ტრანზიტული სატურნი VI სახლში

ტრანზიტული სატურნი VI სახლში

სატურნის ტრანზიტი VI სახლში გულისხმობს ინდივიდის აზროვნების, მუშაობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვევების რეგულირებასა და ცვლილებებს. გარემოებების გავლენით ან შინაგანი ხმის მოთხოვნით, ადამიანი ბევრად დისციპლინირებული ხდება ცხოვრების პრაქტიკულ სფეროებში, განსაკუთრებით სამსახურისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ამ პერიოდში მოსალოდნელია სამსახურის ან სამუშაო სტრუქტურის მკვეთრი ცვლა, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები. ისეთ არაორგანიზებულ ინდივიდებსაც შეხვდებით, ვინც ამ პერიოდში იმდენად ეფექტურ და დისციპლინირებულ შრომას იწყებს, რომ თავადაც უკვირს ასეთი გარდატეხა.

ტრანზიტული სატურნი VI სახლში გვეხმარება განვსაზღვროთ, რის გაკეთებას ვცდილობთ და გავარჩიოთ ერთმანეთისგან მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხები. დახარისხების უნარი ამ პერიოდში იმდენად აქტიურდება, რომ ინდივიდი შესაძლოა დათრგუნულობით ან სხვა ფსიქოსომატური პრობლემებით იტანჯებოდეს, რომელიც გადაჭარბებული თვითკრიტით არის განპირობებული. აღნიშნული თვითკრიტიკა მოტივირებულია იმით, რომ ამ პერიოდში ნათლად ვხედავთ, რას ფიქრობს ჩვენზე ის ხალხი, ვისთანაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. მართლა სასარგებლონი ვართ ამ ხალხისთვის თუ მომაბეზრებლები? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან VI  სახლი, VIIსახლისთვის XII სახლია, ჩვენ ვიწყებთ  სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის შედეგების სიღრმისეულ გაანალიზებას.

ტრადიციულად ეს ტრანზიტი ასოცირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან. სინამდვილეში, თუ ამგვარმა პრობლემებმა თავი იჩინა, სავსებით მოგვარებადია და პირიქით, სატურნის დადებითი ეფექტია, რადგან ჩვენ გვეძლევა გაფრთხილების სიგნალი, რას მივაქციოთ ყურადღება.  საქმე ის არის, რომ ეს ფაზა დაკავშირებულია თვითგანწმენდასთან.  ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა, რომელიც ამ პერიოდში იქმნება, პირდაპირ უკავშირდება კვებით ჩვევებს. ამიტომ, საკმაოდ მაღალია საკვებით მოწამლვის  ალბათობა. თითქოს სხეულს სურს, ჭუჭყისგან გათავისუფლდეს და თუ თქვენ ხელს არ შეუწყობთ ამ პროცესს, გაჩნდება უფრო მძიმე დაავადებათა ფიზიკური სიმპტომები. ამგვარად, ამ ტრანზიტის პერიოდი განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი კვებითი და სავარჯიშო რეჟიმის შექმნისთვის, ხანგრძლივი და განმწენდი დიეტისთვის, რაციონის დასარეგულირებლად და ჯანსაღი კვებითი ჩვევების შესაძენად. რაც, ხანგრძლივ პერსპექტივაში მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიურ განწყობას.

ამ პერიოდის ძირითადი თავისებურება, რომელიც უნდა ამოვიცნოთ და გავიაზროთ, არის ის, რომ ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, თქვენთვის პერსონალური გაკვეთილია, რომელიც გაჩვენებთ, რა ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რომ მომზადებული შეხვდეთ სატურნის შემდეგ ფაზას თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ის დესცენდენტს გასცდება და VII სახლში გადავა.

მანამდე კი სატურნის კრიტიკული დარტყმის ქვეშ  ნატივის სამუშაო სფერო, ყოველდღიური ფუნცქიები (რუტინა), ჩვევები და ჯანმრთელობა დგება. საწყის ეტაპზე უკიდურესად იმატებს სამუშაოსთან დაკავშირებული პასუხიმგებლობა. ინდივიდი ხშირად ამუხრუჭებს, რადგან როგორც მას ეჩვენება, წნეხი ძალიან ძლიერია. „ეჩვენება„  ხაზგასმით, რადგან რაც არ უნდა იყოს, სატურნი რეალობას ყოველთვის ჩვენზე უკეთ ხედავს და სტრესი, რომელსაც ის ქმნის, არასდროს არის უადგილო და გაუსაძლისი. აქამდე ჩვენგან უგულვებელყოფილი და დავიწყებული საკითხები მკაცრ გამოცდას გაივლის.

რამდენად ნაყოფიერად იყენებთ  დროს? როგორ უმკლავდებით ყოველდღიურ საზრუნავს? როგორ უვლით საკუთარ ორგანიზმს? სატურნის ზეწოლა საშუალებას აღარ მოგცემთ, თავი აარიდოთ ან უხეიროდ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იზრუნოთ ამ საკითხებზე.

როგორ გვეხმარება თავად სატურნი? ხშირად გვიქმნის ისეთ გარემოებებს, რაც გვაიძულებს ზემოთ ჩამოთვლილი მისიების შესრულებას; ან მყარ შინაგან მოტივაციას გვაძლევს ამისთვის.

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top