ასტროლოგიური სიმბოლოები

ასტროლოგიური სიმბოლოები

სიმბოლური ენა – უნივერსალურია. ის გვხვდება ხელოვნებაში, სხვადასხვა სწავლებებსა და რელიგიებში, მითოლოგიაში და ა.შ.  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სიმბოლოებითაა სავსე. სიმბოლოები ასტროლოგიაშიც გვაქვს. ესენია: წრე, ნახევარწრე, ჯვარი, ისარი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები.  ზოდიაქოსა და პლანეტის თითოეული ნიშანი ამ სიმბოლოების გაერთიანებისგან შედგება. სიმბოლოები გარკვეულ ენერგიებსაც ატარებენ და მათი გაერთიანება ახალი, პლანეტის/ნიშნის შესაბამის ენერგიას ქმნის.

წრე

წრე – უსასრულო, უწყვეტი ხაზი, რომელსაც  საწყისი და ბოლო არ აქვს. წრე სულიერ ძალისა და სულიერ სამყაროს, სულის, ღმერთის სიმბოლოა. თავის თავში მოიაზრებს მთელ სამყაროს, სოლარულ ციკლებს, ციკლურ ყოველ მოძრაობას, უსასრულობას. ჩვენ ვამბობთ, რომ სული მუდმივია, არ გააჩნია საწყისი და სასრული. წრის სიტყვა-გასაღებია – „სული“.

 

ნახევარწრე

 წრის ნახევარია, საკუთარ თავში მოიცავს ხანგრძლივ ზრდასა და წრედ გადაქცევის პოტენციალს. გარეგნულად რადარის დისკსა და მთვარის სეპტენერს ჰგავს – ერთდროულად მიმღებიცაა და გადამცემიც. სიცოცხლის ნაპერწკალს იღებს და გადასცემს ისევე, როგორც მთვარე ირეკლავს მზის სხივებს. ჩვენი სული სიცოცხლის ნაწილაკს (ნაპერწკალს) გონისგან (უმაღლესი სულისგან) იღებს და ირეკლავს. წრე – მამა ღმერთია, ნახევარწრე – დედა. ნახევარწრის სიტყვა-გასაღებია – „ცნობიერი* (სამშვინველი) და სული“.

*„ცნობიერი“ პირდაპირი თარგმანია. ზოგიერთ ინგლისურენოვან ვერსიაში Spirit და Soul შემხვდა. უკეთესი შესატყვისი იქნება – „სამშვინველი“.

წერტილი

წერტილი ერთიანობას, წარმოშობას, ცენტრს აღნიშნავს. როგორც ცენტრი – მთლიანობას, აბსოლუტურ რეალობას ნიშნავს, ის ყველა არსების წყაროა, საკუთარ თავში ყველა შესაძლებლობას, ვარიანტს მოიცავს; წმინდა ადგილი; დროისა და სივრცის შეერთების ადგილია; კოსმიური წესრიგია. ორი ტიპის წერტილი არსებობს: ა)ზომის უქონელი წერტილი შემოქმედებითი ძალის სიმბოლოა, ბ)პატარა ზომის წერტილი – გამოვლენის პრინციპის სიმბოლოა.

პირდაპირი ხაზი

 

პირდაპირი ხაზი საწყისისა და სასრულის მქონე ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მონაკვეთია. ვერტიკალური ხაზი მზის სხივებს ჰგავს, ეს ზემოდან ქვემოთ მომავალი სულიერი ენერგიაა. ასევე, ხაზი მიწიერ და სულიერს შორის ენერგიის მოძრაობის სიმბოლოა. მიწა ცას ჰორიზონტზე „ხვდება“. ვერტიკალური ხაზი – ციური, სულიერი, ინტელექტუალური, პოზიტიური, აქტიური, მამაკაცურია. გამოხატავს სულიერ ენერგიას, რომელიც ქვემოდან ზემოთ ან ზემოდან ქვემოთ მოდის. ჰორიზონტალური ხაზი მატერიის სიმბოლოა. მიმართულებისა და დროში გადაადგილებას აღნიშნავს. ჰორიზონტალური პასიური, მიწიერი, რაციონალური, ქალურია. ხაზის სიტყვა-გასაღებია – „ძალა“.

ჯვარი

ჯვარი – ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გადაკვეთაა, სულიერი და მიწიერი ძალების გაერთიანება მატერიას ქმნის. ჯვარი მატერიის („ნივთიერება, რისგანაც ფიზიკური საგნები შედგება“) სიმბოლოა. სიტყვა-გასაღებია – „ფიზიკური (მიწიერი) მატერია“.

ისარი

ისარი ჯვრის სახეცვლილი ვარიანტია და ენერგიის მიმართულებას მიანიშნებს. მათემატიკასა და სხვა მეცნიერებებში ისარს მიმართულების საჩვენებლად იყენებენ. სიტყვა-გასაღებია – „მოძრაობა“.

ზოდიაქოსა და პლანეტების სიმბოლოები ამ სიმბოლოების კომბინაციებისგან შედგება. მათი გაერთიანებით მიღებული სიმბოლო კონკრეტული ნიშნის ან პლანეტის ბუნებას აღწერს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პლანეტები

მზე

წრე+წერტილი=სულიერი ცენტრი

მზის სიმბოლო წრითა და წერტილით გამოისახება, რაც მის პირველად მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ის ჩვენი გალაქტიკის ცენტრია. ეს ცეცხლოვანი ბურთი დედამიწის სიცოცხლის ენერგიის წყაროა. მზის სიმბოლო – წრე და წერტილია. ცენტრალურ ადგილზე განთავსებული წერტილი აღნიშნავს ნებისყოფის, ნების ან „ეგოს“ საშუალებით პიროვნების სასიცოცხლო ენერგიის მიღებას.

მზე ჩვენი არსებობის, ფიზიკური სხეულის ცენტრია; პირად რუკაშიც მზე ცეტრია, ინდივიდუალურობას, ნებისყოფის წერტილს, ნებას, ეგოს, მე-ს აღნიშნავს. პირად რუკაში გულს უკავშირდება. ბერძნები გულს ზევსის ძეს – აპოლონს უკავშირებენ, რომელიც ადამიანებსა და ღმერთებს აკავშირებდა, ადამიანებს ასწავლიდა ღმერთების ნებით ცხოვრებას.

წრე მამა-ღმერთს უკავშირდება, ამიტომ ასტროლოგიაში მზე დაკავშირებულია მამაკაცურ ბუნებასთან; აღნიშნავს მამას, ქმარს, ავტორიტეტს. სიტყვა-გასაღები – „ნებისყოფა“.

მთვარე

ნახევარწრე+ნახევარწრე=ცნობიერი (სამშვინველი) და სული

მთვარის სიმბოლოს ორი ნახევარწრე წარმოადგენს. მთვარე მზის სინათლის ირეკლავს, მისით ივსება. მთვარეს ქალური საწყისი აქვს და პირად რუკაშიც მდედრობით სქესს უკავშირდება. მთვარის არქეტიპია ბერძნული ღვთაება სელენა, რომელიც ჰელიოსის (იგივე მზის) და იყო. მთვარის სხვა ქალღმერთები არიან დიანა და ჰეკატე. დიანა (დიანე) აპოლონის ტყუპისცალი დაა, ბავშვებს მფარველობდა, ასევე ველური ბუნებისა და მონადირეთა მფარველად ითვლება. ჰეკატე მთვარის ბნელ მხარეს უკავშირდება და ასოცირდება ბნელთან, იდუმალებასთან, ჩრდილთან. ეს სამი ქალღმერთი მთლიანობაში  მთვარის სამ ფაზას გამოხატავს.

მთვარეს საკუთარი სინათლე და ნათება არ გააჩნია, ის ირეკლავს და გამოხატავს ჩვენს ქვეცნობიერს,  ინსტინქტებსა და სურვილებს. ასტროლოგიაში მთვარე ადამიანის გრძნობებსა და ემოციურ ბუნებას უკავშირდება.

ეგვიპტურ ტრადიციებში მთვარეს მარადისობისა და არაფიზიკური სამყაროს შემოქმედად თვლიდნენ. ბუდდიზმში – სილამაზეს, მშვიდობას, სინაზეს უკავშირდება; დაოსიზმში – ჭეშმარიტების სიმბოლოა, შამანიზმში – მაგიური ძალის; ჩინეთში – ინის, ქალური პრინციპის მატარებლად ითვლება; ქრისტიანობაში – მზე და მთვარე ქრისტეს ორბუნებიანობას უკავშირდება. სიტყვა-გასაღები – „გრძნობა“.

მერკური

ჯვარი+წრე+ნახევარწრე=მატერია, სული, სამშვინველი

მერკურის ნიშანი სამი სიმბოლოსგან შედგება. ჯვარი მატერიის, მიწიერი სამყაროს სიმბოლოა, წრე – სულის, ნახევარწრე – მიმღები. მთლიანობაში მერკურის სიმბოლო მოგვაგონებს აღქმისთვის, შემეცნებისთვის მზადმყოფ ადამიანს და მიანიშნებს მიწიდან და სულიდან მიმავალ უწყვეტ ნაკადს ცნობიერისკენ და პირიქით – ცნობიერიდან სულისკენ და შემდგომ მიწიერისკენ.

წრისა და ჯვრის შეერთება მატერიისა და სულიერი სფეროების მიახლოებაზე მეტყველებს, რაც არამხოლოდ განსულიერებას ეხება, არამედ ენერგოინფორმაციულ წმენდას. ზემოთ ამობრუნებული რკალი შინაგანი წყაროებიდან მომავალი სულიერი ემანაციების მოხმარებასა და შეთვისებაზე მეტყველებს: ჩაზნექილი – შთანთქმა (შეძენა), ამოზნექილი – გათავისუფლება (გადაცემა), ჩაზნექილი – ტრანსფორმირებულის საბოლოოდ მიღება (გარდაქმნა).

ტყუპებში, რომლის მმართველიც მერკურია, ჰაერის ნიშანია – მასში უფრო ენერგიულად ხდება სულიერების ზემოდან ქვემოთ მიმართვა. ხოლო ქალწულში (რომლის მმართველიც ასევე მერკურია, მაგრამ მიწის ნიშანია) – აქცენტი უკვე მიღებული და ადრე დამუშავებული ინფორმაციის გადახედვაზეა, ვიდრე სულიერი ინფორმაციის მიღებაზე. ქალწულის ნიშანში აქცენტი ჯვარზეა და არა წრეზე.

ასტროლოგიაში პლანეტა მერკური გონებას უკავშირდება, ის გვიჩვენებს როგორ ურთიერთობს ადამიანი სამყაროსთან. მითოლოგიაში კი ღმერთების მაცნეა (გონება, აზროვნება=მაცნე). მის სანდლებზე ფრთებია, თავზე – მუზარადი, ხელში –  ჯადოსნური კვერთხი. როგორც მაცნე, აზრის სისწრაფით გადაადგილდება. მითებში მერკური თითქმის ყველა გმირთან გვხვდება როგორც ღმერთის წარგზავნილი. ის სხვა ღმერთებთან შედარებით ყველაზე მოხერხებულია და  „დიად მატყუარადაც“ მოიხსენიებდნენ. სიტყვა-გასაღებია – „გონება“.

ვენერა

ჯვარი+წრე=მატერია და სული

ვენერას ნიშანი ჯვარზე დაფუძნებული წრეა და ნიშნავს, რომ უმაღლესი მისწრაფებები მატერიალურ და გრძნობად სურვილებზე მაღლა დგას. როდესაც სული მატერიას უერთდება – სიყვარული და სილამაზე ჩნდება. ვენერას ქალური ბუნება სულიერი და მატერიალური ზრდის სიმბოლოს წარმოადგენს. სიცოცხლის გასაღები – მატერიაში (დედამიწაზე) ღვთიური ან სულიერი სიყვარულის გამოვლენაა.

კუროს ნიშანში მატერიალური სუბსტანცია იზიდავს და  სულიერ ენერგიას ჰყოფს. აქ ვენერა მიწის ნიშანშია, რომელშიც მატერიალურ განზომილებაში ფლობა მეტ მნიშვნელობას იძენს. სასწორში კი მატერიალური სუბსტანცია უფრო მაღალ, სულიერ დონეზეა აყვანილი (რაშიცმმართველი სტიქია – ჰაერი ხელს უწყობს). აქ ვენერა მოაზროვნე და ცოცხალ სულს აირეკლავს. ვენერა თევზების ნიშანში თავს უკეთესად ავლენს (ეგზალტირდება), რაც ნიშნავს, რომ მისი სულიერი თვისებები მოიცავს კომპლექსირებულ ინფორმაციას მატერიალურ სფეროზე და ეს ინფორმაცია არამხოლოდ სტატისტიკურია, არამედ ჰარმონიულად ეთანხმება სულიერ ქმედებებსაც.

სიტყვა-გასაღები – „სიყვარული და სილამაზე“.

მარსი

წრე+ისარი=სულის მოძრაობა.

დედამიწას ორი ახლო „მეზობელი“ ჰყავს – ვენერა და მარსი. მარსი ვენერის შებრუნებული სიმბოლოა, რომელშიც ჯვრის ნაცვლად ისარია მოთავსებული. თუ ვენერა სიყვარული და ჰარმონიაა, მარსი – ჯვრით (მატერია) შენარჩუნებული სული. მარსი წარმოადგენს მზის სასიცოცხლო ენერგიის მოძრაობის მიმართულებას ზემოთ. მზე – ჩვენი ეგო, ნებაა, მარსი – ეგოსა და ნების გამოვლენა. მარსში ისარი ზუსტად იგივეა, რაც მორიელის ნიშანში, რომლის თანამმართველადაც ითვლება. მარსი უკავშირდება სექსუალურ ენერგიას, ვნებას, მრისხანებას, აგრესიას.

მარსი როგორც ვერძის მმართველი განასახიერებს სულის ტრანსფორმაციას ქვემოთ, მატერიალურ სამყაროში, რაც  ვლინდება მიზანდასახულობაში, იმპულსურობაში, უშიშრობაში. მარსი სასწორში მატერიალურის მაღლა მდგომ მნიშვნელობას იღებს, აქ უფრო მეტად მორალური პრინციპების გათვალისწინება ხდება, სულის იმპულსი კი ფსიქიკურ დონეზე ვლინდება. თხის რქაში მარსის გამოვლენა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „წრეზე განლაგებული ისარი“, როგორ მისი დიამეტრის გაგრძელება. ეს პოზიცია უმაღლეს მიღწევებზე, საქმიანობაზე, იდეების ფორმირებასა და აქტიურობაზე მიანიშნებს.

სიტყვა-გასაღები – „აგრესია და მოქმედება“.

იუპიტერი

ნახევარწრე+ჯვარი=სამშვინველი და მატერია.

იუპიტერის ნიშანში გაერთიანებულია ნახევარწრე და ჯვარი. ნახევარწრე, იგივე სამშვინველი ფიზიკური მატერიიდან გადის, რათა სამყაროს გზავნილი მიიღოს. ყოველი მიღებული ცნობა ფიზიკურ მატერიაში ზრდას, განვითარებას იწვევს. იუპიტერი, იგივე ზევსი ღმერთების პანთენონის მთავარი ფიგურა იყო. მისი გავლენა რუკაში ოპტიმიზმსა და წარმატების მიღწევას, ფორმის იქით დანახვას უკავშირდება (რაც მოვლენების, საგნების ფილოსოფიური აზრის მიხვედრაში გვეხმარება).

იუპიტერი მშვილდოსანის მმართველია, რაც ამ ნიშანში მატერიალური სფეროს გასულიერებას  ხაზს უსვამს. სულიერზე ორიენტირებას აქ პირველადი მნიშვნელობა აქვს. თევზების თანამმართველობაში პირიქით, სულიერი მიიზიდება მატერიალურით; სწორედ თევზებში ფორმირდება ის იმპულსი, რაც შემდგომ ვერძში ვლინდება. კირჩხიბის ნიშანში (ეგზალტირება) – მატერიალურ სამყაროში სულიერი ენერგიის მაქსიმალური აქტიურობა ვლინდება.

სიტყვა-გასაღები – „ზრდა, გაფართოება“.

სატურნი

ჯვარი+ნახევარწრე=მატერია და სამშვინველი

სატურნის სიმბოლო იუპიტერის შებრუნებულ ნიშანს ჰგავს – აქ ნახევარწრეს უჭირავს ჯვარი. ის, რაც იუპიტერის ზრდა და გაფართოებაა –  სატურნის შეზღუდვებია. მატერიის ჯვარს სამშვინველის მისწრაფება იჭერს. სატურნი მიანიშნებს გამოცდაზე, რისი გადალახვითაც გავივლით; ვალდებულებას, რომელიც უნდა შევასრულოთ მანამ, სანამ უმაღლესი ცნობიერების მდგომარეობას მივაღწევთ.

სატურნი, იგივე კრონოსი ღმერთებს შორის უხუცესი დროის მმართველი და კანონების შემომტანი, ადამიანების ქმედებებზე დამკვირვებელი იყო. ასტროლოგიაშიც სატურნი მასწავლებლის როლით გვხვდება – ის ქმნის შეზღუდვას, სტრუქტურას, თვითდისციპლინას; უმაღლეს სამართლიანობას, დიდ მიღწევებს, მატერიალურ პასუხისმგებლობას განასახიერებს. სატურნის ფილოსოფიური მნიშვნელობა თხის რქის მმართველობაში წარმოდგენილია ქაოსში იდეების ერთობლიობაში, რაც სხეულად (ღმერთის გამოხატულებად) გარდაიქმნა. ამავე მნიშვნელობით, უმაღლესის პოტენციურ შესაძლებლობებს, რესურსებს, საკუთრებას განაგებს.

სიტყვა-გასაღებია – „მასწავლებელი და შეზღუდვა“.

ნეპტუნი

ჯვარი+ნახევარწრე+ნახევარწრე=მატერია, სული, სამშვინველი.

ჯვრისა და ორი ნახევარწრის გაერთიანებით სამკაპიან ნეპტუნს ვიღებთ. ორივე ნახევარწრე მიმღებია, რომელიც ერთდროულად მომუშავე ტელევიზორის და რადიოგადამცემის როლს ასრულებს. სული და გონება ფიზიკურ სამყაროში შეტყობინებას აგზავნის, ქმნის ილუზიასა და ცდომილებებს.

თუ ნახევარწრეებს ერთმანეთთან შევაერთებთ, ვენერას მსგავს სიმბოლოს მივიღებთ. თუ ვენერა მიწიერი სიყვარულის სიმბოლოა, ნეპტუნი – სიყვარულია თავად სიყვარულის გამო (სიყვარული სიყვარულისთვის). ნეპტუნის ღია წრე სულს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების, შინაგანად (შიგნით) ღმერთის განცდის საშუალებას აძლევს. ნეპტუნი გვიჩვენებს როგორ შეიძლება მატერიალური რეალობის გადაკეთება უმაღლესი გონის მიერ.

წყლის სტიქიის ეს პლანეტა კოსმიური ცნობიერების ზრდის, მიწიერი რეალობის საზღვრებს გარეთ გასვლის პოტენციალს იძლევა. მისი გავლენა განსაკუთრებით აისახება მუსიკაზე, პოეზიაზე, ცეკვაზე, კინოზე, ფოტოგრაფიაზე, ერთი სიტყვით – ხელოვნებაზე. უარყოფითი გავლენა კი ნარკოტიკული ნივთიერებების, ალკოჰოლური საშუალებების საშუალებით რეალობისგან გაქცევაში აისახება. სიტყვა-გასაღები – „ილუზია და სულიერება“.

ურანი

ჯვარი+ორი ნახევარწრე+წრე=მატერია, გონი, სული, სამშვინველი

ურანის ნიშანი შგევიძლია განვიხილოთ როგორც ორი ნახევარწრე, რომლებიც ჯვრის საშუალებითა და პატარა წრით ერთდება. ეს ორი „ანტენა“ კოლექტიური არაცნობიერიდან ახალ ენერგიას იღებს, რათა შემდგომ მატერიას გადასცეს. პატარა წრე სულის სიმბოლოა, რაც ყოველ ჩვენგანში ღმერთის არსებობის ნაწილაკს განასახიერებს, საკუთარ თავში ადამიანს უმაღლეს გონს აპოვნინებს.

ურანი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ახალდაბადებული ბავშვი – ახალ იდეებსა და აღმოჩენებს გვაწვდის. ახალი იდეების წყალობით ადამიანებს გზის დაბრკოლებებისგან ათავისუფლებს ისე, თითქოს ხელახლა იბადებიან.

ასტროლოგიაში ურანი ორიგინალურობას, ინტუიციას, თვითგამოხატვას, სიახლეს, ინდივიდუალურს უკავშირდება. ურანი მერწყულის მმართველია, რაც ვლინდება მოულოდნელობებში, შფოთვაში, დაძაბულობაში, სპონტანურობაში. იგივე პლანეტა თხის რქის თანამმართველიცაა, მაგრამ რაში ვლინდება ურანი თხის რქაში? – გაცნობიერებულ რეფორმატორობაში. სიტყვა-გასაღები – „გამომღვიძებელი“.

პლუტონი

ჯვარი+ნახევარწრე+წრე=მატერია, სამშვინველი, სული.

პლუტონის ნიშანში ჯვარზე  ნახევარწრე დგას, მაში კი მოთავსებულია წრე. მთლიანობაში სიმბოლო მაღლა ხელებაპყრობილი ადამიანის ფიგურას მოგვაგონებს, რაც სრულად გაცემის ან მიღების იდეას უკავშირდება. ცნობიერება სასიცოცხლო ენერგიას იღებს და მატერიალურ ფორმას გადასცემს. პლუტონი წარმოადგენს ტრანსფორმაციას, ფორმიდან გასვლას სულიერი ცნობიერების დახმარებით. სამშვინველი ან სული კაცობრიობის ევოლუციის სასარგებლოდ უმაღლესი მისწრაფებებით ხელმძღვანელობს. სიტყვა-გასაღები – „ტრანსფორმაცია“.

მომზადებულია Donna Mickler-ის მიხედვით.


About Tamta

Scroll To Top