ტრანზიტული სატურნი მე-5 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-5 სახლში

ტრანზიტული სატურნი მე-5 სახლში ნიშნავს, რომ  სატურნი (ამჟამინდელი მდებარეობა) თქვენი პირადი რუკის მიხედვით მე-5 სახლს გადის.

სატურნის ტრანზიტი  V სახლში გარკვეულწილად წააგავს წინამორბედ ცეცხლოვან (I) სახლში ტრანზიტს. ეს დრო მეტად სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს საკუთარი თავის მიმართ, რადგან ამ პერიოდში ხდება ვიტალურობისა და სულიერი ენერგიების მკვეთრი შემცირება.

რადგან მეხუთე სახლი დაკავშირებულია მზესა და ლომის ნიშანთან, ეს ტრანზიტი შესამჩნევად მოქმედებს ადამიანის სიხარულის განცდაზე, სპონტანურობასა და კეთილდღეობაზე. ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ აღარაფერი ახარებთ; რომ გარშემომყოფებს საკმარისად არ უყვართ და არც სათანადოდ აფასებენ. ასეთი გრძნობა გასაგები გახდება, როდესაც აღნიშნული ტრანზიტი გვაიძულებს გავიაზროთ, როგორ ვიყენებთ საკუთარ ვიტალურობას ცხოვრების ყველა სფეროში: ჩვენს ფიზიკურ და სექსუალურ ენერგიას, ემოციური სიყვარულისა და შემოქმედებითი ენერგიის ყველა სხვა ფორმას.

ვერ ვიტყვით, რომ  სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს ყველა ტიპის ბლოკადა და შეზღუდვები, რომელსაც ადრე ვერ ვგრძნობდით. ამ პერიოდში უფრო ხდება გაცნობიერება, რა ტიპის ბლოკადამ და შიშებმა განაპირობა ჩვენი ენერგეტიკული გამოფიტვა და შეგვიშალა ხელი შემოქმედებითი უნარებისა და სასიყვარული ნატურის გამოხატვაში. მოკლედ და კონკრეტულად, ეს არის დრო, რომ თვალებში უნდა ჩავხედოთ იმ შიშებსა და ჩვევებს, რამაც განაპირობა ჩვენი ენერგეტიკული გამოფიტვა, შემოქმედებითი იმედგაცრუება და უსიყვარულობის განცდა. ეს არის დრო, როდესაც მეტი სიღრმე უნდა ჩავდოთ თვითგამოხატვის ფორმებში; როდესაც უნდა ვიშრომოთ, რომ ღრმა შთაბეჭდილება მოვახდინოთ სხვებზე, დისციპლინირებული და პასუხიმგებლობით აღსავსე ქმედებებით და არა უბრალო დრამატული, ცარიელი სანახაობების მეშვეობით.

ამ პერიოდში (ტრანზიტული სატურნი მე–5 სახლში) სატურნის ზეწოლა უკან, საკუთარ თავთან გვაბრუნებს;  გვაიძულებს საკუთარი სასიყვარული და შემოქმედებითი რესურსები თავად განვავითაროთ და არ ვიმედოვნოთ, რომ ის გარესამყაროდან შემოვა.

მარტოსულობისა და უსიყვარულობის განცდა ადამიანს ქვეცნობიერად უბიძგებს მეტი ყურადღება მოითხოვოს მეუღლისა და შვილების, საყვარელი ადამიანებისგან. თუმცა იქმნება გადაჭარბებული მოთხოვნებისა და კაპრიზების საფრთხე, რითაც ინდივიდი თავად ჰკრავს ხელს იმ ადამიანებს, ვისთან დაახლოებასაც ისურვებდა და აქედან გამომდინარე, მას ექმნება მიუღებლობის განცდა.

მაგრამ თუ ინდივიდი თავისი ღრმა მიჯაჭვულობისა და ერთგულების გამოხატვას მოახერხებს, ნდობის, გულწრფელობის, ვალდებულებებისა და თავდაუზოგავი ძალისხმევის მეშვეობით, ეს შეიძლება ღრმა სულიერი კმაყოფილების პერიოდიც კი გახდეს, რადგან ადამიანი გააცნობიერებს, რომ რეალური სიყვარული არ არსებობს პასუხიმგებლობის გრძნობის  გარეშე. მისი სიყვარულის გამოხატვის ფორმა მამობრივ, მფარველურ ხასიათს იძენს. ასეთი გრძნობები განსაკუთრებით ძლიერდება ბავშვებთან მიმართებაში, რადგან ეს არის საკუთარი შვილების რეალური მოთხოვნებთან და მათ მიმართ ღრმა ვალდებულებების გააზრებასთან დაკავშირებული პერიოდი.

ინდივიდი ხშირად მიილტვის სატურნის ნიშნის ადამიანებისკენ (ზოგადად, თხის რქა და  სასწორი..ან დომინანტი სატურნით, თხის რქის ან სასწორის ნიშნით ნათალურ რუკაში), რადგან მათში იმ ემოციურ სტაბილურობას ხედავს, რომელიც ამ პერიოდში აკლია. სატურნიელი ადამიანის ემოციურად დისტანცირებული, გაუცხოებული და ფანტაზიებს მოკლებული მანერები ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ინდივიდი ნელა სწავლობს, როგორ შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა და ობიექტურობა ემოციური მოთხოვნების დაკმაყოფილების მცდელობისას. ზოგიერთ შემთხვევაში, ინდივიდი გაუცნობიერებლად (იმედოვნებს რა, რომ თავადაც „შეყვარებულია“) იყენებს ადამიანებს მარტოსულობის განცდის შესამსუბუქებლად ან საკუთარი ღრმა გრძნობების არარსებობის საკომპენსაციოდ. ასევე იზიდავს ასაკით ან რანგით უფროსი ადამიანები.

შემოქმედების დაუძლეველი შინაგანი ზეწოლა მოითხოვს  სამუშაო თვისებების დისციპლინირებას ან მეტ ძალისხმევას შემოქმედებითი დინების არხის გასახსნელად. თუ თქვენ შემოქმედებითი ხელოვნებით ხართ დაკავებული, ეს ის დროა, როდესაც მკაცრი გრაფიკის მიხედვით უნდა იმოქმედოთ და მეტი თანმიმდევრულობა გამოიჩინოთ და არ ელოდოთ შთაგონებასა თუ კარგ განწყობას. დროა გაიაზროთ, რომ ნებისმიერი ხელოვნება, რომლის შემოქმედიც შეგეძლოთ ყოფილიყავით, თქვენში გადის და არა თქვენგან გამოდის. სხვა სიტყვებით, ჩვენ შეიძლება გავაცნობიეროთ, რომ თუ ჩვენი კარმა შემოქმედებაა, რეგულარულად უნდა გამოვიჩინოთ ძალისხმევა, რომ შემოქმედებითი საწყისი გამოიხატოს. თუმცა ეს რთული მისაღწევია, რადგან ამ პერიოდში  თავდაჯერებულობა  და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ძალიან სუსტია; ჩაკეტილობის გამო, წარუმატებლობის შიში_გაძლიერებული. ამ დროს ჩვენ ისევე ზედმეტად სერიოზულად აღვიქვამთ ცხოვრებას ყველა განზომილებაში, როგორც საკუთარ თავს. ამიტომაც ხდება შემოქმედებითი ბლოკადები. ყველაზე ბრწყინვალე მწერლები, მუსიკოსები, მსახიობებიც კი თავგზააბნეულნი და უკმაყოფილონი არიან საკუთარი ნამუშევრით.

თუმცა ეს პერიოდი დაგვეხმარება თავდაჯერების გამყარებასა და თვითგამოხატვის მეთოდების ფორმირებაში, თუ გავიაზრებთ, რომ შთაგონება თავისთავადი მოვლენაა, სამუშაო_არა. შემოქმედების 95% ეს ჩვეულებრივი, მძიმე სამუშაოს შედეგია.

როგორც ჰენრი მილერი თავის ჟურნალში წერდა:  „როდესაც ვერ შემოქმედებთ, იმუშავეთ!“  ხოლო როდესაც  უილიამ ფოლკნერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს,როდის წერდა, მან უპასუხა: „მე მხოლოდ მაშინ ვწერ, როდესაც საამისო გაწყობა მაქვს…განწყობას კი ყოველ დილით ვგრძნობ!“

რადგან  V სახლი გართობასა და ჰობის უკავშირდება, სატურნის ტრანზიტი ამ სფეროებზეც აისახება. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია გადაღლა, რადგან ადამიანს არ აქვს დრო გართობისა და სიამოვნებისთვის. შვებულების შემთხვევაშიც კი, უჭირს მოდუნება და სიამოვნება, რადგან მისი გონება სერიოზული ფიქრებით არის დამძიმებული. ასევე შესაძლებელია ადამიანის ჰობი  მისი მთავარი  საქმე გახდეს და სტრუქტურულ ბიზნესში გადაიზრდოს, რადგან ადამიანთა უმეტესობა ამ პერიოდში ცდილობს უფრო პრაქტიკული და სასარგებლო ფორმით მოახდინოს საკუთარ შემოქმედებითი უნარების რეალიზება.

კიდევ ერთი მნიშვნელობა, რომელიც  V  სახლის შემთხვევაში ვლინდება, (იმ კუთხით, რომ ის XII, წინამორბედი  სახლია VIსახლისთვის): ეს არის წინა პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შედეგები. იქედან გამომდინარე, რამდენად ეფექტურად ასრულებდა ინდივიდი საკუთარ ვალდებულებებს,  შედეგად იღებს  ღრმა სულიერ დონეზე დაკმაყოფილებისა და   სიამოვნების განცდას, შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას ან უჩნდება მიდრეკილება ქარაფშუტული გასართობებისა და რისკის  მიმართ, რომ აინაზღაუროს ის, რაც რეალურად საკუთარი ძალისხმევით არ დაუმსახურებია.

სატურნის ტრანზიტი შემოქმედების სახლში ნეგატიურად აისახება იმ შინაგან ნაპეწკალზე, რომელიც ადამიანისთვის მუზის როლს ასრულებს და შემოქმედებისკენ უბიძგებს.

როგორ ირთობთ საკუთარ თავს? როგორ ტკბებით ცხოვრებით? რა გხდით უნიკალურს? როგორ უმკლავდებით სიამაყეს? რომელია თქვენი შემოქმედებითი ტალანტები? საკმარისად იმუშავეთ,რომ კმაყოფილება იგრძნოთ „სასარგებლო გართობისგან“? ეს ის საკითხებია, რომელიც გააქტიურდება ამ ტრანზიტის დროს. ტრანზიტის დასასრულისკენ თქვენ უნდა გქონდეთ მკაფიო განცდა იმისა, რითი გამოირჩვით სხვებისგან და რამდენად გჯერათ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის.

V სახლი ასევე ასოცირდება  სიყვარულისა და ყურადღების მიღებასთან. სატურნი კითხვის ქვეშ დააყენებს რამდენად დამსახურებულად იღებთ მათ ცხოვრებაში. ხშირია, როცა ადამიანები თავს უგულვებელყოფილად გრძნობენ და რადგან ამ პერიოდში ყურადღება და დაფასება  ძალიან მწირია, ტრანზიტის დასარულს თქვენ უნდა შეიყვაროთ და გეამაყებოდეთ საკუთარი თავი.

რა უნდა ისწავლოთ ამ პერიოდისგან? თქვენ უნდა გაარკვიოთ, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ რეალურად, მიუხედავად იმისა, როგორ გხედავენ გარშემომყოფები და ტაშს გიკრავენ თუ არა სხვები.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top