კირჩხიბი და კირჩხიბი

კირჩხიბი და კირჩხიბი

                                                         სახლი ისე  მყუდროდ და უსაფრთხოდ გამოიყურებოდა სიბნელეში,

                                                         მილეული შუქითა და საკვამურიდან ლამაზად ამომავალი კვამლით.

ოდესმე გაუკვირვებიხართ იმას,როგორ გექცეოდნენ მშობლები ბავშვობაში? მე ვგულისხმობ, დარდობთ იმ დროზე? კირჩხიბები ხშირად ფიქრობენ ამაზე ძილის წინ და მათი ფიქრები სიზმრები ხდება… ხანდახან ღამის კოშმარებიც.

გუშინდელი დღე,მიუხედავად იმისა,ოცი წლის წინ იყო თუ ასი წლის წინ,ყოველთვის ძალიან რეალურია მთვარით მართული ადამიანებისთვის. ამიტომ იციან კირჩხიბებმა ისტორია ზედმიწევნით კარგად. ის მათი საყვარელი საგანია სკოლაში და მოგვიანებით შეიძლება ჰობიც გახდეს.

თუ პატარა კირჩხიბის მშობლები ასტროლოგიის თავისებურებებში ვერ ერკვეოდნენ,ისინი შეიძლება იშვიათად ეუბნებოდნენ თავიანთ მგრძნობიარე შვილს: „მე შენ მიყვარხარ“ ან მისი თანდასწრებით მსჯელობდნენ,რა ლამაზები არიან მათი და-ძმები. თუ არც ძილის წინ კოცნიდნენ და არც  ზღაპრებს უყვებოდნენ ყოველ ღამე,ეს სრული კატასტროფაა!

ყველა ზემოთ ხსენებული შეცდომის გამო,კირჩხიბთა უმეტესობას მოზრდილ ასაკში ემოციური უსაფრთხოების დეფიციტი უჩნდება,რაც ხშირად ხდება მტანჯველი დეპრესიის მიზეზი. სხვა ნიშნებისთვის(მორიელისა და თევზების გარდა) რთულად გასაგებია მათი  ნაღვლიანი წინათგრძნობები,რაც შეიძლება გამოწვეული იყოს  მოსალოდნელი შიმშილის საფრთხით ან  მარტოობის შიშით. მხოლოდ კირჩხიბს,რომელსაც მთვარის  სიხშირის ტალღების დაჭერისა და საჭირო სიტყვების გამონახვის უნარი აქვს,შეუძლია გაუგოს მეორე კირჩხიბს.

ტიპური კირჩხიბი ვერასოდეს იგრძნობს თავს უსაფრთხოდ,თუ საბანკო ანგარიშზე სოლიდური თანხა არ აქვს გადანახული. თუ დაინტერესდებით,არაერთ კირჩხიბს შეხვდებით როკფელერებისა და როტჩაილდების  დინასტიებში. მიუხედავად ბუნებრივი სირბილისა,კირჩხიბები საოცრად დაჟინებულები არიან,როდესაც სასურველის მიღწევა უნდათ და სრულიად ივიწყებენ შიშს,როდესაც ახლობელი ადამიანები მათ სიმამაცეს საჭიროებენ. მათ შეუძლიათ საოცრად ძლიერები იყვნენ,სანამ ვიღაც არ აწყენინებს. მაშინ კირჩხიბები ისევ თავის ნიჟარაში იყუჟებიან და ხანდახან საერთოდ უარს აცხადებენ გარეთ გამოძვრომაზე,თუნდაც სალაპარაკოდ,სატირლად,გასაცინებლად ან რამის გასაზიარებლად. ისინი აღმერთებენ ანტიკვარიატს,მუზეუმებსა და პოლიტიკას. ტიპური კირჩხიბები სულით ხორცამდე  პატრიოტული გრძნობებით არიან გამსჭვალულნი და თავიანთი სახელმწიფოს ყველაზე ერთგული მოქალაქეების რიგებში ირიცხებიან(კუროებს თუ არ ჩავთვლით). მათ შორის ხშირად შეხვდებით მასწავლებლებს,მეცნიერებს,მხატვრებსა და ფოტოგრაფებს(თავისთავად გასაგებია,რომ ბანკირებსაც).

კირჩხიბის ემოციურ თავდაუჯერებლობას,რომელიც ხშირად უბიძგებს მას ისტერიკების,ჯავშანში გამოკეტვის,ფულის მატრასის ქვეშ შენახვისა თუ მიჯაჭვულობისადმი შიშისკენ,ყველაზე ხშირად მისი თანამოძმე უმკლავდება. მიუხედავად ამისა,კირჩხიბები,თავიანთი დახვეწილი ინტუიციისა და ღრმა აღქმის უნარით,საჭიროებენ მეგობრულ,საქმიან თუ სასიყვარულო კავშირებს სხვა მზის ნიშნებთანაც. ორი კირჩხიბი მარტივად იწვევს ერთმანეთის სიმპატიას,თუმცა საინტერესოა,შესაძლებელია თუ არა,რომ ეს სიმპატია უფრო ღრმა გრძნობაში გადაიზარდოს. დიახ,ეს სავსებით დასაშვებია,მხოლოდ ერთი პირობით: თუ თითოეულს ეყოფა გონიერება, ერთმანეთში საკუთარი შეცდომები დაინახოს,გამოასწოროს და არ გააორმაგოს. ერთობლივი შეცდომები,ისევე როგორც საერთო საბანკო სესხი,შეიძლება საკმაოდ ძვირად დაუჯდეს ამ კავშირს.

ორივე სქესის კირჩხიბებს ძალიან უყვართ ძვირფასეულობის კოლექციონირება,ზუსტად ისევე, როგორც N რაოდენობის ხარა-ხურის დაგროვება. ისინი ასევე აუტანლად კაპრიზულები, გულისამაჩუყებლად კეთილები და ხმაურიანად მხიარულებიც არიან. ხან დაუსრულებლად ყბედობენ, ხანაც საშინლად ითრგუნებიან; ხან ენერგიულად აქტიურები არიან, ხანაც კონსერვატულად ფრთხილები… და საოცრად  საყვარლად წითლდებიან სირცხვილისგან. კირჩხიბები შეიძლება იყვნენ თავაზიანები,საყვარლები, ძველმოდურები,დედობრივად ან მამობრივად მზრუნველები,ჭკვიანები,მშვიდები და ნაზები; იმავდროულად,ძალიან ჩუმ-ჩუმელები და არც ისე იშვიათად მატყუარებიც (ეს განსხვავებული ცნებებია).  თითქმის ყოველთვის მეოცნებე და პოეტური მთვარეულები შეიძლება ფულმა და საჭმელმა  რამდენადმე გარყვნას,მაგრამ გულის სიღრმეში ისინი ლომზე,სასწორსა და კუროზე ბევრად სენტიმენტალურები არიან. ამასთან,ყოველთვის ყაირათიანი და ეკონომიურებიც. თქვენც უპრობლემოდ დაიტევდით ყველა ამ თვისებას,თქვენი ემოციები რომ მთვარის ფაზებთან ერთად იცვლებოდეს.

მე არ ვიცი თქვენ როგორი კირჩხიბები გინახავთ,მაგრამ ყველა კირჩხიბი,რომელიც მე შემხვედრია, ასტროლოგიურად გათვითცნობიერებული იყო. მათ შორის არიან: ერთი სუპერმარკეტის მფლობელი,ორი მუსიკოსი,ერთი სიზმრების ამხსნელი და ერთიც მსხვილი პოლიტიკოსი,რომლის საქმიანობაზეც საკმაოდ დადებითი აზრის ვარ. ამ უკანასკნელმა ერთხელ პროფესიული რჩევისთვის მომმართა და შემდეგ დიდხანს მიგზავნიდა მადლიერების თავაზიან წერილებს. ის ნამდვილად არ არის პირველი ამერიკელი პოლიტიკოსი,რომელმაც პლანეტების სიბრძნეს მიმართა. აბრაამ ლინკოლნი,ჯორჯ ვაშინგტონი,თომას ჯეფერსონი და ფრანკლინ რუზველტიც ხშირად ითვალისწინებდნენ კოსმიურ ბიორითმებს. სინამდვილეში  ამერიკელი ნაციის დამფუძნებელი მამების უმეტესობა,ვინც დამოუკიდებლობის დეკლარაციასა და კონსტიტუციაზე ხელი მოაწერა,სერიოზულად იყვნენ ასტროლოგიით გატაცებულნი,ბენჟამენ ფრანკლინის ჩათვლით. მასონები დიდი ყურადღებით ითვალისწინებენ კოსმიურ სხეულთა ციკლებს,რაც კარგად იცის ყველა მაღალჩინოსანმა მასონმა. სხვათა შორის,ამერიკის დამფუძნებელი მამებიც მასონები იყვნენ და გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალს,რომ ამერიკული სახელმწიფოს დაბადების რუკა აბსოლუტური სიზუსტით შემდგარიყო. ვფიქრობ,მეპატიება ამ საიდუმლოს გამხელა,რადგან კარს მომდგარი მერწყულის ეპოქა სიმართლის გამჟღავნებას მოითხოვს.

მიზეზი,რის გამოც მთვარეული ადამიანები თავს ასე მყუდროდ გრძნობენ ჩვენს ქვეყანაში,როგორც საკუთარ სახლში,ის არის,რომ ამერიკის შეერთებული შტატები  ოთხ ივლისს „დაბადებული“ ყველაზე ტიპური კირჩხიბია,კირჩხიბთა შორის. თუმცა ბევრს ტყუპები ასცედენტი ურევს თავგზას. განა ამაზე არ მეტყველებს თავისუფლებაზე ღაღადი და იმავდროულად შავკანიანთა,ქალთა და ამერიკელ ინდიელთა უფლებების უგულვებელყოფა და სხვა ორმაგი სტანდარტები? თუმცა რადგან ბიძია სემი არსებითად კირჩხიბია(და აღმავალი ტყუპები ამას სულაც არ ეწინააღმდეგება),მთვარეული თვისებები ყოველი ამერიკელის ქვეცნობიერშია,როგორიც არ უნდა იყოს თითოეულის ინდივიდუალური მზის ნიშანი. ეს იმიტომ,რომ ყველა ადამიანი სამ კარმას გადის ცხოვრებაში: პირადს,რასობრივსა და ნაციონალურს,რომლებიც თანაბრად ზემოქმედებენ ადამიანთა გრძნობებსა და ქცევებზე.

განა არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე მაინც(განსაკუთრებით კირჩხიბის ნიშნით დაბადებული), რომელსაც გული არ უჩუყდება „ამერიკა,მშვენიეროს“ მელოდიის გაგონებისას? განა ჩვენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, გამოძიების ფედერალური ბიურო და ხანდახან ჩვენი ხელისუფლებაც ზედმეტად ჩაკეტილი და იდუმალებით მოცულნი  არ არიან? განა ჩვენ პირველი ხალხი არ ვართ, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა? განა ჩვენი ნაცია არ განიცდის ყველაზე მეტად დანაშაულის გრძნობას იმის გამო, რომ მთელი მსოფლიოს დამშეულთა დაპურება არ შეგვიძლია? განა ჩვენ არ დავიწყეთ პირველებმა ჰუმანიტარული დამხმარების გაგზავნა განვითარებადი ქვეყნებისთვის? განა კრიზისულ სიტუაციებში მოულოდნელად არ ვავლენთ  კიბორჩხალას ჯავშანივით მტკიცე პოლიტიკას? განა უზარმაზარი ბიუჯეტი და მსოფლიოში უდიდესი თერმული იარაღის მარაგი ამერიკის ზესიფრთხილეზე არ მეტყველებს?..

დამემოწმეთ, რომ ამერიკელები ყველაზე მეტად იმის გამო არ უყვართ, რომ ყველას საშინაო საქმეებში ცხვირს ვყოფთ, მიუხედავად იმისა, გვეკითხებიან თუ არა. და ღმერთია მოწმე, ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და მტკიცედ ვებღაუჭებოდით თავისუფლებას!

 

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და კირჩხიბი ქალი

თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან-მოურავი

_მას ისე სჭირდება დედა…

_ჰო, ვიცი, _დაეთანხმა ვენდი._და ყველაზე უკეთ.

 

 

თუ კირჩხიბი ყმაწვილი და კირჩხიბი გოგონა გაბედავენ  თავიანთი დამცავი ჯავშნების გარეთ იმდენად დიდი ხანი გაძლონ,რომ ერთმანეთი შეუყვარდეთ,მაშინ საყვარელი ადამიანისგან საიმედოობას და მაშასადამე,დაქორწინებას ელიან. ზოგიერთ კირჩხიბს აქვს თავისუფალი ურთიერთობის მცდელობა,მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. უკიდურესად საეჭვოა,რომ რომელიმე კირჩხიბმა დიდი ხნით კომფორტულად იგრძნოს თავი კანონგარეშე ურთიერთობაში. რას იფიქრებს დედა? თქვენ ძალიან იშვიათად წააწყდებით ისეთ კირჩხიბებს,რომელთაც რაღაც მიზეზით ოჯახური ბორკილები აშინებთ და თავს მარტოდაც კარგად გრძნობენ,თუმცა ისინიც კი უხერხულად არიდებენ თვალს მეზობლებს. დიახ,მეძავი კირჩხიბებიც არსებობენ,მაგრამ ისინი ყველაზე უბედური არსებები არიან დედამიწის ზურგზე,იმ წუთების გამოკლებით,როდესაც გამომუშავებულ ფულს ითვლიან.

მერწყულის ეპოქის სექსუალური რევოლუციის ელვამ ყველაზე მქუხარედ ტიპურ კირჩხიბთა თავზე დაიჭექა. ტრადიციები და ოჯახური ცხოვრების სიწმინდე ძალიან ღრმად არის ჩაბეჭდილი მათ მთვარეულ ქვეცნობიერებაში იმისათვის,რომ კირჩხიბებმა მსუბუქი გულით უარყონ ასე მიჩვეული და შესისხლხორცებული ადათები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ თავქარიან თვითდახასიათებებს. ყური უგდეთ ბრძენ ვარკვლავებს; დააკვირდით,დაელოდეთ და თქვენ ყველაფერს დაინახავთ.

როდესაც ვარსკვლავთა ვიბრაცია გამოძახილს ჰპოვებს კირჩხიბებში,ისინი უდაოდ უამრავ საერთო გატაცებას აღმოაჩენენ. ეს ისეთი შესანიშნავია_საოჯახო ალბომების თვალიერება,ერთმანეთის ბავშვობის დროინდელ ნახატებზე გაღიმება,ძველებური მარკების შეგროვება,ერთმანეთის მყუდრო მხარზე ქვითინი,სახლის მოწყობა,ლექსების წერა და კითხვა,ბაღის მოვლა,სიმღერა თუ მუსიკის მოსმენა,პლაჟზე სირბილი,ხეების ქერქების შეგროვება,აკვალანგით ყვინთვა,ახალ მთვარეზე სურვილების ჩაფიქრება და სავსე მთვარეზე გაგიჟება… გოგონა ბიჭისთვის ჩაიფიქრებს,ბიჭი კი მისთვის ბევრ ფულს იშოვის. თუმცა რადგან კირჩხიბი ფემინური ნიშანია,მთვარის ღვთაებრივი ნიჭი კი ქალსაც და მამაკაცსაც თანაბრად მოეფინება,შესაძლოა ყმაწვილმა ჩაიფიქროს თავისი გოგოსთვის და მაშინ გოგო იშოვის მისთვის ბევრ ფულს. ყველა კირჩხიბ მამაკაცს ძალიან უყვარს ჭამა და მათი უმეტესობა კარგადაც ამზადებს.  ყველა კირჩხიბ ქალს უყვარს დამატებითი შემოსავალი და მათ უმეტესობას კარგი შემოსავალი აქვს. თუმცა პირიქითაც შეიძლება.

მათი შესაძლო პრობლემების სიაში პირველი ნომერი წყენაა. ცხვირსახოცებზე გაღებულმა ხარჯებმა შეიძლება მძიმედ დაარტყას საოჯახო ბიუჯეტს. ორივე მათგანი ხშირად სლუკუნებს,ტირის და ქვითინებს კიდეც მეუღლის რეალური თუ წარმოსახვითი უყურადღებობისა და დაკარგული ბავშვობის გამო. ხანდახან ყოველ მიზეზ გარეშეც,თუ მღელვარებამ მთვარესთან ერთად არ იკლო. შემდეგი  შესაძლო პრობლემა,მნიშვნელობის ხარისხით,საჭმელია. თუ რომელიმე კირჩხიბი საკვების მიმართ გულგრილია და საერთოდ არ აინტერესებს სად,როდის და როგორ იკვებება,ასცედენტი ტყუპებში ან მერწყულში ჰყავს. ან თავისი დაბადების დრო არასწორად იცის. ტიპურ კირჩხიბს შოკს ჰგვრის იმის გააზრება,რომ სადღაც ვიღაც შიმშილობს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე,რა ემართება,როცა შიმშილის საფრთხე პირადად მას ემუქრება.

ემოციური ქაოსისა და საჭმლის შემდეგ მოდის შვილების პრობლემა. თუ რომელიმეს ჰოროსკოპში პლანეტათა განლაგება შთამომავლობის ყოლის არც ისე დიდ სურვილზე მეტყველებს,მეორე კირჩხიბი თავს ძალიან დაჩაგრულად იგრძნობს. თუ ორივეს სურს შვილები,პრობლემა მოგვიანებით წარმოიქმნება,როდესაც ბარტყები დაფრთიანდებიან  და ბუდიდან გასაფრენად მზად იქნებიან. კირჩხიბი ქალები,როგორც წესი,ბრწყინვალე დიასახლისები არიან,თუმცა გარკვეულწილად დიქტატორი დედები. მათ აბსოლუტურ უმეტესობას უბრალოდ არ სჯერა,რომ მისი ვაჟი საკმარისად გაიზარდა იმისთვის,რომ გოგონას პაემანი დაუნიშნოს ან მისგან ცალკე იცხოვროს,სანამ ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის არ გახდება. კირჩხიბი მამების(დედებისაც) უმეტესობას უბრალოდ არ სჯერა,რომ მათი ქალიშვილი შეიძლება იქამდე გათხოვდეს სანამ მდიდარი,ჯანმრთელი,ჭკვიანი და უმწიკვლო რეპუტაციის თაყვანისმცემელი გამოუჩნდება,რომელიც წელიწადში ასიათასს დოლარზე ნაკლებს არ გამოიმუშავებს და მათ პირმშოს იშვიათი საგანძურივით გაუფრთხილდება. მზით და მთვარით კირჩხიბ მშობლებს კი საერთოდაც მიაჩნიათ,რომ მათი შვილის ღირსი მხოლოდ სახელმწიფოს პირველი პირია.

პრობლემების სიის შემდეგი საკითხია ფინანსები. ფული,შეულამაზებულად რომ ვთქვათ,უკანასკნელ ადგილს არ იკავებს კირჩხიბების ფასეულობათა სისტემაში. თუმცა ხანდახან სიყვარულის სათუთი გრძნობა ორივეს ხელს უშლის ესოდენ დელიკატურ თემას შეეხონ. ამ საჩოთირო საკითხს ნამდვილად შეუძლია სიყვარულის ჰარმონიის დარღვევა  და მაინც,მათ წინასწარ უნდა განიხილონ  ფინანსური საკითხები. მე ვურჩევდი თავიდანვე განაცალკევონ  ჩეკის წიგნაკები,ანაბრები,აქციები და მარკების კოლექციები. ასევე აჯობებს,დამოუკიდებლად ხარჯონ საკუთარი ფული. კირჩხიბი ზემგრძნობიარეა და მისი ეს თვისება ყველაზე მეტად ფულს ეხება. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა,ფინანსური საქმეები ერთმანეთისგან საიდუმლოდ აწარმოონ. კირჩხიბები არამხოლოდ საკუთარი საიდუმლოებების შენახვის უბადლო სპეციალისტები არიან,სხვისი საიდუმლოებების გამომჟღავნებაც არანაკლები ოსტატობით გამოსდით.

ბოლო  პრობლემა(სიით და არა მნიშვნელობით)_ სექსია. ვიმედოვნებთ,ორივე გაგებით მოეკიდება საკუთარი ასტროლოგიური სიმბოლოს,კიბორჩხალას თავისებურებებს. ოდესმე დაკვირვებიხართ კიბორჩხალებს ბუნებაში? მათ,როგორც უკვე არაერთხელ გითხარით,სამიზნისკენ  მოძრაობის თავისებური სტილი აქვთ: ჯერ უკან-უკან მიბობღავენ,თითქოს მიზანი არ აინტერესებთ და მხოლოდ შემდეგ,მოულოდნელად  ხტებიან წინ. თუ კირჩხიბებს კარგად ემახსოვრებათ ეს მყარად გამჯდარი თვისება,რომელიც ფაუნის თანამოძმეებისგან ერგოთ,კირჩხიბი გოგონა არ იტირებს იმის გამო,რომ მას უგულვებელყოფენ,როდესაც ერთ საღამოს საყვარელი მამაკაცი განუცხადებს,რომ ტახტზე დაძინებას აპირებს,რადგან ფანჯრიდან მთვარის ცქერა უნდა. ამის ნაცვლად,შეუძლია გაიღიმოს,როდესაც ეცოდინება,რომ მალე მისი მგრძნობიარე ბიჭი საძინებელში დაბრუნდება. ამისთვის  კი საკმარისია მის  საყვარელ პერანგში გამოეწყოს,ტახტს მიახლოვდეს და ძილის წინ აკოცოს.

არც კირჩხიბი მამაკაცი იგრძნობს არასრულფასოვნების შემოტევას,როდესაც მთვარის ასული ქორწინების წლისთავზე,ლოგინში ზურგს შეაქცევს და თავისთვის ჩაიბურტყუნებს: “ძილი ნებისა,საყვარელო. მაღვიძარას დაყენება არ დაგავიწყდეს“. და ეს მას შემდეგ,რაც მისი თვალები მთელი დღე იმ პირველი ჯადოსნური ღამის განმეორებას ჰპირდებოდნენ… ამის ნაცვლად,მას შეუძლია გაიღიმოს და დაიცადოს,სანამ მისი გოგო თავის ჭეშმარიტ სურვილებს გამოამჟღავნებს. დიახ,ისინი ხშირად მალავენ თავიანთ სანუკვარ სურვილებს,„აბა,გამოიცანი“ თამაშის მიღმა,რადგან ძალიან ეშინიათ უარის მიღების ან იმის,რომ ვერ გაუგებენ. კირჩხიბებისთვის ნამდვილი ტრაგედია იქნება,თუ ურთიერთაუცილებლობის დეფიციტი აღმოაჩინეს.

ასე და ამგვარად,თითოეული მათგანი ცდილობს მეორეს ეშმაკობით აჯობოს და პირველი ნაბიჯი გადაადგმევინოს. ღამ-ღამობით ამ დამალობანას თამაშს თუ არ ჩავთვლით,ფიზიკურ სიყვარულს იშვიათი კმაყოფილების მინიჭება შეუძლია ორი მთვარეულისთვის. აქ არ იქნება ძლიერი ვნებები,მაგრამ ისინი არც ელიან ამას ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა,რომ ორივე ძალიან გულისხმიერია და მზადაა, ინიცირებულ ვნებებს სათანადოდ უპასუხოს. ფიზიკური სიახლოვის დროს ისინი სიყვარულს უფრო ეძებენ,ვიდრე ეროტიზმს. კირჩხიბი ქალიცა და მამაკაციც ემოციურ ფრუსტრაციას განიცდიან,თუ სექსი უმაღლესს ტალღაზე არ იყო განწყობილი,მთელი პრელუდიითა და ნაზი შეხებებით; ან კიდევ უარესი_თუ კოიტუსის შემდეგ პარტნიორმა თავისი სიყვარული ნაზი სიტყვებითა და ალერსით არ განამტკიცა. კირჩხიბისთვის სიყვარულის ემოციური მხარე  სექსუალური აღგზნებისა და დაკმაყოფილების განუყოფელი ნაწილია. თუ კირჩხიბი გრძნობს,რომ მთელი დღის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდნენ,ღამით,მეუღლის მოახლოებისას,მარწუხებს გაატკაცუნებს და შემდეგ მარტოობის ცივ ჯავშანში გამოიკეტება,ახსნა-განამრტებებისა და მობოდიშების მოლოდინში,რასაც ნამდვილად შეუძლია მისი სურვილების მკვდრეთით აღდგენა.

მათი სულ პირველი სექსუალური შეგრძნებები მორიდებითა და სიფრთხილით არის შეფერილი. მაგრამ ერთხელაც,სავსე მთვარეზე,რომელიც კირჩხიბებს განსაკუთრებით აღაგზნებს,მათ აღარ შეეშინდებათ საკუთარი თავის და ერთმანეთის. აი,მაშინ ნამდვილად რთული გასარჩევი გახდება ვინ ვის აცდუნებს.

პოეზია და მუსიკა საამოდ აჩქარებს კირჩხიბების სექსუალურ მაჯისცემას,მაშინ როდესაც ფინანსური პრობლემები  ყველაფრის ხალისს ართმევს. სიღარიბის აჩრდილს შეუძლია აბსოლუტურად გააუფერულოს მათი სურვილები. პარტნიორის მხრიდან გაუგებრობის შეგრძნება კი ყინულივით გააციებს მათ ვნებებს. თუმცა სექსოპათოლოგის დახმარება არ იქნება საჭირო. ყველაფერი თავისით მოგვარდება,როდესაც მათ საკმარისი  ფული,ბევრი სიყვარული და თავზესაყრელი თანაგრძნობა გაუჩნდებათ… ორი კირჩხიბი იშვიათად ღალატობს ერთმანეთს და ასეც რომ მოხდეს,მთვარის გავლენა მათ არა ეჭვიანობის,არამედ მეტოქის დამარცხებისკენ უბიძგებს.

ჩაკეტილობა _აი,რა უნდა დაძლიონ კირჩხიბებმა პირველ რიგში საკუთარ თავში. მართალია,მათ მიაჩნიათ,რომ საიდუმლოებების უფლება აქვთ,მაგრამ ვერც ერთი ვერ იტანს,როდესაც რამეს უმალავენ. თუ ისინი ეცდებიან მეტად გახსნილები იყვნენ,ბევრ უსიამოვნებას აარიდებენ თავს. მამაკაცმა შეიძლება იფიქროს,რომ მის რჩეულს ვიღაც ჰყავს. საქმე კი ის არის,რომ გოგონას დიდი ხანია დედისგან წერილი აღარ მიუღია ან მისმა რჩეულმა მასზე ახალი პენუარი ვერ შეამჩნია. ქალმაც შეიძლება იფიქროს,რომ მისი კირჩხიბი სხვას ხვდება. თუმცა მთელი მისი საიდუმლო ის არის,რომ მანქანის ფული აქვს შესატანი. ორივე შემთხვევაში გულწრფელი აღიარება ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს და ცრემლებს  სიცილად აქცევს. კირჩხიბებმა ხომ შესანიშნავად იციან,რომ იუმორი ყველაზე საიმედო და უსაფრთხო საშუალებაა ცხოვრებისადმი ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულების წინააღმდეგ.

ამ 1-1 მოდელში მათ მთვარის ნიშნებს ისეთი გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს, როგორც არასდროს. თუ მათ შორის ჰარმონიული ასპექტია, ისინი ძალიან მყუდროდ იგრძნობენ თავს ერთმანეთთან. მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ სინასტრიული რუკა უღრუბლო ბედნიერებას არ ჰპირდება, მათ შეუძლიათ ერთად მიაღწიონ კეთილდღეობას და საკმარისი სინაზე და მზრუნველობა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ.

დიახ, დაღმავალ მთვარეზე კირჩხიბებმა შეიძლება მარწუხები ატკაცუნონ, მაგრამ აღმავალ ფაზაზე წარმოსახვით საზღვაო მოგზაურობაში გაემართებიან და მაშინ  ლავანდის სამყაროს სიგიჟე, ვერცხლის ჯადოსნობა და მთვარის შუქი უსათუოდ კვლავ შეარიგებს მათ.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top