვიძების მერე მიხვდება, რა დაემართა. მაგრამ ვაი, ასეთ გამოღვიძებას! ჩვენს მაგალითშიც, ადამიანმა თუ ვერ გამოიღვიძა, სიხარულით შეეგებება გარკვეული პროცესებისა და გარკვეული ნივთიერებების სამკურნალო ეფექტის მნიშვნელობის ზრდას ინსტინქტური კვლევის გზით და ეგოდენ სიამოვნებას მიიღებს ზოგიერთი სექსუალური ინსტინქტის დარღვეული მოქმედებისაგან, რომ ამ დარღვევას ქებასაც შეასხამს და ზეკაცურობის მაღალ საფეხურადაც დასახავს, როგორც ყოველგვარი ცრურწმენის, მიკერძოებულობისა და მეშჩანურობისაგან თავისუფალ მოვლენას. მაშინ გარკვეულწილად მახინჯი მშვენივრად წარმოჩინდება, ხოლო მშვენიერი  – მახინჯად, ხოლო ადამიანები ამ აბსურდულობას ვერც შენიშნავენ და მხოლოდ იმის გამო, რომ ყოველივეს ბუნებრივი განვითარების აუცილებლობად მიიჩნევენ. ასეთი ვითარება იმ გზიდან გადახვევას გაუტოლდება, რაიც კაცობრიობას თავისი საკუთარი არსის თანახმად დაესახა.

მე მწამს, ძვირფასო მეგობრებო, რომ გაითავისებ რა იმ აზრს, რომ სულისმეცნიერება ზნეობრივ სფეროშიც იჭრება – შესაძლებელია, სერიოზულად მოეკიდო ისეთ ჭეშმარიტებებს, რომლებზედაც დღეს ვილაპარაკეთ. აქედანაც შეიძლება სათანადო დასკვნების გამოტანა, ისე როგორც მთელი სულისმეცნიერების წესრიგიდან: აუცილებელია სულისმეცნიერებიდან გარკვეული ვალდებულების მიღება, გარკვეული სასიცოცხლო მოვალეობის ტვირთვა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ძვირფასო მეგობრებო და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ შევძლოთ ჩვენს თავში ასეთი აზრი აღვზარდოთ: ჩვენ ყველა მოქმედება ჩვენი ანტროპოსოფიული ცნობიერებით უნდა იქნას განმსჭვალული და გაჯერებული. მხოლოდ მაშინ შეიძლება მცირედი წვლილი შევიტანოთ ცხოვრებაში, რომ კაცობრიობამ თავის განვითარებაში წინ წაიწიოს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით.

შეცდომა იქნებოდა იმისი ფიქრი, რომ ჭეშმარიტი სულისმეცნიერება, როცა მას სერიოზულად და ღირსეულად ითვისებენ, ხელს შეუშლის მის მიმდევრებს ცხოვრებისეულ, ინტენსიურ, პრაქტიკულ საქმიანობაშ. ნამდვილი სულისმეცნიერება ადამიანს თვალს უხელს ისეთ მოვლენებზე, ჩვენ რომ დღეს წარმოვაჩინეთ. ძვირფასო მეგობრებო, შეიძლება ასეთი კითხვა დავსვათ: ხომ არ არის საზიანო დღის ფხიზელი ცხოვრება ძილისათვის? – თუ მოვიყვანთ ისეთ შედარებას, რომ სულიერ სამყაროში განჭვრეტა ჩვეულებრივ გამოღვიძებასთან შედარებით უფრო სავსე და ძლიერი გამოღვიძებაა, ისევე როგორც ჩვეულებრივი გამოღვიძება ძილიდან გამორკვევაა, მაშინ, იმისათვის რომ შედარება უფრო გასაგები გავხადოთ, ასეთი კითხვა დავსვათ: საერთოდ თუ შეიძლება დღის ფხიზელმა ცხოვრებამ ძილს ავნოს?

დღეს ფხიზელი ცხოვრება მხოლოდ მაშინ მოქმედებს ძილზე უარყოფითად, როცა იგი მოუწესრიგებელია. ვინც სწორი ცხოვრებით ცხოვრობს, მას ძილიც ჯანსაღი ექნება. ვინც სიფხიზლეშიც თვლემს და დრო მცონარობაში, სიმტკნარესა და უსაქმურობაში გაჰყავს, მას ძილიც არაჯანსაღი ექნება. ასეა ცხოვრებაშიც, ჩვენ რომ სულისმეცნიერების წყალობით გამოფხიზლებულ და სავსე ცხოვრებად გარდავქმნით. უკეთუ სულისმეცნიერების სათანადო ათვისებით სულიერი სამყაროსადმი სერიოზულ დამოკიდებულებას გამოვიმუშავებთ, მაშინ, როგორც ჯანსაღი, ფხიზელი ცხოვრება აწესრიგებს ძილს, ასევე სწორი აღზრდით, ჯანსაღად წარიმართება ჩვენი დამოკიდებულება გარე ფიზიკური სინამდვილისადმიც.

ჩვენი დროის ადამიანი, რომელიც ცხოვრებას აკვირდება, უდავოდ მძინარედ უნდა ჩაითვალოს, თუ ათასგვარ საკითხებზედაც არ გაამახვილებს ყურადღებას. გაგახსენებთ, უკანასკნელ ათწლეულებში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს რარიგ მოჰქონდა თავი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და პრაქტიკულობით! ხოლო ამან, თუ კარგად დავუკვირდებით, ბოლო წლებში მიგვიყვანა იქამდე, რომ გამორჩეული ადგილები იმ ადამიანებმა დაიკავეს, რომლებიც ყველაზე მეტად უარყოფდნენ იდეალურს, სულიერს, სპირიტუალურს. – ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მაღალფარდოვანი ლაპარაკი კი მანამდე ეგების, ვიდრე კაცობრიობა უფსკრულში არ გადაიჩეხება. ზოგიერთნი ახლაღა იწყებენ კრიახს – თუმცა, მათგან ბევრი ინსტინქტურად გაჰყვირის – რომ ახალი დრო უნდა დადგეს და რომ ახალი იდეალების შექმნაა საჭირო! მაგრამ ეს მხოლოდ კრიახია. როცა საკითხები ინსტინქტურად, სულისმეცნიერების შეგნებული დამკვიდრების გარეშე წამოიჭრება, ისინი საქმეს უფრო ავნებენ, ვიდრე სასიკეთო ძვრებს შეიტანენ განვითარებაში. მაღალფარდოვან ლაპარაკს მიჩვეული ადამიანები ზოგჯერ დღესაც იმსახურებენ გარკვეულ აპლოდისმენტებს. მაგრამ ადამიანი უნდა შეეგუოს მსგავს სიტყვებსა და გამოთქმებს, რათა ქაოსიდან კვლავ სოციალური კოსმოსი წარმოიქმნას.

უკეთუ რომელიმე ეპოქაში ადამიანები თვლემისა თუ მცონარობის გამო ვერ გამოავლენენ თავიანთ თავს მთელი სისავსით და ამდენად ცხოვრებაში შემოჭრილ მოვლენებს გამოტოვებენ, მაშინ არამარტო არაფერი არსებითი არ მოხდება, არამედ მათ თავზე წინარე, უკვე გასული ეპოქის ლანდები ირიალებენ; ისევე როგორც დღეს ჩვენში მრავალ რელიგიურ საზოგადოებას გარდასულ ეპოქათა რელიგიური საკრებულოების აჩრდილები დასტრიალებენ; ისევე როგორც ჩვენს დღევანდელ სამართლებრივ ცხოვრებას ჯერ კიდევ დასტრიალებს ძველი რომის აჩრდილი. სულისმეცნიერებამ ცნობიერი საფშვინველის ეპოქაში სწორედ ამ მხრივ უნდა გაათავისუფლოს ადამიანი და მიიყვანოს ისეთი სულიერი მოვლენის აღქმამდე, როგორიც ჩვენია: როგორ მოქმედებს ანგელოზი ადამიანის ასტრალურ სხეულზე? ანგელოზებსა და სხვა მაღალ არსებებზე აბსტრაქტული ლაპარაკი მხოლოდ დასაწყისში შეიძლება. წინსვლა კონკრეტული ლაპარაკით ხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვითვალისწინებთ რა ჩვენს ეპოქას, პასუხი გავცეთ მომდევნო კითხვას, რომელიც ჩვენ გვეხება. იგი ჩვენ გვეხება, რამეთუ ჩვენს ასტრალურ სხეულში ანგელოზი გარკვეულ ხატ-სახეებს ჰქმნის, რამაც მომავალში ჩვენი განვითარება, ფორმირება უნდა გამოიწვიოს. ეს პროცესი ცნობიერი საფშვინველის მეოხებით უნდა განხორციელდეს. ხოლო ცნობიერი საფშვინველი რომ არ გაგვაჩნდეს, მაშინ თავსაც არაფერზე შევიწუხებდით; მაშინ სხვა მაღალი სულები, სხვა იერარქიები იმოქმედებდნენ სათანადოდ, რათა ანგელოზთა რუდუნებაში მოსალოდნელი შეუსაბამობანი გამოესწორებინათ. მაგრამ, რაკი ჩვენ ცნობიერი საფშვინველი უნდა განვავითაროთ, სხვა სულები აღარ მოქმედებენ; პირიქით, ანგელოზებს აძლევენ საშუალებას, თავიანთი ჩანაფიქრი განახორციელონ.

ეგვიპტულ ეპოქაში, ბუნებრივია, სხვა ანგელოზები მოქმედებდნენ. მალე ისინი კიდევ სხვა ანგელოზებმა შეცვალეს. ადამიანებმა თავიანთი ატავისტური ნათელმხილველობის გამო ეს ვერ შენიშნეს. ისინი მათ თავიანთ ხილვებში ჭვრეტდნენ, მაგრამ გამოსახულებები ნისლით იყო დაბუნდოვნებული. დღეს ადამიანმა ეს ნისლი უნდა ჩამოაშოროს მათ. ამიტომ, ცნობიერი საფშვინველის ეპოქაში ადამიანს აღარ უნდა გამოეპაროს ის, რაც ცხოვრებაში დღეს შემოვა მესამე ათასწლეულის დამდეგამდე. სულისმეცნიერებიდან არამხოლოდ მოძღვრება და ორიენტაცია, კეთილი ნებაც უნდა გავითავისოთ! სწორედ ეს მოგვანიჭებს სიფხიზლის ძალას.

ჩვენ ძალგვიძს ფხიზლად ვიყოთ. ძალგვიძს უამრავი რამ შევნიშნოთ. დღესაც რომ გადავწყვიტოთ, ყველაფერში ფხიზელნი ვიყოთ, აღმოვაჩენთ, რომ ნიადაგ ხდება რაღაც სასწაული. ჩემი ეს ბოლო წინადადება შეიძლება ასე შევაბრუნოთ: მთელი ცხოვრების მანძილზე თუ ყოველ დღე ვერ აღმოვაჩინეთ საოცრება, ის დღე უბრალოდ მხედველობიდან გამოგვპარვია. ერთხელ მაინც სცადეთ, საღამო ხანს თვალი გადაავლოთ თქვენს ცხოვრებას. მასში რაღაც ისეთ წვრილმანს, ანდა რაღაც ისეთ მოვლენას აღმოაჩენთ, რომ უცილოდ იკითხავთ: ეს ხომ მართლაც უცნაურად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში? რა საოცარია! მერე და მერე ასეთ საოცრებებს ყოველთვის აღმოაჩენთ ხოლმე, თუ თქვენი აზროვნება მასშტაბურია, თუ ცხოვრებისეულ კავშირებს საკმაოდ ფართოდ, მთელი საფშვინველის დიაპაზონით მიმოიხილავთ. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ასეთ რამეს არავინ აკეთებს. არც არავინ ეკითხება საკუთარ თავს: რა შემთხვევა იქნა არიდებული რაღაცის საშუალებით?

უმეტესწილად ოდნავაც არ გვადარდებს ხოლმე ის მოვლენები, რომლებიც, თითქოსდა შემთხვევით, რაღაცამ შეაფერხა, მაგრამ, რომ განვითარებულიყვნენ, ძირეულად შეცვლიდნენ მთელს ჩვენს ცხოვრებას. იმ მოვლენების მიღმა, რომლებიც თითქოს შემთხვევით განირიდნენ ჩვენი ცხოვრებიდან, ძალზე ბევრი რამ იმალება ისეთი, რაც ჩვენს ფხიზელ ადამიანებად აღზრდას მოემსახურება. რა შეიძლება დღეს დამმართვოდა? –  უკეთუ ამ კითხვას ყოველ საღამოს დავუსვამთ თავს და შემდეგ ცალკეულ მოვლენებს გაიხსენებთ, რომელთაც ესა თუ ის შედეგი შეიძლება გამოეწვიათ, მაშინ ამგვარი კითხვებიდან ის ცხოვრებისეული დაკვირვება გამომუშავდება, რასაც ადამიანის თვითაღზრდაში სიფხიზლე შემოაქვს. ყოველივე ეს იმ საწყისის, იმ სათავის საფუძველს ჰქმნის, რომელიც თავისთავად წაგვიყვანს სულ წინ და წინ და ბოლოს ჩვენი შეგნება იქამდე მივა, რომ უბრალოდ კი აღარ გამოვიძიებთ, თუ მაგალითად, რას ნიშნავდა ის უცნაურობა, რომ ერთხელ დილის 11 საათზე სახლიდან ვაპირებდით გასვლას და ზუსტად გასვლისას შინ ვიღაც გვეწვია და შეგვაყოვნა. გავბრაზდით, რომ შეგვაყოვნეს. მაგრამ არ იკითხავთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ჩვენს იმ მომენტში სახლიდან გასვლას? რა შეიცვალა ამით?

აქ ერთხელ უკვე დაწვრილებით გესაუბრეთ ამგვარ საკითხებზე. ცხოვრებაში უარყოფით მომენტებზე დაკვირვებიდან – რაიც შეიძლება ჩვენი ცხოვრების ბრძნული წარმართვის მაჩვენებელიც გახლდათ – და ჩვენს ასტრალურ სხეულში მოქმედი ანგელოზის მფარველურ ზრუნვამდე პირდაპირი გზაა, ჭეშმარიტად უტყუარი გზა, რომელსაც შეეგვიძლია თამამად დავადგეთ. მოდით, ამაზე რვა დღის შემდეგ შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ.


About Giorgi

Scroll To Top