რ. შტაინერი – სქესებად დაყოფა

რ. შტაინერი – სქესებად დაყოფა

როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს თანამედროვე ადამიანის იერი „აკაშა-ქრონიკის“ წინა თავებში აღწერილი უძველესი დროის ადამიანის იერისაგან, თუკი კაცობრიობის ისტორიაში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, მივალთ კიდევ უფრო განსხვავებულ მდგომარეობამდე.

ვინაიდან, კაცისა და ქალის ფორმებიც წარმოიქმნენ ასევე მხოლოდ დროთა განმავლობაში, ამასთან კიდევ უფრო ძველი ძირითადი ფორმისაგან, როცა ადამიანი არც კაცი იყო და არც ქალი, არამედ ერთდროულად ერთიცა და მეორეც. ვისაც სურს წარმოდგენა შეიქმნას ამ შორეულ, უკვე განვლილ პერიოდზე, ცხადია, მთლიანად უნდა გათავისუფლდეს იმ ჩვეულებრივი წარმოდგენებისაგან, რომლებიც ადამიანის გარშემო მომხდარისა და ნანახის საფუძველზე აღმოცენდნენ. დრო, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, განეკუთვნება იმ ეპოქის რამდენადმე ადრეულ ხანას, რომელსაც წინა თავებში ლემურია ვუწოდეთ. იმ პერიოდის ადამიანური სხეული რბილი პლასტიკური ნივთიერებებისგან შედგებოდა. ჯერაც რბილი და პლასტიკურნი იყვნენ აგრეთვე დედამიწის სხვა წარმომაქმნებიც. საკუთარ გვიანდელ გამყარებასთან შედარებით მაშინ დედამიწა ჯერ კიდევ დენად, ბევრად უფრო თხევად მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმ დროს, მატერიალურში განსხეულებისას, ადამიანურ სამშვინველს შეეძლო ამ მატერიას გაცილებით უკეთ შეგუებოდა, ვიდრე მოგვიანებით; ვინაიდან სამშვინველის მიერ კაცის ან ქალის სხეულის მიღება მომდინარეობს იმ ზემოქმედებისგან, რომლითაც გარემიწიერი ბუნების განვითარება ერთს, ან მეორეს განაპირობებს. სანამ მატერია ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული, სამშვინველს შეეძლო ისინი საკუთარი კანონებისთვის დაექვემდებარებინა. სამშვინველი სხეულს აქცევდა საკუთარი არსის ანაბეჭდად, მაგრამ როცა მატერია გამყარდა, იგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმ კანონებს, რომლებსაც ამ ნივთიერებებს გარემიწიერი ბუნება აუწყებდა. მანამ, სანამ მატერიაზე სამშვინველის ძალაუფლება ვრცელდებოდა, იგი საკუთარ სხეულს აგებდა არა კაცის ან ქალის სახით, არამედ მას ერთდროულად ანიჭებდა ორივე მათგანის თვისებებს. რადგანაც სამშვინველი ერთდროულად ქალისა და კაცის ბუნებისაა, ამიტომ საკუთარ თავში ორივე ბუნებას ატარებს. მისი მამაკაცური საწყისი ენათესავება იმას, რასაც ნებელობას ვუწოდებთ, ხოლო ქალური საწყისი – წარმოდგენას.

დედამიწის გარეგნულმა წარმოქმნამ სხეული მიიყვანა ცალმხრივი აგებულების ათვისებამდე. მამაკაცის სხეულმა მიიღო იერი, რომელიც განპირობებულია ნებელობითი საწყისით, ხოლო ქალისა კი, პირიქით – ატარებს უფრო წარმოდგენის ანაბეჭდს. ასე განხორციელდა ის, რომ ორსქესიანი მამაკაცურ-ქალური სამშვინველი ცხოვრობს ერთსქესიანი მამაკაცის ან ქალის სხეულში. ამრიგად, განვითარების მანძილზე გარეგნულ მიწიერ ძალთა ზეგავლენით სხეულმა იმდენად განსაზღვრული ფორმა შეიძინა, რომ სამშვინველს ამიერიდან აღარ შეეძლო ამ სხეულში მთელი თავისი შინაგანი ძალა ჩაეღვარა. მას საკუთარი არსების შიგნით უნდა დაეტოვებინა თავისივე ძალის ნაწილი და ამ სხეულში მხოლოდ მის ნაწილს შეეძლო ჩაღვრილიყო.

თუკი თვალს მივადევნებთ აკაშა-ქრონიკას, აღმოჩნდება, რომ უძველეს დროში ადამიანური ფორმები გვიანდელისგან სრულიად განსხვავებულად, რბილი და პლასტიკური სახით წარმოგვიდგებიან. თავის თავში ისინი ჯერ კიდევ თანაბრად შეიცავენ კაცისა და ქალის ბუნებას. დროთა განმავლობაში მატერია გამყარებას აგრძელებდა. ადამიანური სხეული ჩნდება ორი ფორმით, რომელთაგან ერთი გვიანდელი მამაკაცისას, ხოლო მეორე – გვიანდელი ქალისას ემსგავსება. ამ განსხვავების წარმოქმნამდე ყველა ადამიანს შეეძლო საკუთარი არსებისგან სხვა ადამიანი ეშვა. განაყოფიერება გარეგნული აქტი კი არ იყო, არამედ ისეთი რამ, რაც ადამიანური სხეულის შიგნით ხორციელდებოდა. მამაკაცისა და ქალის ფორმად გარდაქმნის გამო, სხეულმა თვითგანაყოფიერების ეს უნარი დაკარგა. მისთვის აუცილებელი შეიქმნა სხვა სხეულთან ურთიერთობა, რათა ახალი ადამიანი ეშვა.

ორ სქესად გაყოფის ჟამი დგება მაშინ, როდესაც დედამიწა განსაზღვრულ დონემდე გამყარებას აღწევს. ნივთიერებათა სიმყარე აკავშირებს გამრავლების ძალთა გარკვეულ ნაწილს. ამ ძალის ქმედითუნარიანი ნაწილი გარედან, სხვა ადამიანის საპირისპირო ძალისაგან, საჭიროებს შევსებას, ამასთან, როგორც მამაკაცის ისე ქალის სამშვინველმა უნდა შეინარჩუნოს საკუთარი ადრინდელი ძალის ნაწილი. მას არ შეუძლია იგი გარეგნულ სხეულებრივ სამყაროში გახარჯოს. ახლა ძალის ეს ნაწილი მიმართულია ადამიანის შინაგანი ორგანოებისკენ. შეუძლებელია მან გარეთ იჩინოს თავი და ამიტომაც თავისუფლდება შინაგანი ორგანოებისთვის.

ახლა კი კაცობრიობის განვითარებაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება. ის, რასაც ჰქვია სული, აზროვნების უნარი, ადრე ადამიანში საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა; რადგან მაშინ ეს უნარი ვერ შეძლებდა საკუთარი მოღვაწეობისთვის შესაფერისი ორგანო ეპოვა. სამშვინველი მთელ თავის ენერგიას გარეთ, სხეულის შესაქმნელად ხარჯავდა. ახლა კი, მშვინვიერ ძალას, რომელიც ვერ ხედავს გარეთ საკუთარი გამოყენების აუცილებლობას, შეუძლია სულიერ ძალასთან შეერთება. ამ შეერთების მეშვეობით სხეულში ვითარდებიან ორგანოები, რომლებიც მოგვიანებით ადამიანს მოაზროვნე არსებად გადააქცევენ.

ამრიგად, საკუთარი არსების სრულყოფისთვის ადამიანს შეეძლო გამოეყენებინა იმ ძალის ნაწილი, რომელსაც ადრე ხარჯავდა მისივე მსგავსის შესაქმნელად. ძალა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა მოაზროვნე ტვინს იქმნის, იგივე ძალაა, რითაც ადამიანი ადრეულ პერიოდებში საკუთარ თავს ანაყოფიერებდა. აზროვნება შეძენილ იქნა ერთსქესიანობის ფასად. თვითგანაყოფიერების შეწყვეტითა და ურთიერთგანაყოფიერების დაწყებით ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთ წარმომქნელ ძალთა ნაწილი შიგნითკენ მიმარტონ და მოაზროვნე ქმნილებებად გარდაიქმნან. ამრიგად, გარესამყაროში მამაკაცისა და ქალის სხეულები წარმოადგენენ სამშვინველის არასრულყოფილ წარმონაქმნებს, მაგრამ საკუთარ არსებაში სწორედ ამით ყალიბდებიან უფრო სრულყოფილ ქმნილებებად.

ეს გარდაქმნა ადამიანში ძალზე ნელა და თანაბრად ხორციელდება. უძველეს ორსქესიან ადამიანურ ფორმათა გვერდით თანდათან ჩნდებიან უფრო ახალგაზრდა, ერთსქესიანი ფორმები.

განაყოფიერების სხვა სახე ადამიანში მაშინ ყალიბდება, როცა იგი სულიერ არსებად გადაიქცევა. მშვინვიერ ძალთა სიჭარბისგან წარმოქმნილ შინაგან ორგანოთა განაყოფიერებას სული ახორციელებს. თავისთავად სამშვინველი ორსქესიანია: იგი მამაკაცურ-ქალურია. უძველეს დროში მან საკუთარი სხეულიც ასეთად ჩამოქნა. მოგვიანებით გარესამყაროსთვის იგი საკუთარ სხეულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი სხვა სხეულთან ექნება ურთიერთქმედება. თავად სამშვინველი კი ამით სულთან ურთიერთობის უნარს შეიძენს. ამიერიდან გარესამყაროსთვის ადამიანის განაყოფიერება ხდება გარედან, ხოლო შინაგანისთვის – შიგნიდან, სულის მიერ.

შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის სხეულს ქალის სამშვინველი აქვს, ხოლო ქალის სხეულს – მამაკაცის სამშვინველი. ამ შინაგან ცალმხრივობას ადამიანში ახლა სულით განაყოფიერება აწონასწორებს. ცალმხრივობა ისპობა. მამაკაცის სამშვინველი ქალის სხეულში და ქალის სამშვინველი კაცის სხეულში სულით განაყოფიერების მეოხებით ორსქესიანი ხდებიან. ამგვარად, ქალი და მამაკაცი განსხვავდებიან თავიანთი გარეგნული იერით; შიგნით კი ეს მშვინვიერი ცალმხრივობა ერთშიც და მეორეშიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. შიგნით სული და სამშვინველი ერთმანეთს ერწყმიან. ქალში მამაკაცურ სამშვინველზე სული ქალურად ზემოქმედებს და ამდენად, მას მამაკაცურ-ქალურად გადააქცევს. ხოლო მამაკაცში ქალურ სამშვინველზე სული მამაკაცის სახით ზემოქმედებს და შესაბამისად მას მამაკაცურ-ქალურად აყალიბებს. ადამიანურმა ორსქესიანობამ გარეგნული სამყაროდან, რომელშიც არსებობდა იგი ლემურიულ პერიოდამდე, ახლა ადამიანის შიგნით გადაინაცვლა.

როგორც ვხედავთ, ადამიანის უმაღლეს შინაგან სამყაროს არაფერი აქვს საერთო მამაკაცსა და ქალთან; თუმცა ქალში შინაგანი წონასწორობა მომდინარეობს მამაკაცური სამშვინველიდან. მამაკაცში კი, შესაბამისად, ქალური სამშვინველიდან. ბოლოს და ბოლოს, თანასწორობა სულთან შერწყმას მოაქვს, ხოლო ის გარემოება, რომ ამ თანასწორობის განხორციელებამდე არსებობს განსხვავება – წარმოადგენს ადამიანური  ბუნების საიდუმლოებას. ამ საიდუმლოს შეცნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი იდუმალთმეტყველებისთვის, რადგანაც ეს წარმოადგენს გასაღებს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცანების გადასაწყვეტად. ჯერჯერობით ამ საიდუმლოებაზე ჩამოფარებული საბურველის ჩამოხსნა ნებადართული არ არის…

ამდენად, ფიზიკური ადამიანი ერთსქესიანობიდან განვითარდა ორსქესიანობამდე, მამაკაცად და ქალად დაყოფამდე. ამის წყალობით იქცა ადამიანი იმ სულიერ არსებად, როგორსაც ამჟამად წარმოადგენს; არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს დედამიწასთან დაკავშირებული ცნობიერი არსებები მანამდე არ არსებობდნენ., თუკი თვალს მივადევნებთ აკაშა-ქრონიკას, ცხადია აღმოჩნდება, რომ საკუთარი ორსქესიანობის წყალობით, ადამიანი ლემურიის ეპოქის პირველ პერიოდებში სრულიად განსხვავებულ არსებას წარმოადგენდა, ვიდრე ამჟამინდელი ადამიანი. მას არ შეეძლო საკუთარი გრძნობაში აღქმები აზრობრივად დაეკავშირებინა, იგი ვერ აზროვნებდა. მისი ცხოვრება იმართებოდა მიდრეკილებებით, ხოლო სამშვინველი ვლინდებოდა მხოლოდ ინსტინქტებში, გულისთქმაში, ცხოველურ სურვილებში და ა.შ.

მისი ცნობიერება სიზმრისებრი იყო. ცხოვრება მისთვის ბუნდოვნად მიედინებოდა; მაგრამ ამ ეპოქაში სხვა არსებებიც ცხოვრობდნენ. ცხადია, ისინიც ორსქესიანნი იყვნენ, რადგან დედამიწის განვითარების მაშინდელ მდგომარეობაში შეუძლებელი იყო კაცისა და ქალის ადამიანური სხეულები წარმოქმნილიყვნენ. ამისთვის აუცილებელი გარეგნული პირობები ჯერ კიდევ არ არსებობდა. თუმცა იყვნენ ისეთი არსებებიც, რომელთაც შეეძლოთ (ორსქესიანობისდა მიუხედავად) შემეცნება და სიბრძნე შეეძინათ. ეს შესაძლებელი იყო იმის წყალობით, რომ კიდევ უფრო ადრეულ პერიოდებში მათ სულ სხვაგვარი განვითარება განვლეს. სულით განაყოფიერების შესაძლებლობა მათ სამშვინველს ისე მიეცა, რომ კაცობრიობის ფიზიკური სხეულის შინაგან ორგანოთა განვითარებას აღარ დალოდებია.

თანამედროვე ადამიანის სამშვინველს მხოლოდ ფიზიკური ტვინის დახმარებით ძალუძს გაიაზროს ის, რასაც ფიზიკური გრძნობების მეოხებით გარედან იღებს. ეს განპირობებულია ადამიანის მშვინვიერი განვითარებით. ადამიანის სამშვინველი უნდა დალოდებოდა ტვინის წარმოქმნას, რომელიც სამშვინველსა და სხეულს შორის შუამავლად იქცა. ამგვარი შემოვლითი გზის გარეშე სამშვინველი დაკარგავდა სულს და სიზმრისებრი ცნობიერების საფეხურზე დარჩებოდა.

ზემოხსენებულ ზეადამიანურ არსებებში ეს ყოველივე სულ სხვაგვარად მიმდინარეობდა. ამ არსებათა სამშვინველმა ადრეულ საფეხურზევე განივითარა ის მშვინვიერი ორგანოები, რომლებიც სულთან შეერთებისას არანაირ ფიზიკურს არ საჭიროებდნენ. მათი შემეცნება და სიბრძნე ზეგრძნობადი გზით იქნა მოპოვებული. ასეთ შემეცნებას ინტუიციური ეწოდება. თანამედროვე ადამიანი თავისი განვითარების მხოლოდ შედარებით უფრო გვიანდელ საფეხურზე მიაღწევს ისეთ ინტუიციას, რომელიც მას გრძნობადის გარეშე სულთან შეხების შესაძლებლობას მისცემს. მან უნდა შეასრულოს შემოვლითი გზა გრძნობადი საგნობრიობის გავლით. ასეთ გზას უწოდებენ ადამიანური სამშვინველის მატერიაში გარდამოსვლას, ანუ პოპულარულად „შეცოდებას“.

ზეადამიანური არსებებისთვის თავიანთი ადრინდელი, სულ სხვა სახის განვითარების წყალობით, ამ გარდამოსვლაში მონაწილეობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. იმდენად, რამდენადაც ამ არსებათა სამშვინველებმა უკვე მიაღწიეს განვითარების უფრო მაღალ საფეხურს, ამდენად მათი ცნობიერება სიზმრისებრი კი არ იყო, არამედ შინაგანად მკაფიო. მათთვის შემეცნებისა და სიბრძნის აღქმას წარმოადგენდა ნათელხილვა, რომელიც არანაირ გრძნობებსა და აზროვნების ორგანოს არ საჭიროებდა. სიბრძნე, რომლის შესაბამისად სამყაროა აგებული, უშუალოდ მათივე სამშვინველში კაშკაშებდა. ამიტომ, მათ შეეძლოთ ჯერ კიდევ ბუნდოვანი ცნობიერების მდგომარეობაში ჩაფლული ნორჩი კაცობრიობის ბელადებად ქცეულიყვნენ. ისინი ატარებდნენ „უძველეს სიბრძნეს“, რომლის წვდომისთვისაც კაცობრიობა ზემოაღნიშნული შემოვლითი გზით ჯერ მხოლოდ ისწრაფვის ზევითკენ;

ეს არსებები ე.წ. „ადამიანისგან“ იმით განსხვავდებოდნენ, რომ სიბრძნე მათთვის ასხივებდა, როგორც „ზეგარდმო“ თავისუფალი ძღვენი, მსგავსად მზის სხივისა, რომელიც ჩვენთვის ანათებს. „ადამიანი“ კი სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას სიბრძნე გრძნობებისა და აზროვნების ორგანოთა მუშაობით უნდა მოეპოვებინა. თავდაპირველად მას ეს თავისუფალი ძღვენივით არ ეძლეოდა. ადამიანი საამისო ჟინით უნდა გამსჭვალულიყო და მხოლოდ მაშინ, როცა მასში იარსებებდა სიბრძნისადმი ასეთი ჟინი, შეეძლო იგი გრძნობებისა და აზროვნების ორგანოთა მეშვეობით გამოემუშავებინა. ამდენად, სამშვინველში უნდა გაღვიძებულიყო ახალი განზრახვა: ცოდნის წყურვილი და ჟინი. ადამიანურ სამშვინველს არ შეეძლო ეს წყურვილი განვითარების ადრეულ საფეხურებზე ჰქონოდა. მისი ზრახვები შემოქმედებითი მუშაობისკენ მხოლოდ გარეგნულად იყო მიმართული და მასში ხორციელდებოდა სიზმრისებრი ცხოვრების მსგავსად, მაგრამ გარეგნული სამყაროს შემეცნებისა და ცოდნისკენ არ იყო მიდრეკილი. ცოდნისკენ ლტოლვა მხოლოდ სქესთა გაყოფის შემდეგ გაჩნდა.

ნათელხილვის გზით ზეადამიანურ არსებებს სიბრძნე სწორედ იმიტომ ეხსნებოდათ, რომ ისინი მისადმი ამგვარ ლტოლვას არ ატარებდნენ. ისინი ელოდებოდნენ, რომ სიბრძნე ისევე გამოასხივებდა მათთვის, როგორც ჩვენ ველოდებით მზის სხივს, რომელსაც ღამით ვერ წარმოვქმნით, მაგრამ დილით თავისთავად უნდა გვეწვიოს. ცოდნის წყურვილს იწვევს სწორედ ის, რომ სამშვინველი გამოიმუშავებს შინაგან ორგანოებს (ტვინს და ა.შ.), რომელთა მეშვეობითაც ცოდნას ეუფლება. ეს იმის შედეგია, რომ მშვინვიერ ძალთა ნაწილი საკუთარ ქმედებას უკვე გარეთ კი არ მიმართავს, არამედ შიგნით. ხოლო ის ზეადამიანური არსებები, რომელთაც მშვინვიერ ძალთა ამგვარად გაყოფა არ განუხორციელებიათ, მთელ თავიანთ მშვინვიერ ენერგიას გარეთ მიმართავენ. ამიტომ, გარეთ სულით განაყოფიერებისთვის ისინი იმ ძალასაც ფლობენ, რომელსაც „ადამიანი“ შიგნით, შემეცნების ორგანოთა ასაგებად მიმართავს.

ამასთან, ძალა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი მიმართულია გარეთ, სხვებთან ურთიერთქმედებისთვის, არის სიყვარული. ზეადამიანური არსებები მთელ თავიანთ სიყვარულს მიმართავენ გარეთ, რათა მათში სამყაროსეული სიბრძნე ჩაღვრილიყო; მაგრამ „ადამიანს“ ძალუძს გარეთ მხოლოდ ძალის ნაწილი წარმართოს. „ადამიანი“ გახდა გრძნობადი და მასთან ერთად გრძნობადად იქცა მისი სიყვარულიც. გარესამყაროს იგი ართმევს საკუთარი არსების იმ წილს, რომელსაც ხარჯავს თავისივე შინაგანი ჩამოყალიბებისთვის. ამაში ჩადებულია ის, რასაც თავკერძობას უწოდებენ.

მას შემდეგ, რაც საკუთარ ფიზიკურ სხეულში მამაკაცად და ქალას იქცა, „ადამიანი“ ემორჩილება საკუთარი არსების მხოლოდ ნაწილს, დანარჩენი ნაწილით კი გარემომცველ სამყაროსგან განცალკევდა. იგი თავკერძა არსებად იქცა. თავკერძა გახდა მისი ქმედება გარეთ და შინაგანი განვითარებისკენ სწრაფვაც. მას უყვარდა იმიტომ, რომ სურდა; აზროვნებდა იმიტომ, რომ სწორედ ასევე სწადდა ცოდნაც. ამ ჯერ კიდევ ბავშვივით თავკერძა ადამიანის გვერდით ბელადები, ზეადამიანური არსებები ისე იდგნენ, როგორც თავგანწირულნი, საყოველთაო სიყვარულით აღსავსენი. მათი სამშვინველი, რომელიც არაა დავანებული არც მამაკაცის და არც ქალის სხეულში, თავად წარმოადგენს მამაკაცურ-ქალურს. მას უყვარს ნდომის გარეშე.

სქესებად გაყოფამდე ადამიანის უბიწო სამშვინველსაც ასე უყვარდა. სწორედ იმიტომ რომ მაშინ იგი იმყოფებოდა ჯერ კიდევ შედარებით დაბალ საფეხურზე (სიზმრისებრი ცნობიერების საფეხურზე), მას არ შეეძლო შეემეცნებინა; ასევე უყვარს ზეადამიანური არსების სამშვინველსაც, რომელსაც საკუთარი უმაღლესი განვითარების მიუხედავად, მაინც ძალუძს შემეცნება. „ადამიანმა” უნდა განვლოს თავკერძობა, რათა უმაღლეს საფეხურზე ხელახლა მივიდეს თავგანწირვამდე, ოღონდ უკვე სრულიად მკაფიო ცნობიერებით.

ზეადამიანური არსებების, უდიდეს ბელადთა ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ნორჩ ადამიანში საკუთარი თვისებები ანუ სიყვარულის თვისებები აღებეჭდათ; მათ შეეძლოთ ემოქმედათ. მშვინვიერი ძალის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც გარეთ იყო მიმართული. ასე წარმოიქმნა გრძნობადი სიყვარული. ამიტომ წარმოადგენს იგი მამაკაცის ან ქალის სხეულში სამშვინველის მოღვაწეობის თანმდევ მოვლენას. გრძნობადი სიყვარული ადამიანის ფიზიკური განვითარებისთვის ძალად იქცა. ეს სიყვარული აერთიანებს მამაკაცსა და ქალს, ვინაიდან ისინი ფიზიკურ არსებებს წარმოადგენენ. ფიზიკური კაცობრიობის წინსვლა სწორედ ამ სიყვარულს ეფუძნება – აღნიშნული ზეადამიანური არსებების ძალაუფლება მხოლოდ ამ სიყვარულზე ვრცელდებოდა.

ადამიანური მშვინვიერი ძალის ის ნაწილი, რომელიც მიმართულია შიგნით და უნდა მისულიყო შემეცნებამდე შემოვლითი გზითა თუ გრძნობათა მეოხებით, ზეადამიანურ არსებათა ორგანოთა განვითარებამდე არასდროს დასულან. მათ შეეძლოთ სიყვარულით აღეჭურვათ თავიანთი სწრაფვა სხეულის გარეთ, ვინაიდან გარეთ მიმართული სიყვარული თავის ქმედებაში, არსებითად მათივე საკუთარ არსს წარმოადგენდა. ეს იქცა იმ უფსკრულის მიზეზად, რომელიც ამ არსებებსა და ნორჩ კაცობრიობას შორის გაჩნდა. თავდაპირველად მათ შეეძლოთ მიეცათ შემეცნება, ვინაიდან საკუთრივ მათი შემეცნება არასოდეს დასდგომია შემოვლით გზას იმ შინაგანი ორგანოების მეშვეობით, რომლებსაც ახლა ადამიანი ივითარებდა. მათ არ ხელეწიფებოდათ საუბარი იმ ენაზე, რომელიც გასაგები იქნებოდა ტვინის მქონე არსებისთვის.

ადამიანის აღნიშნული შინაგანი ორგანოები სულთან შედარებისთვის მომწიფდნენ მიწიერი ყოფიერების იმ საფეხურზე, რომელიც ემთხვევა ლემურიის ეპოქის შუა პერიოდს, მაგრამ არასრულყოფილი სახით ისინი ერთხელ უკვე გამომუშავდნენ განვითარების გაცილებით უფრო ადრინდელ საფეხურზე; ვინაიდან სამშვინველი უკვე იმ ადრინდელ პერიოდებშიც გადიოდა ფიზიკურ განსხეულებებს, ოღონდ მაშინ იგი ცხოვრობდა არა დედამიწაზე, არამედ სხვა ციურ სხეულებში, გამკვრივებულ ნივთიერებაში. უფრო დაწვრილებით ამაზე საუბარი შემდეგში გახდება შესაძლებელი. ახლა კი მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მიწიერი არსებები ადრე სხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ და მასზე არსებული ცხოვრების პირობების შესაბამისად მიაღწიეს განვითარების იმ საფეხურს, რომელზეც დედამიწაზე გამოჩენისას იმყოფებოდნენ.

მათ სამოსელივით მოიშორეს წინა პლანეტის ნივთიერებები და ამ გზით მიღწეული განვითარების საფეხურზე გადაიქცნენ სამშვინველის წმინდა ჩანასახებად, რომლითაც გააჩნდათ შეგრძნების, გრძნობისა და ა.შ. უნარები; ერთი სიტყვით, უნარი, ეწარმოებინათ ის სიზმრისებრი ცხოვრება, რომელიც მათ მიწიერი არსებობის პირველ პერიოდებში ახასიათებდათ;

ჯერ კიდევ წინა პლანეტაზე ზეადამიანური არსებები, სიყვარულის სფეროს ბელადები, იმდენად სრულყოფილნი იყვნენ, რომ ამ შინაგან ორგანოთა ჩანასახების გამომუშავებამდე გარდამოსვლას უკვე აღარ საჭიროებენ.

თუმცა იყვნენ სხვა არსებებიც, რომლებიც ისე შორს არ წასულან, როგორც სიყვარულის ეს ბელადები. ისინი ჯერ კიდევ წინა პლანეტაზე მიეკუთვნებოდნენ „ადამიანებს“, მაგრამ მაშინ ადამიანებს გაუსწრეს. ამდენად, მართალია, ისინი დედამიწის წარმოქმნის საწყის ეტაპზე ადამიანებზე წინ იყვნენ, მაგრამ ჯერაც იმ საფეხურზე იმყოფებოდნენ, რომელზეც შემეცნება შინაგან ორგანოთა მეოხებით უნდა იქნას მოპოვებული. ეს არსებები განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ისინი ძალზე მაღალგანვითარებულნი იყვნენ საიმისოდ, რათა ადამიანური ფიზიკური სიყვარული (ქალისა და მამაკაცის) გაევლოთ, მაგრამ არც იმდენად რომ სიყვარულის ბელადების მსგავსად სრული ნათელხილვის გზით მოქმედება შესძლებოდათ, ხოლო „ადამიანებად“ ყოფნა უკვე აღარ შეეძლოთ.

ამდენად, მათ როგორც ნახევრად-ზეადამიანებს, რჩებოდათ მხოლოდ საკუთარი განვითარების შესაძლებლობა, ოღონდ ადამიანთა დახმარებით. მათ შეეძლოთ ტვინის მქონე არსებებთან საუბარი მათთვის გასაგებ ენაზე. ეს ადამიანის შიგნითკენ მიმართულ მშვინვიერ ძალას აგულიანებდა შემეცნებასა და სიბრძნესთან შერწყმისთვის. საერთოდ, პირველად ადამიანური სიბრძნე დედამიწაზე ამის მეშვეობით ჩამოვიდა. მისით შეეძლოთ ესარგებლათ ზემოაღნიშნულ „ნახევრად-ზეადამიანებს“, რათა თავად მოეპოვებინათ ის, რაც მათ სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ აკლდათ. ასე გადაიქცნენ ისინი ადამიანური სიბრძნის შემაგულიანებლად. ამიტომ უწოდებენ მათ სინათლის მატარებლებს (ლუციფერი). ამდენად იმ პერიოდში კაცობრიობას ორგვარი ბელადი ჰყავდა: სიყვარულის არსებანი და სიბრძნის არსებები.

ადამიანური ბუნება, დედამიწაზე თავისი ამჟამინდელი ფორმის მიღებისას, სიყვარულსა და სიბრძნეს შორის მდებარეობდა. სიყვარულის არსებები მას ფიზიკური განვითარებისთვის, სიბრძნის არსებები კი – შინაგანი არსების სრულყოფისთვის აქეზებდნენ. ფიზიკური განვითარების წყალობით კაცობრიობა წინ მიდის თაობიდან თაობამდე, ქმნის ახალ ტომებსა და რასებს. ხოლო შინაგანი განვითარების მეშვეობით ცალკეული პიროვნებები აღწევენ შინაგან სრულყოფილებას და ხდებიან მცოდნე ადამიანები, ბრძენნი, მხატვრები, ინჟინრები და ა.შ. ფიზიკური კაცობრიობა რასიდან რასამდე წინ მიიწევს. ფიზიკური განვითარების წყალობით თითოეული რასა მომდევნოს მემკვიდრეობით გადასცემს გრძნობადი აღქმისთვის ხელმისაწვდომ საკუთარ თვისებებს. აქ მემკვიდრეობის კანონია გაბატონებული. ბავშვები თავიანთი მამების ფიზიკურ თვისებებს მემკვიდროებით იღებენ.

ამის შემდეგ მოდის სულიერ-მშვინვიერი სრულყოფილების სფერო, რომლის წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ საკუთრივ სამშვინველის განვითარების გზით, რომელსაც მიწიერი არსებობის ფარგლებში სამშვინველის განვითარების კანონამდე მივყავართ. იგი დაკავშირებულია შობისა და სიკვდილის კანონსა და საიდუმლოსთან.

რუდოლფ შტაინერი – „აკაშა ქრონიკიდან“, 2000


About Tamta

Scroll To Top