პლანეტების მნიშვნელობა სინასტრიაში

პლანეტების მნიშვნელობა სინასტრიაში

მზე

მზე ყოველთვის არის პიროვნების ძირითადი ნაწილი, მისი ცენტრი. მზის მდებარეობა განსაზღვრავს ფსიქოტიპს, სამყაროსთან ურთიერთობის ტიპს, ძირითად კარმულ ამოცანას. მზის მდებარეობა რომელიმე სტიქიაში მიუთითებს როგორი ტიპის ადამიანები იქნებიან კონკრეტული ადამიანისთვის ახლობლები, გასაგებნი, რა ინტერესები ექნებათ. ზოგჯერ ითვლება, რომ ქალის რუკაში მზე მეუღლეს ნიშნავს. რაღაც დონეზე ეს სწორიცაა, ისტორიის ძირითად ნაწილში მამრობითი სქესი, მამაკაცი დომინირებდა ქალზე,ის იყო „ოჯახის“ ცენტრი. ასეთ შემთხვევაში მზის მდებარეობა ქალის რუკაში აღნიშნავს კაცის სიმბოლურ ტიპს, რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში ერთვება. ჩვენს დროში ქალების ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა უფრო წინ წამოიწია, პიროვნულად წინ წაიწია და შესაბამისად მზე ნაკლებად გამოხატავს მეუღლის სიმბოლურ ფიგურას.

მთვარე

მთვარის მნიშვნელობა სინასტრიაში უდიდესია. თუ თქვენ თითქმის ვერ გრძნობთ მთვარეს ადამიანთან ურთიერთობაში, როცა სამსახურში ხართ, ან როცა უყურებთ როგორ გამოდის ტელევიზორში, ან უსმენთ მის ლექციას, მაგრამ როცა მასთან ერთად ერთი დღე დარჩებით ერთ ბინაში, მის მთვარეს აუცილებლად დაინახავთ/იგრძნობთ. მთვარე მზესთან ერთად ქმნის პიროვნების ფსიქიკას, თუ მზე უფრო ნათელი, აშკარა ფიგურაა და შესამჩნევი, ფსიქიკის სტრუქტურას აყალიბებს, მთვარე უფრო ფარულად და ალეგორიულად მოქმედებს – ის ყველა ემოციურ სფეროს განაგებს, სურვილების სფეროს და მთლიანად ქვეცნობიერ დონეს.

მთვარე ყოველთვის ირთვება ოჯახურ სფეროში და საოჯახო სიტუაციებში. თუ თქვენ ერთად არ ცხოვრობთ, თქვენი პარტნიორის მთვარის ყველა გამოვლინებას ვერ იგრძნობთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი გაივლის ერთი თვე, ორი, სამი და მთვარის გავლენა გაიზრდება და უფრო ნათელი გახდება. მთვარე ყოველთვის ირთვება სექსუალური ურთიერთობის დროს,მასზეა დამოკიდებული ლტოლვაც.

მთვარე არის დედის სიმბოლური აღმნიშვნელი რუკაში და ალბათ არაა საჭირო იყო ფსიქოლოგი ან ფსიქოანალიტიკოსი, რომ მიხვდე რა დიდი როლი უკავია საკუთარი ოჯახის შექმნაში დედას და რა სიძლიერის გავლენა აქვს ურთიერთობებზე.

კაცის რუკაში მთვარე არის სიმბოლური აღმნიშვნელი მეუღლის (ან მუდმივი სექსუალური პარტნიორის), ხოლო ქალის რუკაში მთვარე მიუთითებს როგორი იქნება ის ოჯახურ სფეროში (და რამდენადაც ეს სფერო ქალისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა, მთვარის მდებარეობა ქალის რუკაში უფრო მეტს ნიშნავს,ვიდრე მზის მდებარეობა)

ასევე მთვარე პირდაპირ უკავშირდება დედას და იმ ადამიანებს,რომლებთან ერთადაც პიროვნება ცხოვრობს.

მერკური

მერკური ესაა უსქესო პლანეტა და სქესთა სინასტრიაში ირიბი გავლენა აქვს. გაცნობა, მათთვის საშუალების მიცემა გვესაუბრონ (ზოგიერთი შეყვარებული წყვილი ამის გარეშეც წარმატებულ ურთიერთობას ამყარებს) – აი მისი სტანდარტული ფუნქცია. მერკური მოქმედებს ნებისმიერ ურთიერთობაზე – სასიყვარულო, ბავშვებთან ურთიერთობა. ეს უფრო მერკურის მეორადი ფუნქციებია. ზოგიერთ ასტროლოგიურ რუკებს შორის სინასტრიის შემთხვევაში მერკურს აქვს წამყვანი ფუნქციები ურთიერთობის მხრივ, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ მის ხარჯზე ურთიერთობა არ გამოიყოფა. მერკურთან დაკავშირებული შეიძლება იყოს დები და ძმები, ასევე ის ადამიანები, რომლებთანაც ინარჩუნებ ახლო ურთიერთობას. მერკური იმ რუკებს შორისაა წინა პლანზე წამოწეული, რომლებთანაც საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებ.

ვენერა

ვენერა, ისევე როგორც მთვარე, დიდ გავლენას ახდენს სქესთა შორის სინასტრიის დროს. ეს ორი პლანეტა წარმოადგენს სიყვარულის ორ სიმბოლურ მხარეს. სიყვარული, როგორც შეყვარება, შეყვარებულობა, როგორც ესთეტიური იდეალის წარმოდგენა – ეს ვენერაა. სიყვარული როგორც რეპროდუქციული პროგრამა,როგორც ოჯახის შექმნის პროგრამა – ესაა მთვარე.

ეს ორი პლანეტა პარალელურად მოქმედებენ, მაგრამ განსხვავებულ სიტუაციებში მათი როლი სხვადასხვაა. ვენერა მოქმედებას იწყებს, როგორც კი ადამიანს დავინახავთ (ასცენდენტზე სწრაფადაც კი. ასცენდენტს კი თუ გავიხსენებთ ესაა ფილტრი სამყაროსა და ადამიანს შორის და იმისთვის რომ ასცენდენტი ამუშავდეს საჭიროა რაიმე ტიპის ურთიერთობის დამყარება).

ვენერა პასუხს აგებს ადამიანის სიმპატიებზე, მოწონებაზე. არის შემთხვევები, როცა თქვენს ცნობიერებას არ მოსწონს კონკრეტული პიროვნება, მაგრამ თუ დადებითი ასპექტი ჩაირთო ვენერებს შორის, მაშინ ეს ადამიანი უცებ მოგეწონებათ და მისი ქმედებები სასიამოვნო ხდება. სიყვარული ყოველთვის იწყება ვენერის „ჩართვით“, მაგრამ გადის დრო და ვენერა მეორე პლანზე, საფეხურზე გადადის და პირველ საფეხურზე დგება მთვარე. უფრო ხშირად ეს „ცვლილება“ ხდება სექსუალური კონტაქტის შემდეგ ან/და ასევე ქორწინების შემდეგ.

მთვარის ფუნქციებთან რა ფუნქციებიც მსგავსი აქვს ვენერას,ზოგჯერ ვენერა მთვარის როლსაც ასრულებს: ემოციური სფერო განაგებს და ასევე სიმბოლურად დედის ფუნქციაც ასრულებს., მაგრამ ყველა შემთხვევაში საბოლოოდ ვენერა რუკაში ნიშნავს შეყვარებასა და ეთიკურ-ესთეტიურ იდეალს. ვენერის მდებარეობის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ როგორ იწყებს კონკრეტული ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობებს. როგორ იზიდავს საპირისპირო სქესს (მიზიდვის შესაძლებლობებს), ვის იზიდავს.

სინასტრიის სხვა სფეროებში ვენერა არის სიმბოლური მაჩვენებელი სოციალური გარემოსი,რომელშიც ადამიანია,ასევე მდედრობითი სქესის გარშემომყოფებს მიუთითებს.

მარსი

მარსი – ესაა ენერგიისა და აქტიურობის პლანეტა, არის მამაკაცური საწყისის მთავარი მაჩვენებელი. მარსი კაცის რუკაში პასუხს აგებს მის მიერ მამაკაცური როლის გამოვლენაში. მარსი-პასუხს აგებს სექსზე (თუმცა სექსზე ასევე „პასუხს აგებს“ მთვარე, პლუტონი და გარკვეულ დონეზე ვენერაც). თუ მთვარე და ვენერა უმეტესად ერთმანეთის კომპენსირებას ახერხებენ, მაშინ მარსის ფუნქცია მხოლოდ მარსს რჩება (სუსტი მამაკაცური საწყისის/მარსის კომპენსირება ხდება იმ შემთხვევაში თუ რუკაში არის ვერძის ან პირველი სახლის ძლიერი მდებარეობა).

ქალის რუკაში მარსი მიანიშნებს თუ რა ტიპის აქტივობები იზიდავს ქალს, რა თვისებები, მახასიათებლები განსაზღვრავს მისი გაგებით „ნამდვილ მამაკაცს“. მარსი ასევე პირდაპირ უკავშირდება საპირისპირო სქესის მოზიდვის შესაძლებლობებს. თუ ვენერა ადამიანის გარშემო ქმნის შარმს, ესთეტიურ დამოკიდებულებას, მარსი ქმნის სასიცოცხლო ენერგიის მის გარშემო, ენერგიას რომელიც არ მოგცემთ საშუალებას აბსტრაქტული სურათი დაინახოთ ადამიანში. მარსი მონაწილეობს ენერგიის ნებისმიერი სახით გამოვლენაში – ჩხუბში, ძლიერ ემოციურ გადატვირთვაში, ამოხეთქვაში…

იუპიტერი

იუპიტერი – ესაა უკვე ტრანსპერსონალური დონის პლანეტა და სქესთა შორის ურთიერთობაზე ნაკლები ეფექტი გააჩნია. მიუხედავად ამისა, იუპიტერი ითვლება ქორწინებაზე პასუხისმგებელ პლანეტად. იუპიტერის „მონაწილეობით“ შექმნილი ქორწინებები უფრო იღბლიანია, მაგრამ უფრო მეტად ეს ნიშნავს იმას, რომ ქორწინებით ადამიანის წინაშე ახალი პერსპექტივები, ახალი ჰორიზონტი და შესაძლებლობები ჩნდება. ხშირად ასევე იუპიტერს უკავშირდება ბავშვის დაბადება (ბავშვი, როგორც ბედის საჩუქარი). დანარჩენი სინასტრიის შემთხვევაში იუპიტერს უკავშირდება უცხოელები, ადამიანები, რომლებიც პროტექციას გიწევენ, მასწავლებლები (უფრო ხშირად სულიერი მასწავლებლები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ფორმირებას ახდენენ)

სატურნი

სატურნი – ესაა პლანეტა, რომელიც თეორიულად სქესთა შორის სინასტრიაში არაფერს აკეთებს,წარმოდგენილია როგორც იუპიტერის (ქორწინების) და მთვარის (ოჯახური პირობები და სირბილე) ანტაგონისტად. სატურნი სიცივის, სიმკაცრისა და სისასტიკის პლანეტაა, რომელსაც წესით საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს პირად ურთიერთობებთან. მაგრამ გავიხსენოთ, სატურნი ასევე არის კარმის განმახორციელებელი, აბსტრაქტული პოტენციალის გამოვლენის.

ასე, რომ არ არსებობს ცხოვრების სფერო, რომელზეც მას გავლენა არ ექნება. სატურნი სასიყვარულო ურთიერთობაში აუცილებელია, რათა შენარჩუნდეს დინსტანცია ურთიერთობაში, არ უშვებს ადამიანთა სრულ გაერთიანებას, რათა არ დაიკარგოს ინდივიდუალურობა. სატურნი სხვადასხვა დონეზე მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებში, მაგალითად უმცროსის მხრიდან უფროსისგან განათლება-სწავლებაში. სატურნი ოჯახს აძლევს ფორმას, კრავს, არ აძლევს დაშლის საშუალებას (ეჭვიანობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მართავს სატურნი).

სატურნით კრისტალიზდება, იწმინდება ურთიერთობა, ზოგჯერ შესაძლოა ერთიდაიგივე სიტუაციაში ხშირად ჩააგდოს ადამიანი, რათა მან გამოსავალი იპოვნოს. ასეთ დროს მდუღარე ცრემლებიც კი არ გიშველით – სატურნისთვის ცრემლებს მნიშვნელობა არ აქვს. მას მხოლოდ ერთი რამ უნდა: სიტუაციის, ცხოვრების, საკუთარი შეცდომების, საკუთარი კარმის გაგება-გააზრება. და თუ თქვენ გამოიჩენთ ძალისხმევას, შინაგან სიმტკიცეს და გაიაზრებთ რას ითხოვს თქვენგან სატურნი, ის თქვენ გაგათავისუფლებთ მუდმივად გამეორებადი კრიზისული სიტუაციებისგან (გახსოვდეთ, სატურნთან ლოდინიც გჭირდებათ).

სატურნის მდებარეობის მიხედვით ადამიანის რუკაში შეგვიძლია გავარკვიოთ რომელი მშობელი (ან ორივე მათგანი) ასრულებს ორგანიზებისა და მოწესრიგების ფუნქციას, უფრო სწორად კი მკაცრი აღმზრდელის ფუნქციას. სატურნი ასევე უკავშირდება ბებია-ბაბუებს. პროფესიულ სფეროში კი სატურნი უფროსს, ხელმძღვანელს ნიშნავს.

ურანი

ურანი – ესაა ყველაზე არაპროგნოზირებადი პლანეტა და სქესთა შორის სინასტრიაში ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას-პასუხს აგებს გაყრაზე და დაშორებაზე. თუ თქვენი და თქვენი პარტნიორის რუკებს შორის ურანს დიდი გავლენა აქვს, მაშინ თქვენი ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, წყვილები, რომლებსაც ამ პლანეტის გავლენა აქვთ, ორიგინალურად, განსხვავებულად იწყებენ ურთიერთობას, ურთიერთობაში სპონტანური ელემენტებია. ასეთ „ურანულ“ ურთიერთობებში ძნელია სიყვარულსა და მეგობრობას შორის საზღვრის დადგენა.

ურანი როგორც წესი დიდ როლს ასრულებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში.

ნეპტუნი

ნეპტუნი ესაა კოსმიური სიყვარული და კარგიცაა, რომ ასეთი სიყვარული აღმოცენდეს დედამიწაზე. ნეპტუნი ხშირად არ ურთიერთქმედებს სქესთა შორის ურთიერთობაში, მაგრამ როცა გავლენა აქვს რუკაში, მაშინ იქმნება განცდა, რომ პარტნიორებს უმაღლესი სიყვარული აკავშირებთ. ნეპტუნს აქვს საკმაოდ დიდი ფუნქციები, ის კოსმიურ სიყვარულთან ერთად ასევე მანიშნებელია ილუზიებისა და ტყუილის, უფრო მნიშვნელოვანი ხდება სასიამოვნო განცდები, ემოციები. ნეპტუნი ამახინჯებს აღქმას, იძლევა ცრუ იმედებს, შეფასებებს. დაბალ დონეზე ნეპტუნი ნიშნავს სექსუალურ გარყვნილებასაც, სადო-მაზოხიზმისკენ მიდრეკილება. ნეპტუნის გავლენა არასდროს მიდის სექსუალურ პათოლოგიამდე, თუმცა ზრდის ალბათობას სადო-მაზოხიზმური დამოკიდებულებისა. მაგალითად ქმარი სცემს ცოლს და ამ უკანასკნელს მაინც უყვარს.

პლუტონი

პლუტონი – ესაა სიკვდილის, ტრანსფორმაციის პლანეტა და სინასტრიაში რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. როგორც მარსი, პლუტონი დაკავშირებული სექსთან, მაგრამ თუ მარსი სექსუალური აქტიურობის სიმბოლური მაჩვენებელია, პლუტონის მხრიდან სექსია იდუმალი, ტრანსფორმაციის, ადამიანის ცნობიერებისთვის გაუგებარი, „სიკვდილით“ ახალი ადამიანის დაბადების აღმნიშვნელია. პლუტონი, ასევე არის წმენდის პლანეტა და თუ ის აქტიურად მონაწილეობს სინასტრიის დროს, მაშინ ამ ურთიერთობით მალევე მიხვდებით საკუთარ დაშვებულ შეცდომებს, სისუსტეებს, რაც თქვენი ცნობიერების განვითარებას უშლის ხელს. თქვენი პარტნიორი ფსიქიკის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს შეეხება, კარგად გამოჩნდება ის თვისებები, რაც ადრე თქვენს თავს მიუტევეთ, აპატიეთ, დამალეთ. შეიძლება საუბრის შემდეგი ტიპები განვითარდეს: „ყველა ასე იქცევა“, „მე რა შენი მეზობლის ცოლი ვარ,რომელიც ცოლს ყოველდღე ცემს?“.

გარდა ამისა, პლუტონი ურთიერთობას მატებს „საბედისწეროს“ შეგრძნებას, ასევე სტრესთანაა დაკავშირებული. ყველანაირი სტრესული სიტუაციის შექმნა, ჩხუბი, კამათი, ემოციური გარჩევები სწორედ ამ პლანეტის „დამსახურებაა“.

გარდა პლანეტებისა, სინასტრიაზე მოქმედებს მთვარის კვანძები და მთვარის ორბიტის წერტილები-თეთრ და შავ მთვარედ წოდებული.

მთვარის კვანძები

მთვარის კვანძები ესაა არამატერიალური მთვარის წერტილები. მათი მოქმედება მსგავსია დანარჩენი არამატერიალური წერტილებისა. სინასტრიაში მოქმედებენ საკუთარი ფუნქციების შესაბამისად. მთვარის კვანძების მოქმედება ცოტა გაუგებარია, რადგან ის ორ რუკას შორის დგება. სამხრეთ კვანძის, ანუ დაღმავალი კვანძის გავლენა ფესვებისკენ მიდის წინაპრებთან ან წინა რეინკარნაციებთან. ჩრდილოეთ კვანძი კი – მომავალზე ორიენტირებულია. სინასტრიაში სწორედ კვანძები იძლევა კარმული პრობლემების შეფასების საშუალებას. დაღმავალი კვანძი არის სიმბოლური აღმნიშვნელი წარსულ სიტუაციებთან კავშირისა (როგორც საკუთარი წარსულის, ასევე მეორე ადამიანის), თუ კვანძი მოქმედებს რუკაში, მაშინ მოგიწევთ წარსულის პრობლემების გადაწყვეტა. ჩრდილოეთ კვანძი კი მიუთითებს კარმული ტვირთისგან გათავისუფლებას, საშუალება გეძლევათ წინ იაროთ (არა იმიტომ, რომ ხელს გკრავენ, არამედ იმიტომ, რომ ფეხები თავისით მიდის).

ასევე ითვლება, რომ კვანძებს გავლენა აქვს ბავშვებთან ურთიერთობისას, თუმცა ეს მთლად ასეც არაა. ბავშვებს უკავშირდება კვანძები იმდენად, რამდენადაც ისინი მშობლების გადაუჭრელ პრობლემებს, კარმულ მოვალეობას წარმოადგენენ. შეგვიძლია ვარაუდის დონეზე ვთქვათ, რომ კვანძები წარმოადგენს ფესვებს, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას.

შავი და თეთრი მთვარე

შავ მთვარესთან ასოცირდება ხოლმე მსოფლიო ბოროტებასთან, მაგრამ შავი მთვარე იმდენადაა ბოროტების აღმნიშვნელი, რამდენადაც თავადაა ბოროტება. შავი მთვარე ესაა ადამიანის ინდივიდუალური განვითარების მაქსიმალური წერტილი. იმ სფეროში, რომელშიც გაქვთ საკუთარი მიკერძოებული დამოკიდებულება, აზრი, იქ მოქმედებს შავი მთვარე. შავი მთვარის ერთ-ერთი გამოვლინებაა პარტნიორის იმიჯის შექმნა.

ყველასთვის ნათელია, რომ სასიყვარულო პარტნიორს ისე არ ვხედავთ, როგორც სხვები ხედავენ მას. პირად ურთიერთობებში მიკერძოებულები ვხდებით, უარყოფითებს ვფარავთ და დადებითს უფრო მეტად ვამჩნევთ. ეს კი შავი მთვარის გარეშე არ ხერხდება. ამიტომ შავი მთვარე სინასტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია. თუ ურთიერთობაში მონაწილეობას იღებს შავი მთვარე, პარტნიორები ძლიერად უკავშირდებიან მიუხედავად სხვა ფაქტორებისა. თუ შავი მთვარე ერთი ოჯახის წევრებზე მოქმედებს, მაშინ მათთან ურთიერთობა ინდივიდუალიზირებულია.

თუ შავი მთვარე არის მაქსიმალური წერტილი ინდივიდუალიზაციის, თეთრი მთვარე ემსახურება მაღალ მიზნებს. თეთრი მთვარე ესაა „კოსმიური პიროვნების“ შემადგენელი ნაწილი. მისი მოქმედება აღიქმება როგორც „წმინდა“ და შესაბამისად, თუ სინასტრიაში ჩართულია თეთრი მთვარე მეორე ადამიანის რუკასთან ასპექტით, ის ადამიანი მფარველ ანგელოზად გვეჩვენება.

ამ თავის დასასრულს, რამდენიმე ტერმინის განმარტება კიდევაა საჭირო. სინასტრიაში პლანეტა ითვლება ჰარმონიულად, თუ მას აქვს ტრინი ან სექსტილი და არ გააჩნია სხვა მაჟორული ასპექტები სხვა პლანეტებთან (არ ითვლება შავი და თეთრი მთვარე, კვანძები), პლანეტა არის დაზიანებული თუ მას აქვს ოპოზიცია ან კვადრატურა და არ გააჩნია სხვა მაჟორული ასპექტები სხვა პლანეტებთან. პლანეტას არაასპექტირებული ეწოდება, თუ არ აქვს მაჟორული ასპექტები.

და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა დაზიანებულ პლანეტაზე. ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ დაზიანებული პლანეტები ყველაზე პრობლემურია, მაგრამ შესაძლოა უფრო პრობლემური აღმოჩნდეს ჰარმონიული პლანეტები და ყველაზე მთავარი – ცალკე აღებული რომელიმე ასპექტი არ განაპირობებს აუცილებლად პრობლემას, ისინი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ.

 მომზადებულია როჟანსკის ლექციების მიხედვით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top