მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მერწყულში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მერწყულის ნიშანს გადის.
დადებითი კუთხით: საზრიანობა, მეგობრულობა, ორიგინალურობა, ყველაფერი სიახლისადმი მისწრაფება, ნოვატორობა, სულიერი და ფიზიკური თავისუფლების წყურვილი, ინტუიციის ზრდა, იუმორი.
უარყოფითი კუთხით: ილუზორული იდეები, არაადექვატურობა, ანარქიზმისკენ მიდრეკილება.
ამ დღისთვის დამახასიათებელია როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო მოულოდნელობები. თავის ორიგინალურად გამოხატვის ტენდენციაა. მოქმედებების წინასწარ გათვლა რთულდება.
იყავით ორიგინალურები, მეგობრულები, სიახლეების მიმართ გახსნილი. თამამად გამოხატეთ აზრები და იდეები.
ხელსაყრელი პერიოდია თვითგანვითარების (განთლების), კვალიფიკაციის ამაღლების, სამეცნიერო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მთვარე მერწყულში ხელს უწყობს ნოვატორული იდეების, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას.
ეს პერიოდი კარგია „მწვანეების” მოძრაობისთვის, ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე ზრუნვისთვის. გარემოს ნუ დაანაგვიანებთ.
უბედური შემთხვევების რისკი იზრდება, რის გამოც სასურველია ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ მეგობრებთან და თანამოაზრებთან ერთად.
უფრო მეტად წარმატებული დღეა: კომუნიკაციის სფეროების პროფესიის მქონე ადამიანებისთვის, ასტრონომებისთვის, ასტროლოგებისთვის, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგებისთვის.
სიყვარული: ურთიერთობებში მეტად ფასობს მეგობრობა. იყავით ორიგინალური. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ბევრ საერთოსა და მეგობრობას გპირდებათ. მთავარია პარტნიორის თავისუფლება არ შეზღუდოთ.
ფინანსები: კოლექტიური საქმეებიდან შემოსავალი. ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება. კარგია სხვადასხვა ტექნიკის საყიდლად – ფოტო და ვიდეოკამერები, ტელევიზორი, კომპიუტერი, ავტომობილი და ა.შ.
ჯანმრთელობა: მკურნალობას ადვილად ექვემდებარება სხვადასხვა ანთებითი არაინფექციური დაავადებები, გაღიზიანება, ალერგია, სტრესი და ნევროზები. არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა არატრადიციული თერაპიული მეთოდები, მაგ: არაკონტაქტური მასაჟი, იოგა, მედიტაცია, გამაჯანსაღებელი რეიკი. დასაშვებია სტომატოლოგიური მანიპულაციები, პედიკური, მანიკური, პერმანენტული მაკიაჟი. არ არის რეკომენდებული ოპერაციები სახსრებსა და ქვედა კიდურებზე.
არასასურველია: სამსახურის გამოცვლა, ოფიციალურ ინსტანციებთან, უფროსებთან ურთიერთობა.
რეკომენდებულია: თვითგანვითარებაზე ზრუნვა, შემოქმედებითი, ინტელექტუალური საქმიანობები, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და პოლიტიკური შეკრებების ჩატარება, სხვადასხვა გაერთიანებებში, პარტიებში გაწვრიანება; მასაჟი.
ტრანზიტული პლანეტები ნათალური ჰოროსკოპის სახლებში
ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.
ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური (დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.
მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:
როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.
მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც მდებარეობს მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.
მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.
სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.
მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის
I სახლში
ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.
II სახლში
მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.
III სახლში
გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.
IV სახლში
მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან დაკავშირებული საქმეები. ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.
V სახლში
ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.
VI სახლში
სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.
VII სახლში
ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.
VIII სახლში
მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.
IX სახლში
ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.
X სახლში
მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.
XI სახლში
გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.
XII სახლში
ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.
სტატიის ავტორი: რუსა