ვერძი და ლომი

ვერძი და ლომი


_ ესე იგი მხდალი ხარ!

_შენ თვითონ ხარ მხდალი!

_მე არაფრის მეშინია!

_არც მე!

_მაშინ დალიე!

_შენ დალიე!

ბიბლიის თანახმად, როდესაც ბატკანი ლომს მიუწვება, ან სამყაროს აღსასრულს უნდა ველოდოთ ან ათასწლიან მსოფლიო მშვიდობას. რა არ ხდება! მაგრამ მაინც უკეთესის იმედი გვინდა გვქონდეს.

ვერძი ბუნებით გამარჯვებულია. ისინი საკუთარ გამარჯვებათა დაწვრილებით ჩანაწერებს აწარმოებენ. რა სახის შეჯიბრიც არ უნდა იყოს ეს, სიყვარული, მეგობრობა, საქმე თუ ოჯახური ცხოვრება, ვერძმა ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს, რათა საკუთარ თვალში ამაღლდეს.

ლომი, პირიქით, არ საჭიროებს საკუთარი უპირატესობის მტკიცებას. ლომი ცხოველთა მეფეა და ისედაც გასაგებია, რომ ბატონობისთვის არის დაბადებული სიყვარულში, მეგობრობაში, საქმეებსა თუ ოჯახურ ცხოვრებაში. ეს სასიამოვნო გარემოება ზუსტად ასევე აღამაღლებს მას საკუთარ თვალში, ცხადია, ნაკლები ენერგიისა და ძალისხმევის დახარჯვით. საკითხავი ის არის, საკმარისი ადგილი თუ გამოიძებნება იმ მწვერვალზე, სადაც ორივე მათგანი მაღლდება.

ბუნებრივია, ფართო ასპარეზზე, სადაც უკიდეგანო სივრცე და დიდი აუდიტორიაა, ორივეს ეყოფა აპლოდისმენტები. მაგრამ თუ მცირე არეალზე ვისაუბრებთ? მაგალითად ოფისზე, საკლასო ოთახზე, ბინაზე ან თუნდაც სახლზე? ორი უზარმაზარი ეგო საკმაოდ შევიწროებულად იგრძნობს თავს. რაღაცის მსხვერპლად გაღება მოუწევთ. უფრო სწორად, ვიღაცის უზომო პატივმოყვარეობის.

ტაქტი და დიპლომატია, ასეთ შემთხვევებში, ნებისმიერს შეიყვანს შეცდომაში, ხოლო დროულად მიცემული ღია შენიშვნა სასიკვდილო ჭრილობა ნამდვილად არ არის. საუბარია ყოჩის პატივმოყვარეობაზე, რომელსაც მოუწევს დაემორჩილოს და ქედი მოუხაროს მის აღმატებულება ლომს. ლომი, ხვადიცა და ძუც, დაბადებულია მბრძანებლობისთვის, მმართველობისთვის, პირველობისთვის, თავისუფლებისთვის! ის თავისუფალია აუცილებლობისგან დაემორჩილოს ნებისმიერ გარემოებას, ვინმეს და რამეს, მათ შორის სახელმწიფოს, საგადასახადო სამსახურს, დამქირავებლებს, მასწავლებლებს, ნათესავებს, ასტროლოგებსაც. ის თავისუფალია ყველასგან და განსაკუთრებით ყოყლოჩინა ვაცისგან.

ახლა კი ყოჩებს დავამშვიდებ: მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ ნებისმიერ ნიშანზე (შეიძლება მორიელის გამოკლებით). მისთვის ყველაფერი დაკარგული არ არის. საერთოდ, ვერძი არასოდეს თვლის, რომ ყველაფერი დაკარგულია. სირთულეებს ის დროებით გაუგებრობებად აღიქვამს. როდესაც მე ვთქვი, რომ ვერძი ლომს ვერ აჯობებს, ვგულისხმობდი საჯარო ტრიუმფს, მაგრამ ერთი ერთზე, ვერძს ნებისმიერი რამის მიღება შეუძლია „დიდი კატისგან“, თუ მოახერხებს პატივისცემით მოისმინოს ლომის ჭკუა-დარიგება, არ დაინანოს აღტაცებული სიტყვები (ოვაციებიც შეიძლება), საკუთარი აზრები და განზრახვები კი თავისთვის შეინახოს. პირველი არც ისე ძნელია, რადგან ვერძს უყვარს ადამიანებისთვის განწყობის ამაღლება და მათი ქათინაურებით შემკობა, ვინც მასში გულწრფელ აღტაცებას იწვევს. თუმცა საკუთარი განზრახვების საიდუმლოდ შენახვა ვერძთა უმეტესობისათვის ძალიან რთული მისიაა. ისინი თავმომწონედ ტრაბახობენ, როდესაც არჩევნებს იგებენ, პირველ პრიზს იღებენ ან უბრალო კამათში იმარჯვებენ. ცეცხლის ამ ნიშანში ტრაბახის უზარმაზარი დოზა დევს.

ნაწყენი ლომი ღირსებაშელახული გამომეტყველებით განერიდება მათ, ვინც მის ჩრდილქვეშ მოქცევას ცდილობს. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ამაყი ლომისთვის. თუ მისი აღმატებულება ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ასეთი პომპეზური მიმალვა შეუძლებელია (მაგალითად, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ცდილობენ მის დაჩრდილვას), გაბუსხული სახით მიიყუჟება კუთხეში და ბრალმდებელი და სევდიანი თვალებით მიაშტერდება შეუგნებელ თავხედს. მაგრამ ასეთ მტკივნეულ სიტუაციაშიც კი, ლომი შეიძლება აღრიალდეს და მძვინვარედ ებრდღვნას მჩაგვრელს. ეს ყველაფერი რითი დასრულდება, ადვილი მისახვედრია. ამიტომ ცხვრის უსაფრთხოებისთვისვე აჯობებს, ლომს თავი გამარჯვებულად აგრძნობინოს ნებისმიერ შერკინებაში. დედამიწის ზურგზე არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ შეუძლია ისეთი დიდსულოვანი იყოს, როგორც ემოციურად და ფიზიკურად მინაზებულ ლომს. სინაზე — ის ბუნებრივი ნიჭია, რომელშიც ვერძი სასტიკად მარცხდება ლომთან.

ეზოპეს ერთერთ იგავში აღწერილი აქვს, როგორ მარტივად გაუმკლავდა პატარა აფთარი ლომს. როდესაც განრისხებულმა ლომმა ღრიალი დაიწყო, ცბიერმა აფთარმა სასწრაფოდ შეახსენა მისი მეფური უპირატესობა: “თქვენ ჯუნგლების მეფე ხართ, ჩემო ბატონო; ყველა ცხოველის მბრძანებელი და არ გეკადრებათ ზედმეტად სერიოზულად აღიქვათ თქვენი ქვეშევრდომი აფთარი“.

პრობლემა ის არის, რომ ვერძი არ არის აფთარი. ის უფრო პირდაპირ მიახლის ულტიმატუმს: “დამნებდი და წაეთრიე!“, რითაც ჩიხში შეიყვანს ურთიერთობას, რადგან ლომისთვის დანებება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. რომელი ჭეშმარიტი მონარქი დაიხევს უკან? ბრძოლის ველის მიტოვება საკუთარი თავის მხდლად აღიარების ტოლფასია. ამიტომ მას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ზრდადი დეციბელებით გააგრძელოს გამძვინვარებული ღრიალი. ბოლოსდაბოლოს როდესაც რქაგრეხილი მიხვდება, რომ მის გრეხილებსაც კი არ შეუძლია ლომის ემოციური, მორალური და ფიზიკური ძალის შერყევა, მათ მხოლოდ ბინძური ნალექი დარჩებათ, რომელიც უსასრულოდ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ორივე დრამატული მონოლოგებისა და თეატრალური პოზების დიდი მოყვარულია.

მართალია საბოლოო შედეგებით ლომი იმარჯვებს, მაგრამ წაგებულს არ უნდა აშინებდეს, რომ ლომი მას აღგვის პირისაგან მიწისა. ეს ხალხი საოცარი სულგრძელობითა და კეთილშობილებით გამოირჩევა, განსაკუთრებით მათ მიერ დამარცხებულთა მიმართ. ცხადია, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ვერძმა არ იცის ლამაზად წაგება, მაგრამ თუ ამას ისწავლის, ეს მის ურთიერთობას ლომთან დიდად წაადგება.

ეს წყვილი ჰარმონიული ასტროლოგიური შეთავსებაა, მაგიური 9-5 სქემით და ამდენად თითოეული აცნობიერებს, რომ მისი პარტნიორი ბევრად აღემატება ყველა სხვა, მისთვის ნაცნობ ადამიანს.

რადგან ორივეს აკლია ერთმანეთისგან გულწრფელი აღფრთოვანება, როდესაც საომარი მოქმედებები წყდება და მშვიდობა ისადგურებს, ისინი ყოველთვის მზად არიან ერთამენთს მუდმივი მორჩილება და თაყვანისცემა შეჰფიცონ, რა საკვირველია, დრამატული ფორმით. ბუნებრივია, მომდევნო შებრძოლებამდე, როდესაც ყველაფერი თავიდან დაიწყება.

ოჯახის წრეში, საკლასო ოთახში ან ოფისში, როდესაც ეს ორი ნიშანი ცოლ-ქმარი ან საყვარლები არიან, მათი ურთიერთობა შეიძლება თბილი და ბედნიერი იყოს, სანამ ვერძი ნებაყოფლობით უყურებს ლომს, როგორც დამრიგებელს, მრჩეველსა და მასწავლებელს და სანამ ლომი ვერძს ნაზი მზუნველობითა და სიკეთით უზრუნველჰყოფს, რაც საოცრად ეხერხებათ მზის შვილებს.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობაში ყოველთვის სიმშვიდე არ სუფევს, მთლიანობაში წარმატებული კავშირია. ლომი გულწრფელი და უჩვეულო ქათინაურების შადრევანი აღმოჩნდება, რაც ვერძს ჰაერივით სჭირდება და პირიქით. ვერძსაც და ლომსაც არამხოლოდ სჭირდებათ, რომ მათ აფასებდნენ და უყვარდეთ-ისინი მოითხოვენ ამას. თუ რომელიმე მათგანს აგრესიული მთვარის ნიშანი ან ასცედენტი ჰყავს, მათი შეტაკებები უფრო სერიოზული და მტკივნეული იქნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც, პატიების უნარი ყოველთვის დაეხმარება მათ, გამოსავალი იპოვონ შექმნილი სიტუაციიდან.

კიდევ ერთი დაბრკოლების ლოდი შეიძლება აღმოჩნდეს ლომის გრძელი ნოტაციები, რომლებიც ხშირად იწყება შემდეგი სიტყვებით: “ ახლა მე მომისმინე და აგიხსნი, რამდენად ცდები“. ვერძს ისედაც ხშირად უწევს სხვადასხვა თავდაჯერებული ინდივიდისთვის წინააღდეგობის გაწევა. მსგავს გარემოში მთელი საღამოს გატარების პერსპექტივამ შეიძლება მარსიანული ტემპერამენტის მოკლე ჩართვა გამოიწვიოს. მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. გულის სიღრმეში, ვერძი ძალიან ენდობა ლომს და გულწრფელად აფასებს მის რჩევებს, რომელსაც ლომი ყოველ მიზეზგარეშეც გულუხვად არიგებს. ალბათ, იმიტომ, რომ მას წრფელი სიყვარული ამოძრავებს. ვერძები ულაპარაკოდ საჭიროებენ ხელმძღვანელობას, მხოლოდ სინაზითა და ალერსით შენიღბული ფორმით.

ვერძს ისიც რომ მოეხერხებინა, ლომმა, ბრძანებების გაცემის გარდა, რამე მაინც გააკეთოს, მათი ურთიერთობა უფრო ჰარმონიული გახდებოდა. ვერძი ვერ იტანს ბრძანებებს და მას არც ისე მცირე ძალისხმევა დასჭირდება, რომ უფრო მოქნილი გახდეს და ლომზე ზემოქმედება შესძლოს, რაც უბრალოდ აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ურთიერთობა ძალაუფლებისთვის დაუსრულებელ ბრძოლაში გადაიზრდება.

თუ ეს ორი ნიშანი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს, მათ შორის არაჩვეულებრივი, უნიკალური ურთიერთობა დამყარდება. ლომი კარგად გრძნობს ვერძის უხეში გარეგნობის მიღმა დამალულ საკუთარ თავში დაურწმუნებლობას. ვერძი, თავის მხრივ, დამოკიდებული ხდება ლომზე არა მისი ორგანიზებულობისა და საიმედოობის გამო, არამედ მისი მზიური ბუნების თვისების-ასხივოს სითბო და იცოცხლოს ყოველი წამით. ვერძმა იცის, როგორი ჩვილი და მგრძნობიარე გული აქვს ლომს, მიუხედავად მისი გარეგნული მხნეობისა.

ორივე უპირატესად დინამიური ინდივიდია, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ საინტერესო ცხოვრებით და ხელიდან არ გაუშვან უმცირესი შესაძლებლობებიც კი. მათ იცინ, რომ მაღლა, ბანალური და მიწიერი ყოფისგან სადღაც შორს, ვარსკვლავებიც კი ხუნდებიან. და მართალია, შეიძლება განსხვავებული მიზნები ამოძრავებდეთ, ორივე დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს, (თუ რომელიმეს დაბადებისას ფრთხილი მთვარე არ ერგო, მაგალითად, კირჩხიბი, მორიელი ან ნებისმიერი მიწის ნიშნის).

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სამყარო, რომელიც სხვებმა შექმნეს ან რაღაც ახალი წარმოვისახოთ. ვერძი და ლომი ახალს გამოიგონებენ, შეიძლება ისეთს, როგორიც ბავშვობაში ესიზმრებოდათ. ასეა თუ ისე, შეხვედრისას, ისინი ოცნებას იწყებენ და უკიდურეს შემთხვევაში, ერთად არ მოიწყენენ.

 

 

ვერძი მამაკაცი და ლომი ქალი

Andrew Lloyd Webber & Sarah Brightman

და ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით მათ,

ბაგემოკულთ, უმწეოდ ხელებჩამოყრილთ.

ჯოჯოხეთი მათ თავზე ისევე სწრაფად გაიფანტა,

როგორც გაჩნდა. გაირა როგორც ქარიშხალმა; 

მაგრამ მათ ამაში ბედისწერის ნიშანი ამოიცნეს.

ძუსთან ცხოვრება არ არის მარტივი, უმეტესად მასთან გამკლავება შეუძლებელია. ის შეიძლება იყოს ამაყი, ყრუ, პატივმოყვარე, ეგოისტი და ქედმაღალი. მაგრამ ძლიერიც, ცოცხალი, კეთილი და დიდსულოვანი, თუ მის უპირატესობას არავინ აყენებს ეჭვქვეშ და პატივს სცემენ. მართალია, ის მარტივად არ ნებდება, მაგრამ ვერძ მამაკაცთან, რომელიც მის ღირსებას მოხერხებულად უვლის გვერდს და ღიად გამოხატავს მისდამი აღტაცებას, დედოფალი მოულოდნელად საოცრად თვინიერი ხდება. ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მას პირადად იცნობს, ვერ დაიჯერებს,რომ ასეთი რამ შესაძლებელია.

ასტროლოგია პრაქტიკულად გარანტიას იძლევა, რომ ცეცხლის ამ ორ ნიშანს შორის ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობა იქნება. განსაკუთრებით თუ სინატრიაში მათ მზეებსა და მთვარეებს შორის დადებითი ასპექტებია. ჭეშმარიტად, მათი კავშირი ზეცაში გადაწყდა! თუმცა დაძაბული ასპექტების შემთხვევაშიც, ისინი უჩვეულო მოთმინებას ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ, ეს ხომ 9-5 სქემაა.

ვერძი არათუ არ აღშფოთდება ლომი ქალის ექსტრავაგანტულობით, როგორც სხვა ნიშნის მამაკაცები, წაახალისებს კიდეც ამ თვისებას. რა თქმა უნდა, ლომ ქალებს არ უყვართ,როდესაც ექსტრავაგანტულობასა და თავშეუკავებლობაში ადანაშაულებენ. ისინი მყისვე მოჰყვებიან მტკიცებას, რომ იშვიათი ეკონომიურობით გამოირჩვიან. გაგიკვირდებათ და ლომები მართლაც ეკონომიური მხარჯველები არიან, მხოლოდ ყოველდღიურ, წვრილმან საყიდლებში. თუმცა როგორც კი საქმე ფუფუნების ნივთებს ანუ მსხვილ დანახარჯებს ეხება, თითქოს გონებას კარგავენ. ვერძი ზოგადად უგუნური მფლანგველია როგორც წვრილმან, ისე მსხვილ ხარჯებში. თუ ორივეს ხელგაშლილი მთვარე ან ასცედენტი ჰყავს, წინააღმდეგობა არ წარმოიშვება. თუმცა ასეც რომ არ იყოს, ადრე თუ გვიან, ორივე გამოავლენს მზიური ნიშნების კეთილშობილურ და გულუხვ ჟესტებს. ორივეს ძალიან უყვარს საჩუქრების გაცემაც და მიღებაც.

არაფერია გასაკვირი, რომ ლომზე შეყვარებული ვერძი ხელს უწყობს თავის რჩეულს თანდაყოლილი სიამაყისა და ღირსების შენარჩუნებაში. ვერძი დარწმუნებულია, რომ მისი რჩეული დედოფალივით უნდა იქცეოდეს, რადგან დედოფლის გულის მონადირება კიდევ ერთი გამარჯვებაა მის ბიოგრაფიაში, შეიძლება ყველაზე ღირსშესანიშნავიც. მართალია, ცხვარი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ყველა ქალი მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი, მაგრამ ლომი სულ სხვა შემთხვევაა. აქ მისი მარსიანული ბუნების ყველაზე რბილი მხარეები ვლინდება. ის ძალიან ყურადღებიანი იქნება საყვარელი ქალის სურვილების მიმართ. შეიძლება კვარცხლბეკზეც აიყვანოს და შემდეგ მისი სამეფო კეთილგანწყობით ისარგებლოს. თუმცა ვერძი უფრო თავის გრძნობებს ენდობა და გულწრფელად მიაჩნია, რომ ლომი ქალი ღირსია ქედის მოხრის, რადგან ის ისეთი განსაკუთრებულია… და ისე ჰგავს თავად ვერძ მამაკაცს!

რა თქმა უნდა, მათ შორის წარმოიქმნება უთანხმოებები. მაგრამ ამ ცეცხლოვანი ნიშნების სურვილების დაპირისპირება იმ სულიერი აღტყინებითა და აღმაფრენებით არის შეკმაზული, რომელსაც ყველა სხვა ნაკლის კომპენსირება შეუძლიათ. პერიოდული შეტაკებები ამ ნიშნებს არ აძლევს საშუალებას მოეკიდონ სიყვარულს, როგორც თავისთავად და თვითკმარ გრძნობას. ეს საყვარლები თავიდანვე განიცდიან მოთხოვნას, ხანდახან თავად დამუხტონ თავიანთი ვნებები.

ვერძი მამაკაცი ძალისხმევას არ იშურებს მიზნის მისაღწევად და ხშირად იმდენად კონცენტრირდება საკუთარ სურვილებზე, ლომისთვის თაყვანისცემის საკმარისი ულუფის გამოყოფა ავიწყდება. როდესაც ლომი გრძნობს, რომ სათანადოდ არ აფასებენ, ის ცივი და ინდეფერენტული ხდება. ან საერთოდ ივიწყებს, რომ ქალია და თავს აღარ უვლის, რაც მისი შინაგანი დეპრესიის საგანგაშო და სამწუხარო სიმტომია ან, პირიქით, მთლიანად საკუთარ გარეგნობაზე ერთვება და ღიად იწვევს სხვა მამაკაცებს. მაგრამ ჯერ არ დაბადებული ვერძი, რომელიც მშვიდად ეკიდება საკუთარი ქალის სხვა მამაკაცებთან ფლირტს და მით უმეტესს რეალურ ღალატს. საკმარისია გულში ოდნავ მაინც გაივლოს ეჭვი, ველური სცენები არ დააყოვნებს. თუ მათი ურთიერთობა მყარია, შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს. ორივე ნიშანი ძალიან ეჭვიანია, თუმცა დროდადრო ხან ერთის, ხან მეორეს აზარტულ თავში წამოტივტივდება ანცი იდეა, ნერვებზე წაეთამაშონ ერთმანეთს და თავი მოაჩვენონ, თითქოს სხვა ადამიანით დაინტერესდნენ. ამ მხიარული ექსპერიმენტის შედეგები ისეთივე სახალისოა, როგორც მშიერი გორილას მოღუტუნების მცდელობა.

ლომი ქალი საჭიროებს სიყვარულის ხშირ ახსნას. ყურადღება მიაქციეთ „ახსნას“ და არა სიყვარულში გამოტყდომას. მას უნდა აუხსნან როგორ და რატომ უყვართ. თუ ვერძი ამ პუნქტს დააკმაყოფილებს, ლომი არ იეჭვიანებს, რით არის ის დაკავებული სახლის გარეთ. ვერძი, რომელიც თავის მეგობარ ლომს ანებივრებს, არ ინანებს. ლომი შეიძლება ძალიან მომთხოვნი იყოს, მაგრამ ეს არც ისე საშიშია. მაგრამ თუ მას უგულვებელჰყოფენ, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა. თუ ამ ქალმა გადაწყვიტა, რომ მას აიგნორებენ, წვრილმანებზე გამოკიდებას დაიწყებს. ზუსტად ასევე იქცევა ვერძი, რომელიც, მოჩვენებითი ან ნამდვილი, მძაფრი გაღიზიანებით თითქმის ბავშვურ მოთხოვნებს აყენებს და ყველაფერზე იბუტება, როდესაც ფიქრობს, რომ ის არასაკმარისად უყვართ ან სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. უმადურობა ვერძში ცეცხლოვან რისხვას, ლომში ყინულოვან წყენას იწვევს. ორივე ნიშანს პატივისცემისა და გაღმერთების ჰიპერტროფირებული სურვილი აქვს. როდესაც გარესამყაროში პირფერობის უკმარისობას აწყდებიან, რაც იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, ისინი ერთმანეთს უვსებენ ამ დანაკლისს.

სექსუალური ურთიერთობის კუთხით ისინი არაჩვეულებრივად კარგად ეწყობიან ერთმანეთს. დაუცხრომელი ვნებები ნაზი მგრძნობიარობის გამოვლენის მოთხოვნით იცვლება. ორივე ჭეშმარიტი საყვარელია, თანაც იდეალისტი. ლოყაზე ნაზი კოცნა ორივესთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური სიყვარულის უფრო თავაწყვეტილი გამოვლენა. ვერძი მამაკაცი შეიძლება საკუთარ თავში აერთიანებდეს ჭარბ სენტიმენტალიზმსა და მხურვალე ვნებებს, რაც საპასუხო გრძნობებს იწვევს ლომ ქალში.

თუ რამეს მათ იდეალურ სექსუალურ ურთიერთობაზე ჩრდილის მიყენება შეუძლია, ეს არის ლომის წარსული ვნებების გაელვებები. ამ ნიშნის ქალებში ძველი გრძნობები არასოდეს კვდება. თუმცა იმიტომ კი არა, რომ ძველი რომანის განახლება უნდათ, ისინი გარდასულ თაყვანისცემისა და გაღმერთების მოგონებებს ვერ ელევიან, რომელიც არასოდეს ხუნდება მათ მეხსიერებაში. თუ ვერძი ლომის შენახულ სასიყვარულო წერილებს გადააწყდა, რომელსაც ის საიდუმლოდ ინახავს და დროდადრო კითხულობს რომანტიული განწყობის შესაქმნელად, ის ისეთივე გულნატკენი და განრისხებული იქნება, როგორც რეალური ღალატისას, სხვა მამაკაცთან რომ შეესწრო. ვერძი სარკაზმნარევი საყვედურით დაინტერესდება, კიდევ ცოცხლობს თუ არა მასში ძველი გატაცებები. რადგან ლომი აუცილებლად ცოტას წაიტრაბახებს, ვერძი თავის ნალოლიავებ ილუზიას დაკარგავს, რომ ის ერთდერთი კაცია, რომელმაც ლომის გულის დაპყრობა შეძლო. ილუზიის გაქრობა კი სერიოზულ ბზარს გააჩენს მათ სექსუალურ ჰარმონიაში.

ვერძი მამაკაცი გამარჯვებული უნდა იყოს სასიყვარულო და ნებისმიერ სხვა თამაშში. მასაც მოსწონს როდესაც ყურადღებას აქცევენ წვეულებებზე და ამიტომ ბუნებრივია, თავადაც მშვენივრად ამჩნევს მასზე აღფთოვანებით მიშტერებულ ქალებს (ვერძები ეგოისტები კი არა, ცოტა თავქარიანები არიან). და რა მოხდება თუ?..  რას კითხულობთ?! გახსოვთ? ლომს სურს, რომ ყველამ იცოდეს, როგორ აღმერთებენ მამაკაცები, რომელთაც ნება დართო, შეეყვარებინათ. ამიტომ ვერძის მხრიდან უკიდურესად სულელური ნაბიჯი იქნება, დაამციროს სხვა ქალების წინაშე, თუნდაც ყველაზე უბოროტო განზრახვებით. ეს ქალი არავის მხრიდან არ დაუშვებს საკუთარი ღირსების ხელყოფას. ის ოდნავადაც არ ეჭვობს, რომ მისი ქმარი თუ საყვარელი აღმერთებს მას, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია სხვებმაც იცოდნენ ეს. აბა, გაბედოს ვერძმა და ხალხის თანდასწრებით თუნდაც ფორთოხალი გაუფრცქვნას სხვა ქალს. მისი მხიარული, მზიური და ნაზი სატრფო იმ წუთასვე აგრესიულ კატად ან ყინულოვანი განსჯის განმასახიერებელ მოქუფრულ მონუმენტად გადაიქცევა. ხოლო როცა მარტონი დარჩებიან, მწვავე სკანდალი გაღვივდება.

მაგრამ ლომის თვალებზე ცრემლებიც ვერ მოასწრებს შეშრობას, ისე შერიგდებიან. და ვერძი ისევ ეტყვის, რა ძვირფასია მისთვის; ლომი კი გაუმხელს, როგორ სჭირდება ის და ორივე უკვე მერამდენედ აღიარებს, რომ დედამიწის ზურგზე არაფერია მათ სიყვარულსა და მეგობრობაზე მნიშვნელოვანი. ვერძიც და ლომიც დაჯილდოებულნი არიან ღმერთების ყველაზე დალოცვილი წყალობით-იყვნენ არამხოლოდ საყვარლები, არამედ საუკეთესო მეგობრებიც თავიანთი რჩეულებისთვის. ისინი შეიძლება რიგრიგობით, უნებურად აწყენინებდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმავდროულად სრული ურთიერთნდობა აქვთ და ამ არაჩვეულებრივ თვისებას მთელს ზოდიაქალურ წრეში მხოლოდ ვერძი და ლომი ფლობენ.

იმპულსური ვერძი მყუდრო ბინას დაიდებს ლომის გულში. ძუ მას სამეფო დიდებულებით დაასაჩუქრებს, რის პასუხადაც ვერძი მიუძღვნის… თავს! სრულიად საკუთარ თავს! იმას, რაც არასოდეს არავისთვის მიუცია, სანამ ლომს შეხვდებოდა.

ვერძი ქალი და ლომი მამაკაცი

Jennifer Garner & Ben Affleck

_რა ჭკვიანი ვარ! _ ჭყიპინებდა ის. _ რა ჭკვიანი ვარ! გაგიჟება შეიძლება! -დაიყივლა ბოლო ხმაზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ საშინელი კუდაბზიკა იყო. ვენდი გაოცებული უყურებდა.

_შე მკვეხარავ! _წამოიყვირა მან  _ მე, რა თქმა უნდა, შენი აზრით, არაფერი გამიკეთებია?

_ჰო, რაღაც შენც გააკეთე.

ვერძისა და ლომის სასიყვარულო კავშირი, შესაძლოა ტკბილი და ჯადოსნური გახდეს, მაგრამ ემოციურ შტურმებს თავიდან ვერ აიცილებენ. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თითოეულის სიამაყე შეუვალ ყინულოვან ბლოკს მოგაგონებთ. მაგრამ ორ მზიურ ნიშანს შორის ყინული სწრაფად დნება, ცა ღრუბლებისგან იწმინდება და კვლავ კარგი დარია.

ეს ხშირად ასე იწყება: ლომი პირდება, რომ ხუთ საათზე დარეკავს. რეკავს ღამის თორმეტ საათზე და არაფრის ახსნა არ სურს. შემდეგ მიუთითებს, რომ ვერძი გრამატიკულ შეცდომებს უშვებს ლაპარაკისას,ზედმეტ კოსმეტიკას ხმარობს და ბოლო აკორდად, უბრძანებს გაჩუმდეს, მოუსმინოს და შეეცადოს, შეიცვალოს.

ბუნებრივია მათ შორის ყრუ კედელი აღიმართება. ვერძს აცოფებს ლომის აუტანელი თავდაჯერება და მოულოდნელად გადაწყვეტს მიატოვოს. ვის რაში სჭირდება ასეთი? და ასეც მოიქცევა. თუმცა კარგად ესმის, რომ საკუთარი გარეგნული დამოუკიდებლობის მიუხედავად, ისეთი ადამიანს იპოვა, რომელიც ხვდება, რომ ეს ასე არ არის.

არაფერი კარგი არ გამოვა, თუ ვერძი მას მოუსავლეთში გააგზავნის. მას შემდეგ, რაც ვერძს თავი გაუგრილდება, მას გაახსენდება, როგორ თბილად და მზრუნველად ჟღერდა ლომის ხმა, როდესაც დარეკა, მერე რა, რომ გვიან? ისიც გაახსენდება, რამდენი რბილი ირონია იყო ლომის ხუმრობებში მის თვალის ჩრდილებთან დაკავშირებით. შეიძლება ეს ნაზი მზურნველობა იყო და არა აუტანელი ქედმაღლობა? იქნებ ჯობია აპატიოს? ბოლოსდაბოლოს ასეც მოიქცევა. მისი გული დაპყრობილია.

გარკვეული დროის შემდეგ ლომი შეწყვეტს დაუსრულებელ შენიშნვებს ვერძის უვიცობასთან დაკავშირებით, რაზეც ცხვარს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ვერძი თავად გაოცდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ სიამოვნებს ასეთი დამოკიდებულება. ცხადია, რაც სიახლის ეფექტი გახუნდება და ვერძი ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვება, ის არაერთხელ შეეცდება რევანშის აღებას, უბრალოდ პარიტეტის დასაცავად. მაშინ „დიდი კატა“ იგრძნობს, რას განიცდის გალიაში გამომწყვდეული ლომი, როდესაც მომთვინიერებელს უყურებს: თავიდან გაკვირვებას, შემდეგ გაღიზიანებას და ბოლოს მძვინვარებას. მაგრამ საბოლოო ჯამში მოთვინიერებულია. სინამდვილეში ლომი მშვიდად ეკიდება ვერძის ველურ ტემპერამენტს, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ საკუთარი ავიწყდება, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. სად გაგონილა მარსმა მზე დაჩრდილოს?

ეს ძლიერი მაგნიტური შეთავსებაა, 9-5 სქემით, ამიტომ როდესაც ორ მზიურ ნიშანს ვენერა ეწვევა, ბობოქარ სასიყვარულო სცენებს უნდა ველოდოთ. იქნებ ის მივიწყებული, ღრმად დამარხული ოცნებები არც ისე მიუღწეველია? მარსის თავდაჯერებას მთების გადადგმა შეუძლია! რაც შეეხება ვერძის მიდრეკილებას, უკარნახოს სხვებს ქცევის წესები და გამომწვევ დამოუკიდებლობას, მათ მიღმა იმალება მისი ფარული სურვილი, ვინმემ სწორ გზაზე დააყენოს. განა ლომი არ ფლობს სხვების ცხოვრების ორგანიზებისა და მათი შეცდომებისგან დაცვის მოჭარბებულ უნარებს? ვერძი ქალი მისთვის ნამდვილი გამოწვევაა და რომელ გამოწვევაზე უთქვამს ლომს უარი? ვერძმა შეიძლება შეარყიოს მისი მამაკაცურობა რამდენიმე მძიმე დარტყმით, მაგრამ ლომები სულაც არ არიან სუსტები. მან ყოყლოჩინას ადგილი უნდა მიუჩინოს. მას შემდეგ, რაც ლომი მარსის ენერგიას საჭირო კალაპოტში მიმართავს, შეუძლია მშვიდად იყოს. არც ვერძი რჩება ვალში და მისთვის საჭირო ცეცხლით უზრუნველყოფს, როცა ლომი ამას საჭიროებს… და მაშინაც, როცა არ საჭიროებს.

იმის გამო, რომ ლომი პრაქტიკულია და პასუხიმგებლობის გრძნობა აქვს (მუდმივი ნიშანია), ვერძი ხშირად დაადანაშაულებს მას უბრადრუკობასა და სიჩლუნგეში. ვერძის დინამიურობისა და აქტიურობის გამო (კარდინალური ნიშანია), ლომს ხშირად მოეჩვენება, რომ ის დამქანცველია. მათი კამათის უმეტესობა მათდა უნებურად ქვეცნობიერ დონეზე წარმოიშვება (იშვიათად გაცნობიერებულად), წმინდად პირადი სიამოვნებისთვის, თავი მოიწონონ და ერთმანეთის გრძნობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ. შერიგება აღტაცებით იქნება სავსე. მათი მეგობრები არაერთხელ გაიკვირვებენ, რატომ არიან კვლავ ერთად, მაგრამ ვერძმა და ლომმა ხომ იციან რატომაც.

ბუნებრივია, მათი ცხოვრება არ გადაიქცევა დაუსრულებელ კონფლიქტად. ისინი უთვალავ არაჩვეულებრივ, სასიხარულო და გიჟურ წუთს განიცდიან ერთად. ვერძი ქალის ბუნებრივი უშუალობა უცნაურად ეხება ლომი მამაკაცის რომანტიული გულის პასუხისმგებლობის სიმებს. ვერძის აღფრთოვანებული განწყობა საოცრად გადამდებია, განსაკუთრებით ლომისთვის, რადგან თავადაც მზის ენთუზიაზმით არის დაჯილდოებული. ვერძი ზოდიაქოს სიმბოლური ჩვილია, ამიტომ მისი გულუბრყვილობა და უმანკოება სინაზის ღრმა წყაროებს აღვიძებს ლომის გულში. მას სურს დაიცვას ეს მამაცი სული, რომელსაც, პატარა ბავშვივით მცირედი წარმოდგენაც კი არ აქვს უამრავ საფრთხეზე, რომელიც მას ემუქრება. ლომი დაეხმარება ვერძს უსიამოვნებების თავიდან აცილებაში თავისი სიბრძნისა და მოწიფული გონების წყლობით, რადგან ზოდიაქოს კარმულ ბორბალზე, რომელიც უკნიდან წინ მოდის, ლომი წინ უსწრებს ვერძს.

მას შემდეგ, რაც ვერძი საკუთარ ძვირფას თავზე ლომის საიმედოობას განიცდის, ის განუდგება თავისი მზის ნიშნის ბავშვურ არსს, უარყოფს კაპრიზებს, შეწყვეტს ფეხების ბაკუნს და თავიდან ამოიგდებს შიშს, რომ წაიქცევა და წამოდგომაში არავინ მიეხმარება. ლომი ყოველთვის მის გვერდით იქნება და მძლავრ თათსაც შეაშველებს. ის მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ვერძიც დაწყნარდება, შერბილდება და მოთვინიერდება… მარსიანელი ქალები ეთაყვანებიან ძალას, როგორც ფიზიკურს, ისე მორალურს და თუმცა ყოველთვის მორჩილების წინააღმდეგ იბრძოდა, ის მიენდობა ამ მამაკაცს.

ვერძი და ლომი საოცარ უნარს ფლობენ დააკმაყოფილონ ერთმანეთის ფიზიკური მოთხოვნები, რომელიც მუდმივი ემოციური გახურების პირდაპირპროპორციულად იზრდება. სექსუალური გამოცდილება ორივეზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, რადგან თითოეულს შეუძლია მისცეს მეორეს ის, რასაც ორივე ელოდება ინტიმური ცხოვრებისგან: მხურვალე ვნებისა და მგრძნობიარე სიყვარულის მიქსტურა, რასაც ასე იშვიათად შეხვდებით ჩვენს დროში. ადამიანთა უმეტესობას ან მხოლოდ ერთი მოცემა შეუძლიათ, ან მეორესი.. და არასოდეს ორივესი ერთად.

თუმცა ლომი არასოდეს გამოეთხოვება თავისუფლებას. მას სურს შეუზღუდავად იხეტიალოს ჯუნგლებში და ეჭვიანობის ჯაჭვებს არად დაგიდევთ. ასეთივეა ვერძიც. მაგრამ რა ფასად უჯდებათ ეს თავისუფლება ამ შემთხვევაში?.. საქმე არც ისე მარტივადაა. ვერძს მოუწევს, ხეტიალის ნება დართოს საკმაოდ გრძელ თოკზე. ლომი კი მას იმდენად მოკლე ჯაჭვზე დააბამს, რამე რომ იყოს, თავის ჩამოსახრჩობადაც არ ეყოფა. სიამაყის მოთოკვა ლომი მამაკაცისთვის გაცილებით რთულია, ვიდრე ვერძი ქალისთვის. მორჩილება-ეს ღირსებაა, რომელსაც ლომი ყოველთვის ქადაგებს და რომელსაც თავად აბსოლუტურად მოკლებულია. ვერძს მოუწევს პირველმა აპატიოს და შეეცადოს, გაუგოს. მე მას წარმატებას და მხნეობას ვუსურვებ, რადგან ორივე აუცილებლად დასჭირდება.

მათი სექსუალური შეთანხმებაც ვერ აუვლის გვერდს მძიმე დარტყმებს. ვერძ ქალს ერთი უცნაურობა ახასიათებს. მან იცის, რამდენად მცირე შანსი აქვს უბიწო ყმაწვილს შეხვდეს, მაგრამ იცის მხოლოდ თავით. მის გულში, რომელსაც მარსი მართავს, სხვა შეხედულებები ცხოვრობს. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მას ურჩევნია იფიქროს, რომ ის პირველი ქალია, რომელსაც ლომი შეეხო, რომელსაც სასიყვარულო სიტყვები ჩასჩურჩულა და რომელსაც დაეუფლა. თუმცა რადგან ლომისთვის მშვენიერი გოგონებით გატაცება ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა, ვერძის იმედებს გამართლება არ უწერია. ვერძი მონდომებით იმახსოვრებს ყველა ცნობას ლომის წარსულიდან: სახელებს, თარიღებსა და მოქმედების ადგილებს. დიახ, ის სხვა ქალებთანაც იზიარებდა სარეცელს. ვერძი მიიღებს ამ ფაქტს, თუმცა მისთვის მტკივნეული იქნება. ცხვრები ყოველთვის მხნედ ხვდებიან უსიამოვნებებს, როგორც კი გააცნობიერებენ, რომ ეს გარდაუვალია. მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი ისიც იფიქროს, რომ ლომს ეს მოეწონა. იქნებ შეაცდინეს? იქნებ ვიღაც ცბიერმა წაკლამ დაათრო, ხელები საწოლზე მიუჯაჭვა და გააუპატიურა? საწყალი ლომი, ალბათ, დიდხანს ეწინააღმდეგებოდა და ის კოშმარული წუთები დღემდე აჩრდილივით დასდევს.

მაგრამ ლომი სულაც არ აპირებს ამ ილუზიის კვებას. ის ზედმეტად ამაყი და მართალია. არა, ის არავის დაუბამს ოთხი კვანძით და მაჯებიც არავის გადაუმტვრევია მისთვის. გახსოვდეთ,ჩვენ ვსაუბრობთ ლომის წარსულ სასიყვარულო გამოცდილებაზე, თორემ ვერძი რომ ლომს ან ნებისმიერ სხვა ნიშნის მამაკაცს აწმყოსა და მომავალში ღალატს აპატიებს, ფანტასტიკის სფეროა. ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ლომის პატივმოყვარეობის სიმებზე თამაშით, ვერძი მას წარსულ სექსუალურ კავშირებზე ინფორმაციას დასცინცლავს, ლომი სასწრაფოდ დააყოლებს, რომ თავისი გული არც ერთი გოგონასთვის მიუცია, მასთან შეხვედრამდე. სავარაუდოდ, ვერძი ამ წინადადებას ვერ გაიგებს, რადგან მისი გონება ველური ორგიების წარმოსახვით იქნება დაკავებული. ზღაპრული რაინდის ბრწყინვალე მუზარადი წამსვე დაჟანგდება, ხოლო მისი თეთრი რაში ნაცრისფერ ვირად გადაიქცევა! ამ დამსხვრეულ ოცნებას მარტივად შეუძლია ვერძი-იდეალისტისა და ლომი-გამოცდილი საყვარლის სექსუალური ჰარმონია დაარღვიოს. ვერძის წარსული? ოოო, ეს სულ სხვა თემაა! და ის ათას მიზეზს მოძებნის, რომ ამ მასზე არ ილაპარაკოს.

მსგავსი სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ორი ეფექტური გამოსავალი: პირველი დამოკიდებულია თავად ვერძზე, რომელმაც უნდა შეიგნოს, რომ აწმყო, თუ ის მყარი და მშვენიერია, არ უნდა დაჩრდილოს წარსულმა, რომელიც დიდი ხანია დავიწყებულია. მაგრამ მარსის ტიპური ტემპერამენტისთვის ასეთი გადაწყვეტილება თითქმის შეუძლებელია. ეს ვერძის ბუნებას ეწინააღმდეგება, თუ მას უფრო ობიექტური მთვარე ან ასცედენტი არ ჰყავს, მაგალითად, ტყუპებში ან სასწორში. წყლის მთვარე და ასცედენტიც დაეხმარებოდა, მაგრამ მაშინ ვერძი ზედმეტად დამოუკიდებელი და აგრესიული იქნება, რაც ხელს შეუშლის ლომთან ურთიერთობაში და სრულიად სხვაგვარ პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ისევ ლომის ხელშია: მან რაც შეიძლება ხშირად უნდა ისაუბროს თავის ნეგატიურ განცდებზე წარსულ სასიყვარულო ურთიერთობებში და არ დაიღალოს ვერძის „სექსუალური უნარებისა და საჩუქრების“ ხოტბის შესხმით.

ვერძის გულწრფელი აღტაცება ლომის მხნეობით, საიმედოობითა და სიბრძნით, ერთი ათად ამყარებს მის მამაკაცურობას. ლომის მტკიცე უარი, დაემორჩილოს ვერძს, მასში ფარულ ქალურობას აღვიძებს, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. მართალია ვერძი შეიძლება თვინიერი გახდეს, მაგრამ ლომი არასოდეს იტყვის უარს საკუთარ ინდივიდუალობასა და დამოუკიდებლობაზე, მისი გულისთვისაც კი. ის საჭიროებს ქედი მოუხარონ, რომ თავისი მარად მშიერი „ეგო“ კვებოს. ვერძისთვის კი ქედის მოხრა სისუსტის ნიშანია, რომელიც არასოდეს დასჭირვებია. სამაგიეროდ, ლომი მიანიჭებს ამოუწურავ შესაძლებლობებს ამ თვისების განსავითარებლად. ვერძმა იცის, რომ მისი რჩეული მასზე ძლიერია და სწორედ ეს იზიდავს ლომში. მაგრამ თუ ლომი თავის ძალას გადაჭარებული აგრესიით იყენებს, ეფექტი სრულიად საპირისპირო იქნება. ვერძი არასოდეს დასთანხმდება მამაკაცის ფეოდალურ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ მე ვურჩევდი დამორჩილებოდა და მაშინ ერთ მშვენიერ დღესაც მისი მბრძანებელი და ბატონი გაანთავისუფლებს მას.

ვერძს ძლიერ ეყვარება, სათანადო პატივს მიაგებს და აღტაცებული იქნება ლომი მამაკაცით. მაგრამ ამისგან სულაც არ მოიკლებს მისი თავმოყვარეობა. შეიძლება რჩევის კითხვა და მოსმენაც ისწავლოს, მაგრამ მაინც თავისებურად მოიქცევა. გარდაუვალია ისეთი მომენტებიც, როცა ვერძს ცხელ თავზე ცივ წყალს გადაასხამენ, მისი იმედების დაცინვით. არც ლომის სიამაყე დარჩება უვნებელი, როდესაც ვერძი გაბედავს და ნოტაცია-მონოლოგს შეაწყვეტინებს ან რჩევას არ დაეკითხება. მაშინ ლომის მას სამეფო მედიდურებით გაყინავს, ვერძი კი ბობოქარი რისხვით გააცოფებს. მაგრამ როცა ლომი დადნება და ვერძს გაცეცხლება გადაუვლის, მათ გულებში კვლავ ბედნიერება დაბრუნდება.

როგორც ხშირად ხდება, ყველა სხვა წყვილში, რომელიც 9-5 ფორმულით ურთიერთობს, ვერძი და ლომი მალე მიხვდებიან, რომ მათი თავდაპირველი მიზიდულობა უფრო ღრმა სიყვარულისა გრძნობაში გადაიზრდება, რადგან ამ კომბინაციას მეხუთე და მეცხრე სახლების სიმბოლური მმართველები მფარველობენ: მზე და იუპიტერი. 9-5 ნიშნების შეთავსება ამ ორი ძლევამოსილი და „კეთილი“ ციური სხეულის სხივებით არის დაცული და გამთბარი. თუ თქვენ დიდი ხნით, ისე გიყვართ ერთი ადამიანი,რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ ამ მთავარის დამატებად გეჩვენებათ, თქვენ უკეთესად გესმით სხვების გრძნობების. გესმით, როგორ გრძნობენ თავს მარტოხელები. თქვენ რატომღაც ისიც გინდათ ყველას გაუზიაროთ თქვენი ბედნიერება და სიხარული.

სიყვარული ვარსკვლავების წყალობაა ვერძისა და ლომისთვის და ამას ამტკიცებს ის, რასაც ერთმანეთის თვალებში ხედავენ. ლომი ხედავს საკმარისად სათუთ ქალს, რომელიც მის ბრძნულ მართვას საჭიროებს, თუმცა, იმავდროულად, საკმარისად დამოუკიდებელს, რომ გამოწვევა გამოუცხადოს და ენერგიით დამუხტოს. ვერძი ხედავს მამაკაცს, საკმარისად რბილს, რომ მას ნაზად მოეპყროს და საკმარისად ძლიერს, რომ დაიცვას და მართოს. ვერძსა და ლომს შორის არ არის ღრმა წინააღმდეგობები. ამ ორ ნიშანს შორის სიყვარულის დაბადებისას, მშვიდობა დაისადგურებს, როგორც ბიბლიურ წინასწარმეტყველებაშია: „როდესაც კრავი ლომს მიუწვება…“

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top