ტიპოლოგია და ზოდიაქოს ნიშანი

ტიპოლოგია და ზოდიაქოს ნიშანი

ასტროლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის კავშირის დასადგენად რამდენიმე კვლევა ჩატარდა. განსაკუთრებით ცნობილია კვლევათა სერია აიზენკის მოდელის მიხედვით.

აიზენკმა სამპარამეტრიანი მოდელი შექმნა: ა) ექსტრავერსია/ინტროვერსია, ბ) ნევროტიზმი/სტაბილურობა და გ) ფსიქოტიზმი/სუპერეგო. ამ მოდელიდან განვიხილავთ მხოლოდ პირველ პარამეტრს: ექსტრავერსია-ინტროვერსიას.

მარტივად რომ ვთქვათ, ექსტრავერტისთვის დამახასიათებელია ამაღლებული განწყობა, კომუნიკაბელურობა, გარემოზე ორიენტირება, გარემოდან სტიმულის მიღების სურვილი, ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი; ექსტრავერტი საჭიროებს ადამიანებთან ურთიერთობას, ყველაფერ ახალს ადვილად ამჩნევს და ითვისებს, სწრაფად რეაგირებს, ახასიათებს რისკიანობა, იმპულსურობა, ოპტიმიზმის მაღალი დონე;

ინტროვერტი – სტიმულს შიგნიდან იღებს (საკუთარ თავზე ორიენტირება), დამახასიათებელია სიმორცხვე, პასიურობა, სიმშვიდე, მორიდებულობა, დისტანციურობა, ნაკლები კონტაქტურობა, მეგობრობა ადამიანთა მცირე რაოდენობასთან, ხმაურიანი კამპანიებისგან გარიდება, არ უყვარს ტავის გამოჩენა, აკონტროლებს ემოციებს და ა.შ.

თუმცა, კითხვარის შევსების შედეგად შეიძლება დაგროვდეს ქულა, რომელიც ადამიანს არც ინტროვერტს ხდის და არც ექსტრავერტს, ასეთ შემთხვევაში – ამბივალენტური მდგომარეობაა (ანუ გამოკვეთილად არცერთ ტიპს მიეკუთვნება).

აიზენკის კითხვარით შეგვიძლია დავადგინოთ ტემპერამენტის ტიპებიც. განასხვავებენ ოთხი ტიპის ტემპერამენტს: სანგვინიკი, ფლეგმატიკი, ქოლერიკი და მელანქოლიკი.

ფლეგმატური, ქოლერიკული, სანგვინიკური, მელანქოლიური

სანგვინიკური ტემპერამენტის მქონე ადამიანის ემოცია სწრაფად აღმოცენდება, მიმდინარეობს ინტენსიურად. ამავე დროს ხასიათდება მერყეობით. ძლიერი ემოცია ადვილად უჩნდება, მაგრამ მალევე ქრება; ერთი განწყობა მეორეს სწრაფად ცვლის, ამიტომ ამ ტემპერამენტის მქონე ადამიანს ადვილად შეუძლია ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადაინაცვლოს. სანგვინიკს მიდრეკილება აქვს დადებითი, სასიამოვნო ემოციებისადმი, ოპტიმისტია. ცხოვრებაში კარგს უფრო მეტად მოელის, ვიდრე ცუდს, ხოლო ურთიერთობებში კარგს მეტად ამჩნევს, ვიდრე უარყოფით მხარეებს.

ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ემოციურია, თუმცა მისი ემოციები ძლიერი და შედარებით მყარია. რთულად ახერხებს ახალი სიტუაციის შესაფერისი მოქმედების განხორციელებას (ანუ შეგუება დიდხანს უგრძელდება). ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მძლავრი ემოციებისგან ერთბაშად განტვირთვა. მიდრეკილება ვლინდება უფრო უარყოფითი, უსიამოვნო ემოციებისადმი, როგორიცაა გაღიზიანება, უკმაყოფილება. ამ ტიპის ადამიანის აქტიური მოქმედება აისახება მოძრაობებში, მიმიკასა და გამოხატვაში.

ფლეგმატური ტემპერამენტის მქონე ადამიანის ემოციები ძნელად აღმოცენდება, ძნელად აღგზნებადია, მხოლოდ ძლიერი ან პიროვნული მნიშვნელობის გამღიზიანებელი იწვევს ემოციის აღმოცენებას. ის მშვიდი, გაწონასწორებული და მეტად მყარია. მოქმედებებში ხშირად შეუდრეკელი და თანმიმდევრულია. გარეგნულად ნაკლებად გამოირჩევა მოძრაობებით, განცდებს ნაკლებად გამოხატავს, პასიურია და სხვებთან კონტაქტის დამყარებას რთულად ახერხებს.

მელანქოლიური ტემპერამენტის მქონე ადამიანის გრძნობები ნელი, მაგრამ მყარი და ძლიერი ემოციური აღგზნებადობით გამოირჩევა. ერთხელ აღმოცენებული ემოცია მას ძლიერად იპყრობს და მისგან გატავისუფლებას რთულად ახერხებს. მიუხედავად ძლიერი ემოციებისა, გამომხატველობაში ნაკლებად ვლინდება. უფრო მეტად საკუთარ თავშია ჩაკეტილი, უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილი, საკუტარი განცდების სხვებისთვის გაზიარებას რთულად ახერხებს, იშვიათად იჩენს ინიციატივას და ხშირად ცდილობს ნაცნობთა წრე შეზღუდოს.

1978 წელს ჟურნალში „სოციალური ფსიქოლოგია“ გამოქვეყნდა მეიოს, უაიტისა და აიზენკის სტატია, რომელშიც ავტორები გვთავაზობდნენ ვერსიას პიროვნების მახასიათებლებისა და ზოდიაქოს ნიშნის კავშირზე. მათი აზრით, გარკვეული კანონზიმიერებაა პიროვნების ტიპსა და იმ თვეს შორის, რომელშიც ადამიანი დაიბადა.

როგორც კვლევამ აჩვენა, ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი, მშვილდოსანი და მერწყული – ექსტრავერტის ტიპს მიეკუთვნება, ხოლო კურო, კირჩხიბი, ქალწული, მორიელი, თხის რქა და თევზები – ინტროვერტის ტიპს.

ვ. დრუჟინინას კვლევის მიხედვით, კუროს, ქალწულისა და მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ექსტრავერტები არიან, ლომი და თხის რქა – ინტროვერტი. კაცებიდან – მერწყული კაცი ამ ნიშნის ქალებისგან განსხვავებით ინტროვერტები არიან.

ალექსანდრე ნოვიცკიმ იგივე თემაზე კვლევა ჩაატარა. როგორც ავტორი აცხადებს, კვლევის მიზეზია ფსიქოლოგების სკეპტიკური დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ, რადგან მათი უმრავლესობა ადამიანის ფსიქოტიპსა და ჰოროსკოპს შორის კავშირს უარყოფს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ იუნგი და აიზენკი დაინტერესებულნი იყვნენ ასტროლოგიით.

ნოვიცკის კვლევაში აიზენკის მოდელსა და მზის ნიშანს შორის კავშირის დადგენა სცადეს. ქვემოთ მოცემულია შედეგები (%-ულად რაც მეტადაა დაშორებული 0-ს, ნიშნისთვის უფრო დამახასიათებელია):

  • ვერძი – უმეტესობა ექსტრავერტია (7.22%).
  • კურო – საშუალო მაჩვენებლიდან მცირე გადახვევაა ინტროვერტის ტიპაჟისკენ (1.63%)
  • ტყუპები – გამოხატული ექსტრავერტი (12.58%)
  • კირჩხიბი – გამოხატული ინტროვერტი (15.16%)
  • ლომი – ამბივალენტური (6.53%)
  • ქალწული – ინტროვერტი, თუმცა არა გამოხატული მაჩვენებლებით (5.02%)
  • სასწორი – ექსტრავერტი (7.22%)
  • მორიელი – მცირე მაჩვენებლებით ექსტრავერტი (2.46%)
  • მშვილდოსანი – გამოხატული ექსტრავერტი (11.62%)
  • თხის რქა – ინტროვერტი (6.79%)
  • მერწყული – ამბივალენტური (2.32%)
  • თევზები – ამბივალენტური (12.34%)

რეალურად რა მივიღეთ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ტყუპებია, ექსტრავერტია? რა თქმა უნდა, არა. მონაცემები მიანიშნებს, რომ მზის ტყუპების ნიშანში მდებარეობა ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ექსტრავერტულ ბუნებას განაპირობებს. ხოლო თუ კირჩხიბის ნიშანშია მზე – ინტროვერტი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ – თუ ტყუპებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით 100-100 ადამიანს ავარჩევთ, საშუალოდ ტყუპებს შორის ექსტრავერტები, ხოლო კირჩხიბებს შორის ინტროვერტები მეტნი იქნებიან. იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, არამარტო მზის ნიშანი (იგივე ზოდიაქოს ნიშანი) გვინდა, არამედ სხვა პიროვნული პლანეტების მდებარეობაც.

ჩატარებულ კვლევებში  არაფერია ნათქვამი ტემპერამენტის ტიპებზე, რაც ასევე საინტერესოა.

გამოყენებული მასალა:

  1. ალექსანდრე ნოვიცკი – „არის თუ არა კავშირი ასტროლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის“, უკრაინა; 2004 წ.
  2. www.psychologos.ru

სტატიის ავტორი: თამთა ნარიმანიშვილი

საქართველოში მსგავსი ტიპის (ასტროლოგიისა და ფსიქოლოგიის) კვლევა არ ჩატარებულა. საინტერესოა, რა მონაცემები იქნებოდა ჩვენთან ჩატარების შემთხვევაში?ზემოთ მოყვანილი მაგალითები დათვლილია მხოლოდ ექსტრავერსია-ინტროვერსიის მიხედვით. შეავსეთ ქვემოთ მოცემული აიზენკის კითხვარი და თქვენს შესახებ ასტროლოგიური მონაცემები ჩაწერეთ. გამოკითხვა ანონიმურია. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობის მოგროვების შემდეგ მონაცემები გაანალიზდება  და შედეგებს შემოგთავაზებთ.

ამ კვლევით შეგვიძლია დავადგინოთ:
1. ექსტრავერსია/ინტროვერსიის მაჩვენებელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2. ტემპერამენტის ტიპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
3. არის თუ არა (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი) კავშირი ასტროლოგიასა და ტიპოლოგიას შორის.

 კვლევა – ტიპოლოგია და ზოდიაქოს ნიშანი

 

კვლევის პირველადი შედეგები

 

 


About Tamta

Scroll To Top