პლუტონის პრინციპები

პლუტონის პრინციპები

* მიუხედავად იმისა,რომ თანამედროვე ასტრონომები პლუტონის ორბიტის მიღმა სხვა პლანეტის არსებობას ვარაუდობენ,მოცემულ მომენტში ითვლება,რომ პლუტონი ყველაზე მეტად არის დაშორებული მზისგან. ლოგიკურად,ასტროლოგიაში პლუტონი დაკავშირებულია ადამიანის ცნობიერების ყველაზე შორეულ კარიბჭესთან.

პლუტონი ზოდიაქოს ერთ ნიშანში 12დან 32 წლამდე(საშუალოდ 20,5 წელი) ჩერდება. ამიტომ,პლუტონი თაობის მენტალიტეტის სიმბოლოა. შესაბამისად,დედამიწაზე ყველა სულიერის უხილავი და იდუმალი მბრძანებელი პლუტონი გამოხატავს ადამიანის წარმოდგენას თაობის ბედისწერაზე. პლუტონის ასტროლოგიური პრინციპები ეფუძნება სიცოცხლის შეუქცევად სწრაფვას სიკვდილისადმი,სიცოცხლის წარმოშობისა და დასასრულის ამოუხსნელი მიზეზებს,ასევე არსებითი(სიღრმისეული) ცვლის მარადიულ პროცესს.

 

1.გარდაცვალება

(ბიო-ფიზიკურ დონეზე)

ფუნქციები: განადგურება. გახრწნა. გაუჩინარება. ელიმინაცია(ზედმეტის მოცილება). ჯაჭვური რეაქცია.

ჩვენს სამყაროში ყველაფერ ცოცხალს თავისი არსებობისა და მოქმედების უცნობი ვადა აქვს,რომლის ამოწურვის შემდეგ სხვადასხვა გარემოებეში კვდება,ნადგურდება და ქრება.

სიკვდილსა და განადგურებას სამყაროში მოაქვს დაავადებები,ეპიდემიები,სტიქიური უბედურებები, ომები, ძალადობა, კატასტროფები, ავარიები. ამ მოვლენებს თან ახლავს გარდაუვალობისა  და განწირულობის შეგრძნება, სევდა, ტკივილი, გლოვა, მწუხარება, ძაძებით შემოსვა. ამასთან დაკავშირებით,პლუტონი მართავს ვულკანებს, მიწისძვრებს, გამოქვაბულებს, მიწურებს, საავადმყოფოებისა და ჰოსპიტალებს ისეთ ადგილებს,სადაც მომაკვდავი ავადმყოფები წვანან, რეანიმაციას, სასწრაფო დახმარებას, დაკრძალვის რიტუალებს, დამარხვას, მორგებსა და სასაფლაოებს. მასვე ექვემდებარებიან ექიმები,ფსიქოლოგები და ფსიქიატრები,მომაკვდავებთან მომუშავე ადამიანები, სასიკვდილო და გაურკვეველი წარმოშობის მასობრივი დაავადებები(ეპიდემიები),რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება; ასევე ის კლინიკები,სადაც ამ დაავადებებს მკურნალობენ; სასაკლაოები,სადაც ცხოველებს ხოცავენ. ეს ყველაფერი სიკვდილის პრინციპს ექვემდებარება.

პლუტონის დედამიწასთან მოახლოების პერიოდი(1984-1995 პლუტონი მორიელში) გასული საუკუნეების ეპიდემიათა(ქოლერა,შავი ჭირი) ახალი ტალღით,შიდსის გავრცელებით აღინიშნა. ასევე სტიქიური უბედურებებითა და ავარიებით(ჩერნობილი); რადიაციის გაზრდით,რამაც,თავის მხრივ,გაზარდა ონკოლოგიური დაავადებებისა და ლეიკემიის საფრთხე და სტატისტიკა. კარგად გვახსოვს ასევე ნაციონალურ ნიადაგზე წამოწყებული ომები და ცალკეულ სახელმწიფოთა თუ რეჟიმთა განადგურება(სიკვდილი).

განძი, სამალავი, სასარგებლო წიაღისეული და დედამიწაში ჩამარხული წარსული ცივილიზაციების დანატოვარიც  პლუტონის პირველი პრინციპით იმართება. გეოლოგია და არქეოლოგია,რომელიც მათ ეძებენ,ასევე პლუტონის „აპარატის“ შემადგენელობაშია.

პლუტონის ანაბეჭდი ადამიანის ხასიათში წარსულის საიდუმლოებებისადმი ინტერესით, საიდუმლოებათა ამოცნობითა და შენახვის უნარით,სიკვდილისადმი ცნობისმოყვარეობით ვლინდება. გარეგნულად პლუტონის აქცენტები შეიძლება გამოიხატოს დემონიზმით,შინაგანი ძალის შეგრძნებით,ძალაუფლების სიყვარულით,გამოკვეთილი და გაცნობიერებული ჩაკეტილობით, იდუმალებით.

 

 

2. სექსუალობა

(ფსიქო-სოციალურ დონეზე)

დედამიწაზე ბუნებრივ გადარჩევასა და დემოგრაფიას მართავს ირაციონალურ განცდებზე დაფუძნებული ძალა,რომელიც საიდუმლო მეთოდებით უზრუნველყოფს სიცოცხლის კვლავწარმოებას.

ფუნქციები: გამღებისა და მიმღების როლების გადანაწილება სოციალურ ჯგუფებში; დამორჩილება წამყვან ძალაზე და ამ უკანასკნელის  გამოხმაურების სისწრაფე. მფლობელობა. ეაკულაცია. განაყოფიერება.

სიამოვნების(სარგებლის)  მიღების მოთხოვნა,საკუთარი ენერგიის შერწყმით სხვის ენერგიასთან, მართავს ისეთ მოვლენებს,როგორიც არის: სქესობრივი აქტი, გავლენის სფეროსთვის ბრძოლა, ფინანსური და საწარმოო სტრუქტურების გაერთიანება, ერთი სოციალური სტრუქტურების მიერ სხვა სტრუქტურების დათრგუნვა.

ამ პრინციპის ნაყოფს საზოგადოებაში წარმოადგენს ტოტალიტარული პოლიტიკის გამტარებელი პარტია,რომელიც ცდილობს მასობრივად დათრგუნოს ინდივიდთა ცნობიერება;  მსხვილი საწარმო კონცერნები(მათ შორის საომარიც); ბანკები (მიმღები); ინვესტორები (გამღები); მაფიოზური, კრიმინალური და ტერორისტული სტრუქტურები,რომლებიც  საკუთარ საჭიროებებს უქვემდებარებენ საზოგადოების ინტერესებს; ისეთი ორგანიზაციები,რომელთაც სახელმწიფოს გადარჩენა ევალებათ _ გასაიდუმლოებული სტრუქტურები,დეპარტამენტები და აგენტები.

პლუტონის მეორე პრინციპი საიდუმლოების დაცვის პირობებში მოქმედებს,თავისუფლების ან სიცოცხლის დაკარგვის  საფრთხეს შეიცავს; თან ახლავს რისკისა და დათრგუნულობის  შეგრძნება; ასევე  ფლობის,ძალადობისა და ძალაუფლებისგან მიღებული სიამოვნების განცდა.

სექსუალობის პრინციპი ხშირად ირთვება დიდი ოდენობის ხალხის თავშეყრის ადგილებში,სადაც ერთი ადამიანისგან ჩაშვებული შიშისა თუ მრისხანების გრძნობა მარტივად ვრცელდება ბრბოზე,სტიქიურ ხასიათს იღებს  და თრგუნავს ყველა იმ პირთა ინდივიდუალურ ნებას,ვინც ემოციის პირველწყაროსთან ახლო რადიუსში აღმოჩნდა. ამ მასობრივ ფსიქოზს ალეგორიულად შეიძლება ბრბოს განაყოფიერება ვუწოდოთ.

სწორედ ამ პრინციპით სარგებლობენ პოლიტიკური ლიდერები,როდესაც ხალხის მასას მიუძღვიან წინ ან სიტყვით გამოდიან ფართო აუდიტორიის წინაშე. მასობრივი ყურადღების მიპყრობა,შენარჩუნება და საჭირო მიმართულებით მართვა/ჩაშვება სექსუალობის პრინციპით იმართება. ამ უნარის ფლობას მოითხოვს ფსიქიატრის სამუშაოც,პაციენტის ემოციური მდგომარეობის დალაგებისთვის. ფსიქიატრმა უნდა  დაიმორჩილოს პაციენტის ნება,რომ შეინარჩუნოს მისი საზოგადოებისთვის შედარებით უსაფრთხო ქცევები. ამავე პრინციპს ექვემდებარება მევახშე,რომელიც ფულს(ენერგიას) აპროცენტებს და ამდიდრებს თავის კაპიტალს(ენერგიას) სხვების ხარჯზე.

ამრიგად,სექსუალობის პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის უნართან,დაიმორჩილოს სხვისი ნება, შეისრუტოს სხვების ენერგია(ძალა,ფული,შესაძლებლობები) და მიიღოს ასეთი ინტერაქციისგან სიამოვნება/სარგებელი. ლოგიკურად ის განაპირობებს ადამიანის სწრაფვას ძალაუფლების, მფლობელობისა და სიმდიდრისკენ.

პლუტონის მეორე პრინციპი განსაზღვრავს სექსუალური მიზიდულობის დონეს,ბრბოს მართვის და მასში გათქვეფის შესაძლებლობას (რასაც თანამედროვე ტერმინოლოოგიით „ჯოგურ ქცევას“ ვუწოდებთ), ფანატიზმისკენ მიდრეკილებას; იძულების უნარს; ვერაგობის, სისასტიკის, დაუნდობლობის, სიძუნწის  დონეს; ადამიანის მიდრეკილებას ინტრიგნობისა და ზომბირებისკენ (გათვალვა,ჯადო).

 

 3.ტრანსფორმაცია

(იდეალურ დონეზე)

ადამიანი ცხოვრების სტილს დიდწილად განსაზღვრავს იმ სფეროს არჩევანი,სადაც ის სიამოვნებას იღებს სხვისი ენერგიის მართვისგან,და მეთოდი,რომლითაც ის კმაყოფილებას(ორგაზმს) აღწევს. მზის სისტემის ბოლო პლანეტის ბოლო პრინციპი ენერგიის შენარჩუნების კანონს ასახავს. სამყაროში არაფერი ქრება უკვალოდ,არაფერია მარადიული,ყველაფერი ცვალებადია და ტრანფორმირდება ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში,რომ დაიბადოს ახლიდან,ახალ სიცოცხლეში.

ტრანსფორმაცია ცალკეული ადამიანის ან საზოგადოების ცხოვრებაში შეიძლება ტრაგიკულად იყოს განცდილი,თან ახლდეს კრიზისები,კატასტროფები,ტანჯვა. საკმაოდ რთულია ამ ნეგატიური მოვლენების მიზნიობრიობის განსაზღვრა ერთი ან თუნდაც ათასობით ადამიანის სიცოცხლის ჩარჩოებში. მხოლოდ მასშტაბური კოსმიური ამოცანებიდან შეიძლება დავინახოთ,რა პრობლემას აგვარებს ესა თუ ის პლუტონელი თაობა დედამიწაზე.

ფუნქციები: სამყაროს საიდუმლობებთან მიახლოება. ოკულტური კანონების შეცნობა, მაგიასთან დაკავშირება.

პლუტონის მესამე პრინციპს ფლობენ მეცნიერები, ფიზიკოსები, ალქიმიკოსები, ტიბეტელი და ბუდისტი ბერები, შამანები, ფილიპინელი ექიმები(ჰილერები), ექსტრანსები, რჩეულები, მაგები ანუ ისინი,ვისაც მატერიის მდგომარეობის შეცვლა ხელეწიფებათ უჩვეულო ზემოქმედებით. ადამიანთა უმეტესობა მათ შიშით,რიდით,კრძალვით,უნდობლობით ან აღტაცებით ეპყრობა,ეშინიათ მათი ძალის, ჯადოსი და გათვალვის. მათ თავს არიდებენ ან დევნიან.

ნათალური პლუტონი(რადიქსში,ჰოროსკოპის რუკაში) ასახავს ადამიანის მოთხოვნას,შეაღწიოს კოსმიური კანონების საიდუმლოებაში; ახდენს იმ საქმიანობის ორგანიზებას,რომლებიც მიმართულია ტრანსფორმაციის  წესების,ციკლების,პირობებისა და გარემობების შესწავლისკენ; საკუთარი შესაძლებლობების შეცვლისკენ,როდესაც ადამიანის არსებულ ჩარჩოებს სცდება და ისეთი მოვლენებისკენ მიილტვის,რაც რთულად ჯდება მის ცნობიერებაში. ამიტომ,ტრანსფორმაციის პრინციპთან მიახლოება ადამიანისგან  მოითხოვს სიღრმისეულ ცვლილებებს უპირველესად საკუთარ ბუნებაში, თავსმოხვეული სოციალური ტრადიციებისა და გარემო პირობებისგან განთავისუფლებას, საკუთარი ფარული ძალებისადმი შიშის დაძლევას, აზრების გაწმენდას, ტრანსპერსონალურ სივრცეში გასვლას.

ამგვარად,პლუტონის მესამე პრინციპი მართავს პიროვნების, საზოგადოების, დედამიწის მდგომარეობისა და მისი შემსწავლელი მეცნიერებების (ფიზიკა, სეისმოლოგია, ვულკანოლოგია) წიაღში მიმდინარე სიღრმისეული ცვლილებებს; ასევე ოკულტიზმსა და ფსიქოლოგიის ზოგიერთ ტექნიკას(განსაკუთრებით ჯგუფური ფორმების), აღდგენას, განახლებას, კარმას, რეინკარნაციას, მაგიას.

 

პლუტონის დამცავი მექანიზმი მანიპულაციით ვლინდება.

პლუტონის ასაკი დგება ღრმა მოხუცებულობაში,თუ ადამიანმა ინფანტილიზაციის ფაზა გაირა.

პლუტონის როლები რადიქსში: მდიდარი. მაგი. ფიზიკოსი. შამანი. ილუზიონისტი. ჰიპნოტიზიორი. პროკურორი. საიდუმლო სამსახურების აგენტი. მსხვილი საგამოძიებო ორგანიზაციის, ბანკის, მაფიოზური ან კრიმინალური სტრუქტურის, ხალხმრავალი პოლიტიკური დაჯგუფების ხელმძღვანელი. ფსიქიატრი. პათოლოგოანატომი. რეანიმატოლოგი. ქირურგი. ყასაბი. მკვლელი.

პლუტონის მდგომარეობები: ძლიერი დათრგუნულობა. ჰიპნოზი. ჩაკეტილობა. იდუმალება. ღრმა შინაგანი გარდაქმნები. განადგურება. გამოუვალი სიტუაციები. იდუმალი გარემოებების გამოძიება. ორგაზმი. გარდაცვალება.

პლუტონის მოვლენები: მასობრივი ფსიქოზი. სტიქიური უბედურებები. ომები. ბირთვული იარაღის აფეთქება. ეპიდემიები. სექსუალური აქტი. სექსუალური დაავადების გადაცემა. კონტაქტი შორეულ წარსულთან,ოკულტურ და ამოუხსნელ მოვლენებთან. გვამის გაკვეთა. მკვლელობა. სიკვდილი.

პლუტონის გავლენა ფიზიკურ სხეულზე: სქესობრივი ფუნქციები. გენიტალიები. ანუსი.

მეტალი: პლუტონი.

პლუტონის ფერთა გამა:  შავი. ბროწეულისფერი. მუქი და ფოსფორირებული ფერები.


About Qet

Scroll To Top