მთვარე ბავშვის ჰოროსკოპში

მთვარე ბავშვის ჰოროსკოპში

მთვარე ნებისმიერი ჰოროსკოპის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. ასტროლოგიაში 7 წლამდე პერიოდი სწორედ „მთვარის ასაკად“ იწოდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ცნობიერება არ არის მკაფიოდ ფორმულირებული და ადამიანი ძირითად ინსტინქტებს, „უმ რეაქციებს“, ბუნებრივ ემოციებს, მაშასადამე მთვარის პრინციპებს ყველაზე ღიად ავლენს.

მთვარის გავლენით ყალიბდება ემოციურობა. სწორედ მთვარით მიღებული შთაბეჭდილებებით ივსება ქვეცნობიერი, რომელიც მომავალში მთელს თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. ალბათ, იცით, რომ ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში. ამიტომ, მთვარე ჰოროსკოპის ის ელემენტია, რომელიც ცხოვრებისეულ სიტუაციებს პროვოცირებს.

ადამიანის ჰოროსკოპში მთვარე დედის სიგნიფიკატორია. თუმცა არა იმის, როგორი ადამიანია დედა ობიექტურ სინამდვილეში, არამედ იმის, როგორ აღიქვამს ადამიანი ქვეცნობიერად მას. მამაკაცის ჰოროსკოპში, განსაკუთრებით ღამის დაბადებისას მთვარე ასევე მომავალი ცოლის სიგნიფიკატორია.

პატარა ბავშვებისთვის მთვარე, უპირველეს ყოვლისა, ემოციების გამოხატვის მაჩვენებელია, გრძნობების და დამოკიდებულების გარესამყაროს მიმართ, როგორ განიცდის ბავშვი მოვლენას და როგორ გამოხატავს საკუთარ ემოციებს. მთვარე ასევე მოუთითებს შინაგან თავდაჯერებასა და თავდაუჯერებლობაზე, რაც მოგვიანებით მიზნების მიღწევაში დაეხმარება ან ხელს შეუშლის.

მთვარე ცეცხლოვან ნიშნებში

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი მთვარის მფლობელები ბობოქარი და ფეთქებადი ემოციებით გამოირჩევიან. მათ უნდა ასწავლოთ, ათამდე მაინც დათვალონ, სანამ რეაგირებას მოახდნენ იმაზე, რაც არ მოსწონთ. გაცხარებულებმა შეიძლება ბევრი ისეთი რამ თქვან, რასაც მოგვიანებით ინანებენ. ასევე კარგი იქნება, თუ მობოდიშებასაც ასწავლით. დარწმუნებული იყავით, ამის გაკეთება ხშირად მოუწევთ და მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება ბოდიშის მოხდის უნარის ათვისება, რადგან გაბრაზებულები საერთოდ ვერ აკონტროლებენ თავს.

მთვარე მიწის ნიშნებში

კურო, ქალწული და თხის რქა მთვარის მფლობელი ბავშვები ემოციებს ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად ავლენენ. პატარა ასაკის მიუხედავად, ისინი ჯერ ფიქრობენ და მხოლოდ შემდეგ რეაგირებენ. მიწის ნიშნების მთვარეებისთვის ძალიან მნიშვნელოვნია ემოციური სტაბილურობა. ამიტომ, ნებისმიერი ცვლილებისთვის წინასწარ კარგად უნდა შეამზადოთ. დარწმუნებული იყავით, ნებისმიერი მოულოდნელობა მათთვის ნამდვილი შოკია და არც ემოციური ტრავმებია გამორიცხული.

მთვარე წყლის ნიშნებში

კირჩხიბი, მორიელი და თევზები მთვარის მფლობელი ბავშვები ყველაზე მდიდარი შინაგანი სამყაროთი გამოირჩევიან. ხშირად უცნაური ბავშვების შთაბეჭდილებას ტოვებენ. თითქოს მთლიანად ამ სამყაროში არც იმყოფებიან, მაგრამ წყლის მთვარეები ყველაზე მზრუნველი და თანამგრძნობი ბუნების ბავშვები არიან. მათი ემოციური აღქმა იმდენად ძლიერია, ისინი ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული გარემოცვაზე, რადგან საოცრად ზუსტი სენსორები აქვთ გარშემომყოფთა  შინაგან განწყობაზე.

მთვარე ჰაერის ნიშნებში

ტყუპები, სასწორი და მერწყული მთვარის მფლობელები, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე  უემოციო ბავშვები არიან. საქმე ის არის, რომ ისინი მეტს ფიქრობენ, ვიდრე განიცდიან. ამიტომ, ყოველთვის ცდილობენ კომპრომისი იპოვონ ემოციურ თვითგამოხატვასა და გონიერებას შორის. მათ ასევე ძალიან უჭირთ ემოციების გამოვლენა. მშობლებმა და მით უმეტეს უცხოებმა შეიძლება ისიც იფიქრონ, რომ ისინი ცივი ბავშვები არიან. სინამდვილეში, ისინი ყველაფერს გრძნობენ, მართალია, გაცილებით უფრო ნაკლებად ინტენსიურად, ვიდრე დანარჩენი მთვარეები, უბრალოდ განცდების გამოხატვა არ შეუძლიათ.


About Qet

Scroll To Top