უკვე მერამდენე წრეს არტყამდნენ კუნძულს,
მაგრამ ერთამენთს ვერაფრით ხვდებოდნენ,
რადგან ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ.
სანამ ფსიქოლოგიური ცბიერხლართებით დავკავდებით,რომ ეს შეთავსება გავაანალიზოთ,ჯერ არითმეტიკა გავარკვიოთ. ტყუპების ნიშნის ერთ ადამიანს მივუმატოთ ტყუპების ნიშნის მეორე ადამიანი_ეს უკვე ოთხი აქტიური,თვალშისაცემი და ნიჭიერი პიროვნებისგან დაკომპლექტებული ჯგუფია და ისინი,ერთმანეთის გარდა,მთელ სამყაროსაც ეჯიბრებიან.
მათი ცხოვრებისეული შეხედულებები ხანდახან არ ემთხვევა,ისინი ხომ ყველაფერს სხვადასხვა მასშტაბით და ხშირად სირბილ-სირბილით განიხილავენ(სირბილითაც კი,სხვადასხვა სიჩქარით დარბიან). მაგრამ ოთხივე მათგანი საერთო ნიშნით ერთიანდება: მათ კარგად ესმით ერთმანეთის თავისუფლების მოთხოვნა. ტყუპების ვიბრაციები ერთიდაიგივე სიხშირიდან იწყება და რითმებიც ჰარმონიულად ერწყმის. წყვეტილი რითმა შეიძლება ყველასთვის გასაგები და საყვარელი მუსიკალური ჰანგები არ იყოს,მაგრამ სწორედ ასეთი არეული ტაქტებისა და რითმებისგან იქმნება დიდებული ჯაზი. თუმცა ჯაზური კომპოზიციის ერთად შესრულების დროს,ტყუპებმა შეიძლება ერთმანეთი დაკარგონ.
ყველა ტყუპებს აქვს სარკის სახება,რომელიც მათი პიროვნების დადებით და უარყოფით მხარეებს ირეკლავს. ეს იმიტომ,რომ ყოველი მათგანი განვითარების იმ სტადიაზე მყოფი სულია,რომელმაც სულ ახლახანს აღმოაჩინა,რომ სამყაროში მარტო არ არის. ტყუპებს კარგად ესმით,რომ ნებისმიერი ადამიანის ხასიათში ორი განსხვავებული მხარეა და სანამ,სხვებს მიმართავენ,ჯერ საკუთარი პიროვნების შიგნით უნდა მიაღწიონ ჰარმონიას. პრობლემა ის არის,რომ ტყუპებმა იშვიათად იცის,მისი გახლეჩილი პიროვნების რომელი ნაწილი არის ნამდვილი და რომელი წარმოსახვითი. ვიღაცამ რომ სთხოვოს:“თუ შეიძლება ნამდვილი ტყუპები ადგეს და მეჩვენოს“,ორი სხვადასხვა ადამიანი წამოდგება და დახუჭობანას თამაშიც დაიწყება.
ბუნებრივია,როდესაც ორი განსხვავებული პიროვნება თავის ხასიათს ერთ ტყუპების ნიშანში აერთიანებს,შეიძლება ყველაფერი გვარიანად აიხლართოს. ძალიან ცოტა ტყუპებს თუ შეუძლია საკუთარი თავის გამოყოფა ნიღბისა და საკუთარი ხასიათის წინააღმდეგობრივი სურვილებისგან. ტყუპებს მატყუარა მერკური მართავს,ელვისებური სისწრაფის პლანეტა(თუმცა ისეთი სისწრაფისაც ვერა,რომელიც მხოლოდ ურანს ხელეწიფება). სწორედ ის აიძულებს ამ ნიშნის ქალებს,მამაკაცებსა და ბავშვებსაც ათასი ნიღაბი მოირგონ,დაკარგული ჭეშმარიტი „მეს“ სასოწარკვეთილ ძიებაში.
ტყუპები ჰაერის მენტალური ნიშანია და ეს ადამიანები ყოველთვის იძულებულნი არიან ტვინი გაანძრიონ. ძილშიც კი ფიქრობენ,თეორიებს აგებენ,ითვლიან,ამართლებენ,იწონებენ,იწუნებენ და აანალიზებენ. იმავდროულად,თავიანთ ფანტასტიკურ სიზმრებში ათას ადგილას გადარბენასაც ასწრებენ. ხედავთ? ტყუპები თვითონ არიან ადამიანური თავსატეხები.
მერკურიელები,გონებაში თუ ცხადში, სრულყოფილი ჭეშმარიტებისა და ბედნიერების ძიებაში,მთელ მსოფლიოში დახეტიალობენ. თუმცა ისინი ხშირად ბრუნდებიან სახლში,ტანმაღალ ხეზე ჩიტის ჟღურტულის მოსასმენად,რადგან ეს ზუსტად ის ჩიტია,ზუსტად ის გალობა და ზუსტად ის ხე,რომელიც მათი ბავშვობიდან მოდის. საკუთარ წარმოსახვაში ყველა კონტინენტის მონახულების შემდეგ,ხანდახან,თუ ბედმა გაუღიმათ,ისინი ხვდებიან,რა ახლოს იყვნენ ჭეშმარიტებასთან,როდესაც მათი ბავშვური შემეცნება ჯერ კიდევ სუფთა და უბიწო იყო,ზრდასრული ლოგიკისა და ცინიზმისგან.
1-1 ფორმულა საკუთარი „მესთვის“ უაღრესად ახლობელ და ნაცნობ ადამიანთან ურთიერთობას გულისხმობს. თუმცა ზედმეტად მსგავსი თვისებები უდაოდ საფრთხეს წარმოადგენს. მართალია,ტყუპებს ძალიან მოსწონთ მათსავით დაბნეული მეგობარი,ნათესავი,მეზობელი,საყვარელი თუ მეუღლე,რადგან ასე თავიდან იცილებენ დამღლელ თავისმართლებებსა და მობოდიშებებს. მაგრამ ეს შეიძლება გამაღიზიანებელიც იყო,რადგან იმასაც ნიშნავს,რომ მათი ცბიერი მანევრები წინასწარ არის ცნობილი და მარტივად იშიფრება.
ყოველ შემთხვევაში,ისინი სწრაფად ცნობენ ერთმანეთს. გუშინ ის რბილი,მორიდებული,რამდენადმე გაუცხოებული,მშვიდი და ჩაფიქრებული იყო. დღეს ცინიკური და სარკასტულია,თავშეუკავებელი, გაღიზიანებული და დაძაბულიც. ხვალ შეიძლება მშვიდი,გაწონასწორებული და კონსერვატული იყოს. შემდეგ,უმცირესი მინიშნების გარეშე,მოხეტიალე ოცნებებს მიუბრუნდება,კანფეტებივით დაიწყებს იდეების სროლას და უკიდურესად მოუსვენარი,მკვირცხლი და თავაშვებული გახდება. ტყუპები ჭეშმარიტად ამოუცნობი მოვლენაა გარშემომყოფებისთვის,მაგრამ უფრო მეტად საკუთარი თავისთვის. ხოლო როდესაც ორი ტყუპები ერთმანეთს უკავშირდება,ამოცანა ორმაგდება და უარესად მტანჯველი ხდება.
ასეთი შეთავსება წარმოუდგენელია აზროვნებისა და გადაადგილების თავისუფლების გარეშე. ეს ურთიერთობა არ არის დამძიმებული ეჭვიანობითა და უნდობლობით. ამდენად,ემოციური კლიმატი გაცილებით თავისუფალი და მსუბუქი იქნება. ტყუპების წყვილი თავიანთ მეგობრებს ორ საჰაერო ბუშტს აგონებენ,რომელიც მხიარულად მიცურავენ ღრუბლებში,მაგრამ სად?..არავინ იცის. ისინი შეიძლება ძალიან სწრაფად აფრინდნენ და თვალის დახამხამებაში გაქრნენ მხედველობის ჰორიზონტიდან.
თუმცა,მნათობთა ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში,მათთვის შემოქმედებითი აღმაფრენების,ინტელექტუალური მიღწევებისა და მატერიალური კეთილდღეობის უკიდეგანო სიმაღლეები იხსნება. რაც შეეხება ბედნიერებასა და ჰარმონიას,რა ვთქვათ? ეს უკვე მათი ასარჩევია.
ტყუპები მამაკაცი და ტყუპები ქალი
_ მაშინ ფრენა გავაგრძელოთ.
_ ამაშია მთელი უბედურება, რომ სულ უნდა ვიფრინოთ.
ჩვენ ხომ არ ვიცით,როგორ გავჩერდეთ.
ეს მამაკაცი და ეს ქალი,თუმცა უფრო მართებული იქნება ეს ბიჭი და ეს გოგო,როგორიც არ უნდა იყოს მათი ბიოლოგიური ასაკი. ხანდახან ურთიერთობას მარტო იმიტომ იწყებენ,რომ უბრალოდ მშვენიერია,როდესაც ვიღაც შენთან ერთად ქუჩაზე გადარბის. თუ ეს ადამიანი ტყუპებია,თქვენ შეიძლება ნიძლავი დადოთ,მოასწრებთ მწვანეზე გადარბენას თუ წითელი დაგასწრებთ. დიახ,ეს სახიფათო თამაშია,მაგრამ საშინლად ამაღელვებელი…
ქუჩის კუთხე თუ ოფისი,საცხოვრებელი თუ საკლასო ოთახი_ყველაფერი ჭადრაკის დაფას ჰგავს,რომელზეც ტყუპების ნიშნის ადამიანებს თავიანთი თამაშები მიჰყავთ საკუთარ თავთან და ერთამნეთთან. როდესაც დიდხანს ხარ მარტო,იმდენი საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება! გარეშე თვალისთვის ტყუპები სულაც არ გვანან მარტოსულ ადამიანებს,მაგრამ ეს ასე არ არის. ტყუპების ნიშნის ადამიანები იშვიათად აცნობიერებენ საკუთარ მარტოობას და მე არ გამიკვირდება,თუ თვითონაც არ იციან ამის შესახებ. თუმცა ადამიანი შეიძლება სულაც არ გრძნობდეს თავს ცუდად მარტო,მხოლოდ მცირე პრაქტიკაა საჭირო. ეს ველოსიპედის ტარებასავით არის. რაღაც დროის შემდეგ თქვენ თვითონაც ვერ ამჩნევთ,როგორ ინარჩუნებთ წონასწორობას,ავტომატურად აწვებით პედლებს და მხოლოდ მოძრაობას და ჰაერს გრძნობთ თქვენს თმებში.
როდესაც ტიპური ტყუპები პირველად ხვდებიან ერთმანეთს,ორივე ბევრს ლაქლაქებს,თითქოს ერთმანეთს სერიოზულად არც აღიქვამენ. და მაინც,თავიანთ ლაყბობაში,თითოეული მათგანი ბევრად სერიოზულია,ვიდრე ჩანს. უბრალოდ ასე დროს იგებენ,რომ ერთმანეთი შეისწავლონ. მაგრამ კარგად დაიხსომეთ,რომ ისინი არასდროს ხსნიან ყველა კარტს. მაშინაც კი,როცა ერთმანეთი წლებია უყვართ,ტყუპები რაღაცას მაინც იტოვებენ თავისთვის.
„საინტერესოა_ფიქრობს თავისთვის გოგონა,_ჩვენ ისე ახლოს ვართ,მაგრამ თავი უნდა შევიკავო და მახსოვდეს,რომ არის საკითხები,რომელზეც არ უნდა ვილაპარაკო“. რადგან არის საკითხები,რომლებიც ბიჭმა გოგოზე არ იცის,ლოგიკურია,რომ არის საკითხები,რასაც ეს ბიჭუნა ამ გოგონას არასდროს ეტყვის. თქვენ წარმოგიდგენიათ,რა მოხდება,რა სიტყვების კასკადი წამოვა,ამ ორმა რომ ყველაფერი თქვას,რასაც ფიქრობს და განიცდის? თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ,რომ გესმით მათი.
ტყუპების იდუმალება ისეთი არ არის,როგორიც თევზების,კირჩიხიბის ან მორიელის და მისი მოტივებიც განსხვავებულია. საქმე ის არის,რომ ტყუპებს,მთელი მისი ორატორული ნიჭიერების მიუხედავად,უბრალოდ არ შეუძლია დაიჭიროს და გამოხატოს ჰაერში მოფარფატე აზრები. აი,რა სიტყვებით უნდა გამოხატოს შანგრილას აღმოჩენის დაუოკებელი წადილი?
„თუ ის ისეთი მშვენიერია,_ფიქრობს თითოეული თავისთვის,_მაშინ სადღაც კიდევ უფრო მშვენიერი ადგილიც უნდა არსებობდეს! ნეტავ,ერთად თუ შევძლებთ,ვიპოვოთ?“ მაგრამ მერკური არ მისცემს ერთი აზრით დიდხანს ტკბობის საშუალებას. მხოლოდ წამიერი გაელვება და ახლადგამოღვიძებული მეორე „მე“ ჩურჩულს იწყებს:“ჰო,აბა რა?! ეს სიტყვები,რომელიც ახლა შენთანაა,მხოლოდ იმის დასტურია,რომ კიდევ უფრო დიადი,უფრო ამაღელვებელი,უფრო რეალური დიდებაც არსებობს,თუ გამბედაობა გეყოფა,გაეკიდო. საიდან იცი რა გელოდება მომდევნო მოსახვევის,მომდევნო კოცნის,მომდევნო ოცნების,მომდევნო დაპირების შემდეგ? ჰოდა ნუ ჩერდები,უკან ნუ იხედები! გზა გააგრძელე…“ ეს მაცდური ძახილი მთელი ცხოვრება თან სდევთ ტყუპებს.
ტყუპები გოგონა დროის უმეტეს ნაწილს სიცილში ატარებს. თუმცა ხანდახან,იშვიათად,მაგრამ მაინც,ტირის. ტირის იმიტომ,რომ მარტოობის ბურთულა ისე ეჩხირება ყელში,ცრემლებად უნდა გადაიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში,შეიძლება უბრალოდ მოკვდეს ამ გრძნობისგან… აჰ,ჰო,მისი მეორე „მე“! სად არის ახლა,როდესაც ასე ძალიან სჭირდება? ალბათ,სადღაც ვარსკვლავებს დასდევს და ქარს ეთამაშება. ტყუპები ბიჭი იმდენად კარგად გაუგებს,მისი სინაზე და თანაგრძნობა ფრიად გააოცებს იმ ადამიანებს,ვინც მას ყოველთვის სიცივესა და დისტანციურობაში ადანაშაულებდა. მთელი თავისი ცნობისმოყვარე და მწვალებელი ხასიათის მიუხედავად,ის არ დასვამს არც ერთ კითხვას,როდესაც გრძნობს,რომ მისი საყვარელი გოგო გამოუთქმელი მარტოობით იტანჯება,რადგან ტყუპისცალმა დროებით მიატოვა. შეიძლება თავიც მოიკატუნოს,რომ საერთოდ ვერ ხვდება მიზეზს და საკუთარი ემპათია დაახლოებით ასეთი ფრაზით შენიღბოს:“მოდი,მონეტები ჩაგდების ნაცვლად,ჩვენ ჩავხტეთ შადრევანში და ვნახოთ რა მოხდება!“ ან:“ წამო ირლანდიის გარშემო ორი საგზური ვიყიდოთ და პირფერობის ქვაზე სიყვარულით დავკავდეთ!“ შემდეგ ნაზად აკოცებს ლოყაზე და მშვიდად ეტყვის: „ყველაფერი რიგზეა,მე შენთან ვარ.“
დიახ,მას ნაწილობრივ ესმის ტყუპები გოგონას უცაბედი პანიკა,როდესაც მისი ტყუპისცალი ქრება და მარტო ტოვებს,რადგან საკუთარი ტყუპისცალიც ხშირად ეხუმრება ასე. მშვენივრად უგებს გონებით და გულითაც. ჰო,რაც შეეხება მის გულს,იქ უამრავი საიდუმლო ოთახია,სადაც საგულდაგულოდ მალავს თანაგრძნობას,კეთილშობილებას,იუმორს,იმედებს და მზის სხივებს. თუმცა ზოგიერთი ოთახი მთელი ცხოვრება დაკეტილია,გასაღები კი მხოლოდ მეორე ტყუპისცალს აქვს.
ორი შეყვარებული ტყუპები ხშირად ეკითხება თავის თავს,აქვს თუ არა მის რჩეულს ერთერთ ასეთ საიდუმლო ოთახში ისეთი თვისებები,როგორიც არის „ერთგულება“ ან „თავდადება“? დიახ. მაგრამ,ბედის ირონიით,ზუსტად ამ ოთახის კარი დალუქულია და მის გასახსნელად მხოლოდ შესაბამისი გასაღები საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა ნდობა და დრო. თავის მხრივ,არსებობს ორი სახის ნდობა: ნდობა ერთმანეთის მიმართ და ნდობა საკუთარი თავის მიმართ,რათა იწამონ,რომ მათი სიყვარული ზუსტად ის არის,რაც ახლა სჭირდებათ და ყოველთვის დასჭირდებათ (აი,რა საჭიროა დრო). პასუხი საკუთარ თავში უნდა იპოვონ… თუ მიაგნებენ,კარი გაიღება და ისინი ყოველთვის საკუთარი თავის ერთგულები იქნებიან.
თუმცა ნუ განიმსჭვალებით ზედმეტად დიდი მოლოდინებით ტყუპები ბიჭუნას მიმართ. მაგალითად,ნუ ელით რომ აბსოლუტურად შეწყვეტს ფლირტს,მოხიბლვას და გაჯავრებას. რაც არ უნდა იყოს,ის წარმოსახვაში უფრო ცხოვრობს და სურს,ადამიანური ურთიერთობებიც თავის წარმოსახვით რეალობაში შეინარჩუნოს. ამიტომ აჯობებს ეს ორნი ტექნიკურად მაინც ერთგულები დარჩნენ ერთამენთის,ვიდრე ფანტაზიების სამყაროს ჩამოშორდნენ. ფანტაზიებში კი ისინი მხოლოდ ერთამენთს ეკუთვნიან. ხანდახან სახალისოა უბრალოდ დაიჯერო ფანტაზია,ეს არის და ეს. რაც უფრო განსხვავდებიან ტყუპები ერთმანეთისგან_პირად ცხოვრებასა თუ პროფესიებში,მით უფრო ნაკლებად საჭიროებენ ფანტაზიებს:“საინტერესოა,რა იქნებოდა ჩემი გოგო რომ…“ ან „ რა იქნებოდა ჩემი ბიჭი რომ…“ გოგო რომ რა? ბიჭი რომ რა? ნებისმიერი რამ. ზოგიერთი მათგანი წყენას და რისხვასაც წარმოისახავს,მერე შორდებიან… ეს უბრალოდ საინტერესოა,როგორი დაშორება ექნებოდათ. როდესაც ამას გაარკვვენ,ისევ ერთამენთს დაუბრუნდებიან,რომ თავიდან აღმოაჩინონ სიყვარულის რეალობა. აი,ეს მესმის! სიყვარული რეალურია. ის მართლა რეალურია. იმდენად,რომ თითქმის შეიძლება ენდო კიდეც. ეს აღმოჩენა შეიძლება სხვა ნიშნის ადამიანებს არ განაცვიფრებს,მაგრამ თქვენ უნდა გახსოვდეთ,რომ ტყუპები ცხოვრების უმეტეს ნაწილს შესაძლებელისა და რეალურის გარჩევაში ატარებს და იმის აღმოჩენა,რომ სიყვარული რეალურია,ტყუპებს ისეთივე გამაცოცხლებელ იმპულსს აძლევს,როგორც შანგრილას გაელვება.
სექსუალური ურთიერთობა კალეიდოსკოპიური მოდელის მსგავსია,რაც სავსებით დამახასიათებელია ჰაერის ნიშნების კავშირისთვის,განსაკუთრებით ცვალებადი მერკურის თანხლებით. ეს ურთიერთობა მსუბუქიც არის და ბობოქარიც,ხან განცდების გრიგალს აღწევს,ხან_მშვიდ სიცივეს. მათი ფიზიკური სასიყვარულო უნარებიც ისეთივე მრავალმხრივი და ცვალებადია,როგორც ემოციები: ეს შეიძლება აკრობატული ჩახუტებაც იყოს „პირფერობის ქვაზე“ და წყალქვეშა სასიყვარულო აქტიც. იმისათვის რომ ფიზიკური შეთავსების პოტენციალი დაადგინონ,უბრალოდ წარმოსახვას უნდა მიმართონ. მართალია,მათ სექსუალური ქცევებს ნამდვილად ვერ დავახიასიათებთ,როგორც ღრმას,ვნებიანს ან ავხორცს; სამაგიეროდ, ტყუპებს ნამდვილად შეუძლიათ გამოიგონონ მათთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი შენაცვლებები. მაგალითად,მაგიური, ჯადოსნური,ზღაპრული და ა.შ.
ასეა თუ ისე,ჯობია შეყვარებულმა ტყუპებმა დაივიწყონ რომანტიულ ფორმულა ორის ერთობის შესახებ,რადგან ისინი ყოველთვის ოთხნი არიან. თუმცა განა ეს არ აოთხმაგებს ბედნიერების შანსს? ასე რომ,მათი ბავშვური უცნაურობები არც ისეთი საშიშია,როდესაც დამატებით ორმაგ დაცვას ფლობენ,დიდი ნდობისა და დიდი მოთმინების.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.