მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე თხის რქაში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე თხის რქის ნიშანს გადის.
დადებითი კუთხით: მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა, საკუთარი თავის კონტროლის უნარი, სერიოზულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა.
უარყოფითი კუთხით: სევდიანობა, მელანქოლია, ემოციური თავშეკავება, პესიმიზმი, გადამეტებული სიმკაცრე.
კარგია საპასუხისმგებლო სამეცნიერო -კვლევითი სამუშაოების დასაწყებად, მიწის და უძრავი ქონების ყიდვა -გაყიდვა, იჯარა და ახალი მშენებლობების წამოწყება. კარგი პერიოდია პროექტების დასაწყებად – წარმატებით დაგვირგვინდება გრძელვადიანი პროექტები.
მთვარის თხის რქაში ყოფნის პერიოდში ადამიანები უფრო ფრთხილები, მომთმენები, თავშეკავებულები, პრაქტიკულზე ორიენტირებულები, მუშაობისკენ მიდრეკილნი ხდებიან. რაციონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა ბევრ რამეს გადაწონის. შესაძლოა ემოციურმა გამოხატვამ იკლოს.
ძირეული, სერიოზული და ხანგრძლივი პროექტები დაიწყეთ. ნუ იქნებით სხვაზე დამოკიდებული, პასუხისმგებლობა აიღეთ და იმუშავეთ.
შეხვედრებზე ეცადეთ არ დაიგვიანოთ.
დღე უფრო მეტად წარმატებულია პოლიტიკოსებისთვის, იურისტებისთვის, საქმის მწარმოებლებისთვის.
სიყვარული: იყავით მომთმენი. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ემოციური გამოხატვა შენელებულია და გაუგებრობები მატულობს. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა დღითიდღე განვითარდება. თუ სიყვარული რეალურია, მაშინ სიცივეს, უნდობლობას ადვილად გადალახავენ. უარყოფითი კუთხით – ურთიერთობა შეიძლება წამოიწყონ მარტოობისგან თავის დასაღწევად.
ფინანსები: უფრო უკეთესია ყიდვა, ვიდრე გაყიდვა. ხანგრძლივი, პრაქტიკული საგნების საყიდლად სასიკეთო დღეა. ასევე – მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული იარაღების ყიდვისთვის.
კვება: ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, შეამცირეთ ტკბილეულის მიღება, სასმელად გამოიყენეთ სუფთა წყალი.
ჯანმრთელობა: კანის პროცედურების ჩატარება დადებით შედეგს მოიტანს. საუკეთესო ეფექტს მოგიტანთ სირბილი, ძუნძული, მუხლების სახსრების სავარჯიშო და „ველოსიპედი“. საპროფილაქტიკოდ თუ სამკურნალოდ სწორედ ამ დღეს არის სასურველი მამოგრაფიის ჩატარება, ასევე პლასტიკური ოპერაციები სარძევე ჯირკვლის კორექციისთვის, სასმენი აპარატის, კუჭის, ელენთის, ნაღვლის ბუშტის გამოკვლევები. არ არის რეკომენდებული: ხერხემლის ვარჯიშები, ფრჩხილების დაგრძელება, კბილების მკურნალობა. ოპერაციები ზემოთ ჩამოთვლილ და კუნთოვან-მამოძრავებელი სისტემის ორგანოებზე არ არის სასურველი.
არასასურველია: სამსახურის დაწყება, უფროსობასთან და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა, კრედიტების აღება, სხვაგან გადასვლა, ბინის გაცვლა, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება.
რეკომენდებულია: გავლენიან და უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, არქიტექტურა და მშენებლობა, მებაღეობა, მეყვავილეობა, მთაში ლაშქრობაზე წასვლა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, პროექტების დაწყება.
ტრანზიტული პლანეტები ნათალური ჰოროსკოპის სახლებში
ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.
ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური (დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.
მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:
როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.
მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც მდებარეობს მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.
მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.
სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.
მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის
I სახლში
ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.
II სახლში
მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.
III სახლში
გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.
IV სახლში
მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან დაკავშირებული საქმეები. ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.
V სახლში
ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.
VI სახლში
სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.
VII სახლში
ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.
VIII სახლში
მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.
IX სახლში
ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.
X სახლში
მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.
XI სახლში
გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.
XII სახლში
ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.
სტატიის ავტორი: რუსა