ფენ-შუი (შესავალი)

ფენ-შუი (შესავალი)

ფენ-შუი ძველი ჩინური მეთოდია გარესამყაროსა და ადამიანის ურთიერთქმედებასა და მათ შორის ჰარმონიის დამყარებაზე. მისი მიხედვით ჩვენს ცხოვრებაზე თვალისთვის უხილავი ძალები მოქმედებენ, ბუნების, ყველა მატერიალური ფორმის მქონე საგნის ენერგეტიკულ დამუხტვას იწვევენ. ამ ენერგიის დადებითად გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს ჰარმონია და დადებითი ენერგიები მოვიზიდოთ, წარმატებას მივაღწიოთ.

ფენ-შუის შესწავლით, გარე სამყაროზე დაკვირვებით, ანალიზით შეგვიძლია შევიცნოთ ის კანონები, რომლითაც სამყარო ცოცხლობს, მოძრაობს, ვითარდება, ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, დადებითად დავიმუხტოთ და წარმატებაც მოვიზიდოთ.

კლასიკური ფენ-შუის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაზე სამი რამ მოქმედებს: პირველი – ბედი, მეორე – იღბალი და მესამე – ფენ-შუი. ამ უკანასკნელის შესწავლით სამყაროს კანონების ჩაწვდომას მოვახერხებთ.

ფენ-შუი ადამიანის ჰარმონიული ცხოვრებაა სამყაროში. ის საუბრობს სიცოცხლის ფორმების, მოქმედების, სენსორული სისტემის სწორ განვითარებაზე. ეს ცი-ს ენერგიის ძირითადი ხატოვანი კატეგორიებია. თავად სიტყვა შემდეგნაირად ითარგმნება „ფენ“ – „ქარი“, „შუი“ – ხშირად შეცდომით „წყლად“ ითარგმნება. „ფენ“-შემოქმედების ნებისმიერი სახე, ხოლო „შუი“-ში სხვადასხვა მდგომარეობა (საგანი, მოვლენა) მოიაზრება. აქედან გამომდინარე, ფენ მოძრაობაა, ხოლო შუი -მდგომარეობა, რომელიც მოძრაობას საჭიროებს. ფენ-შუი მოიცავს ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას, რომელიც ნებისმიერი მხრიდან შეიძლება შეიცვალოს.

რიტმი ბადებს სტრუქტურას, სტრუქტურა – ფორმას, ფორმას ზომა გააჩნია, ზომას – ფორმა, ფორმა ბადებს სივრცეს, სივრცე ზომავს დროს. ერთადერთი არის ცი. ის სასიცოცხლო ენერგიაა, რომელიც ყველაფრის მამოძრავებელ, შემავსებელ ენერგიად გვევლინება. რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, ცი ენერგია მუდმივად უცვლელია. ის სხვა საგნებს, ფორმებს ცვლის და მუხტავს, მიმართულებას აძლევს. ცი ქმნის ფორმას, რიტმს. ფენ-შუის მთავარი მიზანი ცი-ს ენერგიის მიმართულების დადგენა და მისკენ მიმხრობაა, მისი სწორად გამოყენება.

ფენ შუის ისტორია რამდენიმე ათას წელზე მეტისაა. მისი ტექსტები და პრაქტიკული ნაწილი უძველეს ტექსტებშია შემონახული. მაგ: „ში ცზინი“-ში („სიმღერების წიგნი“), რომლის დაწერაც ჩვ. წ. აღ-მდე მე-9 საუკუნეში მოიაზრება. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა „ლი ცზის“ („რიტუალების წიგნი“) დაწერის დროს. იქ აღწერილია ფენ-შუის მეთოდები.  სამარხებისა და იმპერატორის სასახლის მოწყობის დროს ფენ-შუის რჩევებს ითვალისწინებდნენ. მას იყენებდნენ ფილოსოფოსები, ასტროლოგები, ბრძენები, იმპერატორები. მე-19 საუკუნის ბოლოს დასავლეთ ქვეყნებში ფენ-შუის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება დაიწყეს.

ფენ-შუის ორი ძირითადი სკოლა არსებობს: ფორმალური და კომპასური. კომპასურის მიხედვით სახლის მომავალი მეპატრონის ასტროლოგიურ ჰოროსკოპსაც სწავლობენ. ამისთვის სპეციალურ კომპასს იყენებს. ფორმალური სკოლის მიხედვით თვალსაჩინო და ფარული შესაძლებლობების, ადგილის გამოვლენა და შესაბამისი ახსნაა. სხვადასხვა ადგილს განსხვავებული  მითიური ცხოველები შეესაბამება – დრაკონი, ვეფხვი, ფენიქსი, კუ და სხვანი. ორივე სკოლის მიზანი ერთია – ადამიანსა და გარემოს შორის ჰარმონიული ურთიერთქმედების დამყარება.

ფენ-შუის მეთოდებისა და რჩევების გამოყენება ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის აღდგენას, ბალანსს ემსახურება.

ჩვენთან ერთად შეისწავლეთ და  გამოიყენეთ სამყაროს ენერგიები როგორც საკუთარი,  ასევე სხვების ცხოვრების გასალამაზებლად, ჰარმონიისა და შინაგანი სიმშვიდის მოსატანად.

მომზადებულია საველევისა და fanfenshui.ru-ს მასალაზე დაყრდნობით

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top