კარდაკარ ჩამოვლა, ბერიკაობა და ტყავის სიმბოლო

კარდაკარ ჩამოვლა, ბერიკაობა და ტყავის სიმბოლო

დასაწყისი:  ნაყოფიერებასთან დაკავშირებული რიტუალები - პირველი ხნულის გატანა

კალენდარული წეს-ჩვეულებების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა კარდაკარ რიტუალური ჩამოვლა (ჭონა, ალილო, ლაზარობა, ბერიკაობა). რიტუალის შემსრულებლები სათითაოდ ჩამოუვლიდნენ ოჯახებს და წარმოთქვამდნენ (ან დაამღერებდნენ) სპეციალურ ტექსტებს, რომელთა ძირითადი მოტივები იყო დღესასწაულის მილოცვა-მიხარება, დალოცვა, სანოვაგის მოთხოვნა.

როგორც წესი, კარდაკარ ჩამოვლა არ იყო დამოუკიდებელი რიტუალი, არამედ რომელიმე დღესასწაულის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ამ წეს-ჩვეულების ძირითადი ელემენტები _ ყოველ მოსახლესთან მისვლა, რიტუალური დალოცვა (რომლის წარმმართველი შინაარსი იყო ბარაქიანობის სურვილი) და რიტუალური საკვებით (უპირატესად კვერცხით) დასაჩუქრება _ ნათლად მეტყველებს, რომ იგი ნაყოფიერების ღვთაების სახელს უკავშირდებოდა, როგორიცაა პირველი ხნულის გატანა, წვიმის გამოწვევა, ახალი წლის დადგომა და სხვა. ჩამოვლის დროს მღეროდნენ ლექსებს, რომლის ტიპიური ნიმუში ასეთია:

 ალათასა, მალათასა,

ჩამოვკიდებ კალათასა,

გოგო, ერთი კვერცხი ჩადე,

ღმერთი მოგცემს ბარაქასა.

ნაყოფიერების, სიცოცხლის ჩასახვისა და განახლების ერთ-ერთი ძველი სიმბოლოა კვერცხი (ამ ნიშნის გამო იგი ადვილად დამკვიდრდა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულში), ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მოსახლეთაგან კარს მომდგარი მლოცველებისთვის ძირითადი შესაწირი კვერცხი იყო.

აღსანიშნავია, რომ კარდაკარ ჩამომვლელები არასდროს შედიოდნენ სახლში. ღვთაება, რომლის წარმომადგენლებიც ისინი იყვნენ, სათემო (ან უფრო მაღალი რანგის) სალოცავს წარმოადენდა. ოჯახის (სახლის) შიდა სივრცე მთლიანად ფუძის ანგელოზს ეკუთვნოდა და უფროსი ღვთაება მის სამყოფში არ იჭრებოდა, მონაწილეები ეზოს კართან ჩერდებოდნენ და იქ ელოდნენ მასპინძლებს. ამგვარი ჩამოვლით ღვთაება ყოველ ოჯახს ხდიდა მონაწილედ დღესასწაულისა. შეიძლება ამოწმებდა კიდეც მათ მზადყოფნასა და გულუხვობას, რომ მერე დამსახურებისამებრ მიეზღო მათთვის. მსგავსი სიტუაცია უფრო გვიანდელ გადმოცემაშია მოთხრობილი. ღმერთი გლახაკი კაცის სახით მიდიოდა სტუმრად ოჯახებში და ვინც როგორ მიიღო სტუმარი, ღმერთმაც ისე განსაზღვრა მათი ცხოვრება. კავკასიაში კი განსაკუთრებით კარგად ახსოვდათ, რომ „სტუმარი ღვთისაა“.

კარდაკარ ჩამოვლის რიტუალი ძალიან ძველია, იმ დროინდელი, როდესაც ღვთაებებს ჯერ არ ჰქონდათ განსაზღვრული ადგილი სამლოცველოს სახით, არც საკულტო საგნები და კუთვნილი მამულები. ისინი მათ მიერ არჩეულ პიროვნებებს დაჰყვებოდნენ (როგორც მკადრეს დაჰყვებოდა ჯვარი აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთ რელიგიაში) და მათი მეშვეობით ამცნობდნენ ხალხს თავიანთ ნებას.

ყველაზე უფრო მასშტაბური საგაზაფხულო დღესასწაულებს შორის იყო ბერიკაობა-ყეენობა, ბუნების აღორძინებისა და აგრარული კულტმსახურებისთვის განკუთვნილი მრავალდღიანი სხვადასხვა ეპიზოდისაგან შემდგარი დღესასწაული.

როგორც ზემოთ განხილული რიტუალები, ბერიკაობაც ნაყოფიერების კულტთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბევრად უფრო დიდი მასშტაბისა და დრამატული ეპიზოდებით გამდიდრებული. საფიქრებელია, რომ ბერიკაობა-ყეენობა ძალიან ძველ სამეფო რიტუალს წარმოადგენდა, რომლის მსგავსი გაზაფხულზე იმართებოდა ხეთების სამეფოში (ეს ანალოგია გამართლებულია მცირეაზიურ-კავკასიური კულტურების ნათესაობის ფონზე). მან გროტესკული სახე მიიღო, მაგრამ სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი კულტურისთვის მეტად მნიშვნელოვანი ეს მოვლენა. რასაკვირველია, ბერიკაობამ დროთა განმავლობაში გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ რიტუალებში ჩანს განაყოფიერების, მოსავლისა და საქონლის გამრავლების დასაბევებელი ხერხები, მდიდარი სამიწათმოქმედო ტრადიციები. დღესასწაულის დამახასიათებელი ელემენტებია: ცხოველებისა და ადამიანების გამომსახველი ნიღბები და ტანსაცმელი, მეომარი და მოთარეშე ბერიკები, საწესჩვეულებო ქმედებები (ცეკვები, ეროტიკული სცენები, ქორწინება) და აღდგენად ღვთაებათა ძირითადი ნიშნები.

მონაწილეები _ ბერიკები ნიღბებს იკეთებდნენ, მათ ჩაცმულობაში კი დომინირებდა ცხვრის ან თხის ტყავები. მასში გამოირჩეოდა თავბერიკა, რომელსაც გულზე რქა ჰქონდა ჩამოკიდებული. იგი მეფეს წარმოადგენდა და „დედოფალიც“ ჰყავდა, რომელსაც განასახიერებდა ჭრელ-ჭრელ კაბაში სამკაულებით მორთული ბიჭი. თამაშდებოდა მათი ქორწილის სცენა, რის შემდეგაც „ნეფე“ კვდებოდა, „დედოფალი“ და სხვა მონაწილეები დასტიროდნენ მას. ამასობაში „დედოფალს“ იტაცებდნენ. ამ დროს ცოცხლდებოდა „ნეფე“, რომელიც ბრძოლით იბრუნებდა ცოლს. ამის მერე იწყებოდა წრეს გადასული მხიარულება, რაც ძალიან ჰგავს მცირეაზიური ქალღვთაების ორგიასტული კულტის ეპიზოდებს.

ყეენობას ძალიან ბევრი აქვს საერთო ბერიკაობასთან, შეიძლება ითქვას, ეს ერთი დღესასწაულის ვარიანტებია, ამიტომ მათ აერთიანებენ და ბერიკაობა-ყეენობის სახელით აღნიშნავენ. ამ დღეობების აუცილებელი ელემენტი იყო მონაწილეთა მიწაზე დაგორება, რაც მოსავლის ზრდა-მატებას გამოიწვედა. ცდილობდნენ, ყეენი წყალში ჩაეგდოთ და თუ ამას ვერ ახერხებდნენ, იტყოდნენ: „წელს გლეხობას გვალვა შეაწუხებს“. ხალხის აზრით, კარგ ყეენს კარგი კვალი, კარგი ფეხიც უნდა ჰქონდეს, რომ კარგი მოსავალი მოვიდეს.

ბერიკაობის შემადგენელი ნაწილი იყო კარდაკარ სიარული, სადაც მონაწილეებს უმასპინძლდებოდნენ. ამავე დროს მასპინძელი ცდილობდა, ბერიკასთვის ბეწვი გამოეცალა. ხან თვითონ ბერიკა გამოიგლეჯდა ტყავის მოსასხამიდან ბეწვს და დიასახლისს აძლევდა, რომელიც ბეწვს საქონლის ბაგაში, საბუდარში ან დედაბოძზე დებდა, რადგან მას ბარაქა მოჰქონდა. ამას ერთი ხალხური ლექსიც ადასტურებს:

„…ცოტა წვერ თვითონ მოგლიჯა, მასპინძელს მისცა მალია,
დალოცა მათი ოჯახი: „გემატოთ ღონე-ძალია““.

ბერიკაობის მსგავსი დღეობები ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხსაც ჰქონდა და, რაც მთავარია, იქაც ფიგურირებდა თხის ან ცხვრის ტყავი და ნიღბები. დაღესტანში ლაკები სასოფლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გვიანი შემოდგომით მართავდნენ ბერიკაობის მსგავს მსვლელობას, რომელსაც „თხის სახით სიარული“ ერქვა, რადგან მთავარი პერსონაჟი იყო თხის ნიღბოსანი ახალგაზრდა. შემოდგომაზე ამზადებდნენ თხის ნიღბებს, რომელსაც ჰქონდა რქები, წვერი, თვალების ხვრელი. თხის ნიღბოსანმა კარგად იცოდა თავისი სოფლელების ზნე და ჩვეულებები. იგი ტანზე იცვამდა თხის ან ცხვრის ტყავს გარედან ბეწვით, ღმუოდა და კიკინებდა. „თხის“ წინამძღოლობით პროცესია მიემართებოდა ეზოდან ეზოში. „თხას“ ხალხი უნდა გაეცინებინა და ისეთ რამეს აკეთებდა, რაც სხვა დროს დაუშვებელი იყო, დასდევდა ქალებსა და ბავშვებს. მერე მკვდარივით დაეცემოდა მიწაზე და სანამ მასპინძელი არ დაასაჩუქრებდა, მანამ არ ადგებოდა. ამ დროს ხალხი ოხრავდა, წუხდა, გარს ეხვეოდა თხას („მკვდარი“ ბერიკას მსგავსად). როცა მასპინძელი დაასაჩუქრებდა თხის თანმხლებ ამალას, გარკვეულ ნიშანზე იგი ადგებოდა და კვლავ აცინებდა ხალხს. შეგროვებულ საჩუქრებს აჰკიდებდნენ ვირს ან ურემზე დებდნენ და გადადიოდნენ სხვა ეზოში. ამ დროს ბავშვები მღეროდნენ და მასპინძელს ბარაქიანობას უსურვებდნენ.

ყაბარდოელებსაც ჰქონდათ ანალოგიური საგაზაფხულო დღესასწაული სახელწოდებით „მეაკაიხაჟ“, რაც ნიშნავს „ხვნიდან დაბრუნებას“. მთავარი პერსონაჟი იყო აჟი-ხაფა _ „მოცეკვავე თხა“. დღესასწაული იწყებოდა მინდორში, სადაც დასრულდა ბოლო ნაკვეთის ხვნა, აქედან პროცესია მოდიოდა აულში (სოფელში). თხის ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი აცინებდა ხალხს. დანარჩენი მომენტებით ეს ზეიმი სავსებით შეესატყვისება ლაკების „თხის სახით სიარულს“.

ამ ჩვეულებებში გაფერმკრთალებულია რიტუალური შინაარსი (რაც ბერიკაობაშია შენარჩუნებული) და წინა პლანზე მისი სახალისო-გასართობი ფუნქცია გამოდის.
ყველა იმ რიტუალში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფიგურირებს ცხვრის ან თხის ტყავი (ასევე ნიღაბი). პირველი ხნულის გამტან მეკვლეს ცხვრის ტყაპუჭი ეცვა გარედან თმით დაფარული. სიმბოლურ წარმოსახვაში ბეწვი მიწის მცენარეულ ზედაპირსაც განასახიერებდა და მეკვლეს სამოსი ამ შინაარსითაც ეცვა, რომ მიწისთვის მატყლის მსგავსი ხშირბალახიანობა ანუ მცენარეთა სიუხვე დაებედებინა. ბერიკას ტანსაცმელიც აუცილებლად თხის ან ცხვრისთმიანი ტყავი იყო, რომელსაც ნიღაბი ემატებოდა და მისი ბეწვი სიუხვის მომტანი იყო. ასევე ბარაქიანობასთან იყო დაკავშირებული ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში თხის ნიღბით კარდაკარ სიარული.

კავკასიის ხალხების ყოფაში დასტურდება რწმენათა ერთი ფენა, რომელიც დაკავშირებულია ტყავთან, როგორც ნაყოფიერების ღვთაების სიმბოლურ ხატთან. მასვე უკავშირდება იმ ცხოველის სარწმუნოებრივ-მითოსური მნიშვნელობა და საკულტო ღირებულება, რომელსაც ეს ტყავი განეკუთვნება. კავკასიელთა რელიგიურ წარმოდგენებში ასეთ ცხოველად ჩანს ცხვარი, რომლის ტყავის ჩაცმა რიტუალური შემოსვაა. ის, ვინც ტყავით იმოსებოდა, ფაქტობრივად იმ ღვთაებას განასახიერებდა, რომლის ატრიბუტიც იყო ცხვარი. ხანდახან კი თვითონ ქალღმერთი იღებდა ცხვრის სახეს. საქართველოში აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულით დათარიღებული ქალის თიხის ფიგურა, რომელსაც ცხვრის თავი აქვს.

რიტუალში ცხოველთა მონაწილეობა და მათი საკრალური მნიშვნელობის ზრდა წარიმართა სამეურნეო ინტერესთა შესაბამისად. ამიტომ ხარი, ცხვარი და თხა ძირითად შესაწირავ ცხოველებად იქცნენ და მითოლოგიურ წარმოდგენებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს.
ცხვართან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენათა ზრდა უკავშირდება მეცხვარეობის განვითარებას. ეს ცხოველი განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩევა და ესეც გახდა იმის საფუძველი, რომ ის ნაყოფიერების ღვთაების ატრიბუტად ქცეულიყო.

საზოგადოდ, ტყავის სიმბოლიკა შეიქმნა ადრესამიწათმოქმედო კულტურებში, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ქალღმერთის _ მიწის დედის კულტთან. ქალღმერთის რჩეულ ცხოველთა რიგში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ცხვარმა და მისმა ტყავმა _ იგი გახდა თავად ნაყოფიერების ქალღმერთის სიმბოლო და მისი ქურუმების შესამოსელი იმის ნიშნად, რომ ისინი ეზიარნენ ქალღმერთის ძალასა და საიდუმლოს. აქედან იქმნება წარმოდგენა საწმისზე _ სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოზე. ნაყოფიერების ქალღვთაების განკარგულებაში ექცევა სიმდიდრე ძალაუფლებასა და კეთილდღეობასთან ერთად, რაც გამოხატულებას ჰპოვებს ოქროს საწმისის სიმბოლოში და რაც აისახა ხეთურ და კავკასიურ რიტუალებში.

კავკასიაში წესად ჰქონდათ ცხვრის/თხის ტყავის ჯერ ხეზე, მერე კი ჯოხზე დაკიდება (ხშირად თხას და მის ტყავს ელიას სწირავდნენ სეტყვის თავიდან ასაცილებლად). ტყავიანი ჯოხით შემოუვლიდნენ გარკვეულ ტერიტორიას და ამ აზრით, ტყავი დროშის წინამორბედია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა რელიგიაში ჯვარ-ხატების (ღვთისშვილების) ერთ-ერთი იპოსტასია ხატის კარზე შენახული დროშა. დღეობების დროს ხევისბერი მას გამოიტანდა და იმ ტერიტორიას შემოუვლიდა, რომელიც ღვთისშვილს ეკუთვნოდა ანუ საკრალურ სივრცეს შემოხაზავდა დროშით. იმავე ფუნქციას ასრულებდა ცხვრის ტყავი ხეთების სამეფო რიტუალში და კავკასიელთა წეს-ჩვეულებებში.

კავკასიაში დადასტურებული რიტუალები მიგვანიშნებს, რომ არგონავტების თქმულებაში ნახსენები ხეზე დაკიდებული საწმისი ბერძნების გამონაგონი კი არ არის, არამედ ეფუძნება ამ რეგიონის სარწმუნოებრივ-საკულტო ღირებულებებს. არგონავტების თქმულებაში მეცნიერთა ინტერესს იწვევს საწმისის სიმბოლური დატვირთვა. იასონისა და მისი მეგობრების თავგადასავალის მთავარი ეპიზოდები აიეტის სამეფოში ვითარდება. არგონავტების თქმულების ანალოგიური სიუჟეტი კავკასიელთა ფოლკლორში არ მოიპოვება, რადგან ეს ძეგლი ძველი ბერძნული კულტურის ნაწილია და ბერძენთა ინტერესების გამომხატველი. იგი ელინელ ნაოსანთა გმირობას განადიდებს, მაგრამ რადგან ეპოსი და მითოსი გარკვეულწილად ისტორიულ სინამდვილესაც შეიცავს, მასში კავკასიელთა მითო-რელიგიური წარმოდგენების ფრაგმენტებიც აღიბეჭდა.

ჩვენ ვნახეთ, რომ კავკასიელთა მითოლოგიასა და წეს-ჩვეულებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ცხვარსა და მის ტყავს. ცხვრის კულტის არსებობაზე მეტყველებს არქეოლოგიური მონაპოვარი, კედლის მხატვრობა და ცხვრის ან თხის გამოსახულებანი მატერიალური კულტურის ძეგლებზე. ეს კარგად ჩანს ასევე ზღაპრებში, სადაც ცხვარი და სიღარიბე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ცხვარი სახლის ყველა კუთხეში ანაწილებს თავის პროდუქტს: ერთ კუთხეში ყველს დებს, მეორეში _ მატყლს, მესამეში _ ბატკანს დააყენებს, მეოთხე კი თავისთვის უნდა, ე. ი. სიღარიბეს არც ერთ გოჯს არ უთმობს. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ქართული სიტყვის „ცხოვრება“ (აქედან „მაცხოვარი“) ძირი „ცხვარია“. ისინი იმ პერიოდში შეიქმნა, როცა ცხვარი მესაქონლეობის ძირითად სახეობას წარმოადგენდა და თავისი პროდუქტიულობის გამო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მითო-რელიგიურ წარმოდგენებში.
ეს მონაცემები გასათვალისწინებელია, როცა ვსაუბრობთ არგონავტების თქმულებაში მოხსენიებული საწმისის სიმბოლოზე. ზემოთქმულის საფუძველზე სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ბერძნული თქმულების ცნობა, რომ აიეტის წმინდა ჭალაში ხეზე ეკიდა საწმისი, რომელსაც საგანგებოდ იცავდნენ მისი განსაკუთრებული (კერძოდ, დამცავი) მნიშვნელობის გამო. თქმულებაში შევიდა საწმისის მოდარაჯე გველეშაპიც, რომელსაც, თავის მხრივ, სერიოზული ადგილი ეკავა კავკასიელთა უძველეს რელიგიურ სისტემაში.

საწმისის სიმბოლოს უკეთ გაგებისთვის მოვიშველიოთ ტიპოლოგიური პარალელი ხეთების რელიგიიდან, კერძოდ, სამეფო რიტუალებიდან, რომლებშიც ფიგურირებს საწმისი. ტექსტებიდან ცნობილი ხდება, რომ ხეთების დედაქალაქში ხათუსაში გამოფენილი იყო საწმისი – ცხვრის ტყავი, რომელიც განასახიერებდა ღვთაება ინარას ან მისი სიმბოლო იყო. მის უმთავრეს ფუნქციას ქალაქის დაცვა წარმოადგენდა, ამავე დროს იგი მფარველობდა მარცვლეულის მოსავალს, ანუ მიწის ნაყოფიერებას განაგებდა. ხეთების სამეფოში ყოველ წელს ტარდებოდა სამეფო რიტუალი, რომელიც მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა და შესაბამისად, ქვეყნის ნაყოფიერება-კეთილდღეობასაც უწყობდა ხელს. დღესასწაულის დღეებში საწმისს გამოიტანდნენ ხოლმე ხათუსადან და სხვა ქალაქში გადაჰქონდათ, რაც ალბათ საკრალური სივრცის შემოსაზღვრას განასახიერებდა. შემდეგ აბრუნებდნენ ხათუსაში და სამი დღის განმავლობაში ატარებდნენ რიტუალს მარცვლეულის ღვთაებისათვის. ერთ რიტუალს ერქვა კილამი, რომლის მონაწილე ჭაბუკს მოახურებდნენ ცხვრის ტყავს. იგი წინ მიუძღოდა რვა ჭაბუკს და მგელივით ყმუოდა. ეს იყო ნაყოფიერების მაგია (შდრ. ბერიკასა და „თხის სახით სიარულის“ მონაწილეს).

როგორც ჩანს, ცხვრის ტყავის ანუ ღვთაების სიმბოლოს მეშვეობით შემოისაზღვრებოდა ის სივრცე, რომელიც ამ ღვთაებას ეკუთვნოდა და იგი განაგებდა იქ მცხოვრებთა კეთილდღეობას. მთავარი ქურუმი და ღვთაების ნების აღმასრულებელი იყო მეფე, რომელსაც ეკისრებოდა თავის ხალხზე ზრუნვა. ნაყოფიერების ღვთაების სიმბოლო იმავდროულად მეფის ხელისუფლების სიმტკიცესაც განაპირობებდა. ამიტომ სამეფო რიტუალის შემადგენელი ნაწილი იყო საწმისის ჩამოტარება ქალაქებში, რითაც ყველასთვის საცნაური ხდებოდა, თუ სად ვრცელდებოდა მეფის ხელისუფლება და რომ მას ღვთაება იცავდა. როგორც ჩანს, ტყავის ამგვარი ფუნქციის საფუძველზე გაჩნდა ჯადოსნურ ზღაპრებში ერთი ეპიზოდი. მეფე გმირს საჩუქრად აძლევს მიწის ნაკვეთს იმდენს, რასაც გმირის კუთვნილი ცხოველის (ხარი) ტყავი გასწვდება. მოხერხებული გმირი წვრილ თასმებად ჭრის ტყავს, რომელიც მოზრდილ მონაკვეთს შემოსაზღვრავს და ასე ზრდის საჩუქრად მიღებული მიწის ფართობს.

საფიქრებელია, რომ მთლიანად კავკასიაში და ასევე კოლხეთში, ხეთების ტრადიციის მსგავსად, ცხვრის ტყავი _ საწმისი ქვეყნის დამცავი იყო და მიწათმოქმედების (ნაყოფიერების) ღვთაებას განასახიერებდა (ეს ნიშნები აშკარად ჩანს კავკასიელთა რიტუალებში). მაშინ გასაგები გახდება აიეტის მიერ იასონისთვის მიცემული დავალების აზრი და მიზანი. მან ხომ ბერძენ უფლისწულს მიწის მოხვნა დაავალა, თანაც ეს იყო არესის (ომის ღვთაების) ველი. ეს იმას ნიშნავს, რომ იასონს უნდა გამოევლინა გაწაფულობა მიწათმოქმედებაში, რამდენად იცოდა ნაყოფიერების ღვთაებასთან ურთიერთობის წესები, რომ ამით უზრუნველეყო თავისი ხალხის საარსებო გარემო („ხელმწიფე“ ხომ „მწიფე ხელის“ მქონეს ნიშნავს, ანუ ვისაც ბარაქიანობის მიღწევა შეუძლია).

მეორე მხრივ, არესის ველის მოხვნა მიწის ათვისებას გულისხმობდა, რაც გამოავლენდა, შეეძლო თუ არა იასონს კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა და საკუთარი ხალხის დაცვა საფრთხისგან. როგორც ჩანს, ეს აუცილებელი პირობა იყო ხელმწიფობის მოსაპოვებლად. ამ თვალსაზრისით, საყურადღებო პარალელი ჩანს ხეთების საგაზაფხულო რიტუალში, რომელსაც ხასუმასი ერქვა და უფლისწულის ინიციაციას წარმოადგენდა. ინიციაციის შემადგენელი ნაწილი იყო ის, რომ უფლისწულს ხარები უნდა შეება უღელში და მიწის რიტუალური მოხვნა ჩაეტარებინა. ალბათ კოლხეთშიც უფლისწულის ინიციაცია მსგავს ელემენტებს შეიცავდა. ამიტომ აიეტის გამოცდა ხელდასხმას უტოლდებოდა ანუ თუ იასონი გამოავლენდა მიწასთან ურთიერთობის ცოდნას, ნაყოფიერების ღვთაების წყალობასა და აიეტის კურთხევას მიიღებდა. მისი კოლხეთში მოსვლის საბოლოო მიზანი ხომ სამეფო ხელისუფლების მოპოვება იყო.

ხეთური მითო-რიტუალური წარმოდგენების ანალოგიის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ კოლხეთში ცხვრის ტყავი _ საწმისი არა მარტო ქვეყნის, არამედ მეფის ხელისუფლების დამცავი სიმბოლოც იყო და მას გველი ან გველეშაპი დარაჯობდა, რომელიც ასევე წარმატებული მეფობის გარანტად ისახება. გავიხსენოთ, რომ ვეშაპოიდებზე _ მეგალითურ ძეგლებზე ამოტვიფრულია საწმისის გამოსახულება, რაც ძალიან ძველი მითოლოგიური სიუჟეტის გამოძახილს უნდა შეიცავდეს, კერძოდ, მეფისთვის ძალაუფლების მიმცემი გველეშაპი დარაჯობს მეფისა და ქვეყნის მფარველი ღვთაების ნიშანს _ საწმისს.
არ არის გამორიცხული, რომ კავკასიელ ტომთა მითოლოგიური სისტემის ზოგიერტი ელემენტი ჩამოყალიბდა ხათურ-ხეთურ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგად, რაც აისახა არგონავტების თქმულებაში.

გაგრძელება: ამინდის მართვის რიტუალები

ქეთევან სიხარულიძე – „კავკასიური მითოლოგია“; თავი მეხუთე

წყარო: metaphora.ge


About Tamta

Scroll To Top