ტაროს კარტი წარმოადგენს, უძველესს და ყველაზე პოპულარულ კარტის სისტემას ევროპაში. სერიოზული მკვლევარები დღესაც კი დაობენ სად და როდის წარმოიშვა კარტი ტარო. აღნიშნული კარტის შესახებ ყველაზე ძველი მოხსენება გაკეთებული იყო არაუადრეს XI საუკუნისა და აღმოჩენილი კარტებიდან ყველაზე ძველი თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით. სიტყვა „ტარო“ (ან „ტაროტ“) ხშირად ითარგმნება, როგორც „მბრძანებელთა გზა“.
ტაროს წარმოშობა მისტერიული ბურუსითაა მოცული. ერთ-ერთი ვერსიით აღნიშნული კარტი წარმოადგენს ჩვენ დრომდე მოღწეულ ეგვიპტურ იეროგლიფურ წიგნს, რომელიც მოიცავს 78 ტაბულას. ცნობილია, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში პაპირუსების და პერგამენტების გარდა ინახებოდა მრავალი წიგნი, რომლებიც შედგებოდნენ ხის და თიხის ტაბულებისგან. გადმოცემა ტაროს შესახებ გვეუბნება, რომ თავიდან ისინი წარმოადგენდნენ მედალებს გამოსახულებებით, შემდგომ – ლითონის ფირფიტებს, მერე – ტყავის კარტებს და საბოლოოდ ისინი გახდნენ ქაღალდის კარტები.
ცნობილი ოკულტისტი ელიფას ლევი, რომელმაც მოახდინა ოკულტური ფილოსოფიის სისტემატიზაცია, იყო პირველი ადამიანი რომელმაც დააკავშირა ტარო იუდაიზმის მისტიურ მიმდინარეობასთან – კაბალასთან. თავის წიგნში „ტრანსცენდენტალური მაგიის სწავლება“, მან შეუსაბამა ებრაული ანბანის ასოები, ტაროს 22 უფროს არკანს.
ოკულტისტი ალისტერ კროული თავის წიგნში „მაგია თეორიულად და პრაქტიკულად“, წერს: „ტარო და წმინდა კაბალა უნდა განვიხილოთ ერთად. მათ გააჩნიათ ერთი და იგივე თეორიული საფუძველი: სიცოცხლის ხე.* ტაროს 78 სიმბოლო სკომბინირებულნი და გაწონასწორებულნი არიან საოცარი სახით. ისინი ადეკვატურნი არიან ყოველი მოთხოვნის წინაშე: ყოველი სიმბოლო არამარტო მათემატიკურად ზუსტია, არამედ ისინი მოიცავენ ერთგვარ მხატვრულ სახეს, რაც გამოხატავს მკითხავის ესთეტიკურ წარმოსახვას და ამრიგად გასაგებს ხდის აღნიშნულ სიმბოლოს.
მასტერ თერიონმა (ანუ ალისტერ კროულიმ) აღმოაჩინა, რომ ტარო სრულიად უშეცდომოდ იძლევა პასუხს სხვადასხვა კითხვებზე, რომლებიც ეხებიან მატერიალურ საკითხებს. ტაროს ოპერაციის მიმდინარეობა აღწერს მოვლენების მსვლელობას ძალიან დაზუსტებით, და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შეიძლება დავეყრდნოთ ნებისმიერ ურთიერთობაში. თუმცა სწორი მკითხაობისთვის საჭიროა ყველაზე ცოტა ორი საათი მძიმე მუშაობა, მაშინაც კი როდესაც ვიყენებთ განდობილთა ტრადიციის საფუძველზე შემუშავებულ სრულყოფილ მეთოდს. ყოველ მცდელობას შევამოკლოთ ეს პროცესი მივყავართ აზრის შებღალვისკენ. ამის გარდა ტარო არ არის მიმართული გადაწყვიტოს სულიერი საკითხები“1
XX საუკუნის ტაროს კარტის ყველაზე ცნობილი კომპლექტი შექმნა ცნობილმა მისტიკოსმა არტურ ედუარდ უეითმა. ტარო რომელიც შექმნა უეითმა ცნობილია, როგორც „რეიდერ-უეითის კომპლექტი“, „რეიდერის კომპლექტი“, ან „უეით-სმიტის კომპლექტი“. რეიდერი იყო გამომცემლობა „რეიდერ ენდ ქომფანის“ მესაკუთრე, რომელმაც გამოუშვა აღნიშნული ტაროს კომპლექტი 1910 წელს. მხატვარმა პამელა კოლმენ სმიტმა, დახატა აღნიშნული კარტი უეითის ხელმძღვანელობით. მთავარი სიახლე უეითის ტაროში იყო სურათები უმცროსს არკანებში, რომლებიც ამჟღავნებდნენ მათ სამკითხაო მნიშვნელობას. ამის გარდა, უეითმა ორ უფროსს არკანს – მართლმსაჯულება და ძალა შეუცვალა ადგილები, და განაცხადა, რომ „ამისათვის მას ჰქონდა პირადი მიზეზები“
დღეს ტაროს მრავალი ვარიანტი არსებობს და ყოველ მათგანს გააჩნია თავისი სიმბოლიკა, ენერგეტიკული პოტენციალი.
რა არის ტარო?
ტარო სამკითხაო სისტემაა, რომელიც, ბანქოთა წყობის მიხედვით, განსაზღვრავს პასუხებს ურთიერთობებთან, შესაძლებლობებსა თუ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვებზე.
თანამედროვე ტიპის ტაროს დასტა ხუთასზე მეტი წლისაა, მისი არქეტიპული ფესვები კი ოც საუკუნეზე მეტს ითვლის. თანამედროვე სათამაშო ბანქოც მის ნაირსახეობას წარმოადგენს.
ტარო ანტიკური სიბრძნის საცავად ითვლება. მისი სიმბოლიზმის ისტორია იდუმალებით არის მოცული. მიჩნეულია, რომ ზოგიერთი სიმბოლო ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ეგვიპტიდან მოდის. მისი ფართოდ გავრცელება მე-15 საუკუნიდან ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში დაიწყო.
ტაროს სისტემას „ყველა მეცნიერების ჯამს“, “ყველა კითხვის პასუხს“, “კაცობრიობის გონიერებისა და ცოდნის უზენაეს შემოქმედებას“ უწოდებენ. სიმარტივისა და გენიალობის თანხვედრის კუთხით, ის შეიძლება ეგვიპტური პირამიდების არქიტექტურას შევადაროთ. ტარო არის გიდი ეგვიპტური მისტერიების სამყაროში. მისი სიმბოლიკა დაკავშირებულია კარიბჭის იდეასთან, სადაც მხოლოდ იმ განდობილს შეუძლია შესვლა, ვისაც გასაღები აქვს.
ტაროს ბანქო შესანიშნავი ინსტრუმენტია თვითშეცნობისა და კონცენტრაციისთვის, რადგან ის ხელს უწყობს აზრების დისციპლინირებას და ავითარებს გონებისა და ინტუიციის კომბინირებულად მუშაობის უნარს. ტაროზე მკითხაობა სხვა არაფერია, თუ არა ღრმა მედიატაცია თვითდაპროგრამების ელემენტით, რაც, თავის მხრივ, სავსებით დადებითი მოვლენაა თუ გვერდზე გადავდებთ მასთან დაკავშირებულ შიშებსა და წინასწარ ჩამოყალიბებულ უარყოფით ცრურწმენებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციების წინასწარი რეპეტიცია გაიაროთ და შეამციროთ წარუმატებლობის ალბათობა. ტაროს დანიშნულება ხომ არა წინასწარმეტყველება, არამედ ღრმა განსჯის, ანუ მედიტაციური უნარების განვითარებაა.
შეუძლია თუ არა მომავლის წინასწარმეტყველება?
ტაროს ბანქოთა განლაგება მოგცემთ მოვლენათა განვითარების ალბათობის მძაფრ შეგრძნებას, მაგრამ კონკრეტული გზა და შედეგი, საბოლოოდ როგორ შემოტრიალდება სიტუაცია, თქვენზეა დამოკიდებული_რამდენად კარგად ერგებით მუდმივად ცვლად პირობებს, რომელსაც ბანქოს ანარეკლში კითხულობთ.
ტაროს განლაგების კითხვა იძლევა წამიერ შეგრძნებას, გაელვებას, რა ხდება აწმყოში, ზუსტად იმ დროს, როდესაც ბანქოს ირჩევთ. ეს დაგეხმარებათ სიტუაციის იმ ასპექტების დანახვაში, რაც უხილავია თქვენი ეგოსთვის. პოპულარული შეხედულების საპირისპიროდ, რომ ტაროს გაშლა მხოლოდ მკითხაობა-გართობაა, უნდა ითქვას, რომ ეს მედიტაციის პროცესია, რომელიც შინაგანი ხმის რჩევაში ტრანსფორმირდება. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ტაროს განლაგება შესაძლებლობების ანარეკლია და არა მომავლის წინასწარმეტყველება.
ტაროს სიმბოლოები ჩვენი ინტუიციის საყრდენია. მათ მრავალგვარი მნიშვნელობა აქვთ და ამიტომ სრულიად განსხვავებულად აღიქმება სხვადასხვა მკითხავის მიერ სხვადასხვა დროს. მნიშვნელობის გადატანა სხვა დროსა თუ სხვა სიტუაციაზე დაუშვებელია. მართალია, შეიძლება საკითხის მეტად დაზუსტებისთვის ბანქოები დაამატოთ, მაგრამ ერთ კითხვაზე მისი ხელმეორედ გაშლა არ არის რეკომენდებული. ამასთან, ბანქოები უფრო არა თქვენს კითხვებს პასუხობენ, არამედ იმ ღრმა მიზეზებს ხსნიან, რამაც განაპირობა კითხვების გაჩენა.
საერთოდ, კითხვა და პასუხი ერთი მედლის ორი მხარეა: თუ კითხვა გაჩნდა, ე.ი. მასზე პასუხი უკვე არსებობს, მხოლოდ ის კითხვის ავტორის ქვეცნობიერშია დალექილი. ტარო მის წაკითხვაში გვეხმარება, როდესაც ადამიანის არაცნობიერ ნაწილს ხილვად სახებას აძლევს.
ბანქოზე გამოსახული სიმბოლოები სხვადასხვა ადამიანს განსხვავებულ შეგრძნებას აძლევს და ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავცდეთ უკვე დადგენილ ჩარჩოებს და ყური ვუგდოთ ინტუიციას. ისევე როგორც სიზმრების შემთხვევაში, ტაროს ბანქოც ამსხვრევს სტერეოტიპებს: თუ გონება ლოგიკით ვერ აღწევს ნანახის ღრმა აზრში, დასახმარებლად მოდის ინტუიცია.
დაეკითხეთ ტაროს, როგორც მეგობრის ან მასწავლებლის რჩევას.
როგორ მუშაობს ?
ტაროს დასტა 78 ბანქოს (არკანს) შეიცავს. ყოველი მათგანი ენერგიისა და სულიერი ჭეშმარიტების სიმბოლოს გამოხატავს. არკანის მნიშვნელობის მართებულობა დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიცია უჭირავს მას მწყობრში. ტაროს მკითხავები ათწლეულებს ხარჯავენ არკანის, ყველაზე განსხვავებულ კომბინაციებში, სწორი ინტერპრეტირების დაოსტატობაზე. ტაროს კითხვა მოითხოვს როგორც განვითარებული ქვეცნობიერი უნარების, ისე უმაღლესი ცნობიერების გამოვლენას. ყველას შეუძლია ისწავლოს ტაროს წაკითხვა, მაგრამ ნიჭიერი მკითხავი გაცილებით მეტია, ვიდრე ის, ვინც თანდაყოლილ ფსიქოლოგიურ უნარებს ავარჯიშებს. თუმცა დამწყებებთათვის ოპტიმალური ვარიანტია კლასიკური განმარტებებით ხელმძღვანელობა.
არის თუ არა საშიში?
ადამიანთა უმეტესობისთვის ტაროთი მედიტაცია ამაღელვებელი და დამაინტრიგებელია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ეს პროცესი ძლიერ აშინებს. შიშს, მოგეხსენებათ, იწვევს ყველაფერი შეუცნობელი, ასევე უმწეობის განცდა. ადამიანებს აშინებთ ის, რაც არ იციან, რაც მათ ნებასა და შესაძლებლობებზე მაღლა დგას და რის წინაშეც თავს უსუსურად გრძნობენ. როგორც წესი, სწორად ასე ხდება, როდესაც საკითხში ჩაუხედავ ადამიანს მკითხავისგან უსიამოვნო ინფორმაცია ესმის და თვლის, რომ ეს მისი ბედისწერაა და ვერაფერს შეცვლის. ეს კი სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. ტარო მედიტაციის ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება დავინახოთ სიტუაციის უხილავი მხარეები და სრული სურათის აღქმის შედეგად, უკეთესობისკენ შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება.
ტარო შესანიშნავი საშუალებაა, ნათელი მოჰფინოთ ურთიერთობებთან, მოლაპარაკებებთან, სამსახურთან, ოჯახსა თუ შინაგან მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გაუგებრობებს; ისეთ საკითხებს,რომელიც ლოგიკურად და თავისით არ მოგვარდება.
როგორ ირჩევენ ტაროს დასტას?
ტაროს ბანქო წმინდად სპეციფიურია, თითქმის ინტიმური. დასტების, წყობებისა და ინტერპრეტაციების ნაირსახეობები მასში დაშიფრული აზრების მრავალწახნაგოვნებაზე მეტყველებს. ყოველი ბანქოს შემქმნელი თავისებურად აღიქვამდა სამყაროს და ბანქოშიც მისი ხედვებია ასახული.
თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა უნდა იპოვოს ის დასტა, რომელიც მის პირად მსოფლმხედველობას ჰარმონიულად ესადაგება, მედიტაციის პროცესი კი სიამოვნებას ანიჭებს. ბუნებრივია, დასტის არჩევა დიდწილად დამოკიდებულია გემოვნებაზე. ამიტომ რამდენიმე დასტა დაათვალიერეთ და შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. თუმცა, როგორც ამბობენ, უკეთესია თუ მას გაჩუქებენ.
უფროსი და უმცროსი არკანები
კარტი ტარო რომელიც 78 კარტისგან შედგება მოიცავს 22 უფროსს და 56 უმცროსს არკანს, სიტყვა „არკანი“ წარმოიშვა ლათინური სიტყვისგან “arcanus” და ნიშნავს საიდუმლოს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ძველმა ეგვიპტელმა ქურუმებმა უფროსს არკანებში გამოხატეს თავიანთი სიბრძნე.
უფროსი არკანები წარმოადგენენ სიმბოლურ ნახატებს, მათ გააჩნიათ თავიანთი სახელწოდებები და ნომრები. ისინი მოიცავენ არაერთ საიდუმლოებას. ტაროლოგები დღემდე ცდილობენ გაშიფრონ კარტების აზრი, აყენებენ მოსაზრებებს, წერენ თავიანთ ნაშრომებს. მაგრამ ერთიანი ცოდნა უფროსს არკანებზე დღემდე არ არსებობს. ყველა მათ თავისებურად აღიქვამს. ყოველი ადამიანი, რომელიც შეეხება ძველ საიდუმლოებას, იღებს ზუსტად თავისებურ ვიბრაციას და ამაშიც მდგომარეობს ტაროს სიბრძნეც.
უფროს არკანებს ასევე კოზირებად მოიხსენიებენ. მათ გაცილებით დიდი წონა აქვთ, რადგან ფართომასშტაბიან და მნიშვნელოვან მოვლენებზე მიუთითებენ. დამწყებები ტაროს კითხვის შესწავლას უფროსი არკანებით იწყებენ და მხოლოდ შემდეგ გადადიან უმცროს არკანებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებასა და ყოფით საკითხებთან დაკავშირებულ მოვლენებს გვამცნობენ.
უმცროსი არკანები წარმოადგენენ სათამაშო კარტების პროტოტიპს. მათ აქვთ ოთხი ნიშანი, ესენია – კვერთხი, თასი, ხმალი და პენტაკლი, რომლებიც მოიცავენ ციფრიან კარტებს – ტუზიდან ათიანამდე და მათ ასევე გააჩნიათ ისეთი ნიშნები როგორიცაა – მეფე, დედოფალი, რაინდი და უფლისწული. ტაროს უმცროსი არკანების ყოველი ნიშანი მიესადაგება ერთ-ერთ სტიქიას. ამრიგად, კვერთხი მიესადაგება ცეცხლს, თასი წყალს, პენტაკლი მიწას და ხმალი ჰაერს. აღნიშნული ნიშნები ასევე შეიძლება გავაიგივოთ შუა საუკუნეების წოდებებთან: გლეხებს მიესადაგებიან – კვერთხები, რაინდებს – ხმლები, ვაჭრებს – პენტაკლები და სასულიერო პირებს – თასები.
კარტ ტაროს ასევე უსაბამებენ ასტროლოგიური და რუნული სიმბოლოებს.
რომელი წყობა აირჩიოთ?
ტაროს ნაირფეროვანი დასტების მსგავსად, მისი გაშლის ასობით წყობა არსებობს და ექსპერტები სულ უფრო ახალ ფორმებს იგონებენ. წყობა გულისხმობს ბანქოს განლაგებას სხვადასხვა სისტემით, სადაც თითოეულ რიგს და მათში შემავალ ბანქოებს საკუთარი მნიშნველობა ენიჭებათ. მაგალითად, ყველაზე მარტივი და გავრცელებული წყობა სამი ბანქოსგან შედგება:
1.წარსული 2.აწმყო 3.მომავალი
1.სხეული 2.გონება 3.სული
1.იდეა 2.გამოწვევა 3.სარგებელი
1.პრობლემა 2.მოქმედება 3.შედეგი
1.პიროვნება 2.სიტუაცია 3.შესაძლებლობები
1.აკრძალვა 2.ნებართვა 3.თავშეკავება
არიან წამკითხველები, ვინც ერთი ბანქოთი მედიტირებენ. ზოგი შვიდი ჩაკრის მიხედვით შლის, ზოგიც_ჰოროსკოპის თორმეტი სახლის. ერთი სიტყვით, წყობები და სქემები მრავალგვარია, თუმცა სანამ ფორმაზე გაამახვილებთ ყურადღებას, უმჯობესია ჯერ არსი გაიაზროთ.
შენიშვნა
1.სიცოცხლის ხე – კაბალიზმში სამყაროს რუკა, რომელიც მოიცავს სამყაროს 32 კაბალისტურ ელემენტს.
სქოლიო
1.Алистер Кроули – Магия в теории и на практике, стр. 250-260
დამატებით გამოყენებულია რამდენიმე საიტის მასალა.
ავტორი: დათო ლობჟანიძე და Qet adastra