ტრანზიტული სატურნი X სახლში

ტრანზიტული სატურნი X სახლში

ტრანზიტულ სატურნს  ზენიტში წინა პლანზე გამოაქვს ინდივიდის ამბიციები. ადამიანს სრულად იპყრობს საკუთარი კარიერა, მიღწევები და ავტორიტეტი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი სტატუსი საქმიან გარემოცვაში, რომლის მეშვეობითაც ცდილობს მიზნებს მიაღწიოს. პერიოდულად  მას ეუფლება იმედგაცრუებები ამ სფეროებში ან ნერვული დაძაბულობა მძიმე ვალდებულებების გამო. ეს უფრო იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მისი შექმნილი კარიერული თუ პროფესიული  სტრუქტურა დამთრგუნველად მოქმედებს მასზე ან არასაკმარისად რეალისტურად ეჩვენება.

ტრადიციული ასტროლოგიური განმარტებების საწინააღმდეგოდ, ეს პერიოდი აუცილებლად თქვენი მიღწევების ნგრევასა და განადგურებაზე არ მეტყველებს. ტრანზიტი უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ეს დაძაბული მუშაობის დროა. პირიქით, ისეც ხდება, რომ კარიერული მისწრაფებების  პოზიტიური კულმინაციასაც აქვს ადგილი. მართალია, ისეთი სიხშირით არა, როგორც გრანტ ლევის თეორია გვამცნობს, თუმცა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. არანაკლებ ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ მიუკერძოებლად შეფასოთ, რას მიაღწიეთ რეალურად, განსხვავებით რეპუტაციისგან, რომელსაც ხშირად შევყავართ შეცდომაში.

თუ X სახლს განვიხილავთ, როგორც XII სახლს XI სახლისთვის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ფაზა აჩვენებს თქვენი კავშირების, მიზნებისა და ინდივიდუალობის განცდის შედეგებს. თუ თქვენი კარიერა და პროფესიული სტრუქტურა იმედგაცრუებას იწვევს ამ პერიოდში, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ მოახერხეთ პირადი მიზნებისა და სოციალურად სასარგებლო იდეალების  ჰარმონიული შერწყმა. თუმცა ამის გაკეთების შანსი ნამდვილად მოგეცემათ, როდესაც სატურნი XI  სახლში გადავა.

როდესაც სატურნი ზენიტში დგება, ბედის ირონიით, თავისუფლება ჩვენი შეზღუდვების შეცნობით ვლინდება და ეს ტრანზიტი ყველაზე უკეთ გვასწავლის, რას ნიშნავს ეს. მოცემულ ფაზაში ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ, რა ადგილი გვიჭირავს მზისქვეშეთში და ჩვენი მიღწევების ლიმიტებს. სწორედ ასეთი რეალისტური თვითშეფასება გვთავაზობს თავისუფლებას, რომ განვსაზღვროთ, საით გაგვიწევია. ამ ფაზამდე დაახლოებით 14 წლის წინ, ჩვენ უნდა შეგვექმნა მყარი ფუნდამენტი ინდივიდუალური შიდასტრუქტურის ასაგებად (როდესაც სატურნი IV სახლს გადიოდა). ახლა კი დროა ასეთივე დაცული საძირკველი ჩავყაროთ პროფესიული და საჯარო პროექტების მშენებლობისთვის. ნებისმიერი პროექტი, რომელიც 12-14 წლის წინ დაიწყეთ, სატურნის პროჟექტორის ქვეშ ხვდება და მკაცრ ინსპექციებს გაივლის.

მიუხედავად იმისა, რომ X სახლის ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა ამბიციებია, ნატივი ნაკლებად არის კონცენტრირებული სამომავლო გეგმებზე. მას არ აინტერესებს, საით მიდის, მას აინტერესებს სად დგას აქ და ახლა, მოცემულ რეალობაში. მართალია, აღნიშნული კითხვა, მალე შეიძენს განსაკუთრებულ დატვირთვას, როდესაც სატურნი XI სახლში გადავა, თუმცა იქამდე, სანამ ადამიანი გეზს აიღებს, მან ზუსტად უნდა იცოდეს, სად იმყოფება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რა დავასრულეთ და რა დაგვრჩა დაუმთავრებელი მოცემული დროისთვის და გაუცნობიერებლად ვემზადებით ჩვენი პიროვნული მიღწევების გადაფასებისთვის, რაც მოჰყვება სატურნის ტრანზიტის გაგრძელებას მომდევნო სახლში.

რას მივაღწიეთ ამ დროისთვის? განსაკუთრებულად მნიშნველოვანია რეალისტურად დავინახოთ  ჩვენი მიღწევები. ჩვენ აღარ ვუყურებთ სამყაროს, კარიერას, რეპუტაციას, საკუთარ ადგილს სოციუმში ვარდისფერი სათვალით. ჩვენ პირისპირ ვეჯახებით ფაქტებს, მხოლოდ ფაქტებს და არაფერს ფაქტების გარდა. ტრანზიტის საწყის ეტაპზე ნატივი მეტად მგრძნობიარედ რეაგირებს საკუთარ მიღწევებსა და რეპუტაციაზე, რაც ბევრისთვის არაკომფორტულ მდგომარეობას ქმნის. შეიძლება თავი დაუცველად ვიგრძნოთ, საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკას შევეჯახოთ, პასუხიმგებლობები მძიმე ტვირთად დაგვაწვეს, რაც განპირობებულია X სახლის საკვანძო საკითხების გაშიშვლებით. თუ ამ პერიოდში, დისკომფორტის განცდა ძალიან დიდია, ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე საკუთარ თავზე მცდარი წარმოდგენებით ვიკვებებოდით.

ზუსტად ისევე, როგორც შუა ხნის ასაკის კრიზისი სხვადასხვაგვარად აღიქმება განსხვავებული ადამიანების მხრიდან, ეს ტრანზიტიც განსხვავებულად ვლინდება ადამიანთა ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რამდენად გულწრფელია ნატივი საკუთარი თავის შეფასებისას. ასეა თუ ისე, ტრანზიტის დასასრულს ადამიანები თავს მეტად დაცულად გრძნობენ, რადგან ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ზუსტად შეიცნობენ, რას მიაღწიეს ცხოვრების მოცემულ ეტაპზე.

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top