რუდოლფ შტაინერი
ქრისტე გოლგოთას მისტერიის დროს და ქრისტე XX საუკუნეში.
1913 წ. თებერვალი. ლონდონი
გიორგი ნიშნიანიძის თარგმანი
კაცობრიობის მთელი მისტერიებიდან გოლგოთას მისტერიის გაგება ყველაზე რთულია. იგი მათთვისაც რთულია, ვინც გარკვეულ საფეხურს მიაღწია ოკულტურ განვითარებაში. ყველა ჭეშმარიტებიდან, რომელსაც ადამიანი ეხება, სწორედ ეს ჭეშმარიტება შეიძლება ძალზე იოლად იქნას არასათანადოდ გაგებული. მისი ასეთი სირთულე გაპირობებულია იმით, რომ გოლგოთას მისტერია ერთადერთი მოვლენა იყო დედამიწის მთელს ევოლუციაში და იგი გახლდათ ის უდიდესი იმპულსი კაცობრიობის ევოლუციისათვის, რომელიც ადამიანის განვითარების მანძილზე მანამდე არასოდეს არსებულა და მომავალშიც მსგავსი სახით აღარასოდეს განმეორდება.
კაცობრიობა შედარებისათვის ყოველთვის ეძებს გარკვეულ საზომსა და ნიმუშს, რათა მისი დახმარებით გაიგოს საგნის არსი, ჩასწვდეს მოვლენათა ვითარებას; მაგრამ თავისი ერთადერთობის გამო, რაც შედარების მიღმა დგას და რისი გაზომვაც შეუძლებელია, გოლგოთას მისტერიის გაგებაც, რა თქმა უნდა, ძალზე ძნელია.
ახლა ჩვენ თეოსოფიური მოძრაობის ცენტრში გვიხდება მუშაობა და ვცდილობთ, გოლგოთას მისტერია სხვადასხვა კუთხით განვიხილოთ.
მაგრამ განუწყვეტლივ შეიძლება სულ ახალი და ახალი ასპექტების წარმოზიდვა და ასევე განუწყვეტლივ სულ ახალი და ახალი შტრიხები შეიძლება დაემატოს ამ უდიდესი მოვლენის დახასიათებას, ყველაზე დიდი მნიშვნელობა რომ ენიჭება დედამიწის ევოლუციისათვის.
დღეს მისი გაგების ერთ თვალსაზრისზე ვილაპარაკებთ და აქ განსაკუთრებული ყურადღება იმას უნდა დაეთმოს, რომ ჩვენს დროში, კაცობრიობის ჩვენეულ,ახლანდელ ციკლში გოლგოთას მისტერია შეიძლება გარკვეულწილად განახლებულად, აღორძინებულად წარმოჩინდეს.
უკეთუ გოლგოთას მისტერიის ნამდვილ გაგებას ვესწრაფვით, მაშინ არ შეიძლება იგი განხილულ იქნას კაცობრიობის მთელი ევოლუციიდან გამოყოფილ მოვლენად, რომელიც მხოლოდ 3 თუ 30 წლის მონაკვეთით უნდა შემოიფარგლოს; უპირველეს ყოვლისა,გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ იგი მე-4 პოსტატლანტიკურ ეპოქაში მოხდა, ე.წ. ბერძნულ-ლათინურ კულტურაში; აქვე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტიც, რომ გოლგოთას მისტერია ძველი ებრაელი ხალხის თანდათანობითი განვითარებით მზადდებოდა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმას, რომ გოლგოთას მისტერიას კაცობრიობისათვის, სახელდობრ, მე-4 პოსტატლანტიკურ ეპოქაში მოხდა, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ ფაქტიდანაც გამოსჭვივის,რომ მას თანდათანობით ამზადებდა ძველი ებრაული კულტურა, სახელდობრ, იეჰოვას კულტი. ამ შემთხვევაში უპირველესი, რაც უნდა ვიცოდეთ, გახლავთ შემდეგი: ვინ იყო ის არსება,რომელმაც ძველ-ებრაული ეპოქის დროს თავისი თავი იაჰვედ ანუ იეჰოვად გააცხადა?
ჩვენი დროის ადამიანი უპირატესად თავისიგონებითა და შემეცნების შესაძლებლობებით გამოირჩევა. იგი ის არსებაა, რომელმაც ინტელექტი განავითარა და რომელსაც საგანთა წვდომა სწორედ ინტელექტუალური თვალსაზრისით ძალუძს. მაგრამ რაწამს ადამიანი იმ ზღურბლს გადასცდება, რომელიც გრძნობად სამყაროს ზეგრძნობადისა განჰყოფს, მაშინვე წყდება სინამდვილის მხოლოდ ინტელექტზე დამყარებული მისეული წვდომა. ადამიანის ინტელექტს მარტოოდენ დედამიწაზე ხელეწიფება კარგი სამსახურის გაწევა, თუმცა,როცა ადამიანი ზესფეროში გადადის, ინტელექტი შეიძლება სასარგებლო ინსტრუმენტად ჩაითვალოს, მაგრამ ახალ ცოდნას ვეღარ შესძენს.
ინტელექტს უფრო სხვაობათა დაფიქსირება ეხერხებადა საგანთა წვდომისათვის იგი გარკვეულ განსაზღვრებებს საჭიროებს, ვინც ხშირად ესწრება ჩემს ლექციებს, კარგად მოეხსენებათ, რომ ამ ლექციებში თითქმის სრულიად უგულებელყოფილია განსაზღვრებები, დეფინიციები. რეალურობის შემეცნება განსაზღვრებათა მეშვეობით არ ხორციელდება.რა თქმა უნდა, არსებობს კარგი და ცუდი განსაზღვრებები – ერთნი დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს, მეორენი – არა. მაგრამ უკეთუ ადამიანს რეალობის, უპირატესად კი ზეგრძნობადი რეალობის შემეცნება სურს, ისიც უნდა მოეხსენებოდეს, რომ შეუძლებელია მათი განსაზღვრა; აქ საჭიროა დახასიათებები; აუცილებელია ფაქტებსა და მოვლენებზე ყოველი კუთხიდან დაკვირვება.
განსაზღვრება ყოველთვის ცალმხრივია და იმ გაწამაწიას მოგვაგონებს, როცა ძველ საბერძნეთში, (ვისაც ანტიკური ლოგიკა უსწავლია) ერთ დროს თავს იმტვრევდნენ როგორმე განესაზღვრათ, რა არის ადამიანი. ადამიანის იდეის გამოსახატავად ასეთი განსაზღვრება წამოაყენეს: „ადამიანი ორფეხა უფრთო არსებაა“. მეორე დღეს ვიღაცამ გაპუტული ქათამი მოიყვანა და განაცხადა: აი, თქვენი ორფეხა უფრთო არსება,ეს არის ადამიანიო? ამ ამბავს ხშირად მაშინ იხსენებენ, როცა სურთ ფილოსოფიურად რთული და მრავალმხრივი რამ განსაზღვრონ, მაგრამ არასაკმარისია თვითონ განსაზღვრა და საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ დახასიათებებს საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ადამიანები რეალურ არსებათა ზეფილოსოფიურ არსთა განსასხვავებლად აუცილებლად გარკვეულ განსაზღვრებას საჭიროებენ. რას წარმოდგენს სახელდობრ ეს არსება? კითხულობენ ისინი. მაგრამ ზეგრძნობად სამყაროებში,რაც უფრო ღრმად ვერკვევით, აღმოჩნდება, რომ არსნი უფრო მრავალმხრივად არიან ერთმანეთზე გადაწნულ-გადახლართულნი და მათეულ კავშირებს საზღვრები არ აქვთ; ასე რომ, უდიდეს სირთულეს წარმოადგენს მათი რაიმე კუთხით გამოცალკევება.
უპირველეს ყოვლისა, იაჰვეს ანუ იეჰოვას სახელის განსახილველად გათვალისწინებული უნდა იქნას მთელი ევოლუცია, განსაკუთრებით,როცა ამ სახელს ქრისტეს სახელს ვუსადაგებთ. ახალ აღთქმაში ნათქვამია, და ჩემს წიგნებშიც ხშირად აღმინიშნავს, რომ ქრისტემ თავისი თავი იაჰვეში განაცხადა გოლგოთას მისტერიამდე.
იეჰოვასა და ქრისტეს ურთიერთშედარება რომ მოვახდინოთ, ამისათვის ყველაზე კარგი იქნება მზის ნათელი და მთვარის ნათელი წარმოვიდგინოთ. მართლაც, რა არის მზის ნათელი და რა არის მთვარის ნათელი? ისინი თითქმის ერთი და იგივეა,მაგრამ ამავე დროს ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მზის ნათელი მზიდან მოედინება,ხოლო მთვარის ნათელი იგივე მზის ნათელია, ოღონდ მთვარეზე არეკლილი. ასევეა ქრისტეცდა იეჰოვაც. ქრისტე მზის ნათელია, იეჰოვა კი თითქოს ქრისტეს ანარეკლია, რამდენადაც მან დედამიწას თავისი თავი გოლგოთას მისტერიამდე იეჰოვას სახელით განუცხადა. და მაინც,რაკი საკითხი ისეთ მაღალ არსს ეხება, როგორიც იეჰოვა-ქრისტეა, მისი რეალური მნიშვნელობა უთუოდ ზეგრძნობადი სამყაროს უმაღლეს სფეროებში უნდა ვეძებოთ. ჩვენი მცდელობა – ჩვეულებრივი მსჯელობით მივეახლოთ ისეთ არსს, როგორც იეჰოვა-ქრისტეა – უფრო პატივმოყვარეობას ჰგავს.
ძველი ებრაელები მისკენ მიმავალ გზას სირთულის გარეთ ეძიებდნენ.
ადამიანის აზროვნების ძალა სუსტია, მაგრამ მისი მეოხებით შეიძლება გამოიკვეთოს იდეა ამ მაღალ არსზე. ყურადღება უშუალოდ არა იეჰოვასაკენ იყო მიმართული(მისი სახელის ხსენებაც შეუძლებლად მიაჩნდათ), არამედ იმ არსებისაკენ,რომელიც დასავლურ ლიტერატურაში ცნობილია როგორც მიქელ(მიხეილი). რა თქმა უნდა, ამ კონსტანტაციაში გაუგებრობის დიდი საშიშროებაც მოიძევება, მაგრამ ეს ასე გახლდათ, შეიძლება გვითხრან,ეს ქრისტიანთა ცდომილებას იწვევსო; სხვანი არც მოისურვებენ ამ ფაქტის ოდნავად მაინც ყურად ღებას, მაგრამ ის არსება, რომელსაც მიქელს ვუწოდებთ და რომელიც მთავარანგელოზთა იერარქიას განეკუთვნება, აუცილებლად უნდა არსებობდეს. სხვებიც ბევრი არიან, იმავე საფეხურზე რომ დგანან, მაგრამ იგი განსაკუთრებული არსებაა, რომელსაც ეზოტერულად ეწოდება მიქელ და რომელიც ისე აღემატება თავის ძმებს, როგორც მზე – პლანეტებს.
მიქელი ყველაზე ძლიერი, ყველაზე მნიშვნელოვანი არსებაა მთავარანგელოზთა იერარქიიდან. ძველებმა მას ღვთის სახე უწოდეს. როგორც თავის თავს ადამიანი ხელის მოძრაობასა და სახის მეტყველებაში განაცხადებს, ასევე მიქელის წყალობით შეიმეცნებოდა იეჰოვაც. იეჰოვა იმგვარად ევლინებოდა ხელდასხმულს, ეს უკანასკნელი მთელი თავისი არსებით გრძნობდა, რომ მიქაელი მისი სახე იყო. ძველი ებრაელები მიქელ-იეჰოვაზე ასე ამბობდნენ: იეჰოვა მიუწვდომელია, მას ვერ შეეხები, ისე როგორც მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზს ადამიანის გამომეტყველებით ვერ ჩასწვდები. მიქელი იაჰვეს ანუ იეჰოვას გარე გამოხატულებაა,ისე ვითარცა „მე“-ს გამოვლინებას ადამიანის შუბლით ან პირისახით გრძნობენ.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვაერთ-ერთი მთავარანგელოზთაგანის, მიქელის, სახით ცხადდებოდა. ძველი ებრაელებისათვის იეჰოვას შემეცნება დაფარული არ გახლდათ, მოძღვრება მის შესახებ ფართოდ ისწავლებოდა.და, როცა ჩვენს ერამდე, უკანასკნელ ხუთ საუკუნეს მიმოვიხილავთ, ყოველთვის იგი ცხადდება მიქელის სახით.
იგივე გამოცხადებას, ოღონდ სხვა ფორმით,პლატონთან, სოკრატესა და არისტოტელთანაც – მთელს ბერძნულ ფილოსოფიასა და ძველბერძნულ ტრაგედიაშიც ვხვდებით მთელი ხუთი საუკუნის მანძილზე გოლგოთას მისტერიამდე.
უკეთუ ოკულტურის შემეცნების წყალობით განვჭვრეტთ თუ რა ხდებოდა იმ დროს, აღმოვაჩენთ, რომ ქრისტე-იეჰოვა ის არსია, რომელიც ადამიანს მთელს ევოლუციაში თან სდევს. მაგრამ ქრისტე-იეჰოვა ეპოქათა უწყვეტ ციკლში სხვა არსებათა სახით ცხადდებოდა, რომლებიც მთავარანგელოზთა იერარქიას განეკუთვნებოდნენ. ეს არსი სხვადასხვა სახეს იღებდა კაცობრიობის წინაშე საუკუნეთა წიაღ. ამრიგად, ქრისტე-იეჰოვასა და კაცობრიობას შორის მოციქულად სხვადასხვა არსებები ირჩეოდა მთავარანგელოზთა იერარქიიდან, და ადამიანს გარკვეული იდეები და კონცეფციები, გრძნობათა იმპულსები და სხვა მათი სახით ეცხადებოდა. ჩვენ შეგვიძლია ეპოქა, რომელიც გოლგოთას მისტერიას წინ უსწრებდა, მიქელის ეპოქად მოვიხილოთ და დავინახავთ, რომ იგი იეჰოვას მოციქულია.
გოლგოთას მისტერიის წინარე დროს, რომელიც5 საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და რომელსაც კაცობრიობა ცივილიზაციისკენ მიჰყავდა,მიქელ მთავარანგელოზის ბეჭედი აზის. თავისი ძალმოსილებითა და ურყევი სიმტკიცით კაცობრიობაში მან დაამკვიდრა ის, რაც ამ დროისათვის უნდა გამოცხადებულიყო. იგი მთავარანგელოზთა იერარქიიდან სხვა სულებმა შეცვალეს, რომლებიც ზესფეროებიდან ასევე შთაგონებით მსჭვალავდნენ კაცობრიობას.
მიქელი იყო მათგან ყველაზე დიდი, უძლიერესი და მნიშვნელოვანი. ასე რომ, მიქელის ეპოქა ყოველთვის ყველაზე მრავლისმეტყველი, ან ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი ეპოქაა კაცობრიობის ევოლუციაში. მას დანარჩენ მთავარანგელოზთა ეპოქები იმეორებენ და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ საუკუნეს მთავარანგელოზები ანიჭებენ ძირითად ხასიათს. ისინი უპირატესად ერების წინამძღოლები გახლავან, მაგრამ რამდენადაც ისინი ეპოქათა წინამძღოლებიც არიან, ამდენად მთავარანგელოზები, გარკვეული თვალსაზრისით, მთელი კაცობრიობის წინამძღოლებად გვევლინებიან.
უკეთუ მიქელ მთავარანგელოზს ევოლუციის ჩვენეული ციკლის გადასახედიდან შევხედავთ, რაღაც სხვაობასაც აღმოვაჩენთ; თვითონ მიქელმაც გაიარა გარკვეული ევოლუცია და სწორედ ამას ენიჭება დიდი მნიშვნელობა: ოკულტური შემეცნების თანახმად, უკვე რამოდენიმე ათწლეულია, რაც ჩვენ იმ ეპოქაში შევედით, რომელსაც წარმართავს ის არსება, გოლგოთას მისტერიის ეპოქას რომ შთააგონებდა. დიახ, მე-19 საუკუნის ბოლოდან, 1879 წლიდან, მიქელ მთავარანგელოზი ჩვენი დროის წინამძღოლად უნდა მივიჩნიოთ.
ეს რომ უკეთ გავითავისოთ, გოლგოთას მისტერიას სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მისტერიაში? ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ იმ არსებამ, რომელსაც ქრისტე ეწოდება, ამ დროს გოლგოთას მისტერია და სიკვდილის კარიბჭე განვლო. დედამიწის მთელი ევოლუციის მანძილზე ვერ ვილაპარაკებდით გოლგოთას მისტერიაზე, თუ მხედველობაში არ მივიღებდით ამ მისტერიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – ქრისტეს მიერ სიკვდილის კარიბჭის გავლას.
აქ აუცილებელია, გარკვეული თვალსაზრისით ბუნების კანონებს შევხედოთ. ბევრ მათგანს, შეიძლება ითქვას, უკვე ვიცნობთ და ბევრიც დედამიწის შემდგომი ევოლუციის მანძილზე გამოაშკარავდება ჩვენი შემეცნების წყალობით. მაგრამ მეოცნებენი ვიქნებოდით, უკეთუ არ ვაღიარებდით, რომ წვდომა სიცოცხლისა, რასაც იგი იდეალში წარმოადგენს, შესაძლებელია მხოლოდ განვითარების წყალობით და არა ბუნების კანონთა შემეცნებით. რა თქმა უნდა, დღეს დიდია მეოცნებეთა რიცხვი, რომელთაც სწამთ, რომ მეცნიერული შემეცნების გზით თანდათანობით სიცოცხლის პრინციპიც გაირკვევა. მაგრამ ეს დრო არასოდეს არ დადგება. დედამიწის ევოლუციის მანძილზე გრძნობათა მეოხებით ბევრ კანონს აღმოაჩენენ, მაგრამ ფიზიკურ სამყაროში სიცოცხლის პრინციპი არასოდეს არ გაცხადდება; მისი წვდომა მხოლოდ ოკულტური ცოდნის წყალობით ხდება შესაძლებელი.
ამრიგად, სიცოცხლე დედამიწაზე შემეცნებისათვის მიუწვდომელია, და რამდენადაც სიცოცხლე ადამიანური ცოდნის მიღმაა, იმდენადვე გაუგებარი რჩება სიკვდილიც, რომლის წვდომაც ასევე მხოლოდ ზეგრძნობად სფეროებში ხორციელდება. სიკვდილი ზეგრძნობადი სამყაროს არც ერთ სფეროში არ არსებობს; გარდაცვალება მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში, დედამიწაზე, ანდა დედამიწის განვითარების დონეზე მდგარ პლანეტებზეა შესაძლებელი; და არცერთმა არსებამ, ვინც იერარქიულად კაცობრიობაზე მაღლა დგას, არ იცის რაა სიკვდილი; მათ მხოლოდ ცნობიერების განსხვავებული მდგომარეობები იციან.
მათი ცნობიერება გარკვეული დროით შეიძლება იმდენად დაქვეითდეს, რომ ჩვენეული ძილის ცნობიერებას დაემსგავსოს, მაგრამ ასეთი ცნობიერებიდან გამოღვიძება იოლია. სულიერ სამყაროში სიკვდილი არ არსებობს, იქ მხოლოდ ცნობიერების ცვლაა. მიცვალებულები, რომლებიც უკვე სულიერ სამყაროში ამაღლდნენ, აღარ განიცდიან იმ უდიდეს შიშს, სიკვდილის შიშს, ცოცხალი ადამიანები რომ გრძნობენ. როდესაც ადამიანი სიკვდილის კარიბჭეს გადის, იგი უკიდურესად მგრძნობიარეა, მაგრამ ამ დროს მისი ცნობიერება ან მხოლოდ ბუნდოვანია, ან მხოლოდ ნათელი. დიდი შეცდომაა, როცა ფიქრობენ, რომ სულიერ სამყაროში ადამიანს ცნობიერება არ გააჩნია.
ასევე, სიკვდილი არც იმათთვის არსებობს, რომლებიც მაღალ იერარქიებს განეკუთვნებიან – ქრისტე ერთადერთი გამონაკლისია. მაგრამ სიკვდილის კარიბჭის გავლა რომ შესაძლებელი გამხდარიყო ისეთი ზეგრძნობადი არსებისათვის, ვითარცა ქრისტეა, იგი მიწაზე უნდა ჩამოსულიყო. და გოლგოთას მისტერიაში უსაზღვროდ მრავლისმეტყველია ის, რომ ქრისტე, რომელიც თავის საკუთარ მეუფებასა და სიდიადეში ვერასოდეს ვერ განიცდიდა სიკვდილს, მიწაზე ჩამოვიდა, რათა სიკვდილის კარიბჭის გავლით, ადამიანისათვის ნიშანდობლივი გამოცდილება მიეღო. და დედამიწაზე ადამიანსა და ქრისტეს შორის შინაგანი კავშირი მხოლოდ იმის წყალობით დამყარდა, რომ მისმა არსმა, მთელი კაცობრიობის საერთო ბედის შესაცნობად და გასაზიარებლად, სიკვდილის კარიბჭე განვლო. უძირითადესი მნიშვნელობა სწორედ ამ სიკვდილს ენიჭება, განსაკუთრებით ჩვენი, ახლანდელი, დედამიწისეული ევოლუციისათვის. ჩვენ ხშირად გვითქვამს, თუ რა მოხდა მაშინ დედამიწის ევოლუციისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ თავისი სიდიადით ერთადერთი არსი, რომელიც სიკვდილის კარიბჭის გაუვლელად მხოლოდ კოსმოსის კუთვნილებად დარჩებოდა, გოლგოთას მისტერიის წყალობით, ჯვარზე გარდაცვალებით, დედამიწის ევოლუციას დაუკავშირდა – დედამიწის ევოლუციაში იგი გოლგოთას მისტერიის დროს შემოვიდა. მანამდე იგი მიწაზე არ იყო, მანამდე მხოლოდ კოსმოსს ეკუთვნოდა. სწორედ გოლგოთას მისტერიის წყალობით იგი კოსმოსიდან დაეშვა და მიწაზე დაფუძნდა, მას შემდეგ, რაც მან მიწაზე იცხოვრა, თავისი თავი ისე დაუკავშირა დედამიწას, რომ იგი დედამიწისეული კაცობრიობის საფშვინველში ცხოვრობს და ასე მონაწილეობს დედამიწის ცხოვრებაში.
მთელი გოლგოთას მისტერიამდელი დრო დედამიწის ევოლუციაში მხოლოდ მოსამზადებელი დრო იყო. გოლგოთას მისტერიამ დედამიწას აზრი შესძინა, მისი არსებობა გაამართლა.
როცა გოლგოთას მისტერია მოხდა, იესო ნაზარეველის მიწიერი სხეული დედამიწის სტიქიებს მიეცა; იმიერიდან ქრისტე სულიერ სფეროებს დაუკავშირდა და იქ მკვიდრობს.
გოლგოთას მისტერიის აღწერა ძალზე ძნელია, რადგან ჩვენ შედარება არ გაგვაჩნია, მაგრამ შევეცდებით მას გარკვეული თვალსაზრისით მივეახლოთ.
სამი წლის განმავლობაში იორდანეზე ნათლიღებიდან მოყოლებული, ქრისტე კაცთა შორის, ვითარცა ერთ-ერთი მათგანი, დედამიწაზე იესო ნაზარეველის სხეულში ცხოვრობდა. როგორ ვლინდება ქრისტე მას მერე, რაც გოლგოთას მისტერიის დროს, მან ფიზიკური სხეული დატოვა?
ქრისტეს არსება ჩვენ უნდა გავიაზროთ, ვითარცა უსაზღვროდ უზენაესი არსება. მაგრამ მიუხედავად ასეთი სიმაღლისა, მან მაინც შესძლო, იორდანეზე ნათლიღების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში თავი ადამიანის სხეულით გამოევლინა, საკითხავია, როგორ ვლინდება იგი მას მერე?
რა თქმა უნდა, იგი უკვე ადამიანის ფიზიკური სხეულით არ ვლინდება, რადგან ის სხეული ფიზიკურ დედამიწას მიეცა და მის ნაწილს წარმოადგენს, ვისაც ოკულტური მეცნიერების დაუფლებით ხელეწიფება განჭვრეტა, მას ეს არსება დღეს ანგელოზთა იერარქიიდან ეცხადება. როგორც იორდანეზე ნათლიღების შემდეგ სამი წლის განმავლობაში ქვეყნიერების მხსნელი ადამიანის სხეულით ვლინდებოდა (თუმცა ქრისტეს არსება ეგოდენ დიდი სიმაღლისა გახლავთ), ასევე მას მერე იგი ვლინდება როგორც ანგელოზის არსება, ანუ როგორც ადამიანის არსებაზე ერთი საფეხურით ამაღლებული სულიერი არსება… ყოველთვის ასეთად განჭვრეტენ მას ნათელმხილველები და ყოველთვის ასე უკავშირდება იგი ევოლუციას. როგორც სარწმუნოა ის, რომ იესო ნაზარეველში განსხეულებული ქრისტე ადამიანს აღემატებოდა, ასევე უტყუარია ისიც, რომ ქრისტე აღემატება ანგელოზს – იგი მისი მხოლოდ დღევანდელი გარეგნული სახეა.
ამრიგად, ის ფაქტი, რომ უსაზღვროდ მაღალი არსება მიწაზე ჩამოვიდა და სამი წლის განმავლობაში ადამიანის სხეულში ცხოვრობდა, შეიცავს მეორე ფაქტსაც, რომ ეს არსება თავის დღევანდელ ევოლუციაში ერთი საფეხურით ამაღლდა თავისი ნებით.
როცა ასეთი არსება ამგვარად მოქმედებს, როცა იგი ადამიანის ან ანგელოზის ფორმას იღებს, თავადაც გადის გარკვეულ ევოლუციას. ქრისტე-იეჰოვას ევოლუციაში ამაზე მივუთითებდით, როცა ვამბობდით, რომ ქრისტემ გარკვეულ განვითარებას მიაღწია: ამიერიდან იგი ვლინდება უშუალოდ და არა როგორც ადამიანის არსება, არა როგორც ანარეკლი ანუ არეკლილი ნათელი, არა იეჰოვას სახელის ძალით.
ევოლუციაში შემოსული ყველა მოძღვრების, ყველა სიბრძნის განსხვავებულობა იქიდან იქმნება, რომ მხოლოდ მიქელის სულის მობრძანებით დედამიწაზე, მხოლოდ მისეული ინსპირაციის წყალობით, ადამიანმა შესძლო დაეწყო გოლგოთას მისტერიის მთელი მნიშვნელობის თანდათანობით წვდომა. მაგრამ მაშინ მიქელი მხოლოდ იეჰოვას, ქრისტეს არეკლილი დიდების მაცნე გახლდათ; იგი ჯერ კიდევ არ იყო თვითონ ქრისტეს მესიტყვე.
მიქელ მთავარანგელოზი კაცობრიობას მრავალი საუკუნე შთააგონებდა – განსაკუთრებით კი გოლგოთას მისტერიამდე ხუთი საუკუნის მანძილზე, როგორც ძველ მისტერიებში ამაზე პლატონი და სხვებიც მიუთითებდნენ. მაგრამ, როცა გოლგოთას მისტერია მოხდა და ქრისტე დედამიწის ევოლუციას დაუკავშირდა, მალე მიქელისგან წარმომავალი უშუალო იმპულსი შეწყდა. და იმ ძველი ძეგლების შექმნის დროს, დღეს რომ სახარებათა სახით მოგვეძევება, კაცობრიობას მიქელის ინსპირაცია აღარ მსჭვალავდა. იმ დროს კაცობრიობას მთავარანგელოზთა იერარქიიდან ერთი მისი ძმათაგანი იმგვარად ინსპირირებდა, რომ ამ შთაგონების წყალობით შეუგნებლად ბევრი ფშვინვიერი ძალა იქნა აღქმული.
თვითონ სახარების ავტორებიც ვერ წვდებოდნენ ოკულტური მონაცემების იმ სხვაობას, რომ გოლგოთას მისტერიის შემდეგ მიქელის უშუალო ინსპირაცია მალე დამთავრდა. მიქელის ძმები, სხვა მთავარანგელოზები, ისეთი ძალით ვეღარ ინსპირირებდნენ, რომ კაცობრიობას გოლგოთას მისტერიის წვდომა შესძლებოდა, სწორედ აქ უნდა ვეძიოთ იმდროინდელი მრავალი ქრისტიანული მოძღვრების ერთმანეთისგან განსხვავებული ინსპირაციების მიზეზი. ამ მოძღვრებებში ბევრი რამ მიქელის ძმათა მიერ იყო შთაგონებული; ისინი მიქელის უშუალო იმპულსით არ შექმნილან და მისეულ ინსპირაციასთან ისეთ მიმართებაში იმყოფებიან, როგორისაშიც პლანეტები – მზესთან.
და მხოლოდ დღეს, ჩვენს დროში, ისევ განახლდა მიქელის უშუალო ინსპირაცია, მისი მომზადებაც მე-16 საუკუნიდან დაიწყო. მთელი ამ დროის მანძილზე კაცობრიობას ინსპირირებდა მიქელის უახლოესი თანამოსაგრე მთავარანგელოზი, რომლის წყალობითაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა დიდ განვითარებას მიაღწიეს. თანამედროვეობის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აყვავება არა მიქელის, არამედ მისი ძმის – გაბრიელის ინსპირაციამ განაპირობა. მისეული მეცნიერული ინსპირაცია მიზნად ისახავდა ისეთი ინსტიტუტის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მხოლოდ მატერიალური სამყაროს შემეცნებას და იგი ფიზიკურ ტვინთან იყო დაკავშირებული.
უკანასკნელი ათწლეულებიდან მეცნიერების ინსპირატორის ადგილს მიქელი იკავებს და ახლო საუკუნეებში იგი ისეთ რაღაცას დაუმკვიდრებს ქვეყნიერებას, რასაც სულიერი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან უფრო სულისმიერი და განუზომლად დიდი ღირებულებისა იქნება, ვიდრე ფიზიკური მეცნიერება, რომლის განვითარება მე-16 საუკუნიდან დაიწყო. ისე როგორც წარსულში გაბრიელ მთავარანგელოზმა ქვეყნიერებას მეცნიერება მისცა, ასე მიქელ მთავარანგელოზიც მომავალში ჩვენ სულიერ ცოდნას დაგვიმკვიდრებს, რის დასაწყისშიც ჩვენ ახლა უკვე ვდგავართ. უკეთუ მიქელი იყო იეჰოვას, ქრისტეს ანარეკლის მაცნე გოლგოთის მისტერიამდე 5 საუკუნის მანძილზე, რათა იმ ეპოქისათვის სათანადო ძირითადი ტონი მიენიჭებინა, უკეთუ იგი მაშინ მხოლოდ იეჰოვას მაცნე გახლდათ, ჩვენი დროისათვის მიქელი თვითონ ქრისტეს მესიტყვედ მოგვევლინა და როგორც ძველებრაულ ეპოქაში, რომელიც გოლგოთას მისტერიის უშალო მომამზადებელი ეპოქა იყო, ძველი ებრაელი ხელდასხმულნი მიქელს, როგორც იეჰოვას გამოვლენას მიმართავდნენ, დღეს ასე მივმართოთ ჩვენც მიქელს, ახლა უკვე არა იეჰოვას, არამედ როგორც ქრისტეს მესიტყვეს, რათა უახლოესი საუკუნეების მანძილზე სულ უფრო და უფრო მზარდი გამოცხადება მივიღოთ, რაც სულ უფრო და უფრო ღრმად ჩაგვახედებს გოლგოთას მისტერიის საიდუმლოებაში. იგი 2000 წლის წინ მოხდა, მაგრამ ქვეყანას სხვადასხვა ქრისტიანული წყაროებით ეუწყა, ხოლო მისი მთელი სიღრმე მხოლოდ მე-20 საუკუნეში გაცხადდება, როცა მეცნიერების ნაცვლად ჩვენზე სულიერი ცოდნა გადმოვა, ვითარცა მადლი მიქელისა, და ჩვენს გულებს განუზომელი სიღრმის სულიერი გრძნობა აღავსებს. ჩვენ საშუალება მოგვეცემა ყოველივე იმ შეგნების წყალობით განვახორციელოთ, რომელიც მომავალი უახლოესი ათწლეულების განხვნილი კარიბჭიდან მოედინება.
მიქელს ხელეწიფება ახალი სულიერი ნათელი მოგვანიჭოს, რომელიც შეიძლება იმ გარდაქმნილ ნათლად მივიჩნიოთ, მის მიერ გოლგოთას მისტერიის დროს რომ გადმოიღვარა. ჩვენი დროის ადამიანებს ძალუძთ ამ ნათლით შეიმოსონ. თუ ყოველივე ამას ჩავწვდებით, იმ ახალი საუკუნის მნიშვნელობასაც გავიგებთ, რომელიც ჩვენს დროს იწყება და შევძლებთ სულიერი გამოცხადების იმ რიჟრაჟსაც მივწვდეთ, რაიც მიწიერი კაცობრიობის ცხოვრებაში უახლოეს საუკუნეებში გამოკიაფდება. კაცობრიობა რომ უფრო თავისუფლად მიეახლოს ყოველივე იმას, ვიდრე წინათ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი თავისუფალი ნების განვითარებით დღეს უნდა მივიღოთ ეს გამოცხადება.
ახლა კი ზეგრძნობად სამყაროებში ის ვითარება მოვიხილოთ, რამაც გოლგოთას მისტერიიდან დღემდე ეს ცვლილება გამოიწვია. როცა უკან, პირველ საუკუნეშ ვიხედებით, ვიხსენებთ, თუ რა ხშირად ჩაედინებოდა ჩვენს საფშვინველში ძალა, რაც იორდანეზე ნათლიღების დღიდან, ქრისტეს ადამიანური ფორმით, მიწაზე ჩვენთვის ხილული სახით გამოვლენამ აღძრა, ჩვენი საფშვინველი ახლა იმ აზრითაც განვმსჭვალოთ, რომ როცა ქრისტე, უკეთუ მის გარეგნულ ფორმას გვულისხმობთ, ანგელოზთა იერარქიას დაუკავშირდა, იმ დღიდან იგი უხილავად ცხოვრობს დედამიწაზე.
გავიხსენოთ, რომ უხილავ სფეროებში სიკვდილი არ არსებობს. ხოლო მიწიერი ადამიანებივით თვითონ ქრისტემაც განვლო სიკვდილის კარიბჭე. და თუმცა იგი მას მერე სულიერი ყოფიერებით ცხოვრობს, მას მაინც შერჩა თავისი სიკვდილის მოგონება. მაგრამ როგორც ანგელოზთა იერარქიის არსებას, როგორი ფორმითაც დღეს იგი გარეგნულად ვლინდება, გამოცდილება ცნობიერების ცვალებადობით ეფარგლება.
იმის გამო, რომ დედამიწის ევოლუციისათვის მე-16 საუკუნიდან აუცილებელი გახდა მეცნიერების განვითარება და თანდათანობით მისი ტრიუმფამდე ამაღლება, დედამიწის ევოლუციაში ამასთან ერთად შემოვიდა ისეთი რაღაც, რამაც უხილავი სამყაროებისთვისაც გარკვეული მნიშვნელობა იქონია. მეცნიერების აყვავებასთან ერთად კაცობრიობაში უფრო დიდ ინტენსივობას მიაღწია მატერიალისტურმა და აგნოსტიკურმა გრძნობებმა დღეს, ვიდრე წინათ. რა თქმა უნდა, მატერიალისტური მიმდინარეობები მანამდეც არსებობდა, მაგრამ უჩვეულოდ გაიზარდა მატერიალიზმის ინტენსიურობა მე-16 საუკუნიდან. სიკვდილის კარიბჭის გავლით სულ უფრო და უფრო ბევრ ადამიანს სულიერ სამყაროში თან შეაქვს თავისი დედამიწისეული მატერიალისტური აზრებისა და შეხედულებების შედეგი. ასე რომ მე-16 საუკუნიდან, სულიერ სამყაროებში მატერიალიზმის სულ უფრო და უფრო მეტი თესლი განიბნა და გარკვეული თავისებურებით გაღივდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ძველ ებრაელ ხალხში მოვიდა და ამით თავის სიკვდილს ეზიარა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დღეს ანგელოსური არსებაა ანუ იმ დროიდან ანგელოზის სახე ქრისტეს გარეგნული ფორმაა, ამ 19 საუკუნის მანძილზე, მან მაინც განიცადა ცნობიერების გაბუნდოვანება (ერთგვარი ცხრომა), რაც იმ მატერიალისტური ძალების ზემოქმედების შედეგია, რომელმაც სულიერ სამყაროებში შეაღწია გარდაცვლილი ადამიანების მატერიალიზებული საფშვინველების ცად ამაღლების გზით. მაგრამ სულიერ სამყაროებში ამ არაცნობიერების შეღწევა მე-20 საუკუნეში გარდაისახება ქრისტეს ცნობიერების აღდგომად დედამიწაზე, ადამიანთა საფშვინველებში, მათი დაბადებიდან გარდაცვალებამდე მოცემულ დროში. ახლა უკვე შეიძლება გარკვეულწილად იმისი წინასწარი თქმაც, რომ დაკარგული ადამიანური ცნობიერება გარდულავად მოპოვებული იქნება როგორც ნათელმხილველური ხილვა და მალე სულ უფრო და უფრო მეტი არსებები შეძლებენ მიაღწიონ ეთერულ ქრისტეს, ანუ ქრისტეს ანგელოზის სახით ხილვას. კაცობრიობის ხარჯზე მოხდა ის, რასაც შეიძლება ცნობიერების ზრდა ვუწოდოთ იმ სამყაროებში, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება ჩვენს ადამიანურ სამყაროს. დიახ, იმ უახლოეს სამყაროებში, სადაც გოლგოთას მისტერიიდან დღევანდელ დღემდე ჩვენ ვჭვრეტთ ქრისტეს.
უნდა ითქვას, რომ გოლგოთას მისტერიის დროს პალესტინის ნაკლებადცნობილ კუთხეში კაცობრიობისათვის ყველაზე უდიდესი რამ მოხდა, რაც ოდესმე მისი არსებობის მანძილზე მომხდარა, მაგრამ მას ძალზე იშვიათად აღნიშნავენ ჩვენს დროში. მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს უკეთუ გვეტყვიან, რომ მე-20 საუკუნეში ქრისტეს წინააღმდეგობას ისინი უწევენ, ვინც მე-16 საუკუნიდან სიკვდილის კარიბჭეს გადიან.
ქრისტეს განახლებული ცნობიერება შეიძლება დაკავშირებული იქნას კაცობრიობის მიწიერ ცნობიერებასთან და ჩვენი დროიდან დაწყებული, ნაცვლად ანგელოზთა სფეროში მე-16 საუკუნიდან მოყოლებული მისეული ცნობიერების დაცხრომისა, მე-20 საუკუნეს მოაქვს აღმდგარი უშუალო ქრისტესმიერი ცნობიერება – ე.ი. ქრისტეს ცხოვრება სულ უფრო და უფრო აღიქმება ადამიანთა საფშვინველებში, როგორც უშუალო პირადი გამოცდილება.
და როგორც ძველ საუკუნეებში, მცირერიცხოვანთა ჯგუფს დროის გამოცხადებათა შეცნობა ხელეწიფებოდა და ძალუძდა გოლგოთას მისტერია განეჭვრიტა როგორც რეალიზაცია იმისა, რომ ამაღლებული უზენაესი არსება სულიერი სამყაროებიდან მიწაზე დაეშვა, რათა გაევლო სიკვდილის კარიბჭე და სიკვდილის წყალობით მისი სუბსტანცია დედამიწას შეერთებოდა, ასევე ჩვენც ხელგვეწიფება განვჭვრიტოთ ერთგვარი სულიერი სიკვდილი ანუ ცნობიერების დაბუნდოვნება, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ფიზიკურ სამყაროსთან უშუალოდ მომიჯნავე სულიერ სფეროებში და ამის კვალდაკვალ ვაღიაროთ გოლგოთას მისტერიის განახლების გარდუვალობა, რათა დედამიწაზე ადამიანთა საფშვინველებში განხორციელდეს ქრისტეს მიმცხრალი ცნობიერების აღდგომა.
გოლგოთას მისტერიიდან მოყოლებული ადამიანთაგან მრავალს შესწევდა ძალა ქრისტე ექადაგა, ხოლო მე-20 საუკუნიდან სულ უფრო და უფრო გაიზრდება იმათი რიცხვი, რომლებიც შეძლებენ სხვათა დასამოძღვრავად ახსნან ქრისტეს არსი როგორც ამას თეოსოფია გვამცნობს. ისინი ქრისტეს საკუთარი გამოცდილებიდან იქადაგებენ და გააცხადებენ.
ქრისტე ორჯერ ეცვა ჯვარს: ერთხელ ფიზიკურად – ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, დედამიწაზე; მეორედ სულიერად – მე-19 საუკუნეში, როგორც ზემოთ აღვწერეთ, შეიძლება ითქვას რომ უწინ კაცობრიობა მისი სხეულის აღდგომას განიცდიდა; მე-20 საუკუნიდან მოყოლებული იგი მისი ცნობიერების აღდგომას განიცდის.
ის, რაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მოვნიშნე, თანდათანობით ადამიანთა საფშვინველებში შეაღწევს, ხოლო შუამავლადა, მახარობლად მიქელ მთავარანგელოზი გვეყოლება, რომელიც დღეს ქრისტეს მესიტყვეა ისევე როგორც იგი ადამიანთა საფშვინველებს ოდესღაც განამზადებდა, რომ მათ ქრისტეს ცხოვრების ზეციდან მიწაზე გარდამოსვლა ეგრძნოთ, ასე დღესაც განამზადებს კაცობრიობას, რომ მან შეძლოს, განიცადოს ქრისტეს ცნობიერების შეუგნებელიდან შეგნებულისკენ წარმართვა. და ისე, როგორც ქრისტეს მიწაზე ცხოვრების დროს მის თანამედროვეთა უმრავლესობას არ ძალუძდა ერწმუნა, რომ დედამიწის ევოლუციაში უდიდესი ძვრა მოხდა, ასე ჩვენს დროშიც ისინი, რომლებიც ცდილობენ სულ უფრო და უფრო გაზარდონ მატერიალიზმის ძალაუფლება დედამიწაზე, ყოველივე იმას, რაც ეს-ეს არის ვთქვით, ძალიან დიდხანს მიიჩნევდნენ ფანტაზიად, ზმანებად და ზოგჯერ სისულელედაც კი. ასევე ეჭვის თვალით შეხედავენ სიმართლეს მიქელ მთავარანგელოზზე, რომელიც ისევ იწყებს ქრისტეს გამოვლინებას ჩვენს დროში. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აღიარებს ახალ ერად იმას, რაც ახლა იწყება და რაც მომავალ საუკუნეებში ადამიანების საფშვინველთა წიაღ ვითარცა მზე აღმობრწყინდება. ხოლო მიქელ მთავარანგელოზის მზესთან მიდარება ნიადაგ ეგების. და ბევრმა მიქელის ახალი გამოცხადება რომც ვერ განჭვრიტოს, იგი კაცობრიობაში მაინც განიფინება.
აი რა შეიძლებოდა თქმულიყო დღეს იმ ადგილის თაობაზე, რომელსაც გოლგოთას მისტერია დაიკავებს ჩვენს დროში. მოდით, ეს გრძნობები ჩვენს საკუთრებად ვაქციოთ, რამეთუ ამის განხორციელება შეგვაძლებინებს ვიყოთ ნამდვილი თეოსოფები. თანდათანობით, შესაბამისად სხვა გამოცხადებებიც მოგვეახლებიან, რომელთაც დღეს უნდა განვუმზადოთ ჩვენი საფშვინველები, მაგრამ განა ეგოისტურად არ ჩაგვეთვლებოდა, უკეთუ ამ გრძნობებს მხოლოდ ჩვენთვის, როგორც სანუკვარ სიხარულს, გადავინახავდით? უმჯობესია, თეოსოფიისაგან ჩვენდამი მინიჭებულ მაღალ მოვალეობად მივიჩნიოთ, ვიყოთ ამ გამოცხადებათა მოხალისე მოსაგრენი! და თუმცა, ჩვენ მთელი კაცობრიობის უმცირეს ნაწილს წარმოვადგენთ, რომელიც მიილტვის ჩასწვდეს ახალ ჭეშმარიტებას გოლგოთას მისტერიის შესახებ, მიქელ მთავარანგელოზის ამ ახალი გამოცხადების სრული შემეცნებით ჩვენ მაინც ვქმნით ახალ ძალას, რაც ამ გამოცხადებაში ოდნავადაც არ არის დამოკიდებული ჩვენს სისუსტეზე, არამედ სავსებით თვითონ გამოცხადებით, თვითონ ჭეშმარიტებით არის შთაგონებული და გაპირობებული.
მაშინ მთლიანად განვახორციელებდით იმას, რასაც ახლა მხოლოდ მცირენი იუწყებიან კაცობრიობის მერმისად, რამდენადაც ადამიანს ამის ყურად ღება ძალუძს.
ჩვენი დროიდან იწყება ქრისტეს ახალი გამოვლინება – ჩვენ მზად ვართ ეს შევიმეცნოთ, ჩვენ გვსურს ვეკუთვნოდეთ იმ პატარა საძმოს, რომელიც ცდილობს ყოველივე ეს სულ უფრო და უფრო გაზარდოს და დააფუძნოს; ჩვენ გვსურს ამ გამოვლინების შინაგანი ძალა მოვიკრიბოთ, რათა იგი ისე განეფინოს დანარჩენ კაცობრიობას, რომ თანდათანობით მისი შემეცნება ყველამ შეძლოს.
ეს სწორედ ის ძალა გახლავთ, ჩვენ რომ სიბრძნეს ვუწოდებთ, ხოლო მავანნი სისულელედ მიიჩნევენ. უფრო მკვიდრად რომ დავეფუძნოთ, დღეს უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი დრო მიქელ მთავარანგელოზის მეორედ გამოვლინების დროა და უნდა გვახსოვდეს, რა თქვა ძველ ხელდასხმულთაგან ერთ-ერთმა მიქელის პირველი გამოვლინების დროს: „ხშირად რაც კაცთათვის სისულელეა, ღვთისათვის ის სიბრძნეა“.
ვეცადოთ, ჩვენთვის მოვიწიოთ დღეს ძალა ამგვარი გრძნობებიდან, ამგვარი სულიერი შემეცნებიდან, სისულელედ რომ მიუჩნევიათ მავანთ, ვინც შემეცნებისას გრძნობადზე არიან დამოკიდებულნი, ხოლო ჩვენთვის ნათელს რომ წარმოადგენს და სულიერი სამყაროების, ზეგრძნობადის მკაფიო შემეცნება რომ ჰქვია, რასაც მთელი ჩვენი ფშვინვიერი ძალითა და ჩვენეული თეოსოფიური მრწამსით ვესწრაფვით.