სასწორი და თევზები

სასწორი და თევზები

ბავშვებს ამ ჯადოსნურ სანაპიროებზე ამოჰყავდათ თავიანთი ნავები.

ჩვენც ვიყავით იქ ოდესღაც, ბავშვობაში.

ჩვენს სმენამდე დღემდე აღწევს მოქცევის ხმაური,

მაგრამ ჩვენ უკვე ვეღარასოდეს გადავსხდებით იმ ჯადოსნურ სანაპიროზე.

 რადგან თევზები, რელიგიის გარდა, მისტიურ სიმართლეს უკავშირდება, სასწორი კი სამართლიანობის დამყარებასა და მშვიდობის ძიებას, სხვაგან  ვისთან  ჰპოვებთ გაგებასა და თანაგრძნობას? ისინი დამამშვიდებლად ზემოქმედებენ არამხოლოდ ერთმანეთზე, სხვა ადამიანების ცხოვრებაზეც. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული სასწორისა და კონკრეტული თევზების პიროვნებებზე, მათი ცხოვრების წესზე, მათ მიზნებსა და ამბიციებზე, რაც ხშირად არც გამოდის მათი ოცნებების ფარგლებიდან.

სასწორი და თევზები 8-6 ფორმულით ურთიერთობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ ხშირად ერთისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ფიქრობს ან მოქმედებს მეორე  ასე თუ ისე. ერთი სიტყვით, ერთმანეთისთვის ნამდვილი გამოცანები არიან. ისევე როგორც ყველა, ვინც 8-6 ფორმულით ურთიერთობს, მომღიმარი სასწორი და იდუმალი  თევზები ერთად საბედისწერო გარემოებებმა შეყარა _ სამსახურმა, საერთო ნაცნობებმა, საქმიანმა პარტნიორობამ  ან  სამეზობლო სიტუაციამ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათად ირჩევენ ერთმანეთს, საკმარისია განგებამ მათი გზები გადაკვეთოს, მათ შორის განსხვავებას ისეთ აღტაცებაში მოჰყავს ორივე,  მცირე  ყოყმანის შემდეგ  გადაწყვეტენ, ეს ის საიდუმლოა, რომელსაც ღირს თავი მიუძღვნან!

ნაწილობრივ, ეს გადაწყვეტილება იმის დამსახურებაა, რომ სასწორი საკმაოდ სწრაფად  აცნობიერებს თევზების მზადყოფნას, ემსახუროს მას. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება კარის კაცად ან მოახლედ მსახურება, მაგრამ თევზები, რომელიც სასწორისთვის VI ასტროლოგიური სახლის ბინადარია, გარკვეულ „სამსახურს“ უწევს სასწორს, ფაქტობრივ-რეალურს ან ტრანსცედენტურ-უხილავს. ამასთან, მოცემულ წყვილში  „მსახურების  სინდრომი“ კიდევ უფრო ძლიერ გამოკვეთილია, ვიდრე 8-6 ფორმულის სხვა წყვილებში, რადგან თევზები, ფორმულის ვიბრაციის გარეშეც, მზად არიან ყველას დაეხმარონ. როდესაც თევზები სასწორს ხვდება, ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება. სამწუხაროდ, ამან შეიძლება მაზოხიზმამდეც მიიყვანოს წყლის ცხოველი. ზედმეტად ბევრი სიკეთეა, გესმით? ასე რომ, თევზები ფრთხილად უნდა იყოს  ჩვეულებრივ კეთილ და სამართლიან სასწორთან, რადგან მან, გაუცნობიერებლად, შეიძლება  ბოროტად ისარგებლოს „მომსახურე“ ვიბრაციით და თევზები მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო აცურავოს  წრეებზე. თევზებს სასწორის ცხოვრებაში გაცილებით მეტი სიამოვნება და სიმსუბუქე შეაქვს, მაგრამ შედეგად იმას ვერ იღებს, რასაც ელის. ეს „სურვილის ძვლისთვის“ ნატვრის ჩათქმას ჰგავს, რომელსაც ორი ადამიანი ერთდროულად ტეხავს. გახსოვთ ასეთი თამაში? ვისაც უფრო გრძელი ნაწილი შეხვდება, სურვილი უსრულდება; მოკლე ნაწილის მფლობელი კი მასზე ქორწინდება.

სასწორები  ისეთ  ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან  ფლერდორანჟსა  და მენდელსონის მარშთან,  დეპრესიაში ვარდებიან, თუ ცხოვრებაში მეორე ნახევარი ვერ იპოვეს და მარტო დარჩნენ. მეორეს მხრივ, თევზები ქორწინებას ისე უყურებენ, როგორც სახიფათოდ მოციმციმე კაუჭს, რომელზეც ჯობია არ წამოეგონ. ისინი მართლაც წარმატებით არიდებენ თავს ოჯახურ ბორკილებს და თუ მაინც გაებნენ, როგორღაც იმასაც ახერხებენ, უპრობლემოდ დააღწიონ თავი. თევზები ან ჩაფიქრებულ მარტოხელებად რჩებიან (ნებაყოფლობით, რადგან თევზები, ქალებიცა და მამაკაცებიც, ძალიან მიმზიდველნი  არიან საწინააღმდეგო სქესისთვის), ან პირიქით, საოცრად დიდი რაოდენობის დასხლტომები ერიცხებათ საქორწინო ბადიდან. ძალიან იშვიათად, რომ თევზები ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაქორწინდეს. რა თქმა უნდა, ასეთებიც არსებობენ, მაგრამ როგორც  ეგზოტიკური სახეობა. ბუნებრივია, გვხვდებიან თევზები, რომლებიც მართლა ბედნიერები არიან მუდმივ ქორწინებაში. ასეც ხდება, მაგრამ უკიდურესად იშვიათად.

და აი, ორივე იმედგაცრუებულია. თევზებს მოკლე ნატეხი ერგო, სასწორს _ გრძელი. „ეშმაკმაც დალახვროს!“ _ სასწორი გაბრაზებულია საკუთარ თავზე, რომ მაგრად  მოქაჩა. ასეც მოუხდებათ!  არ ღირდა „სურვილის ძვალთან“  ხუმრობა, ქათმები ხომ ამქვეყნად იმისთვის არ იბადებიან, რომ ადამიანების ლუკმად იქცნენ. ამისთვის არსებობს თხილი და კაკალი, მწვანილი, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული და არა თევზები, ფრინველები და ცხოველები. ასე მოდის აღსრულებაში კარმული სამართლიანობა. მართალია, ჩვენ ცოტა დაუფიქრებლები ვართ ამ საკითხებში, მაგრამ ასტროლოგია სერიოზულად გირჩევთ, არ მიირთვათ ხორცი.

ვეგეტარიანობა შეიძლება იქცეს მათ შორის კამათის (უფრო სწორად, განხილვის) საგნად მომავალ ოთხშაბათს. თევზები საკითხის რელიგიურ ასპექტებზე ალაპარაკდება, სასწორი კი მოსამართლეს განასახიერებს და თევზების, შინაური ფრინველებისა და ცხოველების საარსებო უფლებებს განიხილავს. ადამიანისთვის სულაც არ არის აუცილებელი მათი საკვებად მოხმარება. ეს რელიგიურ-სულიერ-ვეგეტარიანული კამათი შეიძლება დიდხანს გაიწელოს… ამ დროში სასწორი რამდენიმე სტრატეგიულ პუნქტს დაიბრუნებს ღიმილის წყალობით, თევზები კი რაიმე დახვეწილ ვეგეტარიანულ საჭმელს მოამზადებს ენერგიის აღსადგენად  და სასწორს ფაიფურის თეფშით მიართმევს, ლაჟვარდისფერ ხელსახოცთან ერთად. ყველაფერი მშვიდად და ჰარმონიულად, რბილად და ჩუმად იქნება. თუ, რა თქმა უნდა, თევზების მეგობარმა კურომ არ შემოირბინა და უმანკო სახით სადმე წასვლა და ბიფშტექსის დაგემოვნება არ შესთავაზა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეხედავენ? შემდეგ სასწორი კუროს ღიმილით დააბრმავებს, თევზები კი დაუჟინებლად შესთავაზებს ბოსტნეულს… დავნიძლავდეთ, რომ მალე კუროს ახალი რწმენით მონათლავენ?

 

 

 

სასწორი მამაკაცი და თევზები ქალი

John Krasinski & Emily Blunt

 

პასუხად ნაზი ჟღარუნი გაისმა,

თითქოს ვიღაცამ პატარა ოქროს ზანზალაკებს შემოჰკრა.

ასე ფერიები საუბრობენ. ეს მათი ენაა.

ის ისეთი ჩუმია, რომ  ჩვეულებრივ ბავშვებს არ გესმით,

მაგრამ რომ გესმოდეთ, აუცილებლად იცნობდით.

 

ოჰ, დიახ, ოქროს ეჟვნების ჟღარუნი. ორივეს ესმის, სასწორ მამაკაცსაც და თევზებ ქალსაც, რომლებიც მყუდროდ  მოკალათებულან  ცეცხლის წინ  ზამთრის იმ ღამეს, როდესაც სუსხი ფანჯრებზე საოცარ გრავიურებს ხაზავს.  ქუჩაში კი, ლამპიონების ყვითელი ნათების ფონზე, ჩუმად ცვივა ფიფქები.

ამ თითქმის ზღაპრულ სურათს ისინი მარტივად  ხატავენ წარმოსახვაში, რადგან არც თევზები ქალი და არც სასწორი მამაკაცი არ შეიძლება მივაკუთვნოთ  დედამიწის  ჩვეულებრივ ბავშვებს. სასწორი გრაციოზული და მეოცნებეა, აღმოსავლური მისტერიების ოდნავ შესამჩნევი სანდლის არომატით, თუმცა მისთვის  არც ვაშლის ღვეზელის  სურნელი და  ვერანდაზე თავყრილობებია უცხო. თევზებიც იდუმალი და მეოცნებეა, სასწორზე მეტადაც კი… მის თვალებში მოქცევის ხმაურია. დიახ, მე ვთქვი „მის თვალებში მოქცევის ხმაურია“, ამას პოეტური თავნებობა ქვია და ის ყველა თევზებისა და სასწორისთვის ნებადართულია.

მოულოდნელად  ოთახში სუსხი იჭრება, სადღაც ლოლოებიც ჩნდება და მათი ჰარმონიული საუბარი დისონანსში გადადის. ვინაიდან  თევზები ყველას თანაუგრძნობს, მეგობრებსაც და უცნობებსაც, სასწორი კი მშვენივრად არის გათვითცნობიერებული ყველა საჭირბოროტო საკითხში, მათ შორის შეიძლება, დაახლოებით აი, ასეთი საუბარი წარიმართოს:

თევზები ქალი სერიოზულად შეშფოთებულია იმით, რომ მისმა მეგობარმა კოკაინის მოხმარება დაიწყო: „განა ეს საშინებლება არ არის?“  სასწორი დუმს. თევზები თხრობას აგრძელებს და სასწორს უყვება, რომ როდესაც მან შეშფოთება გამოთქვა, მისმა მეგობარმა, მადლიერების ნაცვლად, ცივად უპასუხა: „ნუ ერევი სხვის საქმეში!“ ეს კი ისეთი საწყენია, მას ხომ მხოლოდ დახმარება სურდა?!  საერთოდ, თევზები ქალი იმდენ ემპათიას აფრქვევს თავის გარშემო, სრული უფლება აქვს, ხანდახან თავისთვისაც მოითხოვოს თანაგრძნობა. ის სასწორისგან სანუგეშებელ სიტყვებს ელის. თუმცა სასწორი კვლავ დუმს.  თევზები მომთმენია და არ აჩქარებს მას. ბოლოს სასწორი ამოიოხრავს, თვალს თვალში გაუყრის  და მკაცრად ეუბნება: „და შენ არასდროს დაფიქრებულხარ  როგორ გამოიყურება შენი გაჭვარტლული ფილტვები? როდის დაანებებ თავს მოწევას?“

ეს ის პასუხი არ არის, რომელსაც თევზები ელოდა. როგორ შეეძლო სასწორს ასე უსამართლოდ წამოეძახებინა მისი ერთერთი სისუსტე, როდესაც ის მხოლოდ გაგებასა და თანაგრძნობას ითხოვდა? და თევზები რეაგირებს ისე, როგორც მისი ნიშნის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი _ საკუთარ თავში დაკარგულ, ჩაკეტილ „ცივ თევზად“ გადაიქცევა.

თევზებს ისიც ახსენდება, როგორი აღფრთოვანებით  უზიარებდა საკუთარ შთაბეჭდილებებს ახალ ფილმზე, რომელსაც ერთად უყურეს. სასწორსაც მოეწონა. თევზებმა ეს იცოდა, იქიდან გამომდინარე, როგორ მოიქცა სასწორი კინოდარბაზში _ მზერა არ მოუწყვეტია ეკრანისთვის და ადგილიდან არ წამომდგარა, სანამ ტიტრებიც არ დასრულდა და დარბაზში შუქი აანთეს. თუმცა როდესაც თევზებმა აღტაცება გამოხატა, სასწორი უცებ მოიღუშა: „ფილმი არაფრად ვარგა, სიუჟეტი ძალიან სუსტია, დიალოგები საშინელი… თუმცა მსახიობებს არა უშავდათ“.

რა სჭირს?  სადოქტორო ხარისხი აქვს სადიზმში? ღამეები არ ძინავს იმაზე ფიქრში, როგორ ატკინოს გული, როდესაც თევზები ცდილობს მხიარული და ოპტიმისტური იყოს? როგორ შეუძლია ასე რადიკალურად შეიცვალოს თავისი შეხედულებები ყოველ მიზეზ გარეშე? იქნებ შიზოფრენიკია და ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს?

თევზები ცდება ყველა მიმართულებით. სასწორი არ არის სადისტი და არც ღამეებს ათენებს იმაზე ფიქრში, ნერვები როგორ მოუშალოს. პირიქით, თვითონაც ძლიერ ტკივილს განიცდის, როდესაც იცის, რომ გულს ტკენს მას. მაგრამ რატომ იქცევა ასე?..  იქნებ დროა, გავიხსენოთ, რომ სასწორი იძულებულია ყველაფერი აწონ-დაწონოს, რაც ესმის? სასწორის თასები დაბალანსებული უნდა იყოს. საკითხის ცალმხრივად  განხილვა უსამართლობაა _ წონასწორობა ირღვევა. აი, თევზებს რომ ტაქტიკა შეეცვალა, ის სასურველ პასუხს მიიღებდა. მაგალითად, თავის შეშფოთება რომ გაენდო, მეგობრის კოკაინით გატაცებასთან დაკავშირებით, შემდეგ  კი ამოეოხრა და ეთქვა: „მაგრამ რა უფლება მაქვს გავაფრთხილო? როგორც ჩანს, მე თვითონ ვერასოდეს დავანებებ თავს მოწევას“. მაშინ სასწორი ეტყოდა: „რას ნიშნავს ვერასდროს? შენ უკვე დაგინებებია და კიდევ შეძლებ. გარდა ამისა, თამბაქოსგან ისეთი  რა ზიანია, რაც შეიძლება კოკაინმა ორგანიზმს მიაყენოს? რა უმადური საქციელია მისი მხრიდან ასეთი უხეში პასუხი!  შენ ხომ მხოლოდ დახმარება გინდოდა. ხვალვე დავურეკავ და დაველაპარაკები“.

ახლა ხვდებით საიდან აქვთ სასწორებს აუტანელი ადამიანების რეპუტაცია? ეს საბრალოები ამ იარლიყს სამართლიანობის დაცვის შედეგად იწებებენ. ჩარლთონ ჰესთონი ამ ნიშნის ტიპური განსახიერებაა, თავისი ღიმილით, რომელიც  მუხლებში სისუსტეს იწვევს და რბილი სინაზით დაბალანსებული მამაკაცურობით. ნამდვილი მამაკაცი, მშვენიერი მგრძნობიარობით, გონებითა და ნაძერწი ნაკვთებით. ერთი სიტყვით, ვენერას მთელი ცისარტყელით დაჯილდოებული _ საოცარი სიზუსტით გაწონასწორებული, მბრწყინავი ოქროს სასწორი, მაგრამ მისი ნიშნისთვის დამახასიათებელი სამართლიანობისა და მერყეობის თვისებებით.

ერთხელ მას სატელევიზიო ინტერვიუში ჰკითხეს, რას ფიქრობდა ვანესა რედგრეივის გამოსვლაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა ოსკარის მიღებისას პოლიტიკური სიტყვა წარმოთქვა. ჰესთონი მოიღუშა. ერთმა რეპორტიორმა ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ვანესას კრიტიკას, რაზეც მან უპასუხა: „ვანესა ყოველთვის პოლიტიკური ქალბატონი იყო, მაგრამ ის ასევე შესანიშნავი მსახიობია და მე ვფიქრობ, ადამიანებმა არ უნდა განსაჯონ მხოლოდ იმის მიხედვით…“ ჰესთონს უცებ სხვა რეპორტიორის წამოძახილმა გააწყვეტინა: „ესე იგი თქვენ იცავთ მას?“ რის შემდეგაც მან წინადადება სრულიად საპირისპირო აზრით დაასრულა: „მაგრამ, მეორეს მხრივ, მე ვთვლი, რომ მართალი არ იყო, როდესაც ასეთი შემთხვევა პირადი პოლიტიკური შეხედულებების გასაჟღერებლად გამოიყენა“. შეიძლება ვანესამ დღემდე არ იცის, რას ფიქრობდა ის  სინამდვილეში. მე ვეტყვი: მეორე რეპორტიორს რომ  ხელი არ შეეშალა, ჰესთონი მას დაიცავდა.

ისევე როგორც  8-6 ფორმულის სხვა წყვილებისთვის, სასწორისა და თევზებისთვის არც ისე მარტივია ერთმანეთის შეყვარება. ისინი ხომ ასე განსხვავდებიან. მაგრამ თუ ასე ხდება, წინააღმდეგობებით ავსებენ ერთმანეთს, ეს კი ორივეს წაადგება, რადგან საერთოც ბევრი აქვთ. ისინი იზიარებენ  მგრძნობიარობასა და ესთეტიზმს. ორივე მათგანი უპირატესობას მშვიდობასა და ჰარმონიას ანიჭებს, აგრესიული ქცევებისა და დაძაბული პოლემიკის ნაცვლად. ზოგადად, სასწორთან კამათი, თქვენ თვითონაც იცით,  რომ სასიამოვნო დისკუსიაა. არც სასწორს და არც თევზებს დიდხანს არ შეუძლიათ უხეში რეალობისა და დაძაბული კონფლიქტების ატანა. თუ ასეთ დაძაბულობას ერთერთის უარყოფითი ჰოროსკოპი  განაპირობებს, მეორე გაფრინდება(სასწორი) ან გაცურავს (თევზები). ამ თვისებათა დადებითი მხარე ის არის, რომ მათ შეუძლიათ ერთად გაფრინდნენ ან გაცურონ გარეზეწოლისგან და ერთმანეთის მკლავებში აღმოაჩინონ ის სიმშვიდე და სიწყნარე, რაც  წონასწორობისა(სასწორისთვის) და სიმშვიდის(თევზებისთვის) შესანარჩუნებლად სჭირდებათ.

მათი სიყვარული რომანტიული კავშირია და სწორედ ფიზიკური სიახლოვე დაეხმარებათ ადაპტირების სირთულეების გადალახვაში. მართალია, ხანდახან ეს ინსტინქტის დონეზე ხდება, მაგრამ ამის გამო სულაც არ კარგავს თავის სიმაღლეს და უჩვეულო სიღრმეს. ეს მდიდარი ვნებაა, მათ ინტიმურ ურთიერთობაში ჩართული ოცნებების ელემენტებით… და  შეიძლება  ყოველთვის ვერა, მაგრამ თითქმის ყოველთვის აღწევს ექსტაზის იმ დონეს, რომლის გადმოცემაც პოეტებსაც კი არ ძალუძთ. სამაგიეროდ, ისინი ბუნებრივი გზით გადმოსცემენ, საკუთარი მუსიკისა და სიტყვების შეთხზვით, რომელიც მათ განწყობასთან ერთად იცვლება, არასდროს მეორდება  და ყოველთვის სავსეა ახალი იმედებით.

ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან ორივე მიდრეკილია ისეთი საცდურებისკენ, როგორიც არის სიზარმაცე, ნარკოტიკები და ალკოჰოლი, ან ოცნებებში დაკარგვა. სხვა შემთხვევებში, სასწორსა და თევზებს შეუძლიათ მშვენიერი წყვილი შექმნან, როდესაც მათი გულები ერთ ტაქტში დაიწყებენ ფეთქვას.

თევზებს მისტიური რწმენით სწამს სასწორის. თავის მხრივ, სასწორი  ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისთვის, როდესაც თევზებს თავდაუჯერებლობის შემოტევები აქვს. ეს ფაქტორები მტკიცე და მშვენიერი საფუძველია ხანგრძლივი სიყვარულისთვის. ხანდახან თევზები წუწუნებს, რომ  სასწორი ძალიან ცივი და ლოგიკურია და   ინტუიცია არ ჰყოფნის, რომ თევზებს გაუგოს.  მაგრამ თავად თევზები იმდენად ინტუიციურია, მარტივად უნდა  გრძნობდეს, რომ სასწორი ყოველთვის ასეთი არ არის და თუ ის საკმარის მოთმინებას გამოიჩენს, მის თანაგრძნობასაც მიაღწევს. ხანდახან სასწორი ბრაზობს, რომ სახლი მიულაგებელია, რომ თევზები დაუდევრად ხვალისთვის დებს იმას, რისი გაკეთებაც დღეს სთხოვა. სასწორს ნამდვილად შეაცბუნებს თევზების გაუცხოებული მზერა, როდესაც ეცდება ყველაფერი გონივრულად აუხსნას. მაგრამ სწორედ თევზებს შეუძლია სულიერი სიმშვიდე მიანიჭოს მას და ეს ბევრ რამეს აკომპენსირებს. თევზები ისეთი ბუნებრივი თანაგრძნობით არის დაჯილდოებული, სასწორი კი იმდენი ბუნებრივი სამართლიანობით არის დახუნძლული, მათი უთანხმოებები ყოველთვის შეიძლება მოგვარდეს.

ორივე ნიშანი ბრძენია, თუმცა განსხვავებულად. სასწორი მენტალურად (მიუხედავად მისი სენტიმენტალური და რომანტიული გრძნობებისა), თევზები ემოციურად (მიუხედავად მისი გარეგნული სიმშვიდისა).

მაშ ასე, რადგან ორივე მზადაა კომპრომისისთვის, მათ ერთმანეთის გაბედნიერებაც შეუძლიათ. თუმცა თუ თევზები ეწევა, იქნებ მართლა უარი თქვას თამბაქოზე? ან იქნებ სასწორმა ყველაფერს მსაჯული მოსამართლის თვალით არ უყუროს? თევზები მისი დიასახლისი, მრეცხავი და მოახლე არ არის. ის მისი სრულფასოვანი პარტნიორია, საყვარელი ქალი, ზღვის ნიმფა, რომელიც  მყუდროდ მოკალათებულა  მის მუხლებზე, რომ  ერთად ისხდნენ ცეცხლის წინ, როდესაც ქუჩაში, ლამპიონების ყვითელი ნათების ფონზე, ჩუმად ცვივა ფიფქები. გესმით  ოქროს ეჟვნების ჟღარუნი? მგონი, მთელი წრე გავიარეთ და კვლავ დასაწყისს დავუბრუნდით.

 

 

სასწორი ქალი და თევზები მამაკაცი

Sigourney Weaver & Jim Simpson

 

ვენდი კითხვებით არ ასვენებდა:

_ ქენსინგთონის პარკში აღარ ხარ?

_ რატომაც არა? ხანდახან ვარ.

_ ყველაზე ხშირად სად?

_იქ, სადაც დაკარგული ბიჭები არიან.

 

რადგან თევზები პრობლემების მოგვარებისას მკაცრ და აგრესიულ ქცევებში შემჩნეული არ არის, ჩვენ ვასწავლით, როგორ გაუმკლავდეს სასწორი ქალის მერყეობას, რომელმაც ბადეში შეიტყუა. სიმართლე რომ გითხრათ, თევზები არც ისე ძალიან ეწინააღმდეგებოდა. ეს საკმაოდ მარტივია. მხოლოდ მცირე სიმარჯვე უნდა გამოიჩინოს. იცით რა არის, სასწორი კარდინალური ნიშანია და თუ ის რამეს არ მოითმენს, ეს მისი  პირადი უფლებამოსილების  ხელყოფაა. ეს მას სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

მოკლე სტრატეგია შემდეგნაირად გამოიყურება:

1) შეცვალეთ მერყეობის  ერთი საგანი მეორეთი, რადგან მეორეს ხშირად მიჰყავს პირველის მნიშვნელობა „არამდე“ .

2) გამოთქვით მხოლოდ ერთი ვარაუდი (მეტი არა!), რომ სასწორმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღოს.

3) მიეცით სასწორს გონივრული ვადა, რადგან თუ მან გადაწყვეტილება მიიღო, ეს ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია_ მისი სიბრძნის, წესიერების, სამართლიანობის, ლოგიკისა  და ვენერას დახვეწილი გემოვნების წყალობით.

და ბოლოს:

4) თუ სასწორი გონივრულ ვადაში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღეთ ის თქვენ თვითონ და  თავი მოაჩვენეთ, რომ მის აღსრულებასაც აპირებთ, თანაც  დაუყოვნებლივ.

ერთადერთი, სადაც თევზებს შეიძლება სირთულეები წარმოექმნას ბოლო პუნქტია. თევზებისთვის რთულია გამოავლინოს სიმტკიცე, იმოქმედოს აქტიურად და მით უმეტეს,  დაუყოვნებლივ. თუმცა რაც შეეხება თვალთმაქცობას, ტიპური ნეპტუნიელისთვის ეს მარტივზე მარტივი ამოცანაა. ის მშვენივრად ფლობს გამოგონების ხელოვნებას. ყველა თევზები შეუმდგარი მსახიობია ან ძმები გრიმების ზღაპრებიდან გაცოცხლებული  პერსონაჟი, რომელიც წიგნის ფურცლებიდან იმისთვის გამოიქცა, რომ ენახა, რა ხდება ილუზიების სამყაროში, რომელსაც ყველა რეალობას უწოდებს. თევზებმა იციან რა როგორაა. ნამდვილი თევზები არასდროს დაიბნევა იქამდე, რომ ოცნებების ირეალობა დაიჯეროს და მატერიალური სამყარო რეალობად აღიაროს.  ამ ადამიანმა იცის, რომ ყველაფერი ზუსტად პირიქით არის: ჭეშმარიტება ის არის, რომ ეს სიზმარია; სიზმრებში კი ყველაფერი სინამდვილეში ხდება.

აი, საკამათო თემაც შევუგდეთ, იმდენად წინააღმდეგობრივი, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ საბოლოო დასკვნამდე მისვლა და ის მალე შეუცვლის ყველა საკამათო კითხვას. სიზმრები, ბუნებრივია, მჭიდროდ არის დაკავშირებული ნეპტუნთან, ვენერა კი გიჟდება შემოქმედებაზე _ ყველაფერზე, სადაც უმცირესი მინიშნება მაინც არის წარმოსახვაზე. სასწორი, თავისი ლოგიკით, მტკიცედ იდგება  „სინამდვილის“ მხარეზე. თევზები  საკითხის ეზოთერულ  ასპექტს  დაიცავს, თუმცა, იმავდროულად, ინტერესით დააკვირდება, როგორ ეცდება სასწორი ზუსტი ბალანსი დაიჭიროს რეალობის ლოგიკურ  და ვენერას ეფემერულ მხარეებს შორის.

სიმართლე რომ გითხრათ, სწორედ ამან მიიპყრო თევზების გაფანტული ყურადღება, ამან შეიტყუა ეს უმწეო არსება სასწორის ხიბლის  ბადეში. მამაკაცური ლოგიკა და ვენერიული წარმოსახვის სინაზე პრაქტიკულობისა და მგრძნობიარობის  ფრიად მაცდური ნაერთია, რითაც გამოირჩევიან სასწორები. არის მათში კიდევ რაღაც, აღმოსვლეთის მოუხელთებელი იდუმალება. მათ გვერდით თითქოს მონასტერთა ზარების რეკვა ისმის, რაც აუცილებლად მოგაგონებთ ტიბეტს, ჩინეთს, იაპონიასაც კი. დიახ, ყველაფერი სწორია, შორეულ აღმოსავლეთს სასწორის ნიშანი მართავს.

რადგან ეს ქალი  მასკულინური,  კარდინალური, ინიციატივიანი  ნიშნით დაიბადა, ეს მამაკაცი კი  ფემინური, მუტაბელური, პასიური  ნიშნით, როგორი დახვეწილი და სათნოც არ უნდა იყოს სასწორი და როგორი ძლიერი და ბრძენიც არ უნდა იყოს თევზები, როდესაც საქმე ურთიერთობაში როლების გადანაწილებას ეხება, დარწმუნებული იყავით, ბოლო სიტყვა სასწორ ქალს დარჩება. მაგრამ  არც ის დაგავიწყდეთ, რომ როდესაც საქმე სულ უკანასკნელ სიტყვას, „მშვიდობითს“, ეხება, მას ყოველთვის თევზები მამაკაცი წარმოთქვამს. თუ მისმა რჩეულმა თავისი კარდინალური ნიშნის არსს გადააჭარბა, ზედმეტად მომთხოვნი და მბრძანებლური გახდა, თევზები მამაკაცი მშვიდი ტბის მოსაძებნად გაცურავს. თუმცა ამ ფორმულის ენერგოვიბრაციის წყალობით, თევზები სასწორთან იმაზე მომთმენი და დამთმობი იქნება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ნიშნის ქალთან. 8-6 ფორმულას ყოველთვის საბედისწერო ხასიათი აქვს. ისინი ძლიერ არიან გადაჯაჭვულნი, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად.

ვენერიელის  მთრთოლვარე სულს ის ჯადოსნური აღტაცება სწადია, რომლითაც  ნეპტუნის  ზღვის სიმღერები  უხმობს. თევზების თვალებში ის ძველ მოგონებებს კითხულობს… სასწორი დაახლოებით ოთხი წლის იყო, როდესაც ცვრიან  ბალახში ალმასის ყელსაბამს ეძებდა, რომელიც ელფებს და ფერიებს დაავიწყდათ. მას დღემდე ახსოვს, როგორ ჩაწყდა გული, როდესაც გაღვიძებულს უფროსების მოსაწყენმა ხმამ აუწყა, რომ ეს მხოლოდ ნამი იყო და მეტი არაფერი. შემდეგ მოულოდნელად დაუშვა წვიმამ და მისი ვარდისფერი წინსაფარი სულ დაასველა… ჰო, ის გაიზარდა, ბევრი ისწავლა და გაიგო, მაგრამ რატომ უბრუნდება ბავშვობის ნაცნობი გულისტკივილი ყოველთვის, როდესაც წვიმას იწყებს?

თევზებს მიაჩნია, რომ სრული უფლება აქვს, ჰქონდეს საიდუმლოებები, რომელსაც თავის სანუკვარ შინაგან სამყაროში ინახავს. სასწორი ძალიან ბრაზდება ამ „თითქმის ტყუილზე“. სამაგიეროდ, თევზები არასდროს მოატყუებს მას ნამზე. მან იცის, რომ დრუიდების ალმასები მართლა არსებობენ. სასწორმა ეს პირველივე ღამეს აღმოაჩინა.  თევზები მათ შეგროვებაშიც კი ეხმარებოდა. როდესაც ალმასები ადამიანის ხელის შეხებისგან გაქრნენ, მან სასწორს  თმებზე აკოცა  და ჩასჩურჩულა, რომ სინამდვილეში ისინი არსად გამქრალან, უბრალოდ სხვა განზომილებაში დაიმალნენ. „ხედავ? _ რბილად ეხება სასწორის ცრემლებს ლოყებზე _ ისინი არსად წასულან“.

ოჰ, დიახ, სასწორს უთუოდ  მოენატრება თევზები, თუ ისინი დაშორდებიან. ისევე როგორც თევზებს მოენატრება სასწორის ღიმილი და ხმა, რომელიც თითქოს იავნანას უმღერის, როდესაც ყველაზე ჩვეულებრივ სიტყვებს ამბობს. ან იქნებ მისი სიტყვები მართლა არაჩვეულებრივია?..

მიუხედავად სასწორის პერიოდული მბრძანებლური მანერებისა და ცვალებადი განწყობებისა, თევზებმა იცის, რომ მის რჩეულს მართლა სწამს მისი და მხოლოდ მან იცის ის ჯადოსნური სიტყვები, რომელიც თევზებს საკუთარი თავის რწმენას უბრუნებს.  არავის შეუძლია თევზების მუდმივი იმედგაცრუებებიდან გამოყვანა ისე რბილად, როგორც სასწორს. გარდა ამისა, თევზებსაც ხშირად ეცვლება განწყობა… რაც შეეხება მის საყვარელ სასწორს, მან იცის, რომ თევზები შესაძლოა ერთადერთი ადამიანია, ვისთვისაც ცნობილია გზა იმ შორეული ადგილისკენ, სადაც მას დასვენება და  ვარკვლავური შხაპის მიღება შეუძლია. განა მხოლოდ თევზებმა არ შეძლო აეხსნა, სად იკარგებიან დრუიდების ალმასები და მათი კოცნებად დაბრუნება?!.

 

მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top