ზოდიაქოს ნიშნების ტიპოლოგია (კვლევის პირველადი შედეგები)

ზოდიაქოს ნიშნების ტიპოლოგია (კვლევის პირველადი შედეგები)

საქართველოში პირველი ასტრო-ფსიქოლოგიური კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც სხვა კვლევებისგან განსხვავებული შედეგი მივიღეთ.

კვლევა ჩატარებულია სოციალური ქსელის ჯგუფების, ასტროლოგიური გვერდების საშუალებით, ზოგადი მახასიათებლების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რა ტიპის ადამიანები ინტერესდებიან ასტროლოგიით, ვინ ერთიანდება მსგავს ჯგუფებში.

როგორც წინა სტატიიდან ვიცით, ექსტრავერტისთვის დამახასიათებელია ამაღლებული განწყობა, კომუნიკაბელურობა, გარემოზე ორიენტირება, გარემოდან სტიმულის მიღების სურვილი, ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი; ექსტრავერტი საჭიროებს ადამიანებთან ურთიერთობას, ყველაფერ ახალს ადვილად ამჩნევს და ითვისებს, სწრაფად რეაგირებს, ახასიათებს რისკიანობა, იმპულსურობა, ოპტიმიზმის მაღალი დონე;

ინტროვერტი – სტიმულს შიგნიდან იღებს (საკუთარ თავზე ორიენტირება), დამახასიათებელია სიმორცხვე, პასიურობა, სიმშვიდე, მორიდებულობა, დისტანციურობა, ნაკლები კონტაქტურობა, მეგობრობა ადამიანთა მცირე რაოდენობასთან, ხმაურიანი კამპანიებისგან გარიდება, არ უყვარს თავის გამოჩენა, აკონტროლებს ემოციებს და ა.შ.

ამბოვერტი – ტიპაჟი, რომელიც ექსტრავერტი-ინტროვერტის ჯგუფს არ მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია ორივე ტიპაჟის თვისებები, ამბივალენტური მდგომარეობაა (ანუ გამოკვეთილად არცერთ ტიპს მიეკუთვნება).

 

რა შედეგები მივიღეთ

ასტრობლოგის ჩატარებულ კვლევაში სულ შეივსო 626 კითხვარი, რომელთაგან 23 სხვადასხვა მიზეზით გაუქმდა (ერთიდაიგივე პიროვნების რამდენჯერმე შევსებული ან  არასანდოდ მიჩნეული პასუხები). საბოლოოდ კვლევის შედეგები გაანალიზდა 603 კითხვარის მიხედვით.

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით გადანაწილება:

  • ვერძი – 57 (10%)
  • კურო – 38 (6%)
  • ტყუპები – 41 (7%)
  • კირჩხიბი – 60 (10%)
  • ლომი – 50 (8%)
  • ქალწული – 44 (7%)
  • სასწორი – 45 (7%)
  • მორიელი – 72 (12%)
  • მშვილდოსანი – 56 (9%)
  • თხის რქა – 45 (8%)
  • მერწყული – 53 (9%)
  • თევზები – 42 (7%)

ზოგადი მონაცემები – ასტროლოგიით დაინტერესებულთა მახასიათებელი

რამდენადაც კვლევა ჩატარებულია სოციალური ქსელის ჯგუფების, ასტროლოგიური გვერდების საშუალებით, ზოგადი მახასიათებლების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რა ტიპის ადამიანები ინტერესდებიან ასტროლოგიით, ვინ ერთიანდება მსგავს ჯგუფებში.

კვლევის მიხედვით, 603 გამოკითხულიდან 49,3% ინტროვერტია, 36,3% – ამბოვერტი, ხოლო 14,4% – ექსტრავერტი.

ნევროტიზმის დონის მიხედვით, გამოკითხულთა 48%-თვის დამახასიათებელია ნევროტიზმის მაღალი დონე.

ზოდიაქოს ნიშნები და ტიპოლოგია

ზოდიაქოს ნიშნებით გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ვერძი – ამბოვერტი (46%)
  • კურო – ინტროვერტი (53%)
  • ტყუპები – ინტროვერტი (51%)
  • კირჩხიბი – ინტროვერტი (48%)
  • ლომი – ინტროვერტი (54%)
  • ქალწული – ინტროვერტი (54%)
  • სასწორი – ინტროვერტი (58%)
  • მორიელი – ინტროვერტი (58%)
  • მშვილდოსანი – ამბოვერტი (48%)
  • თხის რქა – ინტროვერტი (55%)
  • მერწყული – ინტროვერტი (53%)
  • თევზები – ინტროვერტი (50%)

 

 როგორც ვხედავთ, განსხვავებული შედეგებია ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნის მიხედვით – ამ ნიშნებში ამბოვერტები ლიდერობენ.

ექსტრავერტები ყველაზე ნაკლებად (6%) მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შორის არიან, ხოლო ყველაზე მეტი (28%) – ვერძებში.

ამბოვერტების ყველაზე მეტი რაოდენობა (48%) – მშვილდოსნებისთვის იყო დამახასიათებელი, ყველაზე ნაკლები (21%) – მერწყულისთვის.

ინტროვერტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (58%) ჰქონდა სასწორსა და მორიელს, ხოლო ყველაზე ნაკლები (26%) – ვერძს. ზოგადად ინტროვერტების რაოდენობა მაღალია ყველა ნიშნისთვის.

სქესის მიხედვით განსხვავება

ვერძი: ორივე სქესის შემთხვევაში ამბოვერტი სჭარბობს.

კურო: ქალები – თითქმის თანაბარია ინტროვერტისა და ამბოვერტის მაჩვენებელი. კაცების შემთხვევაში – ინტროვერტი სჭარბობს.

ტყუპები: ორივე სქესის შემთხვევაში ინტროვერტი ლიდერობს.

კირჩხიბი: ქალი – ინტროვერტი, კაცი – ინტროვერტი და ამბოვერტი თანაბარი რაოდენობითაა.

ლომი: ორივე სქესის შემთხვევაში ინტროვერტი სჭარბობს.

ქალწული: ორივე სქესის შემთხვევაში ინტროვერტი სჭარბობს.

სასწორი: ორივე სქესის შემთხვევაში ინტროვერტი სჭარბობს.

მორიელი: ორივე სქესის შემთხვევაში ინტროვერტი სჭარბობს. აღსანიშნავია, რომ კაც მორიელებთან  ექსტრავერტი არ გამოვლენილა (0 შედეგი).

მშვილდოსანი: ორივე სქესის შემთხვევაში ამბოვერტი სჭარბობს.

თხის რქა: ქალი – ინტროვერტი, კაცი – ამბოვერტი.

მერწყული: ქალი – ინტროვერტი, კაცი – სამივე მაჩვენებელი (ინტროვერტი, ამბოვერტი, ექსტრავერტი) თანაბარი რაოდენობითაა.

თევზები: ქალი – ინტროვერტი, კაცი – ინტროვერტისა და ამბოვერტის თანაბარი მაჩვენებელი. როგორც მორიელი კაცის შემთხვევაში, კაც თევზებთან ექსტრავერტის მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

ტემპერამენტის ტიპი

ამ მონაცემებით ტემპერამენტის ტიპის შედეგები სიმცირის გამო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა, შესაბამისად ვერ განვაზოგადებთ. შედეგების დათვლის დროს მკვეთრად გამოხატული ტემპერამენტი აღმოაჩნდა 278 ადამიანს (გამოკითხულთა 46%). მათგან 57% – მელანქოლიკია, 23% – ფლეგმატიკი, 11% – ქოლერიკი, 9% – სანგვინიკი.

პირადი მონაცემების გავლენა და შეჯამება

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ასტროლოგიით დაინტერესებულთა შორის ინტროვერტები სჭარბობენ.

მოსალოდნელი იყო, რომ:  ა)ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი), ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი, მერწყული) მეტად იქნებოდნენ ექსტრავერტები ან ამბოვერტები. რამდენადაც გამოკითხულთა ნახევარი ინტროვერტი იყო, ზოდიაქოს ნიშნების განაწილებაზეც აისახა და კვლევის შედეგების მიხედვით მხოლოდ ვერძისა და მშვილდოსნის წარმომადგენლებს შორის აღმოჩნდა ამბოვერტთა მაღალი მაჩვენებელი. ბ)მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ნიშნები ინტროვერტები იქნებოდნენ, რაც დამტკიცდა. თუმცა გავლენა ზოგადმა შედეგებმაც იქონია.

ვერძისა და მშვილდოსნის შემთხვევაში ცეცხლისა (ე.წ. კლასიკური წარმომადგენლები) და ჰაერის გავლენიანები მეტნი იყვნენ.

ცეცხლის სტიქიის კიდევ ერთი ნიშნის – ლომის მონაცემებით ინტროვერტი სჭარბობს.  კვლევაში ჩაწერილი პირადი მონაცემების შედარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ინტროვერტ ლომებს მიწის (ქალწულის ან თხის რქის) ან წყლის (კირჩხიბის) ნიშნის გავლენა ჰქონდათ, ხოლო ამბოვერტ ლომებს – ჰაერის ნიშნის (ტყუპები ან მერწყული)*. ცეცხლის სტიქიის გავლენიანი ლომები – თითქმის არ მონაწილეობდნენ.

მონაცემების მიხედვით, ტყუპების ე.წ. კლასიკური წარმომადგენლები** ამბოვერტები იყვნენ, მიწისა (ქალწულის ნიშანი) და წყლის (კირჩხიბი ან მორიელი) გავლენიანები – ინტროვერტები.

შესაბამისად, მიუხედავად ზოდიაქოს ნიშნისა პირად რუკაში წყლის ან მიწის ძლიერი გავლენა – ინტროვერტობას განაპირობებს, ჰაერის სტიქიის – ამბოვერტობას, ხოლო ცეცხლის სტიქიის – ექსტრავერტობას.

ტემპერამენტის ტიპისა და სქესის მიხედვით განაწილებისთვის აუცილებელია კვლევის გაგრძელება.

ამ კვლევის მთავარი ნაკლიც და დადებითი მხარეც ასტროლოგიით დაინტერესებულთა მონაწილეობაა. ერთის მხრივ დადგინდა ასტროლოგიით დაინტერესებულთა მახასიათებლები, მეორე მხრივ კი – ზოგადი ფონი შესაძლოა სხვა აღმოჩნდეს. კარგი იქნება იმ ადამიანთა მონაცემების გაანალიზებაც, რომლებიც ასტროლოგიით არ არიან დაინტერესებული. ამ კუთხით კვლევა მეტ შედეგს, მნიშვნელობას მოგვცემს და მომავალში მისი გაგრძელება იგეგმება…

*პირადი პლანეტებიდან, როგორიცაა მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი – ორი ან მეტი პლანეტა ხვდება დასახელებულ ნიშნებში.

**კლასიკურ წარმომადგენელი – სამი ან მეტი პირადი დონის (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი) პლანეტის მდებარეობა  საკუთარ ზოდიაქოს ნიშანში ან იგივე სტიქიის სხვა ნიშანში.

შედეგების შეგროვებაში მონაწილეობის მიღებისა და გავრცელებისთვის დიდი მადლობა: astroblogi.com-ის წევრებს (Rusa Archer, Qet Adastra), astrologia.ge-ს წევრს (ლეო ფროიდი), geoastro.ge-ს წევრს (დავით ასათიანი), ჯგუფ “ზოდიაქოს” (კონსტანტინე ლოგოსი), ზოდიაქოს ნიშნების – ლომის (Folkman), მერწყულის (Hel Loki) ფეისბუქის გვერდების ადმინისტრატორებს.

p.s. საყურადღებოა ზოგადი მონაცემები – გამოკითხულთა ნახევარი ინტროვერტია, ნევროტიზმის მაღალი დონით.

სტატიის ავტორი: თამთა ნარიმანიშვილი


About Tamta

Scroll To Top