სავსემთვარეობა ან/და მთვარის დაბნელება ჰოროსკოპის სახლებში

სავსემთვარეობა ან/და მთვარის დაბნელება ჰოროსკოპის სახლებში

  • პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს.

ისევე, როგორც ნათალური რუკის შემთხვევაში, აქაც, კონკრეტულ მოვლენებზე სასაუბროდ, მხედველობაში უნდა მიიღოთ საერთო სურათი და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ფრაგმენტები/ასპექტები.

ბუნებრივია, უფრო ძლიერი ზემოქმედება აღინიშნება მთვარის დაბნელებისას (რაც ყოველთვის სავსე მთვარის დროს ხდება; თუმცა ყველა სავსემთვარეობა მთვარის დაბნელება არ არის!).  მარტო სავსემთვარეობა უფრო ზომიერად, რბილად და გამარტივებულად ვლინდება.

  • სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების 2021 წლის კალენდარი მოცემულია  სტატიის ბოლოს.

მაშ ასე, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და როგორი უნდა იყოს ჩვენი მოქმედებები  მაქსიმალურად ნაყოფიერი შედეგების მისაღებად.

სავსე მთვარე I სახლში

მთავარი საკითხი: დამოუკიდებლობასა და მორჩილებას შორის ბალანსის დაცვა.

როდესაც სავსე მთვარე 1-ელ სახლში ხვდება, უახლოესი პერიოდი ადამიანი ყურადღებას, სხვებისგან პატივისცემას ეძებს, ცდილობს ყურადღება მიიპყროს, მისი ღირსებები აღნიშნონ, შესაძლოა ფიქრობდეს, რომ სხვები მასზე მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ბალანსის დაცვა მოუწევს დამოუკიდებლობასა და მორჩილებას შორის. ამ პერიოდში განისაზღვრება სად, რომელ სფეროში არის წარმატებული ლიდერი; სად შეუძლია წარმატების მიღწევა.

ეცადეთ ბავშვური ქმედებები თავიდან აიცილოთ. გაანალიზეთ – რაში გამოიყენებთ ზედმეტ ყურადღებას, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, რა გსურთ ამ პერიოდში, გამოყავით მნიშვნელოვანი მიზნები.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის პირველ სახლში ფოკუსს საკუთარ თავზე გადაგატანინებთ. მაგალითად, დაგაფიქრებთ იმაზე, როგორ დააბალანსოთ ჰარმონიულად საკუთარი და ახლობელი ადამიანების საჭიროებები. შესაძლოა გაგიმძაფრდეთ ყურადღების მიღების სურვილი, რაც სავარაუდოდ არ მოგაკლდებათ კიდეც. ყოველთვის, როცა სასურველ ყურადღებას მიიღებთ, არ დაგავიწყდეთ, იყოთ მადლიერი და მოეპყროთ სხვებს პატივისცემით.

ზოგადად, სავსემთვარეობა გაცილებით ემოციურია, ვიდრე ახალმთვარეობა. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ ამ პერიოდში, ჯერ ერთი, ემოციები გაცილებით ინტენსიურია და მეორეც, რადგან აქ პირველ სახლზე ვსაუბრობთ, ყველა შინაგანი განცდა ზედაპირზე ამოდის და სააშკარაოზე ვლინდება, იმდენად, რომ ოჯახის წევრებით დაწყებული, საჯარო ტრანსპორტის თანამგზავრებით დასრულებული _ უკლებლივ ყველას აგრძნობინებთ, რას და როგორ განიცდით. რამდენად კარგად ან ცუდად შემოგიტრიალდებათ ეს, დამოკიდებულია იმაზე, როგორ უმკლავდებით საკუთარ ემოციებს. ამიტომ, ფრთხილად დაფიქრდით, სანამ თავს თვითკონტროლის დაკარგვის უფლებას მისცემთ.

ზედმეტი ემოციურობის გამო, შეიძლება თქვენი გარემოცვა უჩვეულოდაც კი მოგეჩვენოთ. ამავე მიზეზით, შესაძლოა  იგრძნოთ, რომ კონტროლს კარგავთ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ეს, სავარაუდოდ, განაპირობებს მოვლენების ისეთ სწრაფ, „ვთქვი და გავაკეთე“ რეჟიმში ფორსირებას, რომ დაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებთ, რეალურად რა გსურდათ და რა მიზანს ისახავდა თქვენი სიტყვები თუ ქცევები.

სავსემთვარეობა ასევე დაკავშირებულია ციკლის დასასრულთან. ამდენად, თუ თქვენს ცხოვრებაში არის საკითხები, რაც ამოწურვას მოითხოვს, ეს ზედგამოჭრილი დროა წერტილის დასასმელად, მათ შორის მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად.

 

სავსე მთვარე II სახლში

მთავარი საკითხი: სიამოვნების, ტკბობის საშუალებების მიღებასა და გაცემას შორის ბალანსის დაცვა.

ინტიმურობა, ძალაუფლების საშუალებები, კონტროლი, ფინანსური მოგება, მიღწევები – აი, არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაც მომავალი ორი კვირის განმავლობაში აქტიური ხდება.  ამ პერიოდში გააცნობიერეთ ის საგნები თუ საკითხები, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. გაზიარებადი საშუალებები წინა პლანზე იწევს. გაიაზრეთ სად მთავრდება თქვენი ძალაუფლება და სად იწყება სხვისი; რა არის თქვენთვის კომფორტული, სად გრძნობთ თავს მშვიდად. ეცადეთ თქვენთვის სასურველს მიაღწიოთ ისე, რომ სხვების უფლებები არ დაარღვიოთ.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის მეორე სახლში, ცხადია, უპირველესად თქვენი ცხოვრების ფინანსურ ასპექტებს შეეხება. შესაძლოა ხანგრძლივი ფინანსური პროექტი ან კრედიტის გადახდა დაასრულოთ, ვალი გაისტუმროთ; შემოსავლის წყარო შეიცვალოს ან ახალი წყარო გამოჩნდეს. ყურადღებით იყავით დანახარჯებთან, რადგან იმპულსური შენაძენების გაკეთების ალბათობა იზრდება. დაფიქრდით, რამდენად რეალურად საჭიროებთ იმას, რაშიც ფულს ან სხვა მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავთ, მაგალითად, დროს.

მძაფრ საჭიროებას იგრძნობთ, ისარგებლოთ სხვებისგან. ეს ასევე თვითშეფასებისა და ფასეულობათა სახლია. შესაძლოა მოგიწიოთ საკუთარი თავის გადაფასება, რაც პოზიტიურ კონტექსტში, სთქვენი ღირებულების ამაღლებით დასრულდება.

რისი მფლობელი ხართ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე და კიდევ რისი დაუფლება გსურთ, როგორც მატერიალური, ისე სულიერი ღირებულებების კუთხით?  ეს საკითხები მწვავედ დადგება თქვენს წინაშე. უამბეთ სხვებს „რა გიჭირავთ ხელში“, თქვენი მიღწევები კარიერაში, ოჯახსა თუ ცხოვრებაში _ ყველაფერი, რაც სიცოცხლის ხალისს განიჭებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ მათ საკუთარი მიღწევები კი არ უნდა მოახვიოთ თავს, არამედ თქვენი პოზიტიური მაგალითით, მოტივაცია მისცეთ, საკუთარი სურვილების მისაღწევად.

ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ მკაფიოდ განსაზღვროთ, რა გეკუთვნით, რას ფლობთ და რა იმყოფება თქვენი სამფლობელოს მიღმა. თქვენ ფოკუსირებული იქნებით იმ საჭიროებებზე, რაც უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კომფორტის გრძნობას მოგანიჭებთ.

ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლოა თქვენმა სხვებმა თქვენი ეთიკის კოდექსი, „კეთილისა და ბოროტის“ დეფინიციები, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. არ არის გამორიცხული სხვის კმაყოფაზე აღმოჩნდეთ.

 

სავსე მთვარე III სახლში

მთავარი საკითხი: ბალანსის დაცვა ინფორმაციის მიღებასა და გაცემას შორის.

ცხოვრებისგან უფრო მეტის მიღების სურვილი ჩნდება, მოწყენილობის განცდა მოდუნების საშუალებას არ იძლევა; აქტიური ორი კვირაა, რომლის განმავლობაშიც ახალი ნაცნობობა, მგზავრობა, კომუნიკაციის სფეროების მეტად გააქტიურება გელოდებათ. მნიშვნელოვანი დოკუმენტების შედგენის ან/და მიღების ალბათობაა. ეცადეთ და-ძმასთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის III სახლში თქვენს ენერგიას უშუალო გარემოცვისკენ მიმართავს. თქვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან თქვენი და-ძმა, ნათესავები, მეზობლები, კლასელები ან ჯგუფელები. შესაძლოა რომელიმესთან ურთიერთობა აღადგინოთ, უთანხმოება დაასრულოთ ან სულაც ურთიერთობას დაუსვათ წერტილი. ასევე კარგი დროა საზოგადოებრივი პროექტების დასრულებისთვის ან თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის.

ყურადღებას მოითხოვს კომუნიკაციის ფორმები და მეთოდები. ურთიერთგაგების მიღწევა ადამიანებთან დამატებით ენერგიას მოიხმარს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანით მნიშვნელობით, რაც გამოვლინდება, ვთქვათ, გაუგებრობებით, დაუგეგმავი ვიზიტებით ან შეხვედრების გადადებით.  სიტყვები იმდენად დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ შესაძლოა დაიპროგრამოთ საკუთარი თავი, ან დაგაპროგრამოთ გარემოცვამ. მაშასადამე, თქვენივე (ან თქვენთვის ნათქვამმა) სიტყვებმა განაპირობოს თქვენი შეგრძნებები.

ამ პერიოდში ცხოვრება იმდენად ამაღელვებლად მოგეჩვენებათ, თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებით, რომ ძალიან გაგიჭირდებათ კონკრეტული მიმართულების არჩევა და შესაბამისად, დანიშნულების ადგილამდე მიღწევა. ამიტომ, რადგან მთვარეზე ვსაუბრობთ, კონცენტრირდით თქვენს საჭიროებებზე, ყველაფერი დანარჩენი მოიტოვეთ შემდეგისთვის. არა უშავს, თუ მცირედ ამოვარდებით ჩვეული რეჟიმიდან.

მოცემულ ლუნაციაზე მზე მდებარეობს IX სახლში და აქცენტირებს სიბრძნეზე, რომელიც ცოდნით მიიღება. შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუას ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ერთმანეთისთვის. ზოგადად, ეს შესანიშნავი პერიოდია სწავლისთვის, მიუხედავად იმისა, რეალურად ხართ თუ არა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტი. გამოიყენეთ ის ნაყოფიერად.

 

სავსე მთვარე IV სახლში

მთავარი საკითხი: საზოგადოებრივ (პროფესიულ) და საოჯახო საკითხებს შორის ბალანსის დაცვა.

ყურადღების ცენტრშია პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება, ოჯახური გარემო. გამოყავით თქვენი პრიორიტეტები. განსაზღვრეთ რით იცავთ თავს, სად ხართ უსაფრთხოდ. როგორც წესი, ამ პერიოდში ოჯახური საკითხების მოგვარება უფრო მეტად გვიწევს, ვიდრე სხვა დროს. ესაა ზრუნვის, ოჯახური საქმეების მოგვარების, წარსულის შეჯამების, მშობლებთან კავშირის პერიოდი.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის IV სახლში ენერგიას ოჯახური პრობლემებისკენ მიმართავს. შესაძლოა სახლთან დაკავშირებული პროექტი დაასრულოთ ან ოჯახური პრობლემები მოაგვაროთ. თუ აქამდე დიდ დროს ატარებდით სახლში ან სამსახურში, ახლა შეეცდებით როგორღაც დააბალანსოთ დრო ისე, რომ ორივეს სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ამ პერიოდში თქვენ გაიაზრებთ, რომ პირად ცხოვრებას აზრი არ აქვს, თუ პროფესიული სარბიელზე მყარად ვერ დგახართ და პირიქით, სოციალურ მიღწევებს აზრი ეკარგება, თუ ოჯახში არეულობაა.

ეს მეტად ფაქიზი ენერგიის, კარმული სახლია და მისი აქტივაციისას ჩვენ მძაფრად ვგრძნობთ ბედისწერის სუნთქვას. შესაძლოა განმარტოება მოვისურვოთ, „შინაგან ბავშვთან“ დიალოგისთვის. ასევე მწვავედ დადგება საკითხი, სად ვგდავართ მოცემულ მომენტში, საით გაგვიწევია და როგორ ვაპირებთ დანიშნულების ადგილამდე მისვლას.

არ არის გამორიცხული საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, რაც დიდი ალბათობით სამსახურს ან სხვა ტიპის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. შეიძლება შვებულება აიღოთ, ან პენსიაზე გახვიდეთ ან რაიმე სხვა ფორმა მოძებნოთ, სახლში მეტი დროის გასატარებლად. კარგი დროა სახლის რემონტისთვის, საშინაო დეკორაციების შეცვლისთვის. შეიძლება წამოტივტივდეს კარგა ხნის მივიწყებული ბავშვობის მოგონებები, რაც დიდ გავლენას იქონიებს ემოციურ მდგომარეობაზე;  იმდენად, რომ სავსებით დასაშვებია კონფლიქტიც კი გამოიწვიოს.

 

სავსე მთვარე V სახლში

მთავარი საკითხი: გართობასა და საზოგადოებრივ აქტიურობას შორის ბალანსის დაცვა.

გსურთ გაერთოთ, ხანგრძლივად დაგეგმოთ როგორ გაატარებთ დროს, სად მიიღებთ სიამოვნებას. თვითგამოხატვა ძლიერად ვლინდება, გსურთ კრეატიული, აქტიური იყოთ და ყურადღების ცენტრში მოექცეთ, თუმცა, რაც გსურთ რომ გააკეთოთ მისთვის დრო ნაკლებად გრჩებათ. გამოხატეთ თავი კრეატიულად, ორიგინალურად. განსხვავებული პროექტების განხორციელება დაიწყეთ. კარგი პერიოდია რომანტიული შეხვედრებისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისთვის, ჰობისთვის. შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინოთ თქვენი რეალური, ჭეშმარიტი ჰობი, გატაცება.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა სიყვარულის, რომანტიკისა და გართობის სახლში დასასრულისკენ წაიყვანს ან ახალ ეტაპზე გადაიყვანს სასიყვარულო რომანს, შემოქმედებით წამოწყებებსა თუ პროქტებს, რაზეც აქამდე მუშაობდით. დაშორება სავარაუდოდ მოსალოდნელიც იყო თქვენთვის, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მალევე იპოვოთ შემცვლელი. თუ ბედნიერ ურთიერთობაში ხართ, ის დროა ახალ, უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადახვიდეთ.

გართობა და გარეთ გასვლა მეტად მნიშვნელოვანია. ნაკლებ სავარაუდოა ისეთი საქმეები აკეთოთ, რასაც თქვენთვის სიამოვნება არ მოაქვს. ამ დროს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ენთუზიაზმია, ამიტომ მიდრეკილი იქნებით სპონტანური გადაწყვეტილებების და მოქმედებისკენ.  აქ გარკვეულ სიფრთხილეს გმართებთ, რომ არ გადააჭარბოთ და სავალალო შედეგებამდე არ მიხვიდეთ.

შემოქმედებითი სული უდარდელობას მოითხოვს. ემოციური სიამოვნება კი შემოქმედებით პროექტებს მოაქვს. რუტინული სამუშაო და ვალდებულებები მეორე პლანზე ინაცვლებს. ნუ შეეჭიდებით დიდ პროექტებს.

ეს „იღბლიანი“ პერიოდია და თქვენც თამამად რისკავთ. თუმცა აქაც უნდა იფრთხილოთ, რომ აზარტმა არ შეგიპყროთ და პროცესისგან სიამოვნების მიღების უნარი არ შთანთქოს.

ხელსაყრელი დროა ბავშვის ჩასახვისთვის. შეიძლება შვილი შეგეძინოთ. თუ უკვე გყავთ, ფოკუსი მასზე გადაინაცვლებს. მოცემულ პერიოდში განსაკუთრებულად იგრძნობთ საკუთარ საჭიროებას მის ცხოვრებაში.

 

სავსე მთვარე VI სახლში

მთავარი საკითხი: მატერიალიზმსა და სულიერებას შორის ბალანსის დაცვა.

დიეტისა და  ცხოვრების ჯანსაღი წესის პერიოდი – ხშირად სწორედ ამ მდებარეობის დროს გეგმავენ გამაჯანსაღებელი პროგრამების დაწყებას, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას. მოერიდეთ სხვების გაკრიტიკებას. დადებითი ცვლილებები გაატარეთ, შეცვალეთ ცხოვრება უკეთესი კუთხით. სასურველია თუ ლოგიკის გარდა ინტუიციასაც დაეყრდნობით. ამავე პერიოდში მეტი მუშაობა, დატვირთვა ან სხვების მომსახურება გვიწევს. ჯანმრთელობა მეტ ყურადღებას ითხოვს (იქცევს).

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა VI სახლში ჯანმრთელობის საკითხებს წამოწევს. ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის. შესაძლოა მოისურვოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლა, ვთქვათ, მკურნალობის დაწყება ან ოპერაცია, მაგრამ სჯობს ეს იმ შემთხვევაში გააკეთოთ, თუ მანამდე დიდხანს გეგმავდით, საკითხი კარგად შეისწავლეთ და არა სპონტანური სურვილის საფუძველზე.

შესაძლოა შეიცვალოთ საქმიანობის ტიპი, სამუშაო ან დარჩეთ იგივე სამსახურში, მაგრამ შეიცვალოს სამუშაო გარემო ან შრომითი პირობები. თუ თქვენი სამსახურით უკმაყოფილო ხართ, დიდი ალბათობით ამ პერიოდში გაგიმძარფდებათ სამსახურის დატოვების სურვილი. ამ შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ სათადარიგო გეგმას ფლობთ, რადგან პროფესიული უსაქმურობა ისე კარგად არ შემოგიტრიალდებათ, როგორც ეს თავიდან შეიძლება გეგონოთ. მეორეს მხრივ, ამ პერიოდში შეიძლება წარმატებით დაასრულოთ ხანგრძლივი პროექტი, რომელზეც აქამდე მუშაობდით.

კარგი დროა რუტინის გასაკეთილშობილებლად. როდესაც ცვლილებებს შეიტანთ ყოველდღიურ განრიგში, დარწმუნდით, რომ სიახლეები დადებითად აისახება თქვენზე და უპირველესად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რადგან ამ პერიოდში დანერგილი ჩვევები დიდხანს გაგყვებათ.

ამ პერიოდში შეიძლება გააცნობიეროთ გარემოებრივი შეზღუდვები და შეეცადოთ, თავი დააღწიოთ მძიმე ბორკილებს. ნუ შეშფოთდებით თუ გრანდიოზულ ცვლილებებს ვერ მიაღწევთ, დაკმაყოფილდით მცირედი ძვრებითაც. შემოიტანეთ ახალი წესები ან მცირედი ქაოსი, თუ ზედმეტად მოწესრიგებული ხართ.

ეს ასევე შინაური ცხოველების სახლია და თუ თქვენ სახლში ნებიერა გყავთ, შეიძლება ისეთი საკითხები წამოიჭრას, რაც მათთვის ჩვეულზე მეტი დროისა და ენერგიის დათმობას მოითხოვს.

უარი არ უთხრათ დახმარების მთხოვნელებს, მხოლოდ გახსოვდეთ, თავსმოხვეული დახმარება ბოროტებაა.  დახმარება უნდა იყოს ქმედითი და მათი, ვინც ამას გთხოვთ და არა საკუთარი ინციატივით.

სავსე მთვარე VII სახლში

მთავარი საკითხი: პარტნიორობა, თანამშრომლობა

ახალმთვარეობა მთლიანად თქვენ გეხებოდათ. ამჯერად სხვებთან ურთიერთობაში ბალანსის დაცვის დრო დადგა. მე-7 სახლი მნიშვნელოვნად განაპირობებს ერთი-ერთზე ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას. ამ პერიოდში მოგიწევთ საკუთარ მოთხოვნილებებსა და სხვებთან საერთო საქმიანობებს შორის ბალანსის დაცვა, არჩევანის გაკეთება.

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში „მოწმდება“ რამდენად იცით კომპრომისზე წასვლა, პარტნიორული ურთიერთობების რეალურობა – რამდენად მყარია თქვენი ურთიერთობები.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის VII სახლში, ბუნებრივია, აქცენტს დასვამს პირად პარტნიორულ ურთიერთობებზე, რაც გულისხმობს ურთიერთობის ტიპის თვისობრივ ცვლას, რათა დარწმუნდეთ, რომ ორივე სწორი მიმართულებით მიდიხართ. ამისთვის შეიძლება აირჩიოთ პარტნიორისგან დისტანცირება ან, პირიქით, მასთან მეტად დაახლოება. მარტოხელებმა შესაძლოა ცხოვრების თანამგზავრი იპოვონ ან მნიშვნელოვანი ურთიერთობა წამოიწყონ. პარტნიორობა ამ სახლის განმსაზღვრელი სიტყვაა და შეინარჩუნებთ, დაემშვდობებით, დაუახლოვდებით თუ დაშორდებით პარტნიორს, ლუნაცია ამ სახლში აუცილებლად გაააქტიურებს პირადი ურთიერთობების თემას.

თუ თქვენ ურთიერთობთ ისეთ ადამიანებთან, ვინც თქვენს ტოლ-სწორად მიგაჩნიათ, შესაძლოა ამ დროს უკანა პლანზე გადაიწიოთ და სცენა მათ დაუთმოთ. განსაკუთრებით საქმიან სიტუაციებში. მაგალითად, თუ აქამდე მეწყვილესთან ერთად საერთო პროექტზე მუშაობდით, რომელიც ამჟამად  ნაყოფიერების კულმინაციურ ეტაპზეა, სავარაუდოდ, ჯილდოთი უფრო დატკბებით, ვიდრე პარტნიორული აქტივობით.

გაიზრდება თქვენი მგრძნობელობა პარტნიორთა მიმართ. ამასთანავე, აღმოაჩენთ, რომ ამ პერიოდში გაცილებით მარტივად გამოხატავთ თქვენს გრძნობებს მათთან მიმართებაში. ეს მშვენიერი დროა მოლაპარაკებებისთვის, რადგან თქვენი კეთილგანწყობა და კომპრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად მოიმატებს და თვალშისაცემი გახდება.

საკანონმდებლო თუ სასამართლო პროცესები ასევე შეიძლება გახდეს ის თემები, რაც თქვენს ენერგიას მოითხოვს. დიდი ალბათობით, იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო პროცესი თქვენი გამარჯვებით არ დასრულდა, საკითხები მაინც თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ეს ასევე ღია მტრების სახლია ანუ ისეთი არაკეთილმოსურნეების, ვინც სახელდებით იცით და დაუფარავად გიპირისპირდებიან. მათ შეიძლება თავიც კი დაგანებონ, თუ თქვენ თხოვთ, რადგან მშვიდობა და თანხმობა ამ ასპექტის შესანიშნავი პერსპექტივაა, თუ თქვენ ასე გადაწყვეტთ.

 

სავსე მთვარე VIII სახლში

მთავარი საკითხი: რესურსების განაწილება, მოგება და დანაკარგი; მატერიალურ და სულიერ საკითხებს შორის ბალანსის დაცვა.

სავსემთვარეობა წინა პლანზე წევს მოგება-დანაკარგის თემას, რესურსების (მატერიალური და სულიერი) სწორად გამოყენებას. ამ პერიოდში მეტად დაფიქრდებით და აანალიზებთ თქვენთვის კომფორტულ საგნებს, მოვლენებს. სად გრძნობთ თავს უსაფრთხოდ? დაცულად? ბალანსის დაცვა მოგიწევთ საკუთარ უსაფრთხოებას, სურვილებსა და სხვებისთვის კომფორტის შექმნას, სურვილებს შორის. კარგი პერიოდია თვითანალიზისთვის, ეზოთერიკის, ფსიქოლოგიის საკითხების შესასწავლად.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის VIII სახლში თქვენს ტრანსფორმაციას მოითხოვს და როგორც წესი, აქ საუბარია ღრმა ტიპის გარდასახვებზე. უპირველესად მოიცილეთ ის, რაც ტვირთად გაწევთ და გამძიმებთ, უარყოფით ემოციებს აღგიძრავთ. არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხშირად „უსაფრთხოების საბნად“ იქცევა ხოლმე ადამიანისთვის და სულ უფრო რთულდება მისგან თავის დაღწევა. ეს ზუსტად ის დროა, როცა შეძლებთ წარმატებით გაინთავისუფლოთ თავი. ასეთი რესტარტი საშუალებას მოგცემთ თქვენს ცხოვრებაში ადგილი დაუთმოთ ახალ პოზიტიურ შეგრძნებებს.

გარდასახვა შეიძლება იყოს ფიზიკურიც, ვთქვათ, სახლის ნაწილი გაარემონტოთ ან ძველ ნივთს დაუბრუნოთ ბრწყინვალება. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება ინტიმურობის და უსაფრთხოების საკითხებიც.

რადგან ეს სახლი სხვის რესურსებს შეეხება, ამდენად თქვენ შეიძლება მოგიწიოთ გარკვეული თანხების დახარჯვა ოჯახის წევრების ან მეგობრების საჭიროებებისთვის ან შეიძლება დაფაროთ დიდი ხნის გადაუხდელი ვალი. თუ თავად საჭიროებთ ფულად დახმარებას, პერიოდი ასევე ხელს უწყობს მის მიღებას, მხოლოდ იმ პირობით, თუ დახმარებას მართლა საჭიროებთ.

ბრწყინვალე პერიოდია იმ ყველაფრის შესაფასებლად და დასაფასებლად რასაც ფლობთ, მაგრამ მხოლოდ თქვენს საკუთრებაში არ არის. ეს გარდატეხის პერიოდია, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სექსს, სიკვდილს და გადასახადებს. სექსი მაინცდამაინც თავად აქტს არ გულისხმობს. საკითხები შეიძლება შეეხოს რეპროდუქციულ სისტემას, ენერგიათა გარდასახვასთან მუშაობას, რეკრეაციის პროცესს, სექსუალური ცნობიერების ამაღლებას. სიკვდილიც არ გულისხმობს პირდაპირ კვდომას. ეს შეიძლება იყოს დრომოჭმული იდეა ან სიტუაცია, რომელთაც ან სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ ან ახალი სიცოცხლე შთაბეროთ. რაც შეეხება გადასახადებს, მისთვის მეტაფორა არ არსებობს, გადასახდელია!

 

 

სავსე მთვარე IX სახლში

მთავარი საკითხები: რწმენა, იდეალები

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში წინა პლანზე იწევს რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხები, შემეცნების თემა, მოგზაურობის სურვილი. იმატებს მგზავრობის, გადაადგილების რიცხვი. შესაძლოა რწმენა, ნდობა „შემოწმდეს“ – რისი გწამთ? რამდენად გწამთ? ვის ენდობით? ამ პერიოდში ზოგად სურათს უფრო მეტად ვამჩნევთ ვიდრე დეტალებს, ეცადეთ მცირე დეტალები არ გამოგრჩეთ.

ასევე ანალიზდება რამდენად შევეფერებით ჩვენს იდალურ „მე“-ს, რა მორალურ-ეთიკური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის IX სახლში ჩვენს უმაღლესს, ღვთაებრივ მესთან გვაახლოებს და ლოგიკურად სულიერებას შეეხება. შესანიშნავი პერიოდია პიროვნული ზრდისთვის, სულიერ პერსპექტივაში. ამაში კი იმის შემეცნება დაგეხმარებათ, რამდენად აისახება თქვენი რწმენითი სისტემა თქვენს პიროვნებაზე. თუ აღმოაჩენთ, რომ ის დადებითად ზემოქმედებს, კარგი იქნება თუ ჩაუღრმავდებით და განამტკიცებთ. თუ მიხვდით, რომ თქვენი მსოფლმხედველობა თქვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, შესაძლოა სრულიად უარყოთ და ნულიდან დაიწყოთ ახალი სისტემის შენება.

პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე მენტალური განვითარება. თქვენ შეიძლება დაასრულოთ უმაღლესი სასწავლო პროგრამა ან მნიშვნელოვანი წერილობითი ნაშრომი. ამ პერიოდში განსაკუთრებულ კავშირს იგრძნობთ თქვენს გონებასა და სულს შორის.

ლუნაციამ შესაძლოა გაააქტიუროს იურიდიული საკითხებიც, გაართულოს ან დაასრულოს, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც  ხანგრძლივად გაიწელა.

ამ პერიოდში ბუნებრივი იქნება მსოფლმხედველობის გაფართოების მოთხოვნა. თქვენ მზად იქნებით ახალი იდეების შემეცნებისთვის, წარმოსახვის განვითარებისთვის. მეორეს მხრივ, უდიდესი პროგრესის პერსპექტივაა უკვე გახსნილი იდეებისთვის. ზოგადად, განათლების თემა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ლუნაცია III-IX სახლების ღერძს ეხება.

თავს მხნედ და ოპტიმისტურად იგრძნობთ, თუმცა უფრო შემეცნებითი თავგადასავლების მხრივ, ვიდრე ბანალური მხიარულება ან არაფრისმომცემი სოციალიზაციაა. შეიძლება შორ გზას დაადგეთ, არამხოლოდ პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობითაც, ვთქვათ, სახლში საინტერესო წიგნების, ფილმების ან ნაშრომების მეშვეობით.

 

სავსე მთვარე X სახლში

მთავარი საკითხები: ჩვენი სოციალური სახე, რეპუტაცია

საუკეთესო დროა მიღწევებისთვის, საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, მიზნების მისაღწევად. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მიზნებს – როგორ აყალიბებთ? რა გზით ცდილობთ მის მიღწევას? პასუხისმგებლობის გრძნობა  მეტად ფასდება. სავარაუდოდ ბალანსის დაცვა მოგიწევთ ოჯახსა და კარიერას, ოჯახურ საკითხებსა და საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას შორის. ამ თვეში ადვილად ხვდებით ყურადღების ცენტრში.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის X სახლში აქცენტს თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე და მიღწევებზე დასვამს. მოსალოდნელია ისეთი საქმიანობა, რაც გარშემომყოფთა მხრიდან ჩვეულზე მეტ  ყურადღებას მიიპყრობს. პროფესიული კუთხით ძალიან მოთხოვნადი გახდებით.

როცა ლუნაცია ზენიტშია დამალვა შეუძლებელია და სავარაუდოდ, არც გენდომებათ. თვითაქტივაცია მნიშვნელოვნად წაადგება თქვენს კარიერას. ასე რომ, თუ თვლით, რომ იმსახურებთ,  ხმამაღალი განაცხადების დროა. დაე ყველამ იცოდეს რამდენს მიაღწიეთ და კიდევ რამდენი ხელგეწიფებათ.

არ არის გამორიცხული უკვე არჩეულ გზას გადაუხვიოთ და გეზი სულ სხვა მიმართულებით აიღოთ. ან ისეთი შემოთავაზება მიიღოთ, რაც ამ საკითხებზე დაგაფიქრებთ. ამ ასპექტის მნიშვნელოვანი თემაა ხანგრძლივვადიანი გეგმების გადახედვა, რომ განსაზღვროთ, მოგიტანთ თუ არა წარმატებას.

ავტორიტეტულმა ადამიანებმა შესაძლოა იმედები გაგიცრუონ, იქნება ეს მშობელი თუ უფროსი. თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან თუ უცერემონიოდ მოიქცევით, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება თქვენს პროფესიულ თუ სოციალურ სტატუსზე. საერთოდ, ამ პერიოდში ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი საჯარო იმიჯი, რომ ვინმე არ შეურაცხყოთ ან შემთხვევით სულელივით არ მოიქცეთ.

შეიძლება ოჯახში ისეთი ავტორიტეტი მოიპოვოთ, რითაც აქამდე ვერ სარგებლობდით. ამ პერიოდში წარმატებით გადაიჭრება წარსულიდან მოყოლილი „გაწელილი“ საკითხები.

 

სავსე მთვარე XI სახლში

მთავარი საკითხები: საზოგადოებრივი აქტიურობა, ლიდერობასა და ჯგუფურ აქტიურობას შორის ბალანსის დაცვა.

ყურადღება მეტად ექცევა სიამოვნების წყაროებს – ჰობს, რომანტიულ აქტიურობას, გართობას, სურვილებს. როდესაც სავსე მთვარე პირადი რუკის მიხედვით მე-11 სახლში ხვდება, ადამიანები მეტად უფიქრდებიან საკუთარ როლს სხვების ცხოვრებაში – რა როლს ასრულებენ, როგორ ჩანან, მათ ცხოვრებაში ვინ არის, მეგობრებად ვის თვლის და ა.შ.

ამ პერიოდში მოწმდება მეგობრული ურთიერთობები და მათი სიმყარე, ჯგუფური აქტიურობის უნარი.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის XI სახლში აქცენტირებს მომავალზე, მეგობრებზე, პროტექტორებზე, იდეებზე. შესაძლოა ემოციური საჭიროება იგრძნოთ, შეუერთდეთ  თანამოაზრეებს, ორგანიზაციებს, რომ დაიკმაყოფილოთ მიკუთვნებულობის მოთხოვნა. თუ ასეთი ჯგუფი უკვე ნაპოვნი გყავთ, მაშინ მარტივად მოახერხებთ ლიდერის როლის მორგებას.

ეს კარგი დროა მეგობრების წრის გასაფართოებლად . შეიძლება ზოგიერთ მეგობარს დაემშვიდობოთ ან ურთიერთობის ხასიათი შეიცვალოს. მარტივად იპოვით გავლენიან მფარველებს. მოეშვით და აღმოაჩენთ, რომ საკითხები მინიმალური ძალისხმევითაც შეიძლება გადაწყდეს. მიეცით გარემო ენერგიას თქვენზე ზრუნვის საშუალება, თუნდაც რამდენიმე საათით.

მატერიალური საგნები ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ფოკუსირებული იქნებით მეგობრებთან ურთიერთობებზე.  შეიძლება დატოვოთ ის ჯგუფი ან ორგანიზაცია, რომელსაც აქამდე თავს მიაკუთვნებდით და ახალ დაჯგუფებას შეუერთდეთ, რომელიც, როგორც გგონიათ, უკეთესად წარმოაჩენს თქვენს მოსაწონ იდეებს; სადაც შეკრებილნი არიან სამყაროს და სოციუმის გაკეთილშობილების იდეით ანთებული ადამიანები. თქვენი აზრები მოცული იქნება ისეთი საკითხებით, რა ადგილი გიჭირავთ სამყაროში და რამდენად შეესაბამებით ამ როლს. შეიძლება გადააფასოთ თქვენი მომავლის ოცნებები. იპოვოთ ადამიანები, ვისაც მათ გაუზიარებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პერიოდში გაცილებით ბევრი ადამიანით იქნებით გარემოცული, ვიდრე აქამდე. ხშირად მოგმართავენ დახმარებისთვის.

შეიძლება შეიტყოთ, რომ შვილს ელოდებით.

 

სავსე მთვარე XII სახლში

მთავარი საკითხები: თვითანალიზი, შეჯამება, დასრულება. ბალანსის დაცვა სხვებთან ურთიერთობასა და განმარტოებას შორის.

დასვენებისა და შეჯამების პერიოდია. როდესაც სავსე მთვარე მე-12 სახლში ხდვება, ადამიანებს მეტად აქვთ დასვენების, განმარტოების სურვილი. საკუთარ თავში ეფლობიან, მანამდე მომხდარ მოვლენებს აჯამებენ. ამ პერიოდში ყოველდღიური ცხოვრება რუტინულად ხშირად ეჩვენებათ. ბალანსის დაცვა ხდება განმარტოებასა და სხვებთან ურთიერთობას შორის. შესაძლოა მეტად გამოვლინდეს სხვების მხრიდან ვალდებულებების შეხსენება. ესაა განტვირთვის, განახლების პერიოდი.

მთვარის დაბნელება ან/და სავსემთვარეობა ჰოროსკოპის XII  სახლში არაცნობიერ პრობლემებთან მიგვიყვანს. შეიძლება ნეგატიური ემოციების დათრგუნვის ცდუნებას განიცდიდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რეპრესირებული ემოციები გაცილებით მწვავედ ვლინდება დროთა განმავლობაში. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეს შესანიშნავი დროა ფსიქოთერაპიისთვის.

საგულდაგულოდ დამარხული საკითხები თავს წამოყოფენ. დართეთ თავს უფლება, თვალი გაუსწოროთ შინაგან პრობლემებს. ამ სახლის აქტივირებული ენერგია ამისთვის ზედგამოჭრილი დროა. განკურნებაში კი განმარტოება, რეფლექსია, თვითჩაღრმავება და გადატვირთვა დაგეხმარებათ.

ახლა ნამდვილად არაა ხელსაყრელი სცენაზე დგომა. კულისები ამ სახლის საყვარელი ადგილმდებარეობაა. ამ დროს ადამიანები უფრო დამყოლები ხდებიან. მათ არ აქვთ სოციალიზაციის და კომუნიკაციის სურვილი. ძილი და სიზმრები უკეთეს სამსახურს გაგიწევენ, ვიდრე ხანგრძლივი დიალოგები. სხვათა შორის, ამ პერიოდის სიზმრები, გაცილებით ლუსიდურია და მიაქციეთ ყურადღება, იქ შეიძლება გათამაშდეს ყველაფერი, რაც გაწუხებთ, მაგრამ არ გაქვთ გააზრებული. უბრალოდ იფრთხილეთ, რომ რეალობაში არ აგერიოთ და ნუ გაიგებთ პირდაპირი მნიშვნელობით, სიზმრები მეტაფორულად გამოხატავენ ჩვენს ემოციებს. ზოგადად, ეს პერიოდი ხელს უწყობს საკუთარ შინაგან სამყაროში შეღწევას და არაცნობიერის გზავნილების სწორად აღქმას.

სხვების დახმარება თავს ასევე უკეთესად გაგრძნობინებთ, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, სადაც მათთან პირდაპირ ურთიერთობთ. დახმარების სათხოვნელად კი ბევრი მოგმართავთ, რადგან ამ პერიოდში საგძნობლად იზრდება ემპათია. თუმცა იფრთხილეთ, რომ არ გადააჭარბოთ და სხვისი გასაჭირი საკუთარ პრობლემებად არ აქციოთ.

ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენი სხეულის ფიზიკური და ემოციური საჭიროებების მიმართ. კარგი იქნება მსუბუქი ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე ყოფნა, საკმარისი ძილი და ბევრი დასვენება.

 

სავსემთვარეობა 2020 წელს, თბილისის დროით:

თარიღი დრო (+4GMT) ზოდიაქოს ნიშანი მთვარის დაბნელება
28 იანვარი 23:17 ♌  9°
27 თებერვალი 12:17 ♍  8°
28 მარტი 22:48 ♎  8°
27 აპრილი 07:31 ♏  7°
26 მაისი 15:13 ♐  5° სრული
24 ივნისი 22:39 ♑  3°
24 ივლისი 06:36 ♒  1°
22 აგვისტო 16:01 ♒ 29°
21 სექტემბერი 03:54 ♓ 28°
20 ოქტომბერი 18:56 ♈ 27°
19 ნოემბერი 12:57 ♉27° ნაწილობრივი
19 დეკემბერი 08:35 ♊ 27°

About Tamta

Scroll To Top