კურო და მერწყული

კურო და მერწყული

მათ იცოდნენ რომ ეს ფანტაზია იყო,

მაგრამ მერწყულისთვის ფანტაზია და სინამდვილე განუყოფელი იყო.

ხანდახან კუროს ეს აწუხებდა. თითქოს უნდა წარმოედგინა,რომ უკვე ისადილეს.

ინდიელთა ტომის ერთერთი ძველი სიმღერა იწყება სიტყვებით: “როდესაც პრერიას ვუცქერ,ზაფხულს ვგრძნობ გაზაფხულში“. ეს ფრაზა საოცარი სიზუსტით გადმოსცემს მერწყულის არსს,რომელიც ერთი სეზონით მაინც სხვებზე წინ არის. ამ ნიშანს ურანისგან ბოძებული უნიკალური ნიჭი აქვს,ჩაიხედოს ხვალინდელი დღის სამყაროში და იმავდროულად ზუსტად აცნობიერებდეს დღევანდელ დღეს. როდესაც თევზები იყურებიან მომავალში,ისინი ხშირად აიგნორებენ აწმყოს. მშვილდოსანთა წამიერი გაელვებები მხოლოდ ფრაგმენტული წინასწარმეტყველებებია. მორიელი ზედმეტად ჩაძირულია იმ ერთ განზომილებაში,სადაც იმყოფება და ყურადღებას არ აქცევს დანარჩენს. მხოლოდ მერწყულს შეუძლია ინტელექტით,ინტინქტებითა და წარმოსახვით  ჟონგლირება და წარსულის,აწმყოსა და მომავლის ერთიანი,სამგანზომილებიანი სურათის შექმნა. ახლა ხვდებით რატომ უწოდებენ მას გენიალობის ნიშანს?

თუმცა ზოგიერთი მერწყული ხშირად ივიწყებს თავის სინქრონიზების ნიჭს და წარსულით ან მომავლით ტკბება იმ დროს,როდესაც ჩვენ მათ აქ,რეალობაში აღვიქვამთ. ახლა გესმით რატომ უწოდებენ მას ასევე სიგიჟის ნიშანს? თავად მერწყულები ნათლად აცნობიერებენ საკუთარ „შერეულ ბუნებას“ და სრულიად მშვიდად ეკიდებიან თავიანთ უცნაურობებს. უბრალოდ მათ თავში დროის მანქანა უდგათ,რომლის მექანიზმიც ხშირად ჭედავს. წინასწარმეტყველების,ნათელმხილველების,დიადი შემოქმედებისა და გენიოს-გამომგონებლების ნიშანი მერწყული ხომ სიბრძნის წყლებსა და უზენაეს ჭეშმარიტებებს ხვალინდელი დღის ჭიდან იღებს?!

რაც შეეხებათ კუროებს,დროსა და სივრცეში,ისინი არსებობენ ყველაზე საიმედო და რეალურ ფორმაში_„აქ და ახლა“. მათთვის საკმარისზე მეტია ერთი განზომილება და აწყმო დროში,მიწიერ დონეზე გადასაწყვეტი პრობლემები. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებიც დაარწმუნონ საღი აზრით ხელმძღვანელობის აუცილებლობაში,რომ პრაქტიკულად მოემზადონ იმ უკიდურესობებისთვის,რომლებიც კუროს მახვილმა თვალმა შენიშნა მომავალში. კუროს ნათელ მზერაში არ არსებობს ის ბურუსი,რასაც მერწყულის თვალებში აღმოაჩენთ. თუმცა მათ შორის დანამდვილებით არსებობს მცირე მსგავსება: ისინი მუდმივი ჯვრის ქვეშ დაიბადნენ,რომელმაც ორივეს საერთო თვისება,სიჯიუტე,დაანათლა.

მათი ურთიერთობა 4-10 სქემით ეწყობა,რაც იმას ნიშნავს,რომ ურთიერთგაგებას მხოლოდ გარკვეული ძალისხმევის შედეგად მიაღწევენ. წარმოვიდგინოთ,რომ მათ უკვე დაამსხვრიეს გაუგებრობის პირველი ყინული,მაგრამ როგორ გაანადგურებენ ისეთ სერიოზულ დაბრკოლებებს,როგორიც არის კუროს სიმორცხვე და მერწყულის დისტანცირება იმისათვის,რომ ერთიანი ძალებით იმოქმედონ? ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თავის მხრივ,კუროსთვის გაცილებით მეტი პირობითობა არსებობს,ვიდრე მეგობრული და კომუნიკაბელური მერწყულისთვის.

ყველაზე მორცხვი მერწყულიც კი საკუთარ მეგობრად თვლის ყველას,ფოსტალიონით დაწყებული სახელმწიფოს პირველი პირით დამთავრებული. საერთოდ,მერწყულს ძალიან უჭირს განსხვავება,ისეთ მარტივი საკითხებისაც კი,რითი განსხვავდებიან ბიჭები და გოგონები,მწვერვალი და ფსკერი,ცივი და ცხელი. ტიპურ მერწყულს არავითარი წინასწარი განწყობა არ აქვს,როდესაც მეგობარს ირჩევს. „მეგობარი“ ის სიტყვაა,რომლითაც ურანიელები საყვარლებს,მეუღლეებს,ძაღლებს,კატებს,ციყვებს,შვილებს, მეზობლებს,დელფინებს,ნიანგებს,ჯიბის ქურდებს და კიდევ უამრავ სხვა არსებას უწოდებენ. ხანდახან შეიძლება გამოიყენონ ტერმინი „ჩემი ძველი მეგობარი“,“ჩემი მეგობარი“,“ჩემი ამხანაგი“…მაგრამ არა „ჩემი საუკეთესო მეგობარი!“ აი,აქ მერწყული ძალიანაც კარგად ხვდება განსხვავებას,ამიტომ იშვიათად,რომ ვინმე მისი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

საშუალოსტატისტიკურ კუროს დაახლოებით შვიდი წელი მაინც სჭირდება,რომ ადამიანს დაუმეგობრდეს. აქ იგულისხმება ნამდვილი მეგობარი,თორემ ნათესავებს,ნაცნობებს და რიგით ამხანაგებს კურო ასეთებად არ თვლის. საშუალოსტატისტიკურ მერწყულს ხუთი წამი სჭირდება რომ წარმოთქვას: “გამარჯობა,მეგობარო!“ ასეთ ნაჩქარევ დამეგობრებას კურო ეჭვის თვალით უყურებს.

თუ მათ დაბადების რუკებს შორის ჰარმონიული კავშირია,ბოლოს და ბოლოს,ისინი ერთ ენაზე ალაპარაკდებიან და შეძლებენ ერთმანეთის გაგებას. მაგრამ დამატებითი ჰარმონიული ასპექტების გარეშეც,4-10 ფორმულის ნიშნები ბევრ სასარგებლო გაკვეთილს იღებენ ერთმანეთისგან,რაც კუროს და მერწყულის შემთხვევაში სასაცილო ხუმრობების ფორმას იღებს და სწავლის პროცესიც გაცილებით მხიარულია. შეიძლება მათ ასევე თავდაცვისა და საკუთარი თავის კონტროლის სწავლაც მოუწიოთ. კუროები ჯიუტად ეწინააღმდეგებიან მერწყულთა მიუკერძოებლობას და ხშირად ეჩვენებათ,რომ ეს ჰაეროვანი არსებები ზემოდან,თავიანთი მაღალი ღრუბლებიდან უყურებენ მიწიერ ხარებს. მერწყულები მტკიცედ უნდა გეჭიროთ ამ რეალობაში_დაე,ისინი კუროთა უკმაყოფილების ტვირთს გრძნობდნენ სხვა განზომილებებში მოგზაურობისას. თუმცა კუროებსაც უყვართ მთვარეზე სეირნობა. უბრალოდ ჩემს ჩანაწერებს გადავხედე და არაერთი ასტრონავტი კურო აღმოვაჩინე. რას იტყვით ამაზე? ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ამაში ნებისმიერი მერწყული დამემოწმება… რომც არ ვკითხო.

 

 

 

კურო მამაკაცი და მერწყული ქალი 

 

საბრალო კეთილი თუთლსი…

ჰაერში საფრთხის სურნელი ტრიალებს.

ფერია დღეს ოინების ხასიათზეა და ფიქრობს,

რომ ბიჭებს შორის მას ყველაზე მარტივად გააცურებს.

 

მერწყული ქალი განსაკუთრებული ქალია და მამაკაციც განსაკუთრებული სჭირდება. თუმცა ზოგიერთები ამბობენ,რომ ის საბედისწერო ქალია და მოთმინებით აღსავსე კაცი უფრო გამოადგება. მაგალითად,კურო. ზემოთმინება ხომ მისი ერთერთი მთავარი ღირსებაა.

მერწყულის პიროვნება უნიკალურია,ჩვენი უმეტესობისთვის კი უნიკალურობა განსაკუთრებულობას გულისხმობს. აი,მიწის ნიშნებისთვის „უნიკალურია“ ნიშნავს_საბედისწეროს,უცნაურს,არანორმალურს. განსხვავება მხოლოდ განსაზღვრებაშია,არსი კი ის არის,რომ ის უჩვეულო ქალია.

მისი იდუმალება ძლიერ აინტრიგებს კურო მამაკაცს. ეს მორიელი ქალის საიდუმლო არ არის,როდესაც კურო ვერ ხვდება,მორიელი ბიწიერია თუ უმანკო,ცივია თუ ცხელი. მერწყულის შემთხვევაში,ის ცდილობს გაარკვიოს,ეს ქალი საერთოდ რეალობას წარმოადგენს თუ არა და ეს პროცესი სრულიად აჯადოებს მას.

მერწყულის გარშემო განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს,რომელიც რთულია კონკრეტული სიტყვით განსაზღვრო. ეს სრულიად ბუნებრივია,ის ხომ ჰაერის ნიშნით დაიბადა. მაგალითად,როდესაც წინადადებას დაუსრულებელს ტოვებს. ან საკუთარ მზერას სადღაც შორეულ  განზომილებაში მიმართავს,როდესაც კურო ეუბნება:“მე შენ მიყვარხარ“… ან როდესაც კუროს სახელის გახსენება უჭირს ან  რაღაც ამდაგვარი. მოგვიანებით კურო აღმოაჩენს,რომ სინამდვილეში ის აწმყოში იმყოფებოდა და მშვენივრად გაიგო ყველაფერი,ერთი დეტალიც კი არ გამოუტოვებია. უბრალოდ მისი გონება მცირედ ასწრებს მიმდინარე წუთებს და ცოტა მოიწყინა. მერწყულს შეუძლია აქაც იყოს და იქაც,მაგრამ აქ თუ იქ,ის მაინც შორს არის. მას თავისი წესები აქვს სასიყვარულო ურთიერთობაში(ყველა სხვა დანარჩენშიც) და ბოლომდე მათი ერთგული რჩება.

სწორედ ამ თვისებებით,თავისი სიმართლითა და  პატიოსნებით იზიდავს მერწყული ქალი კუროს და აიძულებს,მისთვისვე გასაკვირად,ისეთი რაღაცეები მოითმინოს,რაც ხშირად ეწინააღმდეგება მის მიდრეკილებებს. კუროს კარგად ესმის,რომ მისი მერწყული „წესიერ ადამიანთა“ მომაკვდავი სახეობის ერთერთი იშვიათი წარმომადგენელია,მაღალზნეობრივი და საიმედო,რომელზე დაყრდნობაც შეუძლია. მაგრამ აქ ჯობია შევჩერდეთ.

დიახ,მერწყული მუდმივია თავის განზრახვებში,როგორც კურო. მთელი თავისი მატყუარა გაურკვევლობისა და დაბნეულობის მიუხედავად,მერწყული ბრწყინვალე ორგანიზატორია და კუროსავით ეკონომიური. მას უყვარს ანტიკვარული ნივთები,რომელსაც კურო ხშირად ამტვრევს და დიდი რუდუნებით ინახავს ყოველგვარ სისულელეებს,რომელიც კუროს ძალიან აღიზიანებს. დიახ,ხარი სიამოვნებით ტკბება  წარსულის ტრადიციებით და ნამდვილი ოსტატების მიერ  დამზადებული ავეჯით,მაგრამ მას არასოდეს ესმის,რატომ აგროვებენ ადამიანები ძველი დროის გადმონაშთ ნივთებს,რომლებსაც არათუ არავითარი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვთ,არამედ წამსვე დაიმსხვრევიან,როგორც კი შეეხები… ან შემთხვევით ზედ დაჯდები.

ასე მაგალითად,კურო,რომელსაც მეთვრამეტე საუკუნის სკამი რბილი საჯდომის შეხებისთანავე შემოემტვრა,განრისხებული,სკამის ნარჩენებსაც ნაფოტებად აქცევს,მერწყულის გრძნობებთან ერთად,ზმუილით: “ეს ტრა-ტა-ტა(მკვახე გამოთქმები დაცენზურებულია) აქ აღარ დავინახო! თან რამდენი დახარჯე ამ ტრა-ტა-ტაზე… მაგ ფულით მთელ სახლს შევიძენდით,ხარისხიანი ავეჯით! მე ამ ოთახში სარწეველა სავარძელი მინდა და როდესაც სამსახურიდან დავბრუნდები,ჯობია აქ დამახვედრო,სულ რომ საკუთარი ზურგით მოგიწიოს მისი მაღაზიიდან თრევა!“

რა შეიძლება უპასუხოს მერწყულმა? რაღაც ისეთი გაურკვეველი,რაც გაშტერებულ კუროს რამდენიმე წუთით მაინც დაადუმებს… და შემდეგ,სრულიად მოულოდნელად დაიჭექებს ურანის მეხი:“შენი ტრა-ტა-ტა შენ თვითონ ათრიე! მე აგარაკზე მივდივარ და არ დამირეკო! მე თვითონ დაგირეკავ,თუ მომინდა,მაგრამ არა მგონია,ასე მოხდეს!“ მერწყული ხმაურით გაიჯახუნებს კარს და გაემართება არსად,რომ „მშვიდად“ გაანალიზოს ყველაფერი. დიახ,დიახ,სწორედ ამგვარად შემოტრიალდება მოვლენები,თუ ეს ორი მუდმივი ნიშანი ერთმანეთს შეასკდა.

შეგახსენებთ,რომ კვადრატული ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ქაოტური და მშფოთვარე ენერგია იმგვარად ძაბავს ასეთ ურთიერთობებს,რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება მაშინ აფეთქდეს,როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდება. კურო თავადაც შოკირებულია_ჯერ მარტო იმიტომ,რომ რისხვის შემოტევები მას ძალიან იშვიათად ემართება ცხოვრებაში. მერწყული უფრო ხშირად აკვირვებს ადამიანებს თავისი განრისხებით თუნდაც იმიტომ,რომ მისი უცაბედი აფეთქებები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს.

შერიგების ნიშნად საჩუქრით ხელდამშვენებული მერწყული თხუთმეტ წუთში დაბრუნდება შინ. სავარაუდოდ,ქუჩაში ნაპოვნ უპატრონო ლეკვს მოუყვანს. თუ ლეკვი თბილი,ფაფუკი და მოსიყვარულე აღმოჩნდა,კურო ორივეს ჩაიხუტებს და  მისი დატოვების ნებას დართავს,მხოლოდ მტკიცე პირობასაც ჩამოართმევს,რომ ახალ ბინადარს მერწყული მიხედავს. და კვლავ მშვიდობა დაისადგურებს.

თუმცა უმეტესად მერწყულიცა და კუროც დიდი სიამოვნებით ინახავენ ძველ ხარახურებს. კურო იმის მტკიცებასაც მოჰყვება,რომ მათგან გონივრული სარგებლის მიღებაც შეიძლება. ცხადია,ეს სრული სისულელეა,მაგრამ კურო რომ რამეს დაიჟინებს… რადგან ისინი მუდმივი ჯვრის წარმომადგენლები არიან,ორივე საკმაოდ ბევრ უსარგებლო რამეს აგროვებს. მაგრამ როდესაც საქმე ისეთ თვისებას ეხება,როგორიც საიმედოობაა,მერწყული ნამდვილი თეთრი ყვავი ხდება ფიქსირებულ კვადრატში.

მერწყული ყველანაირად ეცდება საკუთარი სიტყვა არ გატეხოს; ჰერკულესის ძალისხმევას გამოიჩენს,რომ შეხვედრებზე არ დააგვიანოს; არასოდეს განუდგება თავის შეხედულებებს და ეს ყველაფერი აღტაცების ღირსია. მაგრამ მისი ექსცენტრული ჩაცმულობა და მანერები,ქცევათა ზიგზაგური ტრაექტორია,მისი მოულოდნელი „გამოთიშვები“ და სიურპრიზები,რომელიც მხოლოდ მას მოსწონს და არა თქვენ,ყველაზე ნაკლებად მეტყველებს საიმედოობაზე.

კურო,ძირითადად,ჩვეულებრივია და მისი ქცევებიც მარტივად პროგნოზირებადია. მას არც „ზიგები“ უყვარს და არც „ზაგები“. მისი უბოროტესი მტერი და მოშურნეც კი ვერ იტყვის კუროზე,რომ ის ექსცენტრულია. გულის სიღრმეში ყველა ხარი კონფორმისტია. აი,რატომ ურღვევს მოახლოებული მერწყულის ერა მას სიმშვიდეს და სასოწარკვეთილ აღელვებამდე მიჰყავს. ვინ უნდა გაუგოს ამ გიჟ ახალგაზრდობას,სექსუალურ რევოლუციას,ბუნტებსა და პროტესტებს?.. და ქალებს,რომლებსაც თავიანთი მოკლე ჭკუით გადაუწყვეტიათ,რომ მამაკაცების თანასწორები არიან,მაშინ როდესაც ანატომიის ერთი კარგი კურსიც კი ამტკიცებს,რამდენად სასაცილოა ეს თეორია. ამიტომ კურო,რომელიც დღევანდელ დღეზე ფიქრობს და თავისი საკუთრება აღელვებს,მთელი მონდომებით ცდილობს იპოვოს მართალი ადამიანი. ნუ,ყოველ შემთხვევაში მართალი ქალი მაინც.

როდესაც მის თვალთახედვაში მერწყული ქალი გაიელვებს,კურო ხვდება,რომ ძიება დასრულდა. მაგრამ რა უქნას მის ექსცენტრულობას,მის ჩაცმულობას,მის განცხადებებს და თანაგრძნობას იმ არანორმალურების მიმართ,ქუჩებში რომ რაღაცეებს აპროტესტებენ?.. შეიძლება რადგან ის ქალია,არც ისე კარგად ესმის,რა ხდება მის გარშემო? შეიძლება კურო მას დამცველად სჭირდება?_ფიქრობს კურო. მე ვერ უარვყოფ კატეგორიულად,რომ შესაძლოა მერწყულსაც სჭირდება დაცვა. მაგრამ ბოლოს და ბოლოს მერწყულის ეპოქა მისი ეპოქაა და ვინ,თუ არა მან,ყველაზე უკეთ იცის,რომ არ არის აუცილებელი დაემორჩილო რაღაც წესებს,რომელსაც შენ თვითონ არ იზიარებ. ის ყოველთვის კმაყოფილი იყო იმით,რომ ზღვის პირას ცხოვრობდა და არ აკრიტიკებდა მათ,ვისაც მთები უფრო მოსწონდა. ყოველთვის ისეთ ვარცხნილობას ატარებდა,როგორიც თავად მოსწონდა,იმის მიუხედავად,მისი მეგობრები თავს იხოტრავდნენ თუ გრძელი ნაწნავებით დადიოდნენ. განა ღირს ნერვიულობა იმაზე,რა ხდება გარეთ,როდესაც ისეთი მშვენიერი ეპოქის დასაწყისია,სადაც ყველა ისეთი იქნება,როგორიც არის? კონსერვატორი თუ ლიბერალი,ფეხშიშველი და ფეხსაცმელებით,გრძელი თუ მოკლე ვარცხნილობით. ეს ნიშნავს: იცხოვრე და სხვასაც ნუ შეუშლი ხელს.

ბოლო ნაწილს კურო კარგად გაიგებს,რადგან თავადაც ასე ცხოვრობს და არც სხვებს უშლის ცხოვრებას. მერწყული ხომ არ უშლის ხელს ხანდახან ბუზღუნში,როდესაც რაიმე არ მოსწონს? მთავარია,ერთმანეთის პირად შეხედულებებს მწარედ არ დასცინონ,რაც საკმაოდ ტიპურია 4-10 სქემის წყვილებისთვის.

მერწყულის ფიზიკური ლტოლვა არასოდეს არ არის იმდენად ძლიერი და ღრმა,როგორც კუროსი. მერწყულის  აბსტრაქტულობისკენ მიდრეკილება მის სექსუალობაზეც ვრცელდება. რადგან კუროში,სადაც ყველაფერი კონკრეტულია და განსაზღვრული ფორმა აქვს,ვერაფერ აბსტრაქტულს ვერ წააწყდებით,საბრალო ხარს შეიძლება უძილობაც დასჩემდეს. მერწყულში უფრო ცნობისმოყვარეობას აღმოაჩენთ,ვიდრე მგრძნობიარობასა და ეროტიკას. მას რთული შეხედულება აქვს სიყვარულზე,ასე ვთქვათ,ზედმეტად „ჰაეროვანი“; კუროს_მიწიერი და მარტივი. თუმცა კუროს თბილ და მოსიყვარულე ნატურაში არის რაღაც,რაც მერწყულის სულს ათბობს. მერწყულის გახნილ და მართალ სიყვარულშიც არის რაღაც,რაც კუროში ნაზ მოთმინებას უფრო მეტად  ზრდის და აძლიერებს.

როგორი სიყვარულითაც არ უნდა იყოს გარემოცული ეს მამაკაცი,ის ყოველთვის მეტს ითხოვს. როგორ ძლიერადაც არ უნდა უყვარდეს მერწყულს თავისი კურო,მას ამ სიყვარულის გადანაწილება მოუწევს მას,მეგობრებსა და მთელს კაცობრიობას შორის. ხანდახან ორივეს ეჩვენება,რომ მათ ურთიერთობას სიყვარული აკლია. სიყვარული მართლაც არ იქნება,თუ მხოლოდ მის მიღებას ცდილობ. მაგრამ როდესაც ადამიანებს მისი გაცემა შეუძლიათ,სიყვარული ბევრია,ულევი!

 

 

 

კურო ქალი და მერწყული მამაკაცი

_ვენდი,ვენდი,როდესაც შენს ლოგინში გძინავს,

შეიძლება ჩემთან ერთად დაფრინავ

და ვარსკვლავებს ვესაუბრებით.

 …ვენდი ცხარე ცრემლებით ბღაოდა.

 

მერწყულ მამაკაცს იშვითად,რომ რამე გაუკვირდეს. თუმცა ის შეიძლება მზად არ აღმოჩნდეს იმისთვის,რითიც შემოუტრიალდება  კურო ქალთან „მეგობრული ნაცნობობა“. მერწყულს თავისებური ეთიკა აქვს,რომელიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ,მაგრამ ეს მისი საკუთარი უტეხი(უფრო მუდმივი) წესებია.

მერწყულში ძლიერ განვითარებულია ადამიანურობა. მას არ ახასიათებს მამაკაცური შოვინიზმი_ყველა თანაბრად აინტერესებს,სქესის მიუხედავად. განა შეიძლებოდა ასეთ კაცთმოყვარე არსებას კუროსთვის გული ეტკინა? თანაც ერთად ისე მხიარულობდნენ! ის უბრალოდ ცდილობდა კუროს უმცროსი ძმა,მეგობარი,ამხანაგი ყოფილიყო. გოგონა კუროებს კი დედაბუნება სიყვარულისთვის ქმნის. ასე რომ,მან უკვე დასაწყისშივე დაუშვა შეცდომა.

მერწყული მის მიმართ იმდენ ყურადღებას იჩენდა,ინტიმური შემცველობის შოკისმომგვრელ კითხვებს უსვამდა და ისეთი თანაგრძნობით ანუგეშებდა,როდესაც კურო ტიროდა… რა დააშავა ასეთი? მას ბუნდოვანი მხედველობიდან გამორჩა,რომ ის ქალია! კურო,რა თქმა უნდა,სრულად აცნობიერებს,რომ ის მამაკაცია. მან ეს თავიდანვე კარგად შეამჩნია! მისი სასიყვარული არითმეტიკა უმარტივესი იყო: ერთ კაცს მივუმატოთ ერთი ქალი უდრის ექსტაზს,უბრალო შეხების დონეზეც კი. მერწყული კი თავს უფრო მშვიდად გრძნობს,როდესაც ორნი ორად რჩებიან და არავითარ მიმატებებსა და გაერთიანებებს ადგილი არ აქვს. მაშინ მან ზუსტად იცის,სადაც იმყოფება მარტო,ერთი და თავისუფალი (პასუხისმგებლობისა და ინდივიდულობის დაკარგვის შიშისგან).

სავარაუდოდ,მერწყული ამდენ დროსა და ყურადღებას იმისთვის უთმობდა,რომ ენახა როგორ აძგერდებოდა კუროს გული. მერწყული საოცრად ცოცხალ ინტერესს ავლენს ყველა თავისი ექსპერიმენტის დროს. მაგრამ,როგორც სჩანს,კურომ ვერ გაიგო,რომ მერწყულის ცნობისმოყვარე ტვინის საცდელი მასალა იყო. მან ყველაფერი დეტალურად გაანალიზა(როგორც კუროებს სჩვევიათ) და დაასკვნა…რომ მერწყულს ის უყვარს.

შეიძლება ასეც იყო. მაგრამ მერწყულ მამაკაცს უნიკალური ნიჭი აქვს „სიყვარული ერთი ნახვითაც“ კი მეგობრობად გადააქციოს,თითქოს ამ კავშირის ნათელი მხარეების შესამოწმებლად და შემდეგ ყველაფერი ასევე დატოვოს. კურო გოგონასთვის გრძნობებთან მსგავსი დამოკიდებული ჭეშმარიტი გზაა ხელმოცარულთა რიცხვში მოსახვედრად,რასაც სულ არ აპირებს. მას მტკიცედ სწამს,რომ ჭეშმარიტი სიყვარული,რაც ორი სულის(სხეულისაც) გაერთიანებას გულისხმობს,უიშვიათესი შემთხვევაა. ნამდვილად სამწუხარო იქნება ასეთი შანსის ხელიდან გაშვება ახლა,იმ ბუნდოვანი იმედით,რომ მომავალ ინკარნაციაში კვლავ იპოვიან ერთმანეთს. და ძალიან ბევრი მერწყული ხელიდან უშვებს თავის სიყვარულს.

როგორც წესი,მერწყულთან ურთიერთობაში გზააბნეული კურო,უფრო მეტად იტანჯება ამისგან,ვიდრე მერწყული. როდესაც კურო ქალს მამაკაცი უყვარდება,მას სურს,რომ ეს გაგრძელდეს „სამუდამოდ…და კიდევ სამი დღე“. ასეთივე სურვილი ექნებოდა მერწყულსაც,რომ არა მისი მიდრეკილება ექსცენტრული გამოხტომებისადმი,რომლის წინასწარ გათვლა და აღკვეთა კუროს სამწუხაროდ არ შეუძლია და ღმერთია მოწმე,მერწყული თავადაც ვერ ხსნის. ის მუდმივი ნიშანია და მთელი ცხოვრება მადლიერებით იხსენებს ყოფილ ქალებს,მაგრამ  იმავდროულად ურანის ადამიანია და ძალიან მარტივად და შეუქცევადად შეუძლია წავიდეს განშორებაზე.

მერწყული,მუდმივი ჩვევების მიუხედავად,ყოველგვარი გართულებების გარეშე იღებს ცვლილებებს. კუროს ძალიან უჭირს. ცვლილებები მას აშინებს. ცვლილება ნიშნავს რაღაც ახალს,უცნობს და გამოუცდელს. საყვარელი ადამიანის მკლავებში ის თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს. კურო მიჩვეულია მას,ისევე როგორც თავის ჩვევებს,ჯინსებს,ძველ ფირფიტებს,გატეხილ მადუღარას,დახეულ ჩოგბურთის ფეხსაცმელებს. იმ შემთხვევაშიც,თუ მერწყულთან ცხოვრება უთანხმოებებით არის სავსე და ხადახან აუტანელი ხდება,კუროს მაინც ჯიუტად სწამს,რომ ყველაფერი კარგად იქნება. მისი მოთმინება და ამტანობა მხოლოდ აღფრთოვანების ღირსია. მაგრამ თუ კურო ქალმა კაცის მიტოვება საბოლოოდ გადაწყვიტა,უკან ვერავინ და ვერაფერი მოაბრუნებს. ცხადია,თუ შეგნებული და სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო და არა უბრალოდ ნაბიჯი მოსინჯა სრულ სასოწარკვეთილებაში. ასეთი ილეთი მერწყულის მკვეთრი „ჩამოფრენით“ სრულდება სხვა განზომილებიდან რეალობაში,როდესაც აცნობიერებს,რომ ის გაცილებით მეტს დაკარგავს,ვიდრე კომფორტული მეგობრობაა. მაგრამ თუ ეს ნაბიჯი კუროს ფანდი არ არის და ის მართლა მიდის,მერწყული მთას უფრო მარტივად გადადგამს,ვიდრე კუროს დაარწმუნებს,ყველაფერი თავიდან დაიწყონ.

თუ მათ მზე-მთვარეებს შორის ნეგატიური დამოკიდებულებაა,უმცირესს ნიავსაც კი საზღვაო კატასტროფის გამოწვევა შეუძლია და რადგან მერწყულს ურანი მართავს,ეს იმაზე სწრაფად მოხდება,ვიდრე კურო მიხვდება,საერთოდ რა მოხდა. ამის შედეგად ის ემოციათა ზღვაში მაშველი რგოლის გარეშე აღმოჩნდება,კურო კი მიწის და არა წყლის მასალისგან არის შექმნილი! თუმცა ჰარმონიულად ასპექტირებული მნათობები ამ წყვილს ნებისმიერი შტორმის გადალახვაში დაეხმარებიან.

სექსუალური ურთიერთობა ასევე ხშირად ხდება პრობლემების მიზეზი,თუ კურო რჩეულის არაპროგნოზირებადობას არ შეეგუება. მერწყულს კი მოუწევს ტემპი შეანელოს და მეტი მოთმინებით აღიჭურვოს,რომ კუროს ვნებებისა და მგრძნობიარობის სიღრმეს ჩაწვდეს. კუროს სიყვარულის გამოხატვა არამხოლოდ ფიზიკური სიახლოვის დროს სჭირდება. მერწყულს შეუძლია მგრძნობიარეც იყოს და დელიკატურიც. უბრალოდ მათ მართლა უნდა მოინდომონ ერთმანეთის გაგება. ამ მუდმივ ძიებას შეუძლია სუფთა ვნების მწვერვალებზე აიყვანოს და ღირს ძალისხმევად,რადგან მერწყულს მათ სექსუალურ ურთერთობაში ისეთი მოულოდნელი მაგიის შეტანა შეუძლია,რომელიც სულ სხვა განზომილებებს გახსნის მათი სულების,გულების და სხეულებისთვის.

…ეს ორი იმდენად განსხვავდება. ის ქალია! ეს მამაკაცი! კურო ისურვებდა,საყვარელი კაცი მას ქალად აღიქვამდეს. მერწყული ისურვებდა,მას ისე ეპყრობოდნენ,როგორც კაცს(მაგრამ კაცები მოსაწყენი არსებები არიან. ბიჭებთან უფრო მეტი მხიარულებაა). კუროს ფაფუკი ხალიჩები და მასიური ავეჯი მოსწონს,მერწყულს ყველაზე მშვიდად კარავში სძინავს. კუროს ქაფიანი აბაზანები და სურნელოვანი ზეთები უყვარს. მერწყული შხაპის ქვეშ ბამბუკის ფოთლებს იტყაპუნებს,იაპონელივით. კურო სიმშვიდისა და აუღელვებლობისკენ არის მიდრეკილი,რასაც მერწყული მოწყენილობას უწოდებს. მერწყული კამათისა და მოულოდნელობებისთვის არის განწყობილი,რაც კუროს სიგიჟედ მიაჩნია. ბოლოს და ბოლოს,კურომ შეიძლება მოთმინება დაკარგოს!..

თუმცა თუ მერწყული კუროს ოდნავ მაინც ფრენას ასწავლის და თუ კურო შეძლებს გააგებინოს „ერთად ყოფნის“ ჭეშმარიტი მნიშვნელობა,მაშინ ვინ იცის… “თუ“ პატარა სიტყვაა,უდიდესი მნიშვნელობით. მაგრამ სიყვარული ის სიტყვაა,რომელსაც  უკიდეგანო ძალა აქვს.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით

სტატიის ავტორი Qet Adastra

 


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top