ქალწული და თევზები

ქალწული და თევზები

არცერთ ადამიანს არ შეუძლია ფრენა, სანამ ფერიების გადმოფრქვეულ მტვერს არ მოაყრიან.

ქალწულიცა და თევზებიც ფემინური ენერგიის ორმაგ გავლენას ექვემდებარებიან, მზის ნიშნებისა და მმართველი პლანეტების მიხედვით. იმავდროულად, ქალწული მასკულინური მერკურის გავლენასაც განიცდის, მაგრამ არ იფიქროთ, რომ თევზები ამას ქალწულთა უპირატესობად ჩათვლიან. და სულ ტყუილად, რადგან ქალწული ერთდროულად მასკულინური მერკურისა და ფემინური ვულკანის ენერგოვიბრაციების ქვეშ იმყოფება. ასე რომ, შეიძლება საკმაოდ ცბიერიც აღმოჩნდეს. თუმცა არც მოუხელთებელი თევზები  უჩივიან ცბიერების უკმარისობას. ქალწულისა და თევზების კავშირი ოპოზიციური ასპექტის ენერგიაა. არა, განა ის, რომ ერთმანეთს ეომებიან… უბრალოდ თითოეული მათგანი ისეთი თვისებებით არის დაჯილდოებული, რომელიც მეორეს აკლია. ეს კი თანაბრად საკმარისი მიზეზია დაპირისპირებისა და შურისთვისაც.

დავიწყოთ იმით, რომ ქალწული თვით მეთოდურობა და წესრიგია. მისი საქმიანი გონება შესაშური სიმკვირცხლით ახარისხებს შთაბეჭდილებებსა და ფაქტებს, რომელთაც ქალწული შემდგომ აკურატულად აწებებს იარლიყებს  და უზადო წესრიგში ინახავს. იშვიათი ინდივიდების გამოკლებით, რომელთაც ასცედენტი ან მთვარე თევზებში ჰყავთ, ქალწულები ყოველთვის დროულად იხდიან გადასახედებს, არასდროს იგვიანებენ სამსახურში და არ ათენებენ ღამეებს (თუ მომატებული შფოთიანობის გამო უძილობა არ აწუხებთ). მათი სახლები, მანქანები, ტანსაცმელი, კბილები თუ აზრები ყოველთვის იდეალურ წესრიგშია. ისინი არ ხარჯავენ ბევრ ენერგიას ისეთ არაპროდუქტიულ საქმიანობაზე, როგორიც ღრუბლებში ფრენაა.

„ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს და ყველა ნივთი თავის ადგილზეა“_ თევზების მოგონილი ნამდვილად არ უნდა იყოს. მათი პირადი ნივთები პიკასოს აბსტრაქციას ჰგავს. მათი საცხოვრებელი ადგილი კი თვალწარმტაც ნანგრევებს მოგაგონებთ. ეს მხატვრული ქაოსის სამეფოა, მთვლემარე სიმშვიდე და სიწყნარე, როგორც ანტიკვარიატის მაღაზიაში. ცხადია, ნეპტუნიელებს შორისაც გვხვდებიან ისეთი ეგზემპლარები, რომელთა აკვარიუმი ყოველთვის მზად არის ჟურნალი „სახლი და ბაღის“ ფოტოგრაფის ვიზიტისთვის, მაგრამ ასეთებს ჰოროსკოპში, სავარაუდოდ, ქალწულის გავლენა უნდა ჰქონდეთ. გაცილებით ხშირ შემთხვევაში, თევზებთა ადგილსამყოფელი თბილი დომხალის, ოდნავ მტვრიანი სიმყუდროვისა და წამახალისებელი თანაგრძნობისგან არის შეთითხნილი. მერე რა, რომ ოთახის კუთხეებში მტვრის ქულები მიყუჟულან? ის, რომ ქალწულის აბეზარმა ცოცხმა შეიძლება, მტვერთან ერთად,  კუნჭულებში მიმალული  საიდუმლოებებიც გამოგავოს.

თევზებს ეცინებათ ქალწულთა პედანტიზმზე, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდებიან, ცუდი არ იქნებოდა,  ნაკლები ეოცნებათ და  ეუსაქმურათ, საქმეები ხვალისთვის არ გადაედოთ და წესრიგში მოეყვანათ თავიანთი ნივთები, აზრები და გრძნობები. აი, რატომ იხიბლებიან თევზები საპირისპირო სქესის ქალწულებით. სამაგიეროდ,  მათ უბრალოდ აცოფებთ თავისივე სქესის ქალწულები, რომელთა სრულყოფილება უხმო  გამოწვევას  უცხადებს თევზებს. არაფერი ისე არ აღიზინებს თევზებს, როგორც შეჯიბრის გარდუვალობა.

ქალწულები და თევზები, ძლიერი განსხვავების მიუხედავად, როგორღაც ახერხებენ წარმატებულ თანამშრომლობას. ნაწილობრივ, მათ ჩაკეტილობა და თავშეკავება აერთიანებთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.

უსამართლობა იქნებოდა, არ აღმენიშნა, რომ ქალწულებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ თევზებისგან. მაგალითად, ოცნების და სურვილის ჩაფიქრების ხელოვნება, ახირებული ქალბატონის, იღბლის მოჯადოება და მისი კეთილგანწყობის მოპოვება. თევზებს ოცნებებისა და სურვილების მატერიალიზება მხოლოდ რწმენის ძალით და ბრძნული მოთმინებით შეუძლიათ. ქალწულებსაც შეუძლიათ იყვნენ მოთმინების მაგალითები, მაგრამ მათ მოთმინებას ვერავინ უწოდებს მოკრძალებულს.

თევზები მზრუნველად კვებავენ თავიანთ ოცნებებსა და სურვილებს, გულმოდგინედ იცავენ მათ უსახური ყოფისგან, თუმცა ხანდახან უსახელო შიშებსა და სიმორცხვეს ნებდებიან. თევზები დუალისტური ნიშანია. მისი სიმბოლო ტყუილად არ არის ორი, ურთერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მცურავი თევზი. დამეთანხმეთ, რომ ერთდროულად ორი მიმართულებით ცურვა არც ისე მარტივია. ამიტომ, თევზები ნამდვილად იმსახურებენ თანაგრძნობას. ბოლოს და ბოლოს, ისინი ისე გულუხვად არიგებენ ემპათიას, სრული უფლება აქვთ მცირედი მხარდაჭერის  იმედი ჰქონდეთ.

თევზები საოცრად შემეცნებითი და ინტუიციური ნიშანია. მათ თავისუფლად შეუძლიათ სხვების გულისნადებისა და საიდუმლო აზრების ამოკითხვა.  თანაგრძნობის ამგარი უნარი მათთვის წყალობაც არის და წყევლაც, რადგან ერთის მხრივ, ის გულისხმობს ცოცხალ და მდიდარ წარმოსახვას, რასაც, მეორეს მხრივ, ობიექტური რეალობის დამახინჯება შეუძლია. ერთი სიტყვით, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ წარმოსახვა კარგი მსახური, მაგრამ ცუდი ბატონია.

აქიდან გამომდინარე, ფხიზლად მოაზროვნე ქალწულები შეიძლება ძალიან სასარგებლონი აღმოჩნდნენ თევზებისთვის. სასარგებლოობის განცდა კი უკიდურესად მნიშვნელოვანია მათთვის. ისინი თავაზიანად  და რბილად მიუთითებენ თევზებს, რომ მათი შთაბეჭდილებები თუ იდეები შორს არის რეალობისგან. თუმცა თევზების ოცნებებს ჯადოსნური თავისებურება ახასიათებთ. ეს რაღაც ვარსკვლავური მტვრის მსგავსია, რომელსაც ფერია აფრქვევს. ეს ჯადოსნური სუბსტანცია ადამიანებს ფრენაში ეხმარება. და რა საოცარია,როდესაც  კეთილგონიერ ქალწულსაც შეუძლია მოსაწყენ  ყოფიერებაზე მაღლა აფრენა.

 

 

ქალწული მამაკაცი და თევზები ქალი

Jason Sudeikis & Olivia Wilde

 

_სიმართლე მითხარი, სინამდვილეში როგორ მეპყრობი?

_როგორც ერთგული შვილი.

_ ასეც ვფიქრობდი. _ თქვა ვენდიმ და

ოთახის მეორე კუთხისკენ წავიდა.

 

შესაძლოა ასტროლოგს არ შვენის ნეპტუნის საიდუმლოებების გამჟღვნება, მაგრამ ეს დაეხმარება ქალწულ მამაკაცს, უკეთესად გაუგოს თევზებ ქალს, ამ ანგელოზისმაგვარ არსებას, ასეთ მორცხვსა და სათუთს. იცით რა არის, ამ ქერუბიმმა კარგად იცის, რას აკეთებს. ის ევას ჭეშმარიტი ქალიშვილია _ მაცდურად შეფუთული და  ვარდისფერი ლენტებით გადახვეული  საჩუქარი მამაკაცთა სქესს. ოღონდ ქალწული მამაკაცი ვერც კი ეჭვობს, რა იმალება ამ დამატყვევებელი შეფუთვის მიღმა.

თორმეტი ქალი _ აი, რას აღმოაჩენს ქალწული, როდესაც ფრთხილად გახსნის ლენტებს.  ეს მოჩვენებითად გულუბრყვილო და თვინიერი ქალბატონი ნამდვილი ჰარამხანაა. თევზების ნიშანი ხომ  მთელი ზოდიაქოს  წრის კარმულ თესლს ინახავს საკუთარ თავში. ამიტომაც იცის მან მოსმენა (სხვათა შორის, ზუსტად ეს ატყვევებს ქალწულ მამაკაცს). ის ყურადღებით ისმენს, რადგან ბრძენია. მისი სულიერი მეხსიერება ყველა ნიშანში განსხეულების  გამოცდილებას ინახავს.

მიუხედავად იმისა, რომ თევზები მამაკაციც ორმაგ ფემინურ გავლენას განიცდის, მზის ნიშნისა და ნეპტუნის სახით, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება თევზებ ქალს ხრიკებში. თევზები ქალი  ქამელეონზე უფრო ცვალებადია. ხან ვერძივით შემტევი და უცერემონიოა.  ხან კუროს სიჯიუტით იმსჭვალება და ყველა გონიერ დასკვნას ისხლეტს. აი, ქალწულ მამაკაცს მოეჩვენა, რომ, როგორც იქნა, თევზები მოხიბლა და ის უცებ  ტყუპებივით მიფრინავს, ხელიდან ისე სწრაფად უსხლტება, ქალწულის მმართველი მერკური, მასთან შედარებით, კუსავით ნელია. შემდეგ ცრემლებად იღვრება და ხუთ წუთში იცინის _ ეს კირჩხიბის ფაზაა. მოგვიანებით უცნაური კვირა დგება, როდესაც თევზები მედიდურად ელის, რომ სამეფო პატივს მიაგებენ _ ლომის სტადია. ამას მოჰყვება თვინიერებისა და წინდახედულების თვე, როდესაც ქალწულს ბუნდოვნად ეჩვენება, რომ სარკეში იყურება. დიახ, ეს მართლაც ქალწულის გამოსვლაა თევზების თორმეტაქტიან დრამაში.

დამშვიდებული და კმაყოფილი ქალწული მამაკაცი  მორიდებული სიამაყით აჩვენებს ფორდის ძველ მოდელს, რომელიც ხანგრძლივი ხლაფორთის შემდეგ გაარემონტა. თევზები მანქანით გაისეირნებაზე თანხმდება. შემდეგ  განუცხადებს, რომ  შავ ფერს ვერ იტანს. იქნებ მანქანა გადაღებოს? ჟოლოსფრად, როგორიც მისი ახალი კაბაა. ეს სასწორის პინების მერყეობაა.

ერთხელაც ქალწულს ძილის წინ დარეკვა ავიწყდება. მეორე დღეს ტელეფონს უფეთქებს, ნახევარი საათი კართან ელოდება. სულ უშედეგოდ. მორიელი არავის პატიობს წყენას! მოგვიანებით, როდესაც შერიგების ნიშნად  კოცნის, ქალწულს მუხლები აუკანკალდება  და თვალებში უბნელდება მორიელის მხურვალე ვნებებთან შეხებისას.

ერთ მშვენიერ დილას კვლავ სახეშეცვლილი თევზები ქალწულს ურჩევს, დალაქი შეიცვალოს, ფეხსაცმელები უკეთესად გააპრიალოს, ეს საზარელი ჰალსტუხი სანაგვეზე მოისროლოს და სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს. თან ამ ყველაფერს დედამისისა და ორი საუკეთესო მეგობრის თანდასწრებით უცხადებს. სწორად მიხვდით, ეს კენტავრმა მოჭიმა მშვილდი.

მოულოდნელად თევზებს ბეზრდება ქალწულისთვის მტკივნეულ მაზოლებზე დაბიჯება და გაქვავებული სახით უცხადებს, რომ გათხოვება გადაიფიქრა, რადგან ევროპაში გამგზავრება სურს, ხელოვნების შესასწავლად. საბრალო ქალწულს თხის რქის ამბიციების ყინულოვანი სუნთქვა სუსხავს.

ქალწულს სუსტი იმედის ნაპერწკალი უჩნდება, რომ ყველაფერი ნორმაში მოდის, ნაცნობი და მყუდრო ხდება და მოულოდნელად მისი მეგობარი ქალთევზა სახლს იცვლის გაუფრთხილებლად. ახალი მისამართი და ტელეფონის ნომერი ძველი სახლის დიასახლისს დაუტოვა.  ცხადია, ყველაფერი აურია და ქუჩის სახელიცა და ნომერიც არასწორად დაწერა.  ქალწულს სამი თვე დასჭირდება, რომ როგორღაც მიაგნოს, დედამისის მეშვეობით, რომელიც, როგორც იქნა, ოჰაიოდან ბრუნდება. თევზები ქალი მერწყულის  ამნეზიისა და ექსცენტრულობის მსხვერპლია.

ბოლოს თევზები კვლავ საკუთარ ჭეშმარიტ „მეს“ უბრუნდება. რაც ქალწულს აშინებდა და აფრთხობდა, დროებითი აღმოჩნდება. დროის უმეტესი ნაწილი ის მომხიბვლელი, მშვიდი და თანამგრძნობია. თუმცა კარგი იქნება მისი მშვიდი მიჯნური მზად იყოს ასეთი მრავალსახოვნებისთვის, რომელსაც თევზები დროდადრო ირგებს.

გულნატკენი თევზები  პატარა გოგოსავით კუთხეში იყუჟება. ასე რატომ იქცევა? იქნებ ყველასგან უჩუმრად ტირილი და ობობებისთვის თავისი გულისტკივილის გამხელა უნდა? თუ მარტომ  უნდა შეჭამოს ის კანფეტები, რომელიც უნდა გაეყოთ? რა თქმა უნდა, არა. ის ოთახის საპირისპირო კუთხეში იმიტომ მიდის, რომ ქალწულს სივრცით გამოეყოს.  მე უკვე არაერთხელ გაგიმხილეთ, რომ თევზები საოცრად ბრძენი ნიშანია. საქმე ის არის, რომ მისი ქვეცნობიერი ინტუიციურად გრძნობს   მზის ნიშნების პოლარობის ძლევამოსილებასა და  წინააღმდეგობრიობათა მაგნიტიზმს. ის უკან იხევს იმისთვის, რომ მიზიდულობის კანონი სწრაფად ამუშავდეს. ეს კანონი კი ყოველთვის მუშაობს! ათწუთიანი დამთრგუნველი დუმილის შემდეგ, მისი მიჯნური ოთახის საპირისპირო კუთხისკენ გარბის, რომ მაგრად ჩაიხუტოს და პატიება თხოვოს.

მიწისა  და წყლის ნიშნები ყოველთვის ექსტაზში ერწყმიან ერთმანეთს. თევზები მოპოვებული უსაფრთხოებით ტკბება, ქალწული ახალ შთაბეჭდილებებს აგემოვნებს. ქალწული მამაკაცი არც ისე ხშირად კარგავს კონტროლს და ეს ყველაზი კარგი რამ არის, რაც შეიძლება დაემართოს. ეს ადამიანი, რომელიც სასოწარკვეთილი  ეძებს ხსნას მარტოობაში, ვერც კი ეჭვობს, რა ძლიერი გრძნობები თვლემს მასში, განთავისუფლების მოლოდინში.

ქალწული ისეთი ჭკვიანია. თევზები კი ისეთი ბრძენია. მათ ნამდვილად გაუჭირდებათ თანხმობის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მუტაბელური კვადრატის შვილია და კომუნიკაცია ზოგადად არ უჭირთ.

შესაძლოა, ქალწული უსიამოვნოდ განაცვიფროს იმ  წარმატებამ, რომლითაც თევზები ქალები მამაკაცებში სარგებლობენ. თევზებს კეკლუცობა სისხლში აქვს გამჯდარი. ამას უბრალოდ უნდა შეეგუოთ, ისევე როგორც მის მუდმივ მზადყოფნას, ყველას აღსარება მოისმინოს. ცუდის მოლოდინში, ჩვენ თვითონ ვიზიდავთ ნეგატიურ მოვლენებს.

ქალწული შეიძლება შეეცადოს დაარწმუნოს, რომ არ ღირს ფულის ფლანგვა და დასასვენებლად გადადებული მთელი თანხის პირველივე მთხოვნელისთვის სესხება. მაგრამ მე არ გირჩევდით მისი სულგრძელი აღტყინებების  ჩახშობას. თევზებს არ შეუძლია უყვარდეს ძუნწი მამაკაცი, რომელიც ეკონომიურად ხარჯავს ფულსა და გრძნობებს. იმედგაცრუება ხშირად ხდება თევზების გაცივების მიზეზი, შესაძლოა ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისა და ყრუ დეპრესიისკენაც უბიძგოს.

თუ ქალწულს სურს, თევზების თორმეტივე სახება ბედნიერი იხილოს, მოდუნება  და სამყაროს უფრო მსუბუქად აღქმა უნდა ისწავლოს, მეტად გულუხვი და ბუნებრივი იყოს. რაც შეეხება მის მეგობარ ქალთევზას, არც მას ვურჩევ  ქალწულის ჟურნალებისა  და სვიტერების  საწერი მაგიდის უჯრაში შეყრას, როდესაც სტუმრები მოდიან, ნურც მის წინდებს დაკარგავთ დაუდევრად  და რა თქმა უნდა, არასდროს დაგავიწყდეთ მაღვიძარას დაყენება.

 

 

ქალწული ქალი და თევზები მამაკაცი

Claudia Schiffer & Matthew Vaughn

 

ის არ დატოვებს მას ნევერლენდში,

მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

 

 

რაზე საუბრობენ ეს ორნი პირველი შეხვედრისას? რომელი  ნივთი აღმოჩნდება ორივესთვის ერთნაირად მიმზიდველი? დაე, მომიტევონ ამაღლებულმა და რომანტიულმა არსებებმა, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბრის თემა  ფეხები აღმოჩნდება. ეს მათი საერთო პრობლემაა.

სამედიცინო ასტროლოგია, რომელსაც თვით ჰიპოკრატე ენდობოდა, გვასწავლის, რომ ყოველი მზის ნიშანი ფიზიკური სხეულის კონკრეტულ ნაწილს მართავს. ეს კონკრეტული ნაწილი კონკრეტული ნიშნის ადამიანების სხეულის ყველაზე მგრძნობიარე  ორგანოებია. თევზები ადამიანის ორგანიზმში ფეხებს განაგებს. ისინი ორთოპედების ხშირი პაციენტები არიან. ფეხები  კოჭლი ვულკანით მართული ქალწულის მუდმივი შფოთის მიზეზიც გახლავთ.

ქალწული ქალების უმეტესობა პირდაპირ დარეხვილია პრაქტიკულ ფეხსაცმელზე. ისინი ხელმომჭირნედ ხარჯავენ ტანსაცმელსა და გართობაზე, მაგრამ როდესაც საქმე ჯანსაღ საკვებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და ფეხსაცმელს ეხება, ქალწულები ნამდვილად აკვირვებენ გარშემომყოფებს. სააბაზანოს შკაფი სავსეა  სპილოსძვლისფერი საპნებით; მათი მინი-აფთიაქი  ფლაკონებს, ქილებსა და სტერილურ ბინტებს ვეღარ იტევს; გარდერობი კი ფეხსაცმლის ყუთებით აქვთ გამოტენილი. ყველა ფეხსაცმელს გულმოდგინედ  მიარბენინებენ მეწაღესთან და სათუთად ინახავენ შვილებისა და შვილიშვილებისთვის. ეს სულაც არ არის ექსტრავაგანტულობა. საერთოდ, ქალწულისთვის მიუღებელია სიტყვა „ექსტრავაგანტული“.

ქალწულ  ქალს უთუოდ ეამება ის გულწრფელი ინტერესი, რომლითაც თევზები მამაკაცი მის ისტორიებს ისმენს კონკიას ბროლის ფეხსაცმელზე. თევზებსაც დიდად სიამოვნებს ქალწულის ბუნებრივი ინტერესი მისი პიროვნების მიმართ. თევზები იმდენად ხშირად უსმენს სხვების გულისწუხილს, მოხარულია, რომ ახლა თვითონაც შეუძლია თავისი გრძნობები მასსავით ყურადღებიან მსმენელს გაუზიაროს. მართლაც, ერთი სიამოვნებაა  ქალწულივით გამგებ ადამიანს ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ფეხშიშველი სიარულისგან მიღებული შეგრძნებები აღუწერო, ფეხების გაყინვაზე ან იმაზე ეწუწუნო, რა რთულია ფეხსაცმლის შერჩევა (თევზებს უჩვეულო ზომის ფეხები აქვთ, ან ძალიან პატარა ან ძალიან დიდი).

ცხარე საუბარში თევზები თანდათან ამცირებს გამყოფ სივრცეს. მისი თანამოსაუბრე გულითადად თანაუგრძნობს მას.  თევზები საიდუმლოდ ეტყვის, რომ სტუნდეტობისას ერთ მხატვართან პოზირებდა, რომელიც გაოგნებული იყო მისი ფეხის ბერა თითის უცნაური ბალიშით. ქალწულს გაეცინება. ქალწულის გაბრწყინებული თვალებისგან შეგულიანებული თევზები უფრო ახლოს მიუჩოჩდება.

_ ყველაზე ცუდი ღამეა _ ჩივის ის ._ ფეხები ისე მეყინება, სათბურისთვის ადგომა მიწევს.

_ ჰო, ჰო, _ მყისვე ყვება ქალწული _ რამდენი საბანიც არ უნდა დაიფარო, გაყინულ ფეხებს ვერ ათბობს.

_ ალბათ, ეს ყველა მარტოხელა ადამიანის ტანჯვაა… _  ვარაუდობს თევზები და მრავლისმეტყველად უყურებს თვალებში.

ჩვეულებრივ, ქალწულს არ ძალუძს წინ აღუდგეს თევზების შემპარავ მომხიბვლელობას. თუმცა, საბოლოო კაპიტულაციას წინ ხანგრძლივი ნაცნობობა უძღვის. და მაინც, ოპოზიციური ურთიერთლტოლვა ისეთივე შეუქცვადია, როგორც მაგნიტების  მიზიდულობა. თევზების ნაზი მგრძნობიარობა სწრაფად იპყრობს ქალწულის გულს.  ქალწულის კეთილგონივრული სისუფთავე ატყვევებს თევზების პოეტურ წარმოსახვას. ვულკანის მქუხარე გამოძახილი კი ძლიერ აღელვებს მის მისტიურ სულს. ორივე თავგანწირული ნიშანია. ამიტომ, ისინი ყოველთვის ყურადღებით უსმენენ სხვების სურვილებს და არავის ახვევენ თავზე საკუთარს. ისინი ყველაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს. ყველაფერში, რაც ორი სხეულისა და ორი გულის ერთიანობას ეხება.

სამაგიეროდ, ვერაფერზე თანხმდებიან, როდესაც საქმე ფულზე მიდგება. თევზებს უყვარს საკუთარი ფულის სხვებისთვის განაწილება. ქალწულს ეს იდეა დიდად არ ეპიტნავება. ძუნწი თევზები და ხელგაშლილი ქალწულები_ უკიდურესად მცირერიცხოვანი გამონაკლისებია. უმეტეს შემთხვევაში ეკონომიური ქალწული მკაცრად განსჯის უფხო თევზების არაპრაქტიკულობას. რა ქარაფშუტობაა მთელი დანაზოგის მეგობრებში, ნათესავებსა თუ მეზობლებში დანიავება?! თავად თევზები იშვიათად იღებს ფულს ვალში. მას ფულის გაცემა უფრო მოსწონს. როდესაც საუბარი ფულზე მიდგება, ქალწულის თვალები ფოლადის ხდება, ხმა ვერცხლის ზანზალაკებივით კი არა, სასაფლაოს სამგლოვიარო  ზარივით რეკს… თევზების თავისუფლებაზე.

ქალწულის კრიტიკულობამ შეიძლება სერიოზულად დაამძიმოს მათი ურთიერთობა. ნოტაციები, ალბათ, ერთადერთია, რასაც თევზები მამაკაცი კატეგორიულად ვერ იტანს. ის ძალიან ღიზიანდება და ბრაზდება, ყველანაირად ცდილობს სახლში დაბრუნება გააჭიანუროს, გზაში შემხვედრ ყველა ბარში იხედება.  მიუღებელ რეალობას თევზები  ალკოჰოლითა და  ნარკოტიკებით თრობის ან სულაც ფანტაზიების სამყაროში გაურბის. ამიტომ, ქალწულმა ქალმა საღ აზრს უნდა მოუხმოს საშველად და შეიგნოს, რომ არის ამქვეყნად რაღაცები, რისი დაკარგვაც ფულის დაკარგვაზე მწარეა. მას უცნაური ადამიანი შეუყვარდა. განა გონივრული იქნება მისი გადაკეთება, იმის განადგურებით, რითაც თავიდან მოიხიბლა? _ გულუბრყვილო იდეალიზმის, უანგარობისა და თანაგრძნობის უნარის…

კარგი იქნება, თუ თევზები მცირედ მაინც მოზომავს  იდუმალებისადმი მიდრეკილებას, მისმა რჩეულმა უცხოდ რომ არ იგრძნოს თავი. ეს ქალი არ არის ყბედი და თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი საიდუმლოებები, მით უმეტეს, რომ თევზების საიდუმლოებები დიდწილად აბსოლუტურად უბოროტო და უმნიშვნელოა. ქალწულს უყვარს ყველაფერში განსაზღვრულობა და ნებისმიერი გაურკვევლობა  აღიზიანებს.

არაფერი დაშავდება, თუ ქალწული თავაზიანად  დაუთმობს თევზებს გემის შტურვალთან  დგომის პრივილეგიას. მოგვიანებით თავადაც  ბედნიერი შეუერთდება, ნეპტუნის საიდუმლოებებზე დასადევნებლად. ქალწულიცა და თევზებიც მუტაბელური ნიშნები არიან და ისინი ერთნაირად  ტკბებიან მოგზაურობით, დეკორაციების შეცვლით ან უბრალო საუბრით. ეს უტყუარი საშუალებაა, ყველა პრობლემის მოსაგვარებლად  და ყველა უთანხმოების განსამუხტად.

ვინ იცის, შეიძლება პირველი შეხვედრის წლისთავზე  ქალწულმა თევზებს ორთოპედიული  სანდლების ახალ წყვილი აჩუქოს პლაჟზე გასასეირნებლად.  თევზები კი ციცქნა ყუთით მაგნიტების წყვილს უსახსოვრებს, უჩვეულო მიზიდულობაზე მინიშნებით. ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი, ადამიანური  სითბო გაცილებით უკეთ ათბობს, ვიდრე რეზინის სათბური საბნის ქვეშ.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top