ნათალური ნეპტუნი VIII სახლში

ნათალური ნეპტუნი VIII სახლში

საკვანძო სიტყვა _ „თვითანალიზი

ეს უაღრესად ინტუიციური და შემეცნებითი ადამიანი უდავოდ ფლობს ექსტრასენსორულ უნარებს. სიზმრებს მდიდარი ფსიქოლოგიური მატერიალი მოაქვს, უმაღლესი ცნობიერებისა და წინასწარმტყველური შეგრძნებებიდან დაწყებული, მძიმე კოშმარებით დამთავრებული.  ხშირად იტანჯება უძილობისგან.

დაქორწინების შემდეგ შესაძლოა სერიოზული უსიამოვნებები შეექმნას ფინანსურ საკითხებში, რადგან მისი ცხოვრების თანამგზავრი იშვიათ უდარდელობას გამოავლენს ფულთან დაკავშირებით. ამიტომ, ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს პარტნიორის ხარჯებთან და საერთო ბიუჯეტის განკარგვასთან. პარტნიორმა შეიძლება მთელი ქონება დაუნიავოს.

ის ძალიან შთაბეჭდილებიანია ჩაგონების მიმართ და მაქსიმალურად უნდა ერიდოს ჰიპნოზური უნარებით დაჯილდოებულ ადამიანებს. საკუთარი მისტიური ბუნება და სხვების ინსპირაციის უნარი კი დიდად წაადგება პოლიტიკურ სარბიელზე.

დაზიანებული პლანეტა აძლიერებს მიდრეკილებას დეპრესიების,ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მიმართ. აუცილებელია სამჯერ მაინც გაიაროს კონსულტაცია სხვადასხვა ექიმთან,სანამ საერთო ანესთეზიის ქვეშ ქირურგიულ ჩარევას დათანხმდება. ძალიან სახიფათოა ბინძურ გარიგებებში გარევა,განსაკუთრებით საზოგადოებრივ ფინანსებთან დაკავშირებით. თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას,რომ ამ შემთხვევაში დანაკარგს განიცდის.  არსებობს სულიერი დაავადებების, სუიციდის, ინტოქსიკაციის, ცოცხლად დამარხვის საფრთხეებიც. შეიძლება გარდაცვალებამდე დიდხანს იმყოფებოდეს უგონო მდგომარეობაში. მისი სიკვდილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს წყალთან, საწამლავებთან ან ნარკოტიკულ საშუალებებთან. არ არის გამორიცხული ძილში გაიპაროს ან ანესთეზიისგან მოკვდეს. ასეა თუ ისე, ამ ადამიანი სიკვდილი უჩვეულო იქნება.

საოცარ მიდრეკილებას ავლენს სულიერი პრაქტიკების,ფილოსოფიური ჭეშმარიტებების გრძნობითი აღქმისა და ხანგრძლივი მედიტაციების მიმართ. მემკვიდრეობას უცნაურად იღებს,თითქმის ყოველთვის მოტყუების  გზით. არც ისე იშვიათად საკუთარ ოკულტურ უნარებს პირადი გამდიდრებისთვის იყენებს. ინტენსიურად ინტერესდება ეზოთერული ცოდნითა და პრაქტიკული მაგიით. შეუძლია გადასახადების დამალვა. უცნაური მეთოდებით ხეირობს სადაზღვევო კომპანიების ან პარტნიორის ინვესტიციების ხარჯზე.

ის საოცრად ზუსტად ითვისებს თითოეულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ყოველთვის  საჭირო დასკვნებს აკეთებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სავსეა ფსიქოლოგიური განცდებით. ძალიან აინტერესებს საკუთარ სიკვდილთან დაკავშირებული საკითხები.  აქტიურად ინტერესდება გამოკვლევებით, მკითხაობით. ძლიერ მიილტვის საიდუმლო ორგანიზაციებისა და დაჯგუფებებისკენ. უნდა ერიდოს ავანტურებსა და აფიორებს,რადგან არაკეთილსინდისიერი პარტნიორები მნიშვნელოვან დანაკარგებს მოუტანენ.

 

 

პაველ გლობა

+მედიუმის,ოკულტური უნარები. წინათგრძნობის ნიჭი. კონტაქტი უმაღლეს სამყაროსთან. სპირიტიზმით გატაცება. საფრთხეების, კატასტროფების, სიკვდილის წინათგრძნობა. მძიმე, კრიზისული და იდუმალი სიტუაციებიდან თავის დაძვრენის უნარი.

პასიურობა საფრთხეების წინაშე. უცნაური კატასტროფები. სიკვდილის, ღამის შიში. მტკივნეული კომპლექსები და ფობიები. იდუმალებით მოცული სიკვდილი. წყალში დახრჩობის ან ინტოქსიკაციის საფრთხე. უცნობი საფლავი. წყლის კოსმოგრამის შემთხვევაში, ლეთარგიული ძილი.

 

 

ფრენსის საკოიანი

დაბადებიდან ძლიერი სწრაფვა სულიერი კავშირისკენ. ბავშვობაში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას რელიგიის მეშვეობით ცდილობს. თუმცა მოზარდულ ასაკში შესაძლოა ნარკოტიკებს, სხვა  გამაბრუებელ ან ალკოჰოლურ საშუალებებს მიეძალოს, ღვთაებრივ საწყისთან მიახლოების მიზნით. ძლიერი შთაბეჭდილებიანობა და იმავდროულად, სიცხადის მოთხოვნა. მისთვის ცხოვრება სავსეა საფრთხეებით. ეძებს პარტნიორ-პროტექტორს. ცხოვრებისეული ამოცანა _ იყოს გახსნილი პარტნიორთან, მაგრამ შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი.

დაზღვევებთან, გადასახადებთან, მემკვიდრეობასა და პარტნიორის ფულთან დამოკიდებულება შესაძლოა უცნაური, იდუმალებით მოცული ან მატყუარა იყოს. ზოგადად, ის მიდრეკილია თავი აარიდოს გადასახადებს ან იცრუოს დაზღვევასთან დაკავშირებით. გაურკვეველი მდგომარეობა აქვს ასევე მემკვიდრეობით საკითხებშიც.

თქვენ ძალიან აქტიური წარმოსახვა და ძლიერი ფანტაზია გაქვთ. შეიძლება წარმოგექმნათ ინტერესი ზებუნებრივი, ფსიქიკური მოვლენების ან ოკულტური დისციპლინების მიმართ. გახასიათებთ უცნაური ფანტაზიები; მოჩვენებების,სიკვდილის შიში. ამიტომ,ჯობია შეეშვათ სპირიტუალურ პრაქტიკებს,სანამ მყარად არ დადგებით ფეხზე მატერიალურ სამყაროში.

 

 

ავესალომ პადვოდნი: „სიკვდილი მოვა… და მას ნაცნობი თვალები ექნება“

ნეპტუნის ეს მდებარეობა იდუმალებით მოსავს ერთი ეგრეგორიდან მეორე ეგრეგორში გადასვლის პროცესს,რასაც შესანიშნავად გრძნობენ ოკულტიზმისა და მისტიკისგან თავისუფალი ადამიანებიც კი. სიახლისადმი თვალსაჩინო მომზადებისა და ძველთან გამოთხოვების გარდა,არის კიდევ რაღაც,რაც შეგრძნებებს უფორიაქებს,ყველა ბანქოს და მასთან ერთად გონებასაც ურევს.

ჰარმონიული ნეპტუნის შემთხვევაში,ადამიანი დროდადრო ტრანსში ვარდება და ყველაზე შეუფერებელ მომენტებში სხვა განზომილებებში მიფრინავს,როდესაც,პირიქით,მაქსიმალურად კონცენტრირებული და ყურადღებიანი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციისა და გარშემომყოფების არასწორად გაგებამ შესაძლოა მკაფიოდ მომზადებული მოვლენის ჩაშლა განაპირობოს (მაგ.: ქორწინების, განქორწინების, სამსახურის შეცვლის ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების).

ამ ადამიანს ძალიან უჭირს თავის ხელში აყვანა ექსტრემალურ სიტუაციებში,ხშირად სრულიად მცდარად აღიქვამს მიმდინარე მოვლენებს და გაუგებრობაში შეჰყავს სხვებიც (განზრახ ან გაუაზრებლად). დამუშავება იძლევა მიმდინარე ცვლილებების ჭეშმარიტ აღქმას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი სიტყვებითა და სახებებით გადმოსაცემად სუბიექტს ძალიან მძიმე შრომა დასჭირდება.

თუ ჰარმონიული ნეპტუნი მარგინალური სიტუაციების ინტუიციურ აღქმას (ან ყოველ შემთხვევაში მათ მნიშვნელოვნად შემსუბუქებას) იძლევა და ადამიანს სწორ ქცევებს კარნახობს,დაზიანებული ნეპტუნი გაუგებრობას კიდევ უფრო ამძიმებს და სუბიექტი ღრმა სასოწარკვეთამდე მიჰყავს,რადგან ის სრულიად უსუსურად გრძნობს თავს. მას მიაჩნია,რომ ვერც ეგრეგორის შეცვლის პრობლემას მოაგვარებს და ვერც მიმდინარე მოვლენების არსს ჩაწვდება.

დაზიანებისას,დამახასიათებელია ძლიერი დანაშაულის გრძნობა გარდაცვლილი ნათესავების წინაშე(რაც ყოველთვის ვიღაცის ან რაღაცისგან არის მოტივირებული). ეს შეიძლება გადაულახავ შინაგან პრობლემად,ღრმა მელანქოლიად ან იპოქონდრიად გადაიქცეს. აქ დამუშავება არა ფსიქოლოგიურ,არამედ სულიერ სფეროს ეყრდნობა. ადამიანი უნდა გაერკვეს საკუთარ ურთიერთობაში ბედისწერასთან;შემდეგ ღმერთი(და საკუთარ თავიც) აღარ დაადანაშაულოს,რომ ადამიანები მოკვდავებად შეიქმნენ.

თუ ეს პიროვნება საკუთარ რთულ და ჩახლართულ ურთიერთობებში გაერკვევა კოლექტივთან (კოლექტიური ეთიკის ფარგლებში),მას შეუძლია მისი სული და გული გახდეს. თუმცა სანამ ეს არ მოხდება,მას არაერთი გაუგებრობა ელის,ხანდახან კონფლიქტამდე მისულიც.

ეს ადამიანი დაბადებით მისტიკოსია და გაცილებით მეტი ესმის ინტუიციურად,ვიდრე გაცნობიერებას ბედავს. თუ ვინმეს სიცოცხლის წარმოშობისა და მისი სიკვდილთან კავშირის პრობლემის გადაჭრა შეუძლია,ეს სწორედ ის არის. მასვე ეკისრება გაურკვეველ ვითარებებში დაღუპული და ახლობლებისგან დაუტირებელი ადამიანების დამარხვის სიმძიმეც.

 

 

ბორის იზრაიტელი

ძლიერი მიდრეკილება მისტიკის მიმართ. ადამიანი მიილტვის გაიფანტოს ფაქიზ სივრცეებში. შეიძლება იყოს ფანატიზმამდე რელიგიური.

დამახასიათებელია რეალობისგან გაქცევის დრამატული ფორმები: ნარკომანია, მოწამვლა. ფრთხილად უნდა იყოს წამლებსა და ალკოჰოლთან. ისინი პირველები იკიდებენ ვირუსებს. სიკვდილის ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეპიდემია. არსებობს წყალში დახრჩობის საფრთხე, ბუნებრივი აირით ან საკვებით მოწამვლის ალბათობა. ჰარმონიული ნეპტუნის შემთხვევაში, საფრთხე ნაკლებია, მაგრამ მაშინ ადამიანი საკუთარი ნებით  მიილტვის „კაიფისკენ“.

„ჭარბი გული“, პარტნიორში გათქვეფა.

თვითტრანსფორმაციას ხელს უწყობს წყალი,ზღვა, მუსიკა, ნარტკოტიკები, მედიტაცია.

 

 

ბილ ჰერბსთი

კავშირი. ნეპტუნის VIII სახლში მდებარეობა იმის მაუწყებელია,რომ ინტიმური ურთიერთობა პირდაპირი გზაა კოსმიური ცენტრისკენ. თქვენ მუდამ მზად ხართ ასეთი ურთიერთობისთვის. თქვენთვის უმსუბუქესი კონტაქტიც კი საკმარისია სულის სიღრმეების კარის გასახსნელად. თუმცა უფრთხილდით მახეებს. თქვენი საზღვრები არც ისე მყარია, დროდადრო კი საერთოდ იშლება და კავშირში საკუთარ თავს კარგავთ. გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტი ინტიმური კონტაქტი წრიული ხასიათისაა _ ის ყოველთვის დაგაბრუნებთ საკუთარ თავთან. მაგრამ თუ  კონტაქტს საკუთარი თავისგან გასაქცევად გამოიყენებთ,უკან დასაბრუნებელი აღარ გექნებათ_არ იქნება ის „მე“,რომელიც თქვენ შეგეგებებათ. შედეგად, ქაოსსა და იმედგაცრუებას მიიღებთ. როგორ მარტივადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ნუ ცდუნდებით მომენტალური შერწყმის ფანტაზიებით. ამოცანა_ განუწყვეტლივ განამტკიცოთ პიროვნებათშორისი კავშირის ჭეშმარიტი სულიერება. მოიწვიეთ ღმერთი და გააცნობიერეთ მისი არსებობა ადამიანურ სიახლოვეში,მაშინაც თუ ცინიკოსები უარყოფენ ასეთ შესაძლებლობას.

ტრანსფორმაცია. თქვენ ძლიერ გიზიდავთ ტრანსცენდენტალიზმის იდეა. ცდილობთ დაივიწყოთ დედამიწა და აფრინდეთ სულიერ ნეტარებაში. თუმცა ხშირად უგულვებელყოფთ რეალობას. ექსტატიკური ხედვები ღამეული კოშმარებით იცვლება. რომელია რეალობა და რომელი მხოლოდ ოცნებები? პიროვნული განვითარების თითეული ეტაპისთვის გიგანტური ყურადღების დათმობით,თქვენ ქმნით ცრუ ტრანსფორმაციას,რომელიც ცრუ პრობლემებს აგვარებს. გახსოვდეთ,რომ რეალური ტრანსფორმაცია ამ ცხოვრებაში ხდება და არა მის მიღმა. ზრდის წყარო პასუხიმგებლობის გრძნობაა. ამოცანა_ შეცვალოთ სულიერების თქვენეული გაგება. შეურწყათ წმინდანობა საღ აზრს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ დაბადებით მღვდელი ხართ,თუმცა ყველაზე მთავარ გაკვეთილებს მაშინ ისწავლით,როდესაც საკუთარ და თითოეული ადამიანის ცხოვრებას მიიღებთ.

სექსუალური შერწყმა.  სექსუალური კავშირი საყვარელ ადამიანთან მსუბუქი,მაგიური და დიადია. აქ აქცენტირებულია გრძნობების დაძაბულობა, რომელიც სექსუალური კონტაქტისას წამოიშვება, რადგან ემოციური განცდები თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური კონტაქტი. თქვენ გარს იხვევთ შეყვარებულის ვნებებს და გსურთ გაიფანტოთ ნეტარებაში. თუმცა აღსანიშნავია,რომ ხანდახან სექსუალურ ურთიერთობას ნარკოტიკივით იყენებთ,რომ რეალურ ცხოვრებას მოწყდეთ. ამ შემთხვევაში, დაბრუნება,რაც გარდაუვალია რომანტიული ილუზიების გაქარწყლების შემდეგ,არამხოლოდ საწყენი, მტკივნეულიც იქნება. ნუ აიჭრებით ძალიან მაღლა და ნუ დატოვებთ პარტნიორს მარტო. ცხადია, ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ ემოციური აღმაფრენისთვის,მაგრამ არც იმდენად,რომ დედამიწა დატოვოთ. ამოცანა _ აღამაღლოთ მიწა ცამდე,გამოანთავისუფლოთ სიწმინდე,რომელსაც მატერია შეიცავს და გაანათოთ ის.

ფოკუსირებული ინტუიცია.  თქვენი ინტუიციის უხილავი დინებები ჭეშმარიტად ოკეანისებრია. ფაქტობრივად,თქვენ გაცნობიერებულად უნდა შეზღუდოთ შემომავალი ფსიქოლოგიური ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვეევაში,თქვენ დაიტბორებით სახებებითა და შეგრძნებებით, რომელიც, ღმერთმა იცის, საიდან მოდის. განაცალკევეთ ჭეშმარიტი გზავნილები „თეთრი ხმაურისგან“. თქვენ უნდა განივითაროთ აღქმის სიცხადე და მიღებული შეგრძნებების ინტერპრეტაციის უნარი. არსებობს თუ არა განსხვავება თქვენს პირად და სხვა ადამიანებისგან შემომავალ ფანტაზიებს, ოცნებებს, შიშებს, მღელვარებასა და გრძნობებს შორის?  ეს ყველაფერი რეალურია თუ  მხოლოდ თქვენი ქვეცნობიერის ანარეკლებია? ზოგადად, საზღვრები და გარსი თქვენთვის ძალზედ მტკივნეული საკითხია. ამიტომ,თქვენს ამოცანას წარმოადგენს დარჩეთ გახსნილი,მაგრამ იმავდროულად სრულყოთ სხვებთან გამყოფი საზღვრების გავლების უნარი.

თანასაკუთრება.  თქვენ ფიქრობთ,რომ ფული თქვენთან კეთილდღეობის ქისიდან მოდის,თქვენ კი ღმერთის შუამავალი ხართ,რომელიც სიმდიდრეს ანაწილებს,ძირითადად,მსოფლიოს გადასარჩენად. თქვენი მოტივები ერთდროულად სუფთა და გაფუჭებულია_თქვენ გსურთ,რომ ოჯახისა თუ სხვა პარტნიორული ურთიერთობისგან მიღებული რესურსები კეთილ საქმეებს მოხმარდეს,მაგრამ იმავდროულად იმედი გაქვთ,რომ ნაწილი თქვენც გერგებათ. ფულის საშოვნელად მუშაობა თქვენთვის მიუღებელია,რადგან მიგაჩნიათ,რომ ფული თქვენთან კეთილი გულის ხათრით უნდა მოვიდეს. როდესაც გიყვართ,სულგრძელი დამოკიდებულება გაქვთ წარუმატებლობის მიმართ. თქვენ ასევე თვალყური უნდა ადევნოთ ფულის ხარჯვას,რადგან შეიძლება ფიქრობდეთ,რომ ფული აღიარებისა და კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამოცანა_ გაუნაწილოთ ადამიანებს ის,რასაც ფლობთ და იმავდროულად,შეინარჩუნოთ რწმენა,რომ სამყარო კვლავ უზრუნველგყოფთ.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

ნეპტუნს აქ ძლიერი გავლენა აქვს _ ფიქსირებული სახლი საკმაოდ რთულ პირობებს უქმნის ამ ზემგრძნობიარე ინსტრუმენტს. ნუ დატოვებთ მკაცრ სოციალურ სტრუქტურებში ბევრ ადგილს სპონტანურობისთვის. ნეპტუნი ერგება ამას,ითვისებს იმ იდეალებს,რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მოცემულ კულტურას. ის სიტყვა სიტყვით დედის რძესთან ერთად იწოვს მისებრ წარმოდგენებს იდეალურ სიყვარულზე. მოგვიანებით ზღაპრებში, მითებში, ლეგენდებსა და კლასიკურ ხელოვნებაში პოულობს გმირებს, რომლებიც მისთვის იდეალურ სიყვარულს განასახიერებენ. ეს ნეპტუნური კონცეფცია ფრიად აბსტრაქტული და სტილიზებულია და მძაფრ შეუწყნარებლობას ავლენს ყველაფრის მიმართ,რაც განსხვავებულ შეხედულებას ემხრობა. ძველი სიმბოლიზმის ათვისებას თქვენი ცხოვრების გამდიდრება შეუძლია, მაგრამ შეიძლება სტერეოტიპული აზროვნებითაც შეგზღუდოთ, რაც თქვენთვის ერთადერთ სახელმძღვანელოდ იქცევა. ამას შედეგად მოჰყვება სამყაროს შავ-თეთრად აღქმა, საკუთარის დადებითად და ყველა დანარჩენის უარყოფითად შეფასება.

VIII სახლი ცრურწმენების სახლია,განსაკუთრებით მარსის და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთვარის შემთხვევაში. VIII სახლის ნეპტუნს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ შეუწყნარებელსა და არატოლერანტულს,ამ სიტყვების კლასიკური გაგებით,რადგან ის არ წარმოშობს აგრესიას, თუმცა, სამაგიეროდ, ის ბადებს მკაფიო შეხედულებებს,რომელიც უარყოფს ყველა განსხვავებულ აზრს.

 

 

ფელიქს ველიჩკო

არამდგრადი ემოციური მდგომარეობა ადამიანს რეალობისგან მოწყვეტისა და მისტიციზმისკენ უბიძგებს.  უკიდურესად ემოციურია სხვა ადამიანებთან მიმართებაში,მაგრამ საკმაოდ თავშეკავებულად გამოხატავს გრძნობებს. დაჯილდოებულია ძლიერი ფილოსოფიური და ოკულტური უნარებით,რაც გაცილებით უკეთ გამოვლინდება მისი ცხოვრების მეორე ნახევარში.

მას იზიდავს ეთიკასა და პარაფსიქოლოგიაში ჩაღრმავებული, უჩვეულო ინტერესების მქონე პიროვნებები. ხშირად ეცოდება ხელმოცარული და უბედური ადამიანები და ამაოდ ცდილობს მათ დახმარებას. ძალიან მგრძნობიარეა ნაზი შეხების და სინაზის სხვა ფორმებით გამოვლენის მიმართ. მარტივად ხდება ტყუილებისა და მუხანათობის მსხვერპლი, განსაკუთრებით ფულადი დანახარჯების საკითხებში. ასევე მარტივად ცდუნდება უსარგებლო ხარჯებზე. ეს მეოცნებე, მიმნდობი და თანამგრძნობი ნატურაა. არც ისე კარგი მდებარეობაა ქორწინებისთვის.

უძველესი წყაროების მიხედვით,მოსალოდნელია სიკვდილი ხანგრძლივი შოკური მდგომარეობის, ლეთარგიის, ნარკოტიკების ან სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების ზედოზირებული მოხმარების შედეგად. არ არის გამორიცხული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ წყალში დახრჩობა. გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულია კრემაციაც.


About Qet

Scroll To Top