მორიელი და თხის რქა

მორიელი და თხის რქა

მათ ყველაფერი ბოლომდე მიჰყავდათ,

რადგან  ეს არსებითად მნიშვნელოვანი იყო 

ტომის რეპუტაციისთვის.

მორიელსაც და თხის რქასაც ძალიან უჭირთ კონტაქტში შესვლა. ამიტომ,შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ერთმანეთთან უფრო მარტივად გამონახავენ საერთო ენას,ვიდრე თავიანთი ნაცნობების უმრავლესობასთან. მორიელი გაცილებით მეტ გულწრფელობას ავლენს ქალწულთან,კირჩხიბსა და თევზებთან; თხის რქა კი ბევრად უფრო თავისუფლად გრძნობს თავს თევზებთან,კუროსა და ქალწულთან.

დიახ,სავსებით სავარაუდოა,რომ ისინი მნიშვნელოვან დროს დაუთმობენ ერთმანეთს,საკუთარი გეგმების,ოცნებებისა და სურვილების გაზიარებაში. საკმაოდ ხშირად მორიელსა და თხის რქას მსგავსი მიზნები აღმოაჩნდებათ,თუმცა მათი მიღწევის მეთოდები პირველ უთანხმოებას წარმოშობს. ორივე ნიშანს პატივისცემა სწადია და ფარული ძალაუფლებისკენ ილტვის. მიუხედავად ამისა,თხის რქა არ ამართლებს მორიელის მუდმივ შინაგან დაძაბულობას,რადგან ეს სასიცოცხლო ენერგიის ფუჭ ხარჯვად მიაჩნია. თავის მხრივ,მორიელი ფიქრობს,რომ თხის რქას მგრძნობიარობა აკლია. თუმცა ორივე პრაქტიკული ნიშანია და თუ ერთხელ ერთმანეთს ნდობა გამოუცხადეს,იმდენსაც მოახერხებენ,საკუთარი უნარები წარმატების შანსის გასაუმჯობესებლად გააერთიანონ.

საბედნიეროდ,თხის რქა სხვა ნიშნებზე იშვიათად ხდება მორიელის რევანშისტული გესლის ობიექტი. მე ვურჩევდი,ამ იშვიათ შემთხვევებსაც არ მიაქციოს  ყურადღება. ზოგადად,თხის რქები გვერდს უვლიან ყველაფერს,რაც  დაბრკოლებას უქმნის წინსვლაში ან მათგან დროისა და ემოციების დახარჯვას მოითხოვს. ყოვლისმჭვრეტელი მორიელისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს თხის რქის სატურნული განსჯების გაგება და მის მიმართ საკმაოდ მომთმენი იქნება. გარდა ამისა,მორიელიც არანაკლებ მიდრეკილია წარმოუდგენლად მძიმე დეპრესიებისკენ.

მართალია,მორიელი და თხის რქა პერიოდულად ძმურ შეჯიბრში ებმებიან,მაგრამ,როგორც წესი,ახერხებენ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას. ასე რომ,მათი პაექრობა უმეტესად  იმით სრულდება,რომ ისინი ერთმანეთს იცავენ უცხო ადამიანებისგან. მათ ყოველთვის აქვთ კომპრომისის საფუძველი,რადგან ქვეცნობიერად გრძნობენ ერთმანეთის შინაგან ბუნებას.  მორიელიცა და თხის რქაც განმარტოებას ამჯობინებენ,თუმცა ტიპური მორიელს უკეთესად გამოსდის საჯარო გამოსვლები. თხის რქა სიტყვებს ნისლის ფარდასავით იყენებს,ჭეშმარიტი შეხედულებებისა და  ზრახვების დასამალად. მორიელი აღმერთებს შენიღბვის ყველა ფორმას. ის ხშირად საუბრობს ნებისმიერ რამეზე,გარდა იმისა,რაც მართლა მნიშვნელოვანია. ეს პლუტონის მხოლოდ ერთერთი ნიღაბია გულუბრყვილოთა გასასულელებლად. თხის რქა მარტივად შიფრავს ამ უნარს და აღფრთოვანებულია მისით,სიმართლე რომ გითხრათ,ცოტა შურს კიდეც,რადგან თავად არსებითად მორცხვია. ეს მტკივნეული  სატურნული სიმორცხვე გულს უჩუყებს მორიელს,რაც ხშირად ხდება ურთიერთსიმპათიის პირველი იმპულსი.

რა თქმა უნდა,ყოველთვის უნდა გვახსოვდეს გამონაკლისები,იმ მორიელებისა და თხის რქების სახით,რომელთა პიროვნებაზეც ცეცხლოვანი ან ჰაეროვანი ასცედენტები თუ მთვარეები ახდენენ გავლენას. მაგრამ ამ ნიშნების ტიპური წარმომადგენლებისთვის  წინსვლა და პირადი საიმედოობის უზრუნველყოფა გაცილებით მნიშვნელოვანია,ვიდრე ფუჭი ყბედობა თუ უაზრო საქმიანობა.

ამ კავშირის ყველაზე სახალისო ასპექტი ის არის,რომ მორიელის თვისებრივი იდუმალება თითქმის არასდროს ხდება კონფლიქტების მიზეზი. თხის რქას არ ანაღვლებს სხვისი საიდუმლოებები. ჩვეულებრივ, გამოცანები და ამოცანები მასში მოწყენილობას იწვევს,თუ მისი ასცედენტი ან მთვარე კირჩხიბის ან მორიელის ნიშანში არ იმყოფება. თხის რქას არანაირი რეაქცია არ ექნება,თუ,ვთქვათ,მორიელი ვალენტინობის ბარათს მიიღებს,წარწერით „გამოიცანი ვისგან“. მას არ აინტერესებს ანონიმური წერილები. ის არასდროს წამოეგება ასეთ ბავშვურ პროვოკაციებზე. საკმარისია არწივმა წინადადება დაიწყოს სიტყვებით „აბა,თუ გამოიცნობ…“,პასუხად მორიდებულ მთქნარებას მიიღებს.  თხის რქა უბრალოდ დაიცდის,სანამ მორიელი თავად აუხსნის რა ხდება.  ტიპური სატურნული ფილოსოფია იმაში მდგომარეობს,რომ დრო ყველაფერს გასცემს პასუხს; ის კითხვები კი,რომელიც პასუხგაუცემელი რჩება,არ ღირს ტვინის ჭყლეტვად. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დედა თხის რქა,რომელიც ცდილობს ინფორმაცია მიიღოს თავის პირმშოზე. აი,ამ შემთხვევაში ის ნამდვილი დეტექტივია. მაგრამ,ზოგადად,თხის რქას არ აწუხებს მხურვალე ცნობისმოყვარეობა. ისინი იშვიათად თამაშობენ დამალობანას,ბაშვობაშიც კი.

მორიელს ეს ძალიან სიამოვნებს,რადგან მას თითქმის არაფერი აცოფებს ისე,როგორც მის დღიურში,ჩეკის წიგნაკში,პირად უჯრაში,აზრებსა და სულში ჩაჭყეტვის მცდელობა. მაგრამ თხის რქა იმდენად გულგრილია,არ არის გამორიცხული,მორიელი პერიოდულად განაწყენდეს კიდეც ასეთი უყურადღებობით.

ცნობისმოყვარეობის დანაკლისი სულაც არ გულისხმობს იმას,რომ თხის რქას მზრუნველობა აკლია. მორიელთან პირიქით_ ის ცნობისმოყვარეა მხოლოდ მაშინ,როდესაც ზრუნავს. მორიელი საერთოდ  ვერ ამჩნევს იმას,რაც პირადად მას არ ადარდებს,ადამიანებისა და ნივთების ჩათვლით. სირთულე ის არის,რომ მისი ცნობისმოყვარეობა ხშირად გადადის იჭვნეულობაში. მორიელები საკუთარ თავზე ამბობენ,რომ მცირე ეჭვი სასარგებლოა,რადგან მათგან იცავს,ვინც სხვისი ნდობით საკუთარი ანგარებიანი მიზნებისთვის სარგებლობს. მაგრამ ეს თვისება ხშირად ტანჯავს მორიელს და არაერთი უსაფუძვლო შიშისკენ უბიძგებს. თხის რქას არ ახასიათებს უნდობლობა. მისი თავდაცვის სისტემა სატურნული სიფრთხილეა.

მთელი თავისი  შფოთიანი ეჭვების პარალელურად,თითქმის ყველა მორიელი გატაცებულია მეტაფიზიკითა და რელიგით და სწორედ ეს არის მათი მთავარი განხვავება.

„თუ რამე ძალიან გინდა,გწამდეს და აუცილებლად მიაღწევ!“_ ღაღადებს არწივი.

თხის რქის მთავარი  ცხოვრებისეული რწმენა სულ სხვანაირ აზრს ატარებს: „ნეტარ არიან არაფრის მომლოდინენი,რადგან არ განიცდიან იმედგაცრუებას“.

 

 

 

მორიელი მამაკაცი და თხის რქა ქალი

Mike Nichols & Diane Sawyer

ჩრდილი ისე ჰგავდა ტილოს,

ფასადის რესპექტაბელურ შესახედაობას აფუჭებდა.

მისის დარლინგმა სასწრაფოდ ჩამოხსნა.

რომ მისტერ დარლინგისთვისაც ეჩვენებინა,

თუმცა ის იმდენად იყო გართული ხარჯთაღრიცხვით,მოერიდა.

 

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს შეყვარებულები ყოველთვის წესებით თამაშობენ. დიახ, ჩემო ძვირფასებო, ისინი დაქორწინდებიან! მორიელი მამაკაცი და თხის რქა ქალბატონი არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ უსასრულო და უმომავლო რომანის გაბმას. მათი მეგობრები აღტაცებულნი შენიშნავენ, რომ ეს, უდაოდ, კურთხეული კავშირია, თითქმის სრულყოფილი. აი, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები ასე ნამდვილად არ ფიქრობენ.

მიზეზი, რის გამოც მათი მეზობლები და მეგობრები ასე იდეალურად ხედავენ მათ ურთიერთობას, ის არის, რომ მორიელს და თხის რქას ძალიან არ უყვართ ჭუჭყიან თეთრეულში საჯაროდ ქექვა. ერთ ცხვირსახოცს ან ძველ წინდასაც არ გამოფენენ  სახალხოდ… არც საკუთარ განსხვავებებს!

მორიელი და თხის რქა სიყვარულშიც ისეთივე პრაქტიკულები არიან,როგორც ყველაფერ დანარჩენში. ასე რომ, რომანტიულმა გატაცებამ ჯერ მკაცრი გამოცდა უნდა ჩააბაროს საიმედოობაზე, სიმტკიცეზე, სიმყარესა და ხანგრძლივობაზე.

მათ სურთ ფულით შეიძინონ კარგი ნივთები: ავეჯი, ტანსაცმელი, აკადემიური ხარისხი, ავტომობილი, გრეიფრუტი, უძრავი ქონება და ა.შ. გამონაკლისს არც ერთმანეთისთვის დაუშვებენ. ქორწინების მოწმობა გადახდილია. მღვდელმა ორი დოლარი მიიღო. სიძემ პატარძალს საქორწინო კორსაჟი უყიდა. პირველი ღამე სასტუმროს ნომერში გაატარეს (თუმცა აქაც ცოტა ფული დაზოგეს,რადგან საზაფხულო ფასდაკლებით ისარგებლეს). განა შეიძლება დაუშვან,რომ ღონისძიებამ არ გაამართლოს?

არ შეიძლება პატარა ბზარის უყურადღებოდ დატოვება,თორემ ის გადიდდება და ერთხელაც ჭერი ჩამოინგრევა. დიახ,ბზარი შემჩნევისთანავე უნდა ამოავსოთ და გადაღებოთ.  ზუსტად ასე ხდება მორიელისა და თხის რქის შეკამათებისას. ისინი იქამდე აქრობენ ბზარს,სანამ ის რეალური გახდება. ასეთი მუდმივი კეთილგონიერება შეიძლება მცირედ დამღლელი იყოს,თუ თქვენ მოთმინებისა და ნებისყოფის ულევი რესურსი არ გაქვთ. საბედნიეროდ,ამ მიჯნურებს მოთმინებაც და ნებისყოფაც უხვად დაანათლეს კოსმიურმა მმართველებმა,სატურნმა და პლუტონმა.

მერწყულის ერა მეხივით დაეცა საზოგადოებას,თავისი რევოლუციური გარდატეხებით,მაგრამ მორიელსა და თხის რქას ურანის ვიბრაციები თითქოს არც შეხებიათ. მათი კონსერვატული ზნე პრაქტიკულად არ იცვლება. მართალია,ახალმა საზოგადოებრივმა მოძრაობებმა და ტენდენციებმა შეიძლება ზოგიერთი თხის რქა ქალი დამოუკიდებელ ფემინისტად აქცია,მაგრამ ეს ემანსიპირებული არსებებიც კი არასდროს გამოფენენ საჯაროდ პირად ცხოვრებას. ახალ ერას შეეძლო ბევრი მორიელი მამაკაცი გაენთავისუფლებინა შინაგანი ეჭვებისგან, უფრო გულღია და თავისუფალი ექსპრესიისთვის,მაგრამ თავდაჯერებულ მორიელს არ სჭირდება მორალური მხარდაჭერა. მას სულაც არ უნდა გახდეს „უფრო გახსნილი“ და რომც მოუნდეს,მერწყულის ერის,საზოგადოების  და საერთოდ არავის ნებართვას არ საჭიროებს. ის ყოველთვის იმას აკეთებდა,რაც სურდა და ასეც მოიქცევა. დაე,ეპოქებმა ეპოქები ცვალონ,ეს მორიელზე გავლენას ვერ მოახდენს!

ასტროლოგები ხშირად ამტკიცებენ,რომ მორიელი მამაკაცი გადაჭარბებულად სექსულურია. აი,პირდაპირ ველური მამრია,რომელიც მზადაა ნებისმიერი ქალი აცდუნოს და გააუპატიუროს კიდეც. დიდი იმედი მაქვს,ეს თავი შეცვლის ამ სტერეოტიპს. დიახ,მორიელი ძალიან ძლიერ სექსუალურ ენერგიას ატარებს,მაგრამ სიტყვა „სექსუალობას“ მხოლოდ ერთი განმარტება არ აქვს. პლუტონიელი მამაკაცი საკმაოდ ძველმოდურია სიყვარულისა და ქორწინების საკითხებში.

მორიელი წყლის ნიშანია და ბუნებრივია,არსებობენ მორიელი მამაკაცები (მთლიანი ჰოროსკოპის ნეგატიური გავლენით),რომლებიც პერიოდულად „მწვანე გველის“ ან ნარკოტიკების სატყუარაზე ებმებიან. თუმცა არწივი არასდროს დაკარგავს თავმოყვარეობასა და ღირსებას. ეს მამაკაცი არასდროს მისცემს თავს ან ოჯახის წევრს სულელის როლში ყოფნის უფლებას. მას დიდად ადარდებს,რას ფიქრობენ ადამიანები მის იმიჯზე (იმავდროულად თვლის,რომ მისი პირადი ცხოვრება მათ არ ეხებათ!). ასეთივეა თხის რქა ქალბატონიც. ყველაფერი,რასაც თხის რქა აკეთებს,წინსვლასა და მისი რეპუტაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ცხადია,დასაშვებია თხის რქის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ზნეობა დაკარგონ და აღვირახსნილი სიბარიტივით იქცეოდნენ,მაგრამ ძალიან იშვიათად. ჩვენც ხომ მათზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ აქ ტიპურ თხის რქა ქალს განვიხილავთ,არწივის ერთგულებისა და პატივისცემის ღირსს,ის კი ნადვილი ქალბატონია… ან სხვა მამაკაცის პოვნა მოუწევს.

თხის რქა ქალი იშვიათად გამოხატავს თავის ემოციებს.  თუმცა არც მორიელს აწერია შუბლზე ღრმა განცდები. აი,რატომ უჭირთ ერთმანეთის შეყვარება. ისინი ერთმანეთს ნიღბებით ხვდებიან. მათ მოსახსნელად და ურთიერთნდობისთვის კი საკმაოდ დიდი დრო სჭირდებათ.

არის ერთი უცნაური ფაქტორი სატურნიელისა და პლუტონიელის სიყვარულში. მათ გულებს სიკვდილისა და იდუმალების გავლენა აერთიანებს. მათ თანაცხოვრებაში ხშირად გაისმის წარსულის ექო. ეს არ ხდება პირველივე წლებში,მაგრამ აუცილებლად გამოვლინდება და მათ სიყვარულს შეამსუბუქებს. ხშირად ეს დაკავშირებულია მესამე ასტროლოგიური სახლის თემებთან: ნათესავები,და-ძმობა. პლუტონი არამხოლოდ სიკვდილის მმართველია,ის დაბადებას,განახლებას,აღორძინებას,გარდასახვას და ხანდახან,დამატებით ასპექტებთან ერთად,შვილად აყვანის საკითხებსაც განაგებს. სატურნი მართავს ყველაფერს,რაც ეხება გარდაცვლილებს,თვითდისციპლინას,ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. ორივე პლანეტას საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს ტაბუირებულ საიდუმლოებებთან და მზის ამ ნიშნების ვერც ერთი ემოციური კავშირი ვერ აცდება ამ ვიბრაციას. თითქმის ყველა თხის რქა  და მორიელი მალავს რაღაც გამოუთქმელ,ღრმად ჩამარხულ სევდას ერთად გადატანილ წარსულზე. რაც არ უნდა უცნაური იყოს,საერთო მოგონებები და ტრავმები მათ კავშირს კიდევ უფრო განამტკიცებს.

თვითკმარობისა და მოჩვენებითი ცივი პატივმოყვარეობის მიღმა,ამ ქალის გულში სენტიმენტალური განცდები ბუდობს. ის იმაზე მეტად იტანჯება,ვიდრე გამოთქმა შეუძლია; მუსიკისა და ხელოვნების შედევრები კი იმაზე ძლიერ აძგერებს მის გულს,ვიდრე გამოხატავს. მორიელი მამაკაცი,თავისი გამჭრიახობით,კარგად გრძნობს ამას და მხურვალე სურვილი უჩნდება უყვარდეს და დაიცვას ეს საყვარელი ქმნილება,საოცარი იუმორის გრძნობითა და გაბრწყინებული თვალებით,ასეთი ერთგული,ასეთი საიმედო და ასეთი კდემამოსილი.

მორიელს თხის რქის მშვიდი და კეთილშობილი მანერებიც არანაკლებ აღაგზნებს. ორივე ნიშანში არის გამოუთქმელი მარტოობა,ორივეს სურს თანამეგობორობით მიაღწიოს ემოციურ საიმედოობას. მორიელში უცნაურად შერწყმული სინაზე და იდუმალება ძლიერ აჰიპნოზებს თხის რქას. ის გრძნობს,რომ შეუძლია რჩეულის მკლავებში სრულიად მოდუნდეს. მისი სატურნული ბუნების თითოეული ნაწილაკი მდიდრდება პლუტონიელი მამაკაცის უფრო ვნებიანი ნატურით. მორიელი კარგად აცნობიერებს ადამიანთა ბუნდოვან სურვილებსა და ფარულ მისწრაფებებს და ფიზიკური სიახლოვის დროს,სიმშვიდის განცდად გარდაქმნის. ეს უცხო ქვეყნიდან შინ დაბრუნებას ჰგავს,სადაც ყველაფერი ასე ნაცნობი და  საიმედოა.

დაწყვილებული მორიელი და თხის რქა წლების განმავლობაში მისდევენ ჩვევებს. ამან შეიძლება მათი თანაცხოვრება ყველა ასპექტში გააერთფეროვნოს. თუმცა ისინი მეგობრებიც იქნებიან და საყვარლებიც. ამრიგად,მეგობრობა შეიძლება ის ხიდი გახდეს,რომელიც ერთმანეთთან დააბრუნებს,როდესაც მათი ვნებები ჩაცხრება.

ცვლილებები  ის გამაცოცხლებელი ცივი შხაპია,რომელიც მათ სიყვარულს ახალ სუნთქვას შთაბერავს. მოგზაურობა_უძლიერესი მატონიზირებელი საშუალება. არწივი და თხის რქა შეიძლება წლების განმავლობაში ერთსადაიმავე დროს იძინებდნენ და იღვიძებდნენ. მე მინდა ვუთხრა მათ,რომ  უმცირესი ცვლილებებიც დაეხმარებათ. საკმარისია ღამე შუქი დატოვონ ჩართული(და ცოტა ხნით მიაფურთხონ გადასახადს); იაპონურ რესტორანში ივახშმონ იატაკზე ფეხმორთხმულებმა; ერთად შეისწავლონ ირიდოლოგია(არ დაიზაროთ და გაიგეთ,რა არის ეს) და ერთმანეთს მოულოდნელი საჩუქრები აჩუქონ.

 

 

 

მორიელი ქალი და თხის რქა მამაკაცი

Jenny McCarthy & Jim Carrey

_ვინ არის?                                               

პასუხი დიდხანს არ იყო.

 კაკუნი კვლავ გაისმა.

_არ გავაღებ, სანამ არ იტყვი, ვინ ხარ!

 

ყველაფერი,რაც თხის რქა მამაკაცს საშინელებად ემუქრება და მის წარმოსახვას უღუტუნებს…

ამ ადამიანს იმაზე ძლიერი წარმოსახვა აქვს,ვიდრე გარშემომყოფებს წარმოუდგენიათ. ის,რომ სახალხოდ ჯადოსნურ ისტორიებს არ ჰყვება და ლექსებს არ წერს,სულაც  არ ნიშნავს იმას,რომ ძლიერი გრძნობების განცდა არ შეუძლია. გულის სიღრმეში ის რომანტიკოსია. მუსიკა და ხელოვნებაც უყვარს. ბუნებრივია,გასაგებ მუსიკასა და კლასიკურ  ხელოვნებას ვგულისხმობ. ის არ დახარჯავს დროს  პანკროკის გამაყრუებელ დეციბელებსა და პოპ-არტზე. მაგრამ ჩაუერთეთ „მთვარის სონატა“ ან აჩვენეთ ჭეშმარიტად დახვეწილი სკულპტურა და თქვენ იხილავთ,როგორ დინჯად გამოესახება მორცხვი ღიმილი. თხის რქის ღიმილი შეუდარებელია_თქვენ მხოლოდ მისი ხილვითაც დამშვიდდებით,შეიძლება იმის გამოც,რომ მის სახეზე იშვიათად ჩნდება. თხის რქა მარტო მაშინ იღიმის,როდესაც ბედნიერია და უხარია. მისი კეთილგანწყობის დამსახურება კი არც ისე მარტივია. ამ ადამიანს არ უყვარს ყბედობა. ცოტას ლაპარაკობს,მაგრამ მის სიტყვებში სიბრძნისა და მახვილგონიერების საოცარი სინთეზი იგრძნობა. არ არის გამორიცხული მისი იშვიათი და  მწველი  დაკვირვებების  ჩაწერაც მოგინდეთ. დიახ,პრაქტიკული სიბრძნე და დახვეწილი იუმორის გრძნობა მართლაც საოცარი ნაერთია.

არაფერია გასაკვირი იმაში,რომ მისი სატურნული აურა ძლიერ იზიდავს მორიელ ქალს. თხის რქა ძალიან ჰგავს მას. ამიტომ,მორიელი საოცარ თავდაჯერებას გრძნობს მის სიახლოვეს,იქამდეც კი,სანამ ერთმანეთს მართლა გაიცნობენ. რა თქმა უნდა,მორიელი მყისვე არ გამოხატავს გრძნობებს. უფრო ისე მოიქცევა,თითქოს საერთოდ ვერც შეამჩნია. თუ თხის რქამ მორიელის მზერა იგრძნო,საპასუხოდ შეხედავს,მაგრამ ის მოასწრებს მზერის არიდებას. მაშინ თხის რქა ჩათვლის,რომ  რაღაც მოეჩვენა. და მხოლოდ მაშინ,როდესაც მორიელი გადაწყვეტს,რომ საკმარისად აწვალა,თავის გამჭოლ მზერას მიაპყრობს,რითაც წონასწორობიდან გამოიყვანს. თხის რქის წყობიდან გამოყვანაც არანაკლები სასწაულია. მაგრამ მორიელს მშვენივრად ეხერხება ეს.

თხის რქა დაინტრიგებულია. ვინ არის ეს იდუმალი გოგონა? უცნაურია,მაგრამ მორიელ ქალს არასდროს აღიქვამენ გოგოდ,იმ შემთხვევაშიც,თუ ჯერ ოცი წლისაც არ არის. პირველი შეხვედრისას,მორიელის თვალებში უცნაური საიდუმლო ბუდობს. მარტივი გასაგებია,რატომ დაინტერესდა თხის რქა და რატომ ღელავს ასე მისი თანდასწრებით.

თხის რქას არაფრის ეშინია,სიღარიბის გარდა. რადგან არც ცნობისმოყვარეა,ამ სიტყვის კლასიკური გაგებით,ის სულაც არ ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას. თხის რქა იქამდე დაიცდის,სანამ მორიელი თავად ალაპარაკდება.

ასე რომ,მისი აღელვების მიზეზი სულ სხვა რამ არის. კერძოდ,იმის მოულოდნელი გაცნობიერება,რომ ამ ქალს შეუძლია მის საიდუმლოებებში შეაღწიოს და მისი შინაგანი მე იხილოს,რომელსაც ასე მონდომებით მალავს ცივსისხლიანობის ნიღბით.

მისი თანდაყოლილი სიმორცხვე შეიძლება გაღრმავდეს,მორიდება გაძლიერდეს,ურთიერთობის ოფიციალური სტილი კი  კიდევ უფრო ოფიციალლური გახდეს. მაგრამ მორიელთან საუბრისას,ის თანდათან მოდუნდება და თავისი ერთერთი განსაკუთრებული ღიმილის ჩუქებასაც გარისკავს. მორიელს მოულოდნელად გული შეუკრთება. მორიელის გულის შეკრთომა,თან მოულოდნელად, დამიჯერეთ,რთული საქმეა. თუმცა ამ მამაკაცის მშვიდ მზერას და მორცხვ ღიმილს ნამდვილად შეუძლია ამ სასწაულის მოხდენა. მისი სატურნული სიბრძნეც არანაკლებ შთაბეჭდილებას მოახდენს. და აი,მორიელს და თხის რქას ერთმანეთი უყვარდებათ, ყოველთვის შეუმჩნევლად და თითქმის უხმოდ.

მათ მეგობრებსა და ნათესავებს გარკვეული დრო სჭირდებათ,რომ გააცნობიერონ,რა ხდება. თხის რქის  გარემოცვა ოჯახის წევრებისა და სამი-ოთხი უახლოესი მეგობრისგან  შედგება. დარწმუნებული იყავით,ის არაფერს მოიმოქმედებს ისეთს,რაც მათ არ მოეწონებათ ან მათთან დააშორებს.

თხის რქა,თავისი არსით,უდაოდ მესაკუთრეა. მორიელს ეს ვერ გააბედნიერებს,რადგან ყოველთვის მიაჩნდა,რომ მესაკუთრეობა მისი განსაკუთრებული უფლებაა. თუმცა,სავარაუდოდ,სწორედ მას მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ჭეშმარიტად შეყვარებული თხის რქა მამაკაცი,როგორც წესი,არ მოითხოვს თავისუფლებას და არც სახლის გარეთ დროსტარება უყვარს. ასეთი ქცევით ნამდვილად ვერ შეურაცხყოფთ ვერავის მესაკუთრულ გრძნობებს,გარდა იმისა,ვინც ამ თვისებით მოჭარბებულად არის დაჯილდოებული.

თუ თხის რქის ჰოროსკოპი ცეცხლის ან ჰაერის გავლენას არ განიცდის,ის არასდროს მიდის ოჯახიდან შორს. ამ კონსერვატულ მამაკაცს ყველაზე მეტად საყვარელ ქალთან ერთად სახლში ყოფნა ურჩევნია… სამსახურის გარდა! თუ თხის რქა ამბობს,რომ სამსახურში გვიანობამდე შეყოვნდება,ასეც არის. თუ ის ერთერთი იმ არანორმალურთაგანია,ვინც პოლიტიკით არის დაკავებული ან საქმიანობის გამო,ბევრს მოგზაურობს,შეიძლება დიდხანს უწევდეს მორიელის მარტო დატოვება,რაც მას აუცილებლად გააღიზიანებს. მაგრამ ტიპური თხის რქა არ მისცემს საამისო საბაბს. პირიქით,მას უფრო მეტი მიზეზი ექნება,დაინტერესდეს,სად დადის ხოლმე მისი რჩეული.

მორიელი ქალი დამოუკიდებლობის მომხრეა. ის არავის დაემორჩილება. ეს იმას არ ნიშნავს,რომ თხის რქა არ უყვარს ან სხვა მამაკაცი იპოვა. უბრალოდ მას თავისუფლება სჭირდება,რომ ის აკეთოს,რაც უნდა. ის ნამდვილად არ ითხოვს ნებართვას მეგობართან წასასვლელად, მაღაზიებში სასიარულოდ თუ ბიბლიოთეკის მოსანახულებლად. რასაც არ უნდა აკეთებდეს,მორიელი ყოველთვის თავად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის ნებართვას არ საჭიროებს! მან უნდა შეიგნოს,რომ ასეთი თავისუფლება ყველას სჭირდება, განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა. თუმცა როდესაც საქმეს მესაკუთრესთან იჭერთ,საჭიროა რაც შეიძლება ხშირად აგრძნობინოთ,რომ ის გიყვართ. რაც უფრო ხშირად გამოხატავთ ამას,მით უკეთესი ორივესთვის.

მორიელის ბუნებრივი სექსუალობა დიდად გაამდიდრებს თხის რქის ემოციურ პალიტრას. ის აღელვებული იქნება გრძნობებით,რომელიც აქამდე არასდროს განუცდია. მორიელს გაღება-მიღების თანდაყოლილი მოთხოვნა აქვს. სანაცვლოდ,პლუტონიელი ქალბატონი თავს მყუდროდ და თბილად იგრძნობს. თხის რქის შინაგანი ძალა და დამაწყნარებელი სიმშვიდე მორიელს ყველა უსახელო შიშს ავიწყებს. ეს 11-3 ფორმულაა. ასე რომ,ისინი კარგი მეგობრები არიან.

ორივე გულმოდგინედ მალავს თავის ნამდვილ „მეს“ ცნობისმოყვარეებისგან,მაგრამ ერთმანეთს ენდობიან. ორივე საოცრად  ოსტატურად ფლობს თვითდისციპლინის ხელოვნებას,მაგრამ მათ უნდა შეიგნონ,რომ შეუძლებელია ვნებების კონტროლი მასთან, ვინც გიყვარს. მორიელსა და თხის რქას თითქმის ყოველთვის  საერთო საიდუმლო აქვთ,რომელიც მათ ორმხრივ ერთგულებას უფრო აძლიერებს და ეხმარება,მეტი მოთმინება გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ. და რაც არ უნდა არარომანტიულად ჟღერდეს,მოთმინება ჭეშმარიტი სიყვარულის ერთერთი საუკეთესო მეგობარია.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.


About Qet

Scroll To Top