ნუმეროლოგია და პლანეტები

ნუმეროლოგია და პლანეტები

“რიცხვები ქმნიან ყოველივეს” – პითაგორა

ავესტური ასტროლოგია წლების მანძილზე აკვირდება მზის სისტემის პლანეტების გავლენას ადამიანებზე. თითოეული პლანეტა შეესაბამება კონკრეტულ რიცხვს და ისინი განსაკუთრებული ინფორმაციის მატარებელნი არიან.

იმისათვის, რომ გაიგოთ რომელი პლანეტა და ციფრები ახდენენ თქვენზე გავლენას საჭიროა დააჯამოთ დაბადების დღის, თვისა და წლის მაჩვენებლები.

მაგ : 19 ნოემბერი 1990 წელი

1+9+1+1+1+9+9+0=31=3+1=4 პლანეტა მერკური

ნებისმიერი მიღებული რიცხვი უნდა დაიყვანოთ ერთნიშნამდე. გამონაკლისია : 10; 11; 22; 33; ისინი არ ჯამდება.

1 – მზე

მზე ასტროლოგიაში სიცოცხლის, ახალი საწყისის სიმბოლოა, ის ქმნის აყალიბებს პიროვნების შინაგან ბუნებას და წარადგენს საზოგადოების წინაშე.

ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევით? ეს სწორედ მზის დამსახურებაა. ერთიანის გავლენით თქვენ აქტიური, ძლიერი, ლიდერული თვისებების მქონე შემოქმედებითი ადამიანი ხართ, რომელიც სიახლეებს ნერგავს. ყოველთვის ასხივებთ მზის ენერგიებს, ავრცელებთ განსხვავებულ მუხტს. მზის “პირმშო” ყოველთვის თვალში საცემია, ხშირად შეხვდებით ასეთ ადამიანებს პოლიტიკასა თუ ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში, ეროვნული გმირების რიგებში.

2 – მთვარე

მთვარე ღამის მანათობელია. ასტროლოგიაში ის ქალური საწყისის სიმბოლოა, რომელიც მართავს ემოციურ სფეროს და პასუხისმგებელია ოჯახურ ურთიერთობებსა და კავშირებზე. მთვარეს შეესაბამება ციფრი 2

2 პასიური, რბილი ხასიათის, მოქნილი ნატურაა. ის გამოირჩევა ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობით. თქვენ შეგიძლიათ სხვებზე ზეგავლენის მოხდენა. შიშის, დეპრესიის პროვოცირება, ვნებებისა და სურვილების აღძვრა.

ეს ციფრი მთვარესთან ერთად განსაკუთრებით ეხმარება სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მსახიობებს. ის დაგეხმარებათ სიმდიდრის დაგროვებაშიც, თუმცა ამ ინდივიდუალური კოდით იშვიათად შეხვდებით ბანკირებსა და ფინანსისტებს.

3 – მარსი

მარსი ყველაზე აქტიური, ბრძოლის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პლანეტაა. ის ციფრებიდან შეესაბამება 3-ს.

მარსიანული ენერგიები დაგეხმარებათ ბარიერების, წინააღმდეგობების, გადალახვაში, გმატებთ მიმზიდველობას, ხასიათის სიმტკიცეს და სიჯიუტეს. სამიანი განსაკუთრებულ მუხტს გძენთ, მისი მფარველობის ქვეშ მყოფნი წარმატებულნი და იღბლიანნი არიან.

მარსი მფარველობს სტუდენტებს, მეომრებს, ქირურგებს, ავანტიურისტებს.

4 – მერკური

მერკური ინფორმაციული ტალღების გამავრცელებელი პლანეტაა, რომელიც კურირებს ვაჭრობის, კომუნიკაციისა სფეროებს. 4 – შეესაბამება მერკური. მას ორი სახე აქვს.

ერთ შემთხვევაში საკმაოდ რთული ციფრია, სასოწარკვეთის, სიღარიბის სიმბოლოა, ართულებს ცხოვრებას, ბარიერები და პრობლემები შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მრავლად იყოს, თუმცა მეორეს მხრივ- დროსთან ერთად ძლიერდებით, გაქვთ მყარი საძირკველი, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია, გამოსავალს პოულობთ ნებისმიერი სიტუაციიდან.

საერთო ჯამში 4 ეს ეკლიანი გზით სვლაა ვარსკვლავებისაკენ. ამ ინდივიდუალური რიცხვით ხშირად შეხვდებით: მწერლებს, ბიზნესმენებსა და მეწარმეებს, მოქანდაკეებს, არქიტექტორებსა და დიპლომატებს.

5 – იუპიტერი

ასტროლოგიაში იუპიტერი ცნობილია როგორც “დიდი ბედნიერების პლანეტა” ასევე “ ვარსკვლავთა მეფე”.

ეს პლანეტა კოსმიური კანონების აღსრულებაზე აგებს პასუხს, ის ჩაგრულთა მფარველია და სჯის მჩაგვრელებს. 5 შეესაბამება იუპიტერს.

თქვენში ამ ციფრს შემოაქვს სექსუალურობა, აქტიურობა, ნევროზულობა, ავანტიურიზმი. პლანეტა იუპიტერი მოითხოვს სამართლიანობის დაცვას, ის ყოველთვის კანონის მხარესაა და სუსტი, უმწეო ადამიანების მცველია.

ამ ინდივიდუალური კოდით ხშირად შეხვდებით მისიონერებს, მასწავლებლებს, მმართველებს, მოგზაურებს, ფილოსოფოსებსა და იურისტებს.

6 – ვენერა

სიყვარულის მმართველი პლანეტაა, გარდა ამისა ის მართავს სილამაზეს, ხელოვნებას, ვენერა ეს ჰარმონიაა.

6 ის გავლენით თქვენ უფრო პასიური ნატურა ხართ, კომფორტულად გრძნობთ თავს მყუდრო, შინაურ გარემოში, ნაკლებად კონფლიქტური და შრომისმოყვარე ხართ. ეს ციფრი პასუხისმგებელია გარე სამყაროსა და ადამიანების ჰარმონიულ ურთიერთობებზე.

ვენერას ზეგავლენით ადამიანებს ხშირად შეხვდებით : მედიცინის სფეროებში, საიუველირო საქმინობაში, მუზეომებსა და გალერეებში, ხშირად არიან კოლექციონერები.

7 – სატურნი

სატურნი დისციპლინისა და შეზღუდვების პლანეტაა, ის სიბრძნისა და თავდაუზოგავი შრომის სიმბოლოა.

7 მისტიკოსების, ფილოსოფოსების ციფრია, ის თქვენში ხაზს უსვავს შრომისმოყვარეობას, სერიოზულობას, თავშეკავებულობას. სხვისთვის შესაძლოა ცივი, უხეში, უკონტაქტო ადამიანი იყოთ. თქვენ მარტოობისკენ ხართ მიდრეკილი. ბარიერების გადალახვა და მიზნებისკენ სწრაფვა თქვენი ცხოვრების აზრია.

სატურნის გავლენით, ერთის მხრივ ლიმიტებითა და სირთულეებით გაჯერებული ცხოვრება კომპენსირდება სანიმუშო პარტნიორული ურთიერთობებითა და მყარი ქორწინებით.

8 – ურანი

ასტროლოგიაში ურანი ერთგვარი მედიუმია, ის აკავშირებს ადამიანს სამყაროსთან.

8 შეესაბამება ურანს.

თქვენ შესაძლოა რთული ადამიანის სტატუსი გქონდეთ, ხართ მატერიალისტი, ძლიერი პიროვნება. გამოსავალს პოულობთ თითქმის ყველა სიტუაციიდან, ყოველთვის გამოიყურებით იმაზე შეძლებულად (არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით) ვიდრე ხართ რეალურად.

ცხოვრებაში ხშირია მოულოდნელობები, ცვალებადი სიტუაციები, თუმცა მათ ფეხს უწყობთ და დროსთან ერთად მტკიცე და გაბედულ ადამიანად ყალიბდებით.

ეს არის სწავლულთა, მეცნიერთა, მფრინავთა, კომპიუტერულ სპეციალისტთა ციფრი. 8 კარიერაში საფეხურებით მყარად მიიწევს წინ, ცვალებადი სიტუაციებისა და კავშირების მიუხედავად.

9 – ნეპტუნი

ნეპტუნი პასუხისმგებელია ინტუიციაზე, ქვეცნობიერზე. მართავს სიზმრებსა და ილუზიებს.

9 ნეპტუნის ენერგიებით იმართება. თქვენთვის სულიერი ფასეულობები გაცილებით მნიშვნელოვანია, დაინტერესებული ხართ კოსმიური ენერგიებით, ოკულტური მეცნიერებებით, რელიგიებით, ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით, ადამიანთა სულის შეცნობით.

ნეპტუნი მფარველობს მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, მცურავებს, პოეტებს, ფსიქოლოგებს.

თქვენი ცხოვრება შესაძლოა იყოს ცვალებადი და არამდგრადი, დიდია ილუზიების ალბათობაც. ამ ინდივიდუალური ციფრის მატარებლებში ხშირად შეხვდებით რევოლუციონერებს. ნეპტუნის მმართველობის ქვეშ მყოფმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ნებისყოფის განვითარებაზე, რადგან მიდრეკილია ნარკოტიკებისადმი, ალკოჰოლისადმი და ტყუილებისადმი.

10 – პლუტონი

პლუტონი ითვლება მიწისა და “მიწისქვეშეთის” მფარველ პლანეტად. ის არის უდიდესი ფარული ენერგიების სიმბოლო, რომელსაც აქვს უნარი “ფერფლიდან აღდგენის”.

10 პლუტონის ენერგიებით იმართება.

თქვენ უდიდესი ენერგიის მატარებელი, შინაგანად მყარი, ძლიერი ადამიანი ხართ. პლუტონი გამორჩეული ნიჭითა და უნარებით გაჯილდოვებთ, ის საჭირო დროს გამორჩეულ ადამიანად გაქცევთ და აგამაღლებთ საზოგადოების თვალში.

გადაწყვეტილებებს საკმაოდ სწრაფად იღებთ, ამასთანავე ხართ რადიკალური, ამიტომ გარშემომყოფთათვის თქვენი საქციელი ხშირად მოულოდნელია, რაც გაუგებრობების ალბათობას ზრდის. 10 მფარველობს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გამოძიების სფეროშია. მაგ: ისტორიული თუ სამეცნიერო კვლევები, არქეოლოგია, ჟურნალისტიკა და სისხლის სამართლის საქმე.

11 – პროზერპინა

პროზერპინა პასუხისმგებელია პიროვნების ძირეულ, ფუინდამენტურ ცვლილებაზე და სულიერ ზრდაზე.

რიცხვი 11 მზის უმაღლესი გამოვლინებაა, ამიტომ მისი მახასიათებელი ერთიანის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ორმაგად მუშაობს და ავლენს თავს. პროზერპინას ბოძებული უნარებით ხშირად შეხვდებით კარგ პროფესიონალებს პლასტიკურ ქირურგიაში, მეცნიერების სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით გენეტიკის ხაზით.

22 – ვულკანი

ასტროლოგიაში ძველად თვლიდნენ, რომ ეს “ციური სხეული” წონასწორობისა და ჰარმონიას მართავდა, სწორედ ვულკანი ამყარებდა დედამიწაზე წესრიგს. ის უზენაესი კოსმიური კანონების სიმბოლოა.

ვულკანი განსაზღვრავს ადამიანის მზაობას და შემდეგ სერიოზული, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების წინაშე აყენებს მას. თქვენ კოსმიური სამართლიანობის მოდარაჯე და წინამძღოლი ხართ ნებისმიერ სფეროში.

შესაძლოა გქონდეთ წინასწარმეტყველური უნარები, ხშირად უსწრებთ დროს გაგებით, აზროვნებით და რის გამოც ხშირად თქვენი შესაძლოა არ ესმოდეთ.

33 – ქირონი

ქირონი ორი სხვადასხვა საწყისის ერთიანობის სიმბოლოა, მოიცავს რადიკალურ მხარეებს, ორ საწინააღმდეგო პოლუსს.

33 შეესაბამება ქირონს.

ამ ინდივიდუალური რიცხვის ზეგავლენით განსაკუთრებით ბევრს აღწევენ მწერლობაში, ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს მხატვრობა იქნება თუ სხვა. მთავარი პრობლემაა ცხოვრების თეატრალიზებაა, ხშირად იშლება ზღვარი რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის. უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს რეალობაა, სადაც სულ ვერ ითამაშებთ.

თქვენ ნიჭიერი ადამიანი ხართ, შესაძლოა ფლობდეთ განსაკუთრებულ უნარებს. მთელი ძალით ქირონი 33 წლის შემდეგ გამოვლინდება. თვისებები, რომლებსაც უნდა დაუწესოთ კონტროლი – ორმაგი თამაში, ტყულები, თვითმოტყუება.

სტატიის ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top