ზოდიაქოს ნიშნები და სმს-გზავნილები, ანუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს მოკლეტექსტურ შეტყობინებებთან
ვერძი_ დავიწყოთ იქიდან, რომ ვერძის მოკლეტექსტური შეტყობინება ერთი მთლიანი კრიპტოგრამაა, მისი ამოცნობა დიდ დედუქციურ-ინდუქციურ ლოგიკურ მსჯელობას საჭიროებს. იმდენად სწრაფია, რომ ტექსტის აკრეფვისას უამრავ შეცდომას უშვებს, მერე კი მისი შემოწმება აზრადაც კი არ მოსდის, რადგან თვლის, რომ მისი სმს-ი უშეცდომოდაა აკრეფილი და ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ერთ სიტყვაში უნდა გამოიცნოთ მთელი აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არასწორად გაშიფრავთ მის კრიპტოგრამას, ვერძის იმპულსური მრისხანების ამოფრქვევას, მობილურშიც კი იგრძნობთ.
კურო _ გაგიკვირდებათ და, კუროები, ისევე, როგორც კირჩხიბების უმეტესობა, სმს-ების დიდი მოტრფიალენი არ არიან. მათ უკიდურესი გარემოება თუ აიძულებს სმს-ის მიწერას, მაგრამ… აი, აქ იმალება ძაღლის თავიც.
თუ ვინმესთან რაიმე აქვს მისაწერი, მართლა მოკლეტექსტურ შეტყობინებას წერს: “დამირეკე, საქმე მაქვს!” რას იფიქრებს ადამიანი ასეთი სმს-ის მიღებისას?! მართლაც, გულისხეთქვით უშვებს ზარს და… არ გაგიკვირდეთ, თუ ეს საქმე უბრალოდ მის გასტრონომიულ მოთხოვნილებებს ეხება (პირდაპირი თუ ირიბი გაგებით). მაგალითად, “მალე მოხვალ? მშია!”. მესმის მათი, ვისაც ამ დროს “ბოჩოლების” მიხრჩობის სურვილი უჩდებათ.
ტყუპები _ მობილური მათთვის სათადარიგო და მეორე ენაა. ნუ გაგეცინებათ, შესაძლებელი რომ იყოს, სხეულშიც ჩაიმონტაჟებდნენ. მანამდე კი ლოგინშიც კი მობილურით სძინავთ. მათი გზავნილები ხომ, მართლაც, ლიტერატურული შედევრებია (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), აბა, კიდევ, რომელ ნიშანს მოუვა თავში, გვერდით მჯდომ მეგობარს, საკუთარი სასიყვარულო ოდა ანდა ლირიკური ველრიბი სმს-ით მისწეროს?
კირჩხიბი _ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კირჩხიბების უმეტესობა დაჯილდოვებულია ლიტერატურული ნიჭით. ეს სმს—ებთან რა კავშირშიაო იტყვით. ახლავე აგიხსნით, კირჩხიბების უმრავლესობას სასტიკად არ უყვარს სმს-ების წერა. მათი აზრით, დარეკვა და სათქმელის თქმა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მობილურის კლავიატურაზე ასოების ძებნა და აკრეფვა, მაგრამ… ჰოი, საოცრებავ! როგორც კი რაიმე აქვთ ჩასანიშნი ანდა მუზა მოუვათ, ეგრევე დამხმარედ მობილურს მიმართავენ და ტექსტს მობილურის ბლოკნოტში კრეფენ.
ლომი _ არ შეიძლება ახლა ლომებზე არ ვიხუმრო? არა? თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპები დაირღვევა? კარგით, კარგით. არადა, როგორ არ მინდოდა მათზე ხუმრობა. ლომი სმს-ბს წერს, ეს უდაოა, ოღონდაც, მთავარია რას, როგორ, რატომ, ვის და ვისი თანდასწრებით. დაიბენით? ახლავე აგიხსნით. თუ თქვენ მისი ძალიან ღრმა ინტერესის სფეროში არ მოხვდით, არც კი იოცნებოთ, რომ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, პირველი კი არა, საერთოდ მოგწერთ, კეთილი ინებეთ და თქვენ მისწრეთ, მოიკითხეთ და ა.შ. მეორე, თუ მარტოა, მაშინ არაა პრობლემა, კლავიატურას ზუსტად ისე ფლობს, როგორც რახმანინოვი უკრავდა პიანინოზე, მაგრამ თუ დამსწრე საზოგადოებაა, და თუ ძალიან ინტიმურ რამეზე არ უნდა ილაპარაკოს, სმს-ში მისაწერი ტექსტის აკრეფვის ნაცვლად იღებს მობილურს, რთავს მიკროფონზე, თან საზოგაოდოებას ბოდიშს უხდის, რომ, ტელეფონი გაფუჭებული აქვს და სხვანაირად ვერ დაელაპარაკება ადრესატს და… თან წინ და უკან დადის და საკმაოდ ხმამაღლა იწყებს საუბარს.
ქალწული _ ქალწულის მიერ აკრეფილი მოკლეტექსტური შეტყობინება გრამატიკული შედევრია. მისი სმს-ი დალაგებული, მრავლისმეტყველი და ლაკონურია. ოღონდაც… როდესაც ქალწულის სმს-ს პასუხობთ, კარგად გადაიკითხეთ, სადმე შეცდომა ხომ არ გაგეპარათ, სასვენი ნიშნები ხომ არ გაკლიათ ანდა ხომ სწორად დასვით, თორემ საპასუხო გზავნილის სახით, მარტო პასუხს კი არა, კორექტურა და ცენზურა გავლილ საკუთარ ტექსტსაც მიიღებთ, გრამატიკის სახელმძღვანელოს შესაბამისი გვერდების მითითებით.
სასწორი _ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოკლეტექსტურ შეტყობინებებში საწორისეული თვისები _ მერყეობა, ორჭოფობა, ჰარმონიისა და მეგობრობისკენ მოწოდება _ საერთოდ ქრება. სამაგიეროდ, წინა პლანზეა გადმოსული დიპლომატიის შესაშური უნარი და საკუთრი მოტივების გაუმჟღავნებლად, ინფორმაციის მიღების უიშვიათესი ნიჭი.
მორიელი _ სიმართლე გითხრათ და, მორიელების მოკლეტექსტური შეტყობინებები დეტალურად არ შემისწავლია, ძირითადად პასუხებს მიბრუნებენ, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი, მათ შეუძლიათ ყველაზე უემოციო ადამიანიც კი შოკში ჩააგდონ, მაგალითად, სააღდგომო მილოცვაზე შეუძლიათ ისეთი პასუხი დააბრუნონ, რაც ყველა შესაძლო ირაციონალურ ჰიპოტეზაც კი ძალიან სცილდება, დაახლოებით შემდეგი სიტყვების მსგავსად: “სიკვდილი მოკვდა!”
მშვილდოსანი _ აი, ჭერშმარიტად ეს ის ნიშანია, რომელზეც ერთდროულად შესაძლებელია, მორბენალი სტრიქონი, ყველაზე სწრაფი თითები, ფიგარო და სხვა მსგავსი ეპითეტების თქმა. ნუ გიკვირთ, ზუსტად რამდენიმე წამში აგიკრიფავთ ვეფხისტყაოსნის სიდიდის ტექსტს, თან მინიმალური შეცდომებით და.. ასევე ნუ გაგიკვირდებათ, რომ სანამ თქვენ მიერ გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებაზე მობილური გამცნობთ რომ “მიწოდებულია”, მანამდე უკვე პასუხი მიიღოთ და თან ისეთი დახვეწილი სხარტულებით გაჯერებეული, რომ სურვილი გაგიჩდებათ “თჰე ვანოს შოუში” გააგზავნოთ. რას იზამთ, ისინი არავისი, მაგრამ მაინც, მასხარები არიან.
თხის რქა _ ნუ გგონიათ, რომ თხის რქები მართლა ისეთი სერიოზულები და საქმიანები არიან, როგორი იმიჯიც აქვთ. ეს მათ მოკლეტექსტურ შეტყობინებებზეც ისახება. ერთი შეხედვით, სერიოზული, საქმიანი სმს-ი, შესაძლებელია, სულ სხვა შინაარსს ატარებდეს და არა _ სეროიზულს და საქმიანს. ვინც თხის რქებს კარგად იცნობს, მათი იუმორიცა და ხალისობაც (ცუღლუტობაც) კარგად იცის. საქმიანი და სერიოზული სმს-ი: “შეხვედრაზე ვარ. ვერ ვასწრებ. გთხოვ, ნახევარ საათში შედი და აუცილებლად აიღე”, შესაძლოა, ასე იშიფრებოდეს: “შეხვედრაზე ვარ, იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება ვიდრე, ვფიქრობდი. გთხოვ, ნახევარ საათში ჩემს ფბ-ში შედი და მოსავალი აიღე, თორემ გახმება და შემდეგ ლეველ-ზე ვერ გადავალ”.
მერწყული _ რა თქმა უნდა, მისი მოკლეტექსტური შეტყობინებები, ძირითადად, ჩვეულებრივი, საქმიანი, ყოფითი და ა.შ. ხასიათისაა, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ მერწყულებს უწყინარი (მათ ასე ჰგონიათ) ხუმრობები წამოუვლით თავში და… ნუ გაბრაზდებით, თუ მოგივათ სმს-ი: “მანქანა დამეჯახა, არ ინერვიულო, მძიმე მოტეხილობებით გადავყავარ საავადმყოფოში”. გულგახეთქული გავარდებით, თქვენც არ იცით სად, თბილისის თითქმის ყველა საავადმყოფოს შემოივლით და ამ დროს ისევ ახალი შეტყობინებაა: “სად ხარ? მოვკდი ლოდინით, დაგავიწყდა, დღეს რომ უნდა შევხედროდით?”
თევზები _ საოცარი ნიშანია, მარტო მას თუ მოაფიქრდება მთელი ტექსტი სასვენი ნიშნების გარეშე აკრიფოს და გამოაგზავნოს და ორ წუთში დარეკოს და ბოდიშის მოხდის ტონით გითხრათ, რომ მობილურზე სასვენი ნიშნების ღილაკები ვერ იპოვა.
ავტორი: ნინო