მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეეშინდებოდა.
…რომელი გაიმარჯვებს?
მორიელების ერთად შეყრა იგივეა,რაც მერლინისა და ლედი მაკბეტის დაკავშირება… დაამატეთ ამას იქედნას ხახა,ბუს ნისკარტი,სპილენძას თვალი,გველთევზას კუდი,ღამურას ბეწვი,ძაღლის კბილი და ბაყაყის ენა… ეს კავშირი არამხოლოდ თავად მონაწილეებს აბნევს,გარედან დამკვირვებლებიც გაოგნებული შესცქერიან მათ ქიშპობას. დიახ,პაექრობას ნამდვილად ვერ აიცილებენ თავიდან!
ორივე სიფრთხილითა და ეჭვით შეიცნობს ერთმანეთის მოუთვინიერებელ ძალას. თუმცა ისინი ჭკუაზე არ არიან სიხარულისგან,როდესაც აცნობიერებენ,რომ,ბოლოს და ბოლოს,ისეთი ადამიანი იპოვეს,ვისაც მათი ნამდვილად ესმის. ცხადია,გამოთქმა „ჭკუაზე არ არიან სიხარულისგან“,ამ ორი პოკერის მოთამაშის რეაქციის აღსაწერად,მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია. მართლაც,რთულია გაგებას ეძებდე და იმავდროულად გულმოდგინედ მალავდე საკუთარ საიდუმლოებებს იმისგან,ვისაც ეს ყველაზე უკეთ შეუძლია. ადამიანური ფსიქიკის ეს საოცარი თამაში უზომოდ საინტერესოა გარეშე დამკვირვებლისთვის,მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ,მასში უშუალოდ გარეული აღმოჩნდეთ.
მე მოხარული ვარ,რომ მათ ერთმანეთი იპოვეს,თქვენ? მაგრამ იმაზე გაფიქრებაც კი მზარავს,რა შეიძლება მოხდეს,თუ ერთმა მეორეს შემთხვევით აწყენინა და განაწყენებულმა მხარემ ანგარიშის გათანაბრება გადაწყვიტა. მერე ის,ვიზსეც შური იძიეს,ხურდას დაუბრუნებს. მაშინ პირველს მოუწევს შურისძიებაში აჯობოს,მერე მეორეს… და ძალიან მალე ეს ყველაფერი ნამდვილ ომში გადაიზრდება. ამ სცენის წარმოდგენისას ჟრუანტელი მივლის. საქმე ის არის,რომ მორიელმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს და ამ გამარჯვებისთვის ის მზადაა ყველაფრით გარისკოს,ხანდახან საკუთარი სიცოცხლითაც კი.
თქვენ გყავთ გარემოცვაში მორიელები (ასაკს და სქესს მნიშვნელობა არ აქვს), რომლებზეც შეგიძლიათ თქვათ,რომ ისინი რბილი,თავაზიანი,მშვიდი და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან? რომ მათში ვერავითარ საფრთხეს და გამარჯვებისკენ ფანატიკურ სწრაფვას ვერ ხედავთ? მართლა იცნობთ ასეთ მორიელებს? კარგი,მესმის. ჰმმ… და რამდენად კარგად იცნობთ მათ?
თქვენ ან ოჯახი უნდა შექმნათ მორიელთან ან მისი სისხლით ნათესავი უნდა იყოთ,რომ მართლა გაიცნოთ ამ ნიშნის ადამიანები. ყველა დანარჩენი მხოლოდ ნიღაბს ხედავს,რომელსაც თითოეული მორიელი თავისთვის ირჩევს,პლუტონის ჭეშმარიტი ბუნების დასაფარად. დასაწყისისთვის შეგიძლიათ მათ დედებს ჰკითხოთ,როგორი ბავშვები იყვნენ,როდესაც იზრდებოდნენ. მიდით ჰკითხეთ. შეგიძლიათ მე მკითხოთ. მე თვითონ მყავს მორიელი ვაჟი,მაიქლი.
რამდენიმე ხნის წინ ნიუ-იორქის ერთერთმა ბანკმა საკრალური შეცდომა დაუშვა,როდესაც მაიქლს უარი უთხრა ანგარიშის გახსნაზე,რადგან ის ჯერ სრულწლოვანი არ არის. მორჩა! მისთვის არათუ კონკრეტული ბანკი,საერთოდ ბანკები აღარ არსებობს! ახლა ის,სრულიად სერიოზულად,სეიფს ეძებს თავისი ფულის შესანახად. აჰ,ბანკებს არ ჭირდებათ ის? მშვენიერია,მაშინ მაიქლს არ სჭირდება ბანკები! თუ მორიელი ერთხელ უარყვეს,ის ამას არასდროს დაივიწყებს. მორიელი,მამაკაცი იქნება თუ ქალი,ზრდასრული თუ ბავშვი,კარგა ხნით არ ივიწყებს წყენას. მარტო კუროს შეუძლია უფრო დიდი ხნით დამახსოვრება.
არწივები ჩუმად გამოდიან წყობიდან,როდესაც შეიტყობენ,რომ მათი მეგობარი ან ოჯახის წევრი უსამართლობის მსხვერპლი გახდა და დარწმუნებული იყავით,გულმოდგინედ იზრუნებენ,რომ ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს. მორიელებს მიზანდასახული ადამიანების რეპუტაცია იმიტომ აქვთ,რომ ისინი არასდროს კარგავენ კონტროლს,ყოველთვის ინარჩუნებენ ცივ გონებას და ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი მშვიდი და თავდაჭერილები არიან. იმასაც ახერხებენ,წყნარად და რბილი ხმით ისაუბრონ.
როდესაც უსამართლობა თვითონ მორიელის წინააღმდეგ არის მიმართული,შურისძიება უფრო ადრე,მაგრამ დანამდვილებით დადგება. არ არის აუცილებელი მაშინვე. წყლის ნიშანს შეუძლია ლოდინი. ამ ადამიანებს ყოველთვის არ სჭირდებათ თვალსაჩინო შურისძიება. რევანშისადმი მხოლოდ ქვეცნობიერი სწრაფვაც კი საკმარისია,რომ სამართალი აღსრულდეს. მორიელს დიადი და საშინელი პლუტონი მართავს_მიწისქვეშეთის,დაბადების,გარდაცვალების,სქესთა საიდუმლოების, ტრანსფორმაციისა და სულიერი განახლების მბრძანებელი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,რა ხდება, როდესაც ერთი მორიელი მეორეზე არის განრისხებული? თუ არ შეგიძლიათ,მე გეტყვით: ორივე სწრაფად შეიგნებს,რომ ანგარიშის გათანაბრება დიდი ბუმერანგია,განსაკუთრებით თუ ის პლუტონიელი ადამიანისკენ არის მიმართული. სამყაროს კანონების თანახმად,უარყოფითი ენერგია ყოველთვის პირველწყაროს უბრუნდება.
თუ მორიელი ანგარიშის გათანაბრებას არ ცდილობს,მაშინ მოწინააღმდეგის სრულ იგნორირებაზე გადადის. ეს იქამდე გრძელდება,სანამ დამნაშავე მხარეს ნერვული კანკალი აიტანს. არასდროს გაუხედავს მორიელს თქვენს მიღმა,როგორც შუშაში იყურებიან,თითქოს საერთოდ არც არსებობთ? ეს ის მზერა არ არის,როდესაც მორიელი თქვენს სულში იყურება,ეს კიდევ უფრო უარესია. აქ ნამდვილად არის სხვაობა. თუ ამ ადამიანებმა ერთხელ რწმენა დაკარგეს,მათი ნდობისა და კეთილგანწყობის დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. და მაინც,როდესაც ერთი მორიელი მეორეს აწყენინებს,რეაბილიტაცია უფრო მარტივია. მორიელები ერთმანეთის მიმართ უფრო მიმტევებლები არიან,ვიდრე სხვა ნიშნების მიმართ,თევზებსა და კირჩხიბებს თუ არ ჩავთლით.
საბედნიეროდ,ყველა საფრთხე და შეტაკება რომ გვერდზე გადავდოთ,ორ მორიელს ერთად ბევრი სასწაულის მოხდენა შეუძლია,იმ უზარმაზარი ძალის მეშვეობით,რომელიც მათი ფარული ენერგიების გაერთიანებით წარმოიქმნება. თქვენ ოდესმე გინახავთ ორი მორიელი უსაქმურად? დიდი და სევდიანი სამყარო საჭიროებს მათ! თუმცა ჯერ უარყოფითი თვისებების გაბუქების ტენდენციას უნდა მოერიონ,რასაც შეთანხმებული ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება. როდესაც ორი მორიელი მიზანს დაისახავს,კარგს თუ ცუდს,მათი გზიდან გადაცდენის მცდელობა იგივეა,რაც ვულკანის კრატერზე ხელისგულის დაფარება.
თქვენ შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ,რომ მე მეშინია მორიელების. მე,ვერძს,მარსის შვილს,პლუტონის მეშინია?.. ჰო,მეშინია. მე ცეცხლის ნიშანი ვარ,მორიელი კი წყლის. როგორც იცით,წყალს ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია. ასე რომ,დიახ,მე მეშინია. თუმცა იმავდროულად პატივს ვცემ,პატივისცემა კი ამარცხებს შიშს. მე ჯერ არ შემხვედრია მორიელი,რომელიც დამგესლავდა; რომელსაც არწივისებური ერთგულება და მხარდაჭერა არ გამოუხატავს,როდესაც მიჭირდა. ერთნი აბსოლუტურ სიმშვიდეს(მოჩვენებითს) ინარჩუნებდნენ და მზად იყვნენ,ჩემს მეგობრებსაც კი დახმარებოდნენ. სხვებმა მართლა ძალიან განმაცვიფრეს სულიერი სიმტკიცითა და ძალით,თავიანთი ცხოვრების მძიმე პერიოდებში; და თითქმის ყველა მორიელი მთელი გულით თანამიგრძნობდა,როდესაც ჩემს ცხოვრებაში სირთულეებს ვაწყდებოდი.
თუ ორი მორიელის სინასტრიულ რუკაში მათ მზე-მთვარეებს შორის ჰარმონიული ასპექტებია,მათ ნამდვილად შეუძლიათ ზღვის გაყოფა. ერთხელ ხომ გააკეთა უკვე მოსემ,რატომაც არ უნდა გაიმეორონ? ან შეიძლება თავი დედამიწაზე კატაკლიზმების აღკვეთას მიუძღვნან.
ამაყ,არწივის ტიპის მორიელებს ეზიზღებათ უბადრუკი და იაფფასიანი შურისძიება,რომელსაც ხშირად მიმართავენ ნაცრისფერი ხვლიკები ანუ ევოლუციის დაბალ საფეხურზე მდგარი მორიელები… მაგრამ მათაც შეუძლიათ გაცილებით მაღალ საფეხურზე ასვლა,თუ მოინდომეს,ცხადია.
როდესაც პლუტონის ძალა ორ ჩვეულებრივ მოკვდავში კონცენტრირდება და თუ ორივე რუხი ხვლიკია,მათ ბევრი მახე ელით. თუ ერთი ხვლიკია და მეორე არწივი,ეს უკანასკნელი შეძლებს საკუთარი გავლენით აღამაღლოს „დაცემული ანგელოზი“,ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. თუ ორივე განვითარებული არწივია,მათ თვალუწვდენელი სიმაღლეების დაპყრობა შეუძლიათ. თუ ამ წყვილის საერთო ენერგეტიკული ვიბრაცია სხვა პლანეტების (განსაკუთრებით მთვარეების) ჰარმონიული ზემოქმედებითაც არის განმტკიცებული,სიკეთის გავლენა მნიშვნელოვნად ძლიერდება. შედეგი შეიძლება გახდეს შთამაგონებელი და მყარი მეგობრობა ან საქმიანი ურთიერთობა. შეიძლება ხორცი შეესხას საინტერესო რომანს ან ქორწინებას… ან სულაც დიადი ისტორიული მისია აღსრულდეს დედამიწაზე.
მორიელებს,ვინც ახლა ამას კითხულობს,მინდა შევახსენო: თქვენი კოსმიური მშობელი პლუტონი ყველა ტიპის ძალაფულებას ფლობს,რომელიც გჭირდებათ ბედნიერების ციხესიმაგრის ასაშენებლად… ან დასანგრევად. აცნობიერებთ თუ არა,თქვენ ნამდვილად ფლობთ ამ ძალას და თუ მის ბრძნულად გამოყენებას ისწავლით,ყველა ოცნებას ფრთები შეესხმება.
მორიელი მამაკაცი და მორიელი ქალი
თუ მას განშორების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა,
მან გადაწყვიტა,ეჩვენებინა,რომ ისიც თანახმა იყო.
თუმცა,ცხადია,ძალიან უმძიმდა.
მორიელები სამუდამოდ ერთიანდებიან. სამუდამოდ შორდებიან. სამუდამოდ რიგდებიან. მორიელისთვის არ არსებობს დროებითობა. თუ რაიმემ მათი აღებული გეზი შეცვალა(და ეს არანაკლებ ღვთის ნება უნდა იყოს,რადგან მორიელი ფიქსირებული ნიშანია),მისი ახალი მიმართულების ხაზიც მუდმივი გახდება.
მათ არამხოლოდ ვერ აიძულებთ,უარი თქვან საკუთარ განზრახვაზე,პლუტონიელთა გულში ცვლილებების გამოწვევაც კი სახიფათოა, რადგან გაჩენილი ნაპრალი ისეთივე საფუძვლიანი აღმოჩნდება,როგორც თავდაპირველი ერთიანობა იყო ჩაფიქრებული. მორიელის რისხვაც მუდმივია. ორი მორიელი გაცილებით იშვიათად რიგდება,ვიდრე მზის სხვა ნიშნების ორი წარმომადგენელი. ორივე ძალიან ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე,ამიტომ ორჯერ ერთი მიზეზით პარტნიორს თავს არ დააგესლინებენ.
არსებობს იოტისოდენა ვარაუდი,რომ მორიელები შეხვდებიან,ერთმანეთს გაიცნობენ, დაქორწინედებიან (ან პირიქით,ჯერ დაქორწინდებიან და მერე გაიცნობენ),შემდეგ გაიყრებიან და კვლავ შერიგდებიან. მე მხოლოდ ერთ ასეთ წყვილს ვიცნობ და მათ ახლა უფრო უყვართ ერთმანეთი,ვიდრე ოდესმე. განქორწინება და შემდეგ ხელმეორედ დაქორწინება გაცილებით ხშირია სხვა ნიშნების 1-1 მოდელში,ვიდრე პლუტონით მართულ ადამიანებში. თითოეული მათგანი დიდხანს და გულმოდგინედ განიხილავს ყველაფერს,რამაც შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს მიჯაჭვულობებში,რადგან მათ ყოველთვის ახსოვთ მუდმივობა,როგორც საკუთარი,ისე რჩეულის.
ასტროლოგიაში პლანეტა პლუტონი,მერკურისა და იუპიტერთან ერთად,მართავს შვილად აყვანის საკითხს. ეს იმას ნიშნავს,რომ მორიელები საკმაოდ ხშირად არიან გაშვილებულები ან თავად იშვილებენ სხვის შვილებს. ბუნებრივია,ეს მორიელების ყველა წყვილს არ ეხება,თუმცა რადგან მათ შემთხვევაში შვილად აყვანის საკითხი აქტუალურია,აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. მორიელებს მტკიცედ სწამთ,რომ საიდუმლოების შენახვა უდავო ღირსებაა. თუმცა მინდა შევახსენო,რომ ბავშვებიც იმსახურებენ ხმის უფლებას. მორიელებს რომ საიდუმლოებებს არასდროს გათქვამენ,უმეტესად მართლაც პოზიტიური თვისებაა,მაგრამ პლუტონიელებს უნდა ახსოვდეთ,რომ ხანდახან სიმართლე თვისებრივ იდუმალებაზე მაღლა უნდა დააყენონ. სამყაროში იშვიათია ისეთი მოსაწონი ნაბიჯი,როგორც სხვისი ბავშვის შვილად მიღებაა. თვითონ ბავშვი,როდესაც საკმარისად წამოიზრდება,რომ ადამიანურ ემოციებს ჩაწვდეს,უზომოდ მადლიერი იქნება დედობილისა და მამობილის უანგარო გრძნობების. მაგრამ ბავშვის მოტყუება,საკუთარი გრძნობებისა და სიმშვიდის დასაცავად,არასწორი საქციელია. მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში,რასაც ვამბობ.
დაბადებისა და გაშვილების გარდა,პლუტონი ასევე მართავს სიკვდილს და ყველაფერს,რასაც გარდაცვალებას ვუწოდებთ_ცნობიერების შემდეგ საფეხურზე გადასვლა ან სულაც ერთი ფიზიკური სხეულის მეორეთი შეცვლა. თქვენ შეიძლება უადგილოდ გეჩვენებათ სიკვდილზე საუბარი,მაგრამ როდესაც საქმე მორიელს ეხება,დამერწმუნეთ,ეს ძალიან დროულია. მორიელებისთვის ეს ბუნებრივი თემაა და ხშირად სწორედ ის აკავშირებს და აახლოებს ერთმანეთთან. ისინი შეიძლება მეტად ინდივიდუალურ და თავისებურ შეხედულებებს იზიარებდნენ სიკვდილზე,რადგან თითოეულს ღრმა იარები დარჩა ბაშვობასა თუ სიყმაწვილეში განცდილი მძიმე დანაკარგისგან. შეიძლება ერთერთს ან ორივეს უკვე ჰყავდა ოჯახი და შეხვედრის დროს ქვრივები იყვნენ. შეიძლება ერთერთი სიკვდილის პირას იყო და სააქაოს იმ შეგრძნებით დაუბრუნდა,რომ რაღაც გაურკვეველი მისია დარჩა შესასრულებელი. ამ შეთავსებაში სიყვარულის დამატებითი განზომილება ერთვება. ეს არის სხვა ადამიანის პიროვნული არსით გამოწვეული ენითაუწერელი სიხარული; იმდენად ახლობლის,რომ იმის ახსნაც აღარ არის საჭირო,რაც სხვებს უცნაურად და არანორმალურად ეჩვენებათ. ვიღაც ზუსტად გხედავთ,გიგებთ და უბრალოდ ესმის თქვენი! „როგორც იქნა სახლში ვარ“_ის თბილი გრძნობაა,რომელსაც ეს ქალი და მამაკაცი განიცდიან,როდესაც თავიანთ საიდუმლოებებს ერთმანეთის თვალებში ამოიკითხავენ. ეს ისეთი მშვენიერი ბუნებრივი განძია,რომელსაც თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდნენ… და რომლითაც შეიძლება ერთმანეთი ფრიად გაარკვიონ.
ასტროლოგიაში პლუტონი რელიგიისა და ინკარნაციის ღრმად ჩაფლულ საიდუმლოებებს მართავს. ძლევამოსილი და მდუმარე პლანეტა ბევრ თავის პირმშოს აიძულებს უჩვეულო რეინკარნაციული თუ რელიგიური გამონათება განიცადოს. რაღაც მისტიურ-სულიერ-უკულტური გამოცდილება ყოველთვის ფიგურირებს მათ ცხოვრებასა და ურთიერთობაში.
რელიგიას ბუნებრივად მიჰყავს მორიელები სექსისკენ. ეს შეიძლება გაუგებარი იყოს მზის სხვა ნიშნებისთვის,მაგრამ არა მორიელებისთვის,რადგან სიყვარულის ფიზიკური გამოხატვა მათთვის ისეთ განუსაზღვრელ ნიუანსებს შეიცავს,რაც ცნობიერებისთვის უბრალოდ მიუწვდომელია. ეს უხილავი იმპულსები ჯადოსნური გზით იზიდავს მათ გულებს,სულებსა და გონებებს იშვიათ ჰარმონიულ ერთობაში. ორმხრივი მგრძნობიარობა და ღრმა განცდების მოთხოვნები მათ სიყვარულს სიხარულისა და ბედნიერების წყაროდ აქცევს.
თუ სინასტრიულ რუკაში დაძაბული ასპექტები აღმოჩნდა,მათი სექსუალური ურთიერთობა არ იქნება ასეთი გაშმაგებული. ყოველთვის გახსოვდეთ,რომ ძლევამოსილ პლუტონს ფრიგიდულობისა და იმპოტენციის უკიდურესი გამოვლენის გამოწვევაც შეუძლია ან პირიქით,უწესრიგო და არაფრისმომცემ გარყვნილ კავშირებს პროვოცირებს. ასეა თუ ისე,სექსი მორიელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად,უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ წყვილის ურთიერთობაში.
ერთერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე,ორი მორიელის ურთიერთობაში,თითოეულის შურისძიებისკენ მიდრეკილებაა ან კიდევ უარესი,ნამდვილი გრძნობების დამალვა,რაც ცრუ სიამაყით არის გამოწვეული. მორიელებს ძალიან უჭირთ თავიანთი მოწყვლადობის აღიარება და მით უმეტეს სხვებისთვის ჩვენება. მართლა ძალიან სამწუხარია,რადგან სწორედ ეს ხდება მათ შორის გაუგებრობების მთავარი მიზეზი. ისინი ჩაკეტილ წრეში ხვდებიან,რომელსაც არსაით მიჰყავს. ამ წრის გარღვევა მხოლოდ ტკივილს შეუძლია. მაშინ ისინი სხვადასხვა მიმართულებით უჩინარდებიან და უმცირეს მინიშნებასაც კი არ აკეთებენ,რომ შერიგება სწადიათ.
პლუტონის გულგრილობის ნიღაბი არც ისე მტკიცე დამცველია ტკივილისგან,როგორც მორიელებს ჰგონიათ. მას შეუძლია წმინდა ვალენტინის დღე საშინელ ღამედ აქციოს. მორიელის „ეს მე საერთოდ არ მაღელვებს“ პოზა,უარყოფის შიშს მალავს. მე ერთი კითხვა მაქვს ემოციურ შეყვარებულებთან: თუ თქვენი გულის ნდობა ერთმანეთისთვის არ შეგიძლიათ,მაშინ ვის უნდა ენდოთ საერთოდ? განა ვინმეს შეუძლია იმაზე მეტად გაუფრთხილდეს თქვენს საიდუმლოს,ვიდრე მორიელს,ზუსტად ისეთივეს,როგორიც თქვენ ხართ?!
ამ შეთავსებაში კიდევ არაერთი ფარული საფრთხეა. ორი მორიელისთვის ეს შეიძლება იყოს ღალატის(რაზეც პლუტონიელები მხოლოდ უკიდურესი ტანჯვის ან დაკარგულობის განცდის დროს მიდიან),ჰიპნოზის,ფსიქიკური კონტროლის,ალკოჰოლიზმის,ნარკოტიკებისა და ნეგატიური ოკულტიზმის საფრთხეები.
ხშირად ორივე უზომოდ ეჭვიანია,რასაც მხოლოდ ორმხრივი გულწრფელობის შემთხვევაში მოერევიან. ორივე ეგოისტია და სხვა ნიშნებზე ბევრად სასტიკი. ეს თვისებები ძლიერდება ორი მორიელის სასიყვარულო ვიბრაციაში. მაგრამ ასევე ორმაგდება მათი გამბედაობა,ღირსება და საყვარელი ადამიანის პროტექციის სურვილიც. თუ ორივე შეგნებულ ძალისხმევას გამოიჩენს,რომ უარყოფითი თვისებები გააკონტროლონ და დადებითი თვისებები გააძლიერონ,თვალდახუჭული შეძლებენ ერთმანეთის ნდობას.
პატიების უნარი მორიელთა ყველა სირთულის ჯადოსნური გასაღებია. თუ პლუტონიელებმა ამ ერთერთი საუკეთესო ადამიანური ღირსების დაუფლება შეძლეს,მათი სიყვარული უსასრულოდ გაგრძელდება.
უბრალოდ ორივეს უნდა ახსოვდეს,რომ მორიელი მამაკაცი არც ისეთი თვითკმარი და ცივსისხლიანია,როგორც ცდილობს,გამოიყურებოდეს. არც მორიელი ქალი არის ისეთი დისტანციური და უგრძნობი,რასაც ორაზროვანი დუმილით უსვამს ხაზს. ნიღბის ტარება ძალიან მოსაწყენია. ეს შეიძლება აუცილებელი იყოს პუბლიკის წინაშე,მაგრამ შეყვარებულის მკლავებში გულწრფელობა გაცილებით მეტ ბედნიერებას მოგანიჭებთ. ნამდვილი სიყვარული ადამიანის ზუსტად ისეთად მიღებაა,როგორიც არის,მთელი თავისი მანკიერებებით. მეტიც,საყვარელი ადამიანის არასრულყოფილება,ხანდახან კიდევ უფრო აძლიერებს მისდამი სიყვარულს,რაგან თავად ის ფაქტი,რომ თქვენ მისი ბნელი მხარეების და სისუსტეების შესახებ იცით,უკვე მეტყველებს იმაზე,რომ თქვენ მას კარგად იცნობთ.
როდესაც მორიელის ნიშნის ქალი და მამაკაცი ჩხუბობენ,თითოეული ჩუმად ოცნებობს სიყვარულის დაბრუნებაზე. მაგრამ ვერც ერთი ვერ ბედავს პირველი ნაბიჯის გადადგმას,პატიების თხოვნას და ყველაფრის თავიდან დაწყების შეთავაზებას. მორიელებმა უბრალოდ არ იციან,როგორ გააკეთონ ეს. ისინი იმდენ ხანს ცდილობდნენ დაემტკიცებინათ მთელი სამყაროსთვის საკუთარი დამოუკიდებლობა და თვითკმარობა,რომ დაივიწყეს,როგორია სხვაზე დამოკიდებულება. აქ მათ მხოლოდ შინაგანი სიბრძნე და გულწრფელობა დაეხმარებათ.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.