ტრანზიტული მთვარე ტყუპებში

ტრანზიტული მთვარე ტყუპებში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ტყუპებში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ტყუპების ნიშანს გადის.

დადებითი კუთხით: კომუნიკაბელურობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი აზროვნება და რეაქციები, დინამიური ცხოვრების რიტმი, ინფორმაციის მოძიების სურვილი.

უარყოფითი კუთხით: ზედაპირულობა, გაფანტულობა, ჭორაობა, ენერგიისა და დროის ფუჭად ხარჯვა.

მთვარის ტყუპებში ყოფნის პერიოდში ცხოვრების რიტმი, სიახლეების გაზიარება მატულობს, ერთდროულად რამდენიმე საქმე ჩნდება. გაზიარებისა და ვინმესთან საუბრის სურვილი მატულობს.

მეტი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებს, აზრებს, გადაცემას, კონტაქტებს.

იუმორი რთული სიტუაციების დაძლევაში დაგეხმარებათ.

კარგი პერიოდია სწავლისთვის, გამოცდების ჩაბარების, სამეცნიერო საქმიანობის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შრომისთვის. ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვებისთვის, საქმიანი და ახლობლებთან მიმოწერისთვის, პედაგოგიური საქმიანობისთვის. კომერციისა და კოოპერატიული საქმიანობისთვის, ნებისმიერი ხელობისა და ჰობით დაკავებისთვის. ამ დღეს წარმატებული იქნება ხელშეკრულებების დადება, ხელმოწერა და კონტრაქტების გაფორმება, ოღონდ არა ხანგრძლივ პერიოდებზე.

დრო ინფორმაციის მოძიებას, სწავლას, თვითშემეცნებას დაუთმეთ. გსურთ უცხო ენის შესწავლა? ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია კურსებზე ჩასაწერად.

თავს უფრო უკეთესად იგრძნობენ ინტელექტუალურ, შემეცნებით და კომუნიკაციის სფეროებში მომუშავე ადამიანები – მეცნიერები, მკვლევრები, მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები, ლექტორები, მასწავლებლები, ასევე – სარეკლამო აგენტები, PR მენეჯერები.

სიყვარული: ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა არა ფიზიკურ მიზიდულობაზე ან ვნებაზე დაფუძნებული იქნება, არამედ სიტყვებზე, ინტელექტზე. კარგი პერიოდია ფლირტისთვის. შესაძლოა პარტნიორი ინტერნეტის მეშვეობით ვიპოვნოთ.

ფინანსები: კარგი და შემოსავლიანი პერიოდია ცოდნის, ინფორმაციის, კომუნიკაციების, ინტელექტუალურ სფეროებში. კარგ შედეგს გამოიღებს წიგნების გამოცემა, კომპიუტერების, აპარატურისა და ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა (შენიშვნა: რეტროგრადული მერკურის შემთხვევაში – მსგავს ვაჭრობას მოერიდეთ).

ჯანმრთელობა: კარგია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, სუფთა ჰაერზე ყოფნა, აერობიკისთვის, სისხლის გადასხმისთვის. ყურადღება მიაქციეთ სასუნთქ და ნერვულ სისტემას. მანიპულაციებს მოერიდეთ ტრაქეაზე, ფილტვებზე, ბრონქებზე და პლევრაზე. უკუნაჩვენებია ოპერაციები ზედა კიდურებზე, ნერვულ ცენტრებზე და ენაზე. თავი აარიდეთ დახუთულ შენობაში ყოფნას.

არასასურველია: ახალი სამსახურის დაწყება, უძრავი ქონებისა და ავეჯის შეძენა, შორეული პერსექტივის მქონე კაპიტალდაბანდებები; ჭორაობა, რამდენიმე საქმის კეთება.

რეკომენდებულია: ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებების წარმოება, და-ძმასთან ურთიერთობის მოგვარება, ხანმოკლე მოგზაურობები, სწავლა, გამოცდების ჩაბარება, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობა, ინფორმაციის მოძიება, ვაჭრობა.

ტრანზიტული პლანეტები  ნათალური ჰოროსკოპის სახლებში

ამა თუ იმ სახლის თავისებურება ძალიან მკაფიოდ ვლინდება ნათალურ რუკაში, როდესაც სახლს ტრანზიტული პლანეტა ააქტიურებს. როგორც ცნობილია, პლანეტები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგალითად, მთვარე ზოდიაქოს წრის თორმეტივე ნიშნის და შესაბამისად, ჰოროსკოპის თორმეტივე სახლის გავლას 28 დღეს ანდომებს; მზე 1 წელიწადს; იუპიტერი 12 წელს; სატუნრი 28 წელს; ურანი 84ს და ა. შ. ლოგიკურად, რაც უფრო ნელა მოძრაობს პლანეტა, მით უფრო დიდხანს ჩერდება ერთ ნიშანში/სახლში. სახლის შესაბამისი სფეროც უფრო აქტიურად ვლინდება. სახლის გააქტიურების თავისებურება დამოკიდებულია თავად სახლის (ველის) მონაცემებზე: სად არის განთავსებული, რა ზომისაა, ცარიელია თუ ტრანზიტულ პლანეტას ნათალური პლანეტა მასპინძლობს, რომელი ნათალური პლანეტები ან ფიქტიური წერტილებია მასში განთავსებული და რა თქმა უნდა, ასპექტები, როგორც ნათალურ ისე ტრანზიტულ პლანეტებს შორის. ამას გარდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, როგორ არის გამოხატული თავად ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ჰარმონიულად თუ დისჰარმონიულად. მხოლოდ ყველა ამ ასპექტის გათვალისწინებით, შეგვიძლია შევაფასოთ მისი გავლენა დადებითად ან უარყოფითად.

ტრანზიტული პლანეტის გავლენა სახლზე არ ჩამოუვარდება ნათალური პლანეტის გავლენას. მხოლოდ ნათალური (დაბადების) პლანეტების განლაგება დაფიქსირებულია ერთხელ და  სამუდამოდ, დაბადების მომენტში. ტრანზიტული პლანეტები კი მუდამ მოძრაობენ, ქმნიან დადებით ან უარყოფით ასპექტებს.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის სახლებში:

როგორც უკვე გითხარით, მთვარე ზოდიაქოს წრის და შესაბამისად, ჰოროსკოპის სახლების გავლას 28 დღეს ანდომებს. მთვარის დღე მზის დღეზე ნაკლებია.

მთვარის ბუნება ნოტიოა. მისი პრინციპი  ცვალებადობაა. ნათალურ რუკაში სახლი (ცხოვრების სფერო), სადაც  მდებარეობს  მთვარე, არ გამოირჩევა სტაბილური ხასიათით. შესაბამისად, მთვარეს სახლში შეაქვს მერყეობა.

მთვარე დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, დედასთან, პირველად საჭიროებებთან. მთვარე რეაგირებს ემოციურად (ირაციონალურად). ის ზემოქმედებს აღქმაზე.

სწრაფი მოძრაობიდან გამომდინარე, უშუალოდ მთვარე ნაკლებად ხდება კონკრეტული მოვლენების გამომწვევი. ის უფრო ნათალურ და ტრანზიტულ პლანეტებთან თანამშრომლობით მუშაობს. ასე ვთქვათ, მომწიფებული მოვლენის (რაც ნათალური და ნელი პლანეტების ტრანზიტით არის მომზადებული) ჩამრთველი ხდება. მთვარის გავლენა ყველაზე მძაფრად ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, ის ცვლის ჩვენს შინაგან დამოკიდებულებას კონკრეტული სფეროს მიმართ, სადაც ტრანზიტით იმყოფება.

 

 

მთვარის ტრანზიტი ნათალური ჰოროსკოპის

I სახლში

ყველაფერი რაც დაკავშირებულია პიროვნების გარეგნულ გამოვლინებასთან. ამ დღეებში შეიძლება გაგიჩნდეთ გარეგნობის შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით ქალებს. ეხება თავს, სახეს. შესაძლებელია დასიება, გაციება.

 

II სახლში

მთვარე ამ სახლში ეგზალტირდება/ კულმინაციაშია. ფინანსური საკითხები. ფული ოჯახური საჭიროებებისთვის. ან პირველადი მოხმარების ნივთების ბიზნესი. რეკომენდებულია სიმღერა. ეხება ხმის იოგებს, ყელს.

 

III სახლში

გადაადგილება მოკლე მანძილებზე. ურთიერთობა ნათესავებსა და მეზობლებთან ყოფით საკითხებზე. კორესპოდენცია. სწავლა. რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშები. ეხება ფილტვებს, ხელებს, მტევნებს, თითებს.

 

IV სახლში

მთვარე ამ სახლის სიმბოლური მმართველია. სახლთან, უძრავ ქონებასთან, საცხოვრებელ ფართთან, ოჯახთან  დაკავშირებული საქმეები.  ცვლილებების სურვილი ამ სფეროებში. ინტერესი ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც ეხება დედას (მის კეთილდღეობას მათ შორის). ეხება კუჭს. აუცილებელია ზომიერების დაცვა საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით.

 

V სახლში

ლტოლვა გართობის, მხიარულების, სასიყვარულო რომანების, თამაშის მიმართ. იზრდება აზარტი და სპეკულაციების სურვილი. რეკომენდებულია ურთიერთობა ასაკით უმცროს ადამიანებთან, ბავშვებთან. ეხება გულს, სისხლძარღვებს.

 

VI სახლში

სამსახურთან, თანამშრომლებთან, კვებასთან, სამოსთან დაკავშირებული საქმეები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემები. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს,თავი აარიდოთ გადაღლას და არასწორ კვებას. ეხება ნაწლავებს.

 

VII სახლში

ამ დღეებში დაწყებული პარტნიორობასთან, ქორწინებასთან  დაკავშირებული საქმეები ცვალებადი იქნება, თუ სახლი ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ მდებარეობს. ეხება თირკმელებს.

 

VIII სახლში

მთვარე ამ სახლში სიმბოლურ ვარდნაშია. „კორპორატიული ფული“. ცხადი სიზმრები. ურთიერთობა მიღმიერ სამყაროსთან. გარდაცვლილების მოგონება და შესაძლო კონტაქტიც კი მათთან. ეხება გენიტალიებს, სქესობრივ სფეროს.

 

IX სახლში

ყურადღება გადადის უმაღლეს სფეროებზე, განათლების საკითხებზე, შორეულ მოგზაურობებზე, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია. ეხება ღვიძლს, ბარძაყებს.

 

X სახლში

მთვარე ამ სახლში(ზენიტში) სიმბოლურ ტყვეობაშია. აძლიერებს საქმიან აქტიურობას. ცვლილებები საქმის წარმოებაში ან თავად საქმეში. თუ ამ ცვლილებებს აჩვენებს სხვა, უფრო ნელი პლანეტა, სავარაუდოდ, მთვარის ამ სახლში ტრანზიტის დროს მოხდება კიდეც. მთვარე, ასე ვთქვათ, ჩართავს კონკრეტულ მოვლენას. ეხება მუხლებს, ელენთას.

 

XI სახლში

გაფართოება და ცვლილებები სოციალური კონტაქტების სფეროში. სოციალური გააქტიურების მოთხოვნა. ახალი მეგობრები ან ურთიერთობის შეცვლა ძველ მეგობრებთან. ახალი იმედები და სურვილები. ეხება წვივებს, კოჭებს, სითხის გადანაწილებას სხეულში.

 

XII სახლში

ცვლილებები, შეფერხებები, წინააღმდეგობები და შეზღუდვები, რაც ძალიან საწყენია, მაგრამ ყურადღების გადართვისკენ გიბიძგებთ გარე მოვლენებიდან შიდა აქტიურობაზე: ჩაიხედეთ საკუთარ თავში. რეკომენდებულია მედიტაცია. შესაძლოა შეხება მოგიწიოთ საავადმყოფოსთან, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებთან. აუცილებელია არ არის თქვენ მოხვდეთ იქ, შეიძლება ვინმე მოინახულოთ. ეხება ტერფებს, ფსიქიკას.

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top