სატურნის ტრანზიტი მორიელში – ტრანსფორმაცია (05.10.2012 – 23.12.2014)

სატურნის ტრანზიტი მორიელში – ტრანსფორმაცია (05.10.2012 – 23.12.2014)

05.10.2012-23.12.2014

15.06.2015-18.09.2015

2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში სატურნი სასწორის ნიშნიდან მორიელში გადადის და 2014 წლის ბოლომდე დარჩება. სატურნის ტრანზიტზე მსჯელობა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, რაც განსხვავებული ხედვისა და ახსნის საშუალებას გვაძლევს. სანამ სატურნი სასწორის ნიშანს გადიოდა, ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ურთიერთობების ხარისხზე. 2009 წლიდან ალბათ ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი იყო პირადი, საქმიანი, სასამართლო ურთიერთობების შეფასება–გადაფასება. სატურნი სწორედ ამ სფეროებში „ფერად სათვალეს მოგხსნიდათ“  და რეალობას დაგანახებდათ. 2009 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მოგიწევდათ  მიღწევების, მოლაპარალებების და ურთიერთობების (როგორც სასიყვარულო, ასევე ღია მტრებთან ურთიერთობაც) შეჯამება. როგორ გავიარეთ – შეზღუდვებით, ტკივილით, ჩაკეტილობით თუ ახალი ხედვის, პრინციპების, სისტემის ჩამოყალიბებით, ასევე რა ვისწავლეთ – მთლიანად ჩვენს ქმედებებზე იქნებოდა დამოკიდებული.

რამდენიმე ჯგუფში თუ ფორუმზე შევნიშნე, რომ სატურნის მორიელში გადასვლა ზოგს აშინებს. ალბათ იმიტომ, რომ უფრო მეტად სატურნზე გვსმენია მხოლოდ „სიმკაცრე, შეზღუდვები, სიცივე, მარტოობა, კრიზისი“, მაგრამ სატურნი ხომ ასევე არის „პასუხისმგებლობის, სისტემის მარეგულირებელი, მოთმინების გამომამუშავებელი, გონიერებისა და განვითარების წარმმართველი“ (პ.ს.ერთ–ერთი მოსაზრების თანახმად, სატურნი „იცავს“ ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის კარს. გავიხსენოთ მისი რგოლებიც). ყველაზე მთავარი – გვახსოვდეს, რომ სატურნი ფუჭ ილუზიებს, იდეებს, რეალობას გვინგრევს და არა ნამდვილს; გვზრდის, გამოცდილებას გვძენს. სამწუხაროდ გაზრდა არცთუ ადვილია.

მოკლედ, შევაჯამოთ სატურნის ტრანზიტის „გაკვეთილები“ და მოვემზადოთ ახალი გაკვეთილებისთვის. ვფიქრობ წინ საინტერესო მოვლენები გველის. რას ველოდოთ?

უფრო ფართო დონეზე, უახლოესი 2,5 წელი კრიზისული, ფინანსური კუთხით ცვლილებების პერიოდია. შესაძლოა შეიცვალოს, უკეთესი ფორმა და სტრუქტურა მიიღოს, გაიწმინდოს სახელმწიფო სტურუქტურები. როგორც წესი, სატურნის მორიელში ტრანზიტის დროს ღია ომები არ იწყება, თუმცა ეს პერიოდი ე.წ. „ცივი ომის“ პერიოდად შეიძლება შევაფასოთ. ასევე მოსალოდნელია – მაღალი თანამდებობის პირების ცვლილებები, ეკონომიკური სანქციები, სადაზღვევო სისტემის რეფორმები, გინეკოლოგიური და სქესობრივი დაავადებების ხელახლა „გაღვიძება“. პიროვნულ დონეზე ფინანსური პრობლემები ან ცვლილებები, შეფასების სისტემის განახლება/რესტრუქტურიზაცია, სხვებთან ურთიერთობაში ზღვარის  გავლენა (ან ძალიან ადვილად დავიწყებთ სიღრმისეულ ურთიერთობას, ან ძალიან რთულად), საფრთხე ძალადობისგან.

სასწორში ტრანზიტის დროს თუ სერიოზულად და კრიტიკულად ვეკიდებოდით ურთიერთობების სახეებს, ფორმებს; მორიელში ტრანზიტის დროს ყურადღებას მივაქცევთ ურთიერთობების განვითარების სიღრმისეულ დინამიკას. უარყოფის შიში, კონტროლის დაკარგვა, სხვებთან გაზიარება –  ერთ–ერთი პირველი „პრობლემები“, რაც გაჩნდება. საჭიროა ვაკონტროლოთ განწყობა, ქცევა, ვეცადოთ მშვიდად გავაანალიზოთ შეფერხებები. შესაძლოა მოიმატოს დამოკიდებულებებზე ყურადღების მიქცევამ, გაჩნდეს ფინანსური დამოუკიდებლობის სურვილი ან/და ფინანსური საკითხების სხვებისადმი გადაბარების ტენდენცია. სატურნის მორიელში ტრანზიტის პერიოდი საუკეთესოა ქვეცნობიერი და არაცნობიერი ნაწილების შესწავლისთვის, სამუშაოდ, შიშების/ფობიების გადასალახად, რეალური მოტივების გამოსავლენად, შინაგანი საყრდენი ბერკეტების გამოვლენისა და მასზე დასაყრდნობად.

სატურნისა და პლუტონის ურთიერთრეცეფციის პერიოდია (ანუ ერთმანეთის ნიშნებს გადიან. სატურნი მორიელში, პლუტონი –თხის რქაში). ამიტომ, შეიძლება ბუნებრივად გაჩნდეს განვითარებისა და სიღრმისეული ცვლილებების სურვილი, რადგან კარგად გამოჩნდება შორეულ პერიოდზე რესურსების საჭიროება, ასევე გრძელვადიან პერიოდში მისაღები ჯილდოც.  

კრიზისული სიტუაციების დროს მდგომარეობა შემსუბუქდება, თუ გავაანალიზებთ, რომ წარსულიდან რაღაც მოვლენები ან დამოკიდებულება შესაცვლელია, წესრიგში მოსაყვანია. სატურნის მორიელში ტრანზიტის დროს სასურველია: მოვერიდოთ ეჭვიანობას (თუ ზედმეტ დროს დავხარჯავთ ეჭვიანობასა და ამ მხრივ ურთიერთობის გარჩევაზე, შესაძლოა საერთოდ დავკარგოთ ურთიერთობა), მანიპულაციის სურვილს,  სხვების კონტროლის სურვილი უარვყოთ, რადგან რეალურად მივხვდებით, რომ ერთადერთი ვისი კონტროლიც შეგვიძლია და გვევალება, ეს – საკუთარი თავია. 

მორიელი უფრო შინაგან ენერგიებს მართავს, შესაბამისად გაიზრდება შინაგანი დამუშავება, ენერგიების მართვის სწავლის, ფსიქოლოგიური, სულიერი განვითარების სურვილი ან/და დაბრკოლებები, პრობლემები, უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა სიკვდილ–სიცოცხლისა და  სხვების ფინანსურ საკითხებს. შესაძლოა მოიმატოს ფსიქოლოგიურმა არამდგრადობამ, ეიფორიამ. სატურნი შინაგან არასწორად „აშენებულ“ დამცავ მექანიზმებს, ქვეცნობიერ სისტემებს მოანგრევს (პლუტონთან სტუმრადაა და 1983–1995 წლიანებისთვის ტრანზიტული სატურნისა და ნატალური პლუტონის შეერთებაცაა). შესაძლოა მოგვიწიოს შინაგანი სიღრმისეული პროცესების „გაცნობა“ და დამუშავება. სასწორის ნიშანში ტრანზიტის დროს ყურადღების ცენტრში იყო ჩვენი ურთიერთობები – რომელი და როგორი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი? რას ველით და ვდებთ ურთიერთობებში? ამჟამად, როდესაც სატურნი მორიელში გადავიდა, უკვე 100%–ით თუ არა, მეტნაკლებად მაინც ვიცით ჩვენს კითხვებზე პასუხი. მთავარი კითხვა, რომელიც სატურნის მორიელში გადმობარგების შემდეგ ჩნდება არის „ნუთუ ტრანსფორმაციის გვეშინია?“.

სატურნის მორიელში ტრანზიტის დროს, წინა პლანზე გადმოდის შინაგანი გაუწონასწორებლობასა და ფობიებზე მუშაობა, მისი შეცვლა გვიწევს ძალითა და ენერგიით. ასევე, ვსწავლობთ მოთმინებას, შინაგანი საყრდენის მოძიებას, არჩევანზე, მოქმედებებზე პასუხისმგებლობას. რადგან მორიელის ნიშანს სურს „სიღრმისეულად და ინტიმურ დონეზე“ განცდა არამხოლოდ სექსუალურ სფეროში, არამედ სულიერ, მენტალურ, ემოციურ, ფიზიკურ სფეროებში, სატურნისეული დამუშავება ყველა ამ სფეროს  შეეხება. სატურნის მორიელში ტრანზიტის პერიოდში იცვლება და ტრანსფორმირდება ხედვა, აღქმა. შინაგანი ბუნების სწორად ხედვის, ჭეშმარიტების აღქმის შესაძლებლობა და საშუალება მოიმატებს. 

სატურნის მორიელში გადასვლით თუ არ დაიწყო შინაგანი ძვრა და ცვლილებები, მაშინ სატურნი აუცილებლად „შეგვახსენებს“ და მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ, დავამუშაოთ ჩვენი შიშები, კომპლექსები, სექსუალური ენერგია, დაუცველობის გრძნობა, შინაგანი ძალა.  ჩვენი ღრმად ჩამჯდარი შიში „შინაგანად ცუდი, ბოროტი ვარ“ კი არ არის, არამედ შინაგანი ძალის შიში და იმის გაცნობიერება, რომ შინაგანად დიდ ძალას ვფლობთ და მისი კონტროლი გვიჭირს. „ჩვენი ნათელი მხარე, უმაღლესი შესაძლებლობები გვაშინებს და არა ბნელი და დაბალი შესაძლებლობები“. მოკლედ, სატურნის მორიელში ტრანზიტის დროს ერთ–ერთი, რაც სასწავლი გვაქვს, იქნება – საკუთარ თავში მყარი საყრდენის მოძებნა. მეორე „გაკვეთილი“ კი – საკუთარი მოტივაციების ნამდვილი ბუნების გაგება. კიდევ ერთი „გაკვეთილი“ – ჩვენი რესურსების (სულიერი, მატერიალური) განაწილების სწავლაა; ასევე საკუთარ ძალაზე/ენერგიაზე პასუხისმგებლობის აღება.  კარლ იუნგს რომ დავესესხოთ: „მანამ, სანამ ქვეცნობიერს ცნობიერად ამოიტანთ/გახდით, ის მართავს თქვენს ცხოვრებას და მას უწოდებთ ბედისწერას“. სატურნის მორიელში ტრანზიტის დროს, „ბედისწერის“ გაცნობის დრო დგება და ჩვენივე თავების ფსიქოლოგები ვხდებით : ) 

სატურნის მორიელში ტრანზიტის დროს ყველაზე რთულ გაკვეთილად შეიძლება მივიჩნიოთ – დანაკარგთან შეგუება. გაძლიერდება ცვლილებებისადმი შიში ან პირიქით, ადვილად ვფოკუსირდებით ტრანსფორმაციაზე („ცვლილებებია საჭირო, უნდა შევიცვალო“). შეგვიძლია სატურნის შეზღუდვებს „შევებრძოლოთ“, საკუთარ თავს და სხვებს ტკივილი ვაყენოთ, მაგრამ მანამდე გავიხსენოთ, რომ მორიელის მთავარი ძალა არის ტრანსფორმაციით განკურნება. შესაბამისად, გვინდა თუ არა, საბოლოოდ ტრანსფორმაციის გზით სიარული მოგვიწევს. რომელ სახლში გადის სატურნი ტრანზიტს დაგვეხმარება იმის გაგებაში – სად გვიწევს ტრანსფორმაცია, ცვლილებები, ყველაფრის (ილუზორულის) დაკარგვა და რაღაც ახლის შეძენა. სატურნის ტრანზიტის დროს სწორედ ამ სახლის სფეროები იქცევა თქვენთვის „ფერფლიდან ფენიქსის დაბადების“ ადგილად. 

მცირე დროში მოგვიწევს რაც დასასრულებელია, მისი დასრულება, საჭირო რაოდენობის ენერგიის მიღება, რესურსების განაწილება, ადამიანებთან სიღრმისეული ურთიერთობების შეფასება/საჭიროება და მოტივაციების სწორად განსაზღვრაც. ახალი ხედვის ჩამოსაყალიბებლად საჭირო განსხვავებული მოქმედებების ჩადენა, რეაქციების განსხვავებულად გამოხატვა მოგვიწევს, რათა მივიდეთ იმ ადგილამდე, სფერომდე, რომლის დამუშავება–წმენდაც საჭიროა. ბევრ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ენერგიის წყარო დეპრესიისა და უიმედობის დროს, ამიტომ ფრთხილად იყავით, სხვა ადამიანების ენერგიის წყაროდ არ იქცეთ. სატურნისა და მთვარის აღმავალი კვანძის ერთდროული ტრანზიტის დრო საკმაოდ ნაყოფიერი და სერიოზული ცვლილებების, კატალიზატორული, ტრანსფორმირებადი პერიოდი იქნება. 

ვინც უკვე სძლია ფობიებს, შიშებს, მყარად დგას და იცის როგორაა შინაგანად მოწყობილი, არცთუ ცუდი წლები ელოდება სატურნის მორიელში ტრანზიტის დროს, შეიძლება ითქვას, ერთ–ერთი მშვიდი, ახალი შესაძლებლობებით სავსე პერიოდიც კი დადგეს მათთვის.

თუ კრიზისს მივიღებთ როგორც „განვითარების პროცესში გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის პერიოდად“ და არა როგორც „კატასტროფად“, კრიზისული სიტუაციები გადაიქცევა სწორი მიმართულებისა და პრობლემების გადაწყვეტის პერიოდად. მოვლენების აღქმას ორი მხარე აქვს, აღიქვით კრიზისული სიტუაციები როგორც დადებითის მომტანი, მაგრამ კარგად გაანალიზეთ რა მოგეთხოვებათ.

ერთ–ერთ ბლოგზე რჩევებს გადავაწყდი სატურნის ტრანზიტთან დაკავშირებით და გაგიზიარებთ:

 

  • მოემზადეთ რაღაცის დანაკარგისთვის, თუნდაც ეს იყოს კონტროლის გრძნობა. სატურნი მოქმედებებით დაუპირისპირდება დაკარგვისა და მიტოვების შიშს, ენერგიის ნაკლებობას და ღალატს. გაითვალსიწინეთ, რომ შესაძლოა მოლოდინი უფრო მეტი გქონდეთ, ვიდრე რეალური დანაკარგი.
  • ·ფოკუსირდით რა დაგრჩათ, რა დატოვეთ. როგორ შეგიძლიათ საკუთარი თავი ტკივილისგან განკურნოთ? კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში შეგიძლიათ სიტუაცია სათქვენოთ შეაბრუნოთ? მინიშნება: ანალიზში არ ჩართოთ ის, რაც უკვე თქვენ არ გეკუთვნით ან/და დაკარგეთ.
  • ·დაუპირისპირდით რაც გაშინებთ. ეს შეიძლება მოიცავდეს ინტიმურობის, რესურსების (როგორც ფინანსური, ასევე ემოციური) გაზიარებასა და გაერთიანებას.
  • ·გააცნობიერეთ ენერგია, რომელსაც მიმართავთ უკმაყოფილებისთვის მიმართულების მისაცემად, საკონტროლოდ, სამანიპულაციოდ. საკუთარი ენერგია მიმართეთ ახლისკენ (ახალი სისტემა, ხედვა და ა.შ.), რომელიც მხოლოდ თქვენ გეხებათ და გეკუთვნით.

და ბოლოს, ვინ ვიქნებით – ინდივიდი, რომელიც არჩევს მოკვდეს, ვიდრე საკუთარი ილუზორული უსაფრთხოება დათმოს თუ ის, ვინც ფსიქოლოგიურად და ემოციურად გაშიშვლდება თუნდაც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე და ხელახლა დაიბადება? თითოეულ ჩვენგანს მინიმუმ ორი სხვადასხვა გზა გვექნება. წარმატებას გისურვებთ ახალი გამოწვევებისა და „გაკვეთილების“ ჩაბარებაში. 

დამხმარე წყარო: Елена Зимовец, Dipali Desai, rubyslipper.ca

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Tamta

Scroll To Top