ქრისტიანობა

ქრისტიანობა

მაცხოვრის ფრესკა ვარძიის მონასტრიდან.

ქრისტიანობა

მსოფლიო რელიგიებიდან ქრისტიანობას მისი მიმდევრების რაოდენობით პირველი ადგილი უკავია დღესდღეობით. უკვე დაახლოებით 2000 წელია, რაც ეს რელიგია არსებობს, ჰყავს მრავალი მიმდევარი და ქრისტეს აღმსარებლები, შეუდგებიან რა თავიანთი მოძღვრის მიერ მითითებულ გზას და გულით იღებენ იესო ნაზარეველის სწავლებას, გაიაზრებენ თუ რატომ ირჩევენ სწორედ ამ გზას. ქრისტიანის რწმენით, რა მოიტანა იესომ?

როდესაც რომის იმპერიას ოქტავიანე ავგუსტუსი მართავდა, პალესტინის მიწაზე ცხოვრობდა ქალი, რომლის მეშვეობითაც უნდა აღსრულებულიყო დიდი საიდუმლო – კაცობრიობის მხსნელის მოვლინება. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა და მოსწყდა უცოდველ მდგომარეობას, თავად ღმერთს, ის მუდამ ეძებდა მხსნელს. მაგრამ მხსნელს რისგან? ქრისტიანთათვის გამოხსნა უნდა მოხდეს ცოდვისგან, რომელიც ადამიანში თავდაპირველად არ ყოფილა, ღმერთმა ის არ შექმნა დაცემული ბუნების მატარებლად, არამედ მოგვიანებით დაშორდა ღმერთს ბოროტისგან, უფალს განდგომილი ეშმაკისგან ცდუნების შემდეგ. კაცობრიობა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ატარებდა ხსოვნას მომავალი ხსნის შესახებ. და გამოარჩია უფალმა ღმერთმა ხალხი, რომელთა მამამთავრებმა შეისმინეს მისი და ღირსნი გახდნენ მათ ჩამომავლობაში გამოჩენილიყო მხსნელი, მესია(ებრ.ცხებული), ის ვინც ცხებული იქნებოდა მეფობისთვის. მაგრამ რომელი მეფობისთვის?..

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის მიწურულს პალესტინაში ქალწულს, სახელად მარიამს ახარა უფლის ანგელოზმა, რომ მუცლად იღებდა და შობდა კაცობრიობის მხსნელს. თავად სულიწმინდისგან, ღვთის ყოვლისმაცოცხლებელ სულისგან დაორსულდა მარიამი. დააქორწინეს იგი იოსებზე, რომელსაც დაევალა ეპატრონა მისთვის. როდესაც ქალწულმა მარიამმა გააჩინა ვაჟი და დაარქვეს მას იესო, ჩვილს საფრთხე მალევე დაემუქრა. იუდეველთა მეფემ, ჰეროდემ როდესაც შეიტყო, რომ მომავალი მეფე გაჩნდა, განიზრახა მისი მოკვლა. წმინდა ოჯახი იძულებული იყო გაქცეულიყო ეგვიპტეში და დალოდებოდა ჰეროდეს სიკვდილს. და ეს ჩვილი, რომელიც გაჩნდა არა სამეფო დარბაზებში, არამედ საქონლის ბაგაში, რადგან ქალაქ ბეთლემში, სადაც ის დაიბადა, არ მოიძებნა სახლი მშობიარობისთვის, ბავშვი, რომელსაც ქვეყნიდან გარიდება მოუწია, რათა არ მოეკლათ, ეს ბავშვი უნდა ყოფილიყო მეფე? ქრისტიანობა აცხადებს, რომ კი. მაგრამ მეფე გაცილებით აღმატებული, ვიდრე რომელიმე ქვეყნის, ხალხის ხელისუფალი. წლების შემდეგ ეს ადამიანი გააცხადებს, რომ მისი სამეფო არაამქვეყნიურია.

სინამდვილეში ის ყოველი არსის მპყრობელი და უფალია, რომელიც ვერ შეიცნეს ადამიანებმა. ქრისტიანობა არ არის ამ ქვეყნის, ანუ საფუძველს არ ეძებს ამ ქვეყნიერებაში, მას არ აცხადებს საფუძველთა საფუძველად და რწმენის საყრდენად… როდესაც იესო მოევლინა ამ ქვეყანას მარიამისგან, ძე ღვთისა და ძე კაცისა, მას ეახლნენ აღმოსავლელი მოგვები, რომელთაც ციურ სხეულებზე დაკვირვებით შეიტყვეს მისი დაბადებისა და ადგილსამყოფელის შესახებ. სიმბოლურია მათი საჩუქრებიც, რომლებიც მიართვეს ყრმა იესოს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც უმაღლეს მღვდელმთავარს, სასულიერო ხელისუფალს, და მური როგორც მას, ვინც უნდა მოკვდეს და დაიკრძალოს. მაშინვე გაცხადდა, რომ იესო არის მეფეც ყოვლისმპყრობელი, უმაღლესი სასულიერო ხელისუფალიც და იმავე დროს სრული ადამიანიც, რომელმაც სიკვდილი უნდა იგემოს. სიკვდილი ადამიანთა გამოსახსნელად.

Maestà. XIII-XIV საუკუნეების იტალიელი ოსტატი დუჩო დი ბუონინსენია.

გადის დრო, ჰეროდე კვდება და წმინდა ოჯახი – იოსები, მისი ცოლი ქალწული მარიამი და ყრმა იესო ბრუნდებიან სამშობლოში. იესოს ცხოვრების ადრეული წლების შესახებ მწირი ცნობებია, რადგან მთელი ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება მისი მსახურების წლებს. ოცდაათი წლის იქნებოდა, როდესაც იგი მიდის თავის ნათესავთან, იოანესთან, რომელიც წყალში ნათლავდა ხალხს და ამზადებდა მესიის მისაღებად.

იესო იოანეს ხელიდან იღებს ნათელს და ამით მზაობას გამოთქვამს შეუდგეს მსახურებას. ამ მოქმედებით და ქადაგებით მოუწოდა იესომ ადამიანებს, რომ მიიღონ ნათელი, ხელახლა დაიბადონ, ანუ განიცადონ სულიერი გარდასახვა, რათა იწოდებოდნენ ნათლის შვილებად. ნათლობით, გულში მომხდარი ცვლილებით მორწმუნე ქრისტიანი იღებს იესოს და აღიარებს მას მოძღვრად და ღვთის ძედ. თავად მამა გააცხადებს ნათლობისას, რომ იესოა ძე მისი საყვარელი და გადმოვა მასზე სული ღვთისა.

იესო გადის საქადაგებლად, უპოვარი, მოხეტიალე მოძღვარი, რომელიც მითქმა-მოთქმას და მღელვარებას იწვევს ხალხში. ებრაელები, რომლებიც იმ დროს რომის იმპერიის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ნატრობდნენ შეპირებულ მესიას, ძლევამოსილ განმათავისუფლებელს, რომელიც მოაშორებდა მათ მონობის უღელს და მიანიჭებდა თავისუფლებასა და კეთილდღეობას. და ამ დროს ჩნდება კაცი, რომელიც თავს აცხადებს ცხებულად და ქადაგებს ყოველი ადამიანის სიყვარულს, როგორც მოყვრისა, ისე მტრისაც. და ყოველ ადამიანს აცხადებს მოყვასად, რომელიც უნდა გიყვარდეს ისე, როგორც საკუთარი თავი. ხოლო უპირველეს მცნებად შეახსენა ადამიანებს, რომ შეიყვარონ უფალი ღმერთი მთელი თავისი გულით, სულით და გონებით.

ნეტარების ღირსად გამოაცხადა სულით გლახაკნი, საკუთარ ცოდვებზე მგლოვიარენი, სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, მოწყალენი, გულით წმინდანი, მშვიდობისმყოფელნი, სიმართლისათვის დევნილნი, მისთვის, ანუ იესოსთვის დევნილნი, რადგან თავად ის არის ჭეშმარიტება. იოანეს სახარებაში ამოვიკითხავთ შვიდ განსაზღვრებას, თუ რას ამბობს იესო საკუთარ თავზე: „მე ვარ პური სიცოცხლისა“, „მე ვარ ნათელი ქვეყნისა“, „მე ვარ კარი ცხვართა“, „მე ვარ მწყემსი კეთილი“, „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“, „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი“. სინანულისკენ მოუწოდებს იესო, რათა დაინახონ ადამიანებმა თავიანთი შინაგანი, სულიერი დაცემა და დაიწყონ სვლა ღვთისკენ, დაიბრუნონ შინაგანი სიწმინდე, ბოროტისკან წართმეული.

სიყვარულს ქადაგებს იესო, თავად ხორცშესხმული სიყვარული, რომელიც ვერ იცნო ქვეყნიერებამ და სიკვდილით დასაჯა ამისთვის. მეტისმეტად არაამქვეყნიურია მისი სწავლება და არამიწიერი მიზანი დაუსახა ადამიანებს. იესო ქრისტე არ შეხებია მიწიერი ცხოვრების მოწესრიგებას, რადგან აქედან არ იწყება ადამიანის აღდგენა. ადამიანი დაცემულია სულით და სულს სჭირდება მკურნალობა. ამ წარმავალ ქვეყანას არ უნდა მისცეს სული კაცმა, ის სტუმარია აქ და მოწოდებულია დაუბრუნდეს ღმერთს, უარყოს საკუთარი თავი უფლისთვის, რათა კვლავ შეიძინოს იგი. ამას არ ელოდა ბევრი, მაგრამ ბევრმაც გულით იწამა და გაყვნენ მას. იესო ებრაელი იყო, ებრაელ ერში გამოჩნდა იგი როგორც მხსნელი, სრული ადამიანი იყო იგი, სამყაროს დასაბამიდან არსებული, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა ყოველივე. მოსეს რჯული, რომელიც ძველ აღთქმად გამოცხადდა ქრისტიანობაში, მსგავსია მთვარისა, ხოლო ახალი აღთქმა, იესოსგან დადგენილი – მზისა. როგორც მთვარე ირეკლავს მზის სინათლეს, მაგრამ თავად კი არ გამოსცემს მას, ისე ირეკლავს ძველი აღთქმის რჯული ღვთაებრივ სინათლეს, თუმცა თავად არ არის მისი წყარო. ხოლო იესო კი თავად არის წყარო სინათლისა, მზე ახალი აღთქმისა, რომელიც გამობრწყინდა. მან თავად შეისხა ხორცი და ის არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის.

გელათის ოთხთავის მინიატურა.

მაგრამ მხოლოდ ქადაგება არ იყო საკმარისი ადამიანისთვის ხსნის მისანიჭებლად. საჭირო იყო უფრო მეტი – კაცობრიობის ცოდვის აღება საკუთარ თავზე და სიკვდილი ადამიანის გულისთვის. და აქ გაცხადდა ღვთაებრივი სიყვარულის საიდუმლო: როდესაც ღმერთმა თავის მორჩილს, ებრაელთა მამამთავარს, აბრაამს, უბრძანა, რომ შეეწირა მისთვის ერთადერთი შვილი, ისაკი, აბრაამი მორჩილად დაჰყვა უფლის ბრძანებას. წაიყვანა მხოლოდშობილი ვაჟი მთაზე და თან წაიღო შეშაც, მსხვერპლის დასაწვავად. ვაჟის შეკითხვაზე, თუ სად არის შესაწირი კრავი, მამა პასუხობს, რომ ღმერთი გამოაჩენს აღსავლენ კრავს.

ისაკმა ჯერ არ იცის, რომ თავად უნდა გახდეს შესაწირი, აბრაამი კი ელის გამოსაჩენ კრავს. და, აი, ღმერთი არ იღებს მისგან შესაწირს ისაკის სახით, რადგან ხვდება, აბრაამმა უკვე გაიმეტა შვილიც კი ღმერთისთვის. მისი რწმენა უსაზღვრო და წრფელია. ღმერთს არც ნდომებია მსხვერპლად ადამიანის შეწირვა, ეს იყო გამოცდა აბრაამის რწმენისა. იმ დროს ღმერთმა აბრაამს გამოუჩინა ბუჩქებში სამსხვერპლო ვერძი. მაგრამ გადის საუკუნეები და ღმერთმა გამოაჩინა უდიდესი მსხვერპლი, თავისი ძე მხოლოდშობილი, უმანკო კრავი, იესო ქრისტეს სახით. როგორც ისაკი მორჩილად მიჰყვებოდა აბრაამს, ისე მორჩლად დაჰყვა ძე ღვთისა თავის მამას და შეისხა ხორცი, დაიმცირა თავი და ნებაყოფლობით იგემა სიკვდილი, რათა ამ სრული მორჩილებით აღმდგარიყო მკვდრეთით.

როგორც ისაკს მიჰქონდა შეშა, ისე მიჰქონდა იესოს  თავისი წამების იარაღი, ჯვარი, რომელზეც იგი გააკრა სიძულვილისგან, შურისგან, სისასტიკისგან დაბრმავებულმა ხალხმა. მიუღებელი იყო იესო ებრაელი მღვდელმთავრებისთვის, რომლებმაც მოხეტიალე უპოვარ მოძღვარში ვერ ამოიცნეს ჭეშმარიტი მხსნელი, მიუღებელი იყო გაბოროტებული ხალხის დიდი ნაწილისთვისაც, რომლებიც ღრიალით მოითხოვდნენ მის ჯვარცმას. თავისი ერთ-ერთი მოწაფის, იუდას ღალატის შედეგად მის თავს გადასცემენ მღვდელმთავრებს, რომლებიც მას თვითმარქვია მესიად გამოაცხადებენ და შემდეგ წარადგენენ რომაელი პროკურატორის, პონტოელ პილატეს წინაშე, სადაც გადაწყდება მისი სიკვდილის დასჯა.

როგორც დამნაშავედ და თვითმარქვია მხსნელად შერაცხული, იესო იღებს სამარცხვინო და საშინელ სიკვდილს ჯვარზე, მაგრამ მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით, რითაც დაძლევს სიკვდილს, რომელიც შედეგია ცოდვით დაცემისა და საკუთარ თავში აღადგენს დაცემულ ადამიანურ ბუნებას, რითიც საშუალებას აძლევს ადამიანებს მისი მეშვეობით და წყალობით მიიღონ აღდგენა. თავისი ბრწყინვალე აღდგომით იესომ გაამჟღავნა სიყვარულის საიდუმლო, რომ სიყვარული ყოველივეს აღადგენს. თავად იესო ქრისტე გაცხადდა, როგორც ნიმუში ადამიანთათვის, რომლის მიბაძვით გახდებიან საკუთარ თავში ქრისტეს მატარებელნი და ეზიარებიან უკვდავებას. როდესაც ყველამ, მისმა ახლობელ-ნათესავებმა და მოწაფეებმა, მიცვალებულად იხილა იგი და დაკარგეს იმედი ხსნისა, სწორედ მაშინ აღდგა იგი და ახარა ადამიანებს თავისი დაბრუნება, რომ სიკვდილი უკან იხევს სიყვარულის ყოვლისგამომხსნელი ძალის წინაშე. სიყვარული კი თავად ღმერთია, როგორც ამას იოანე მოციქული დაწერს თავის ერთ-ერთ წერილში.

აღდგომა. XV-XVI საუკუნეების გერმანელი მხატვარი მატიას გრიუნევალდი.

კვლავ შემოიკრიბა იესომ თავისი მოწაფეები და მოუწოდა მათ იქადაგონ ქრისტეს სიტყვა მთელს ქვეყნიერებაზე, ყოველ შემხვედრს უქადაგონ და მოუწოდონ ეკლესიაში ერთობისკენ, ეკლესია კი თავად იესო ქრისტეს იდუმალი სხეულია, ურღვევი, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან“. ამაღლდა იესო ზეცად და მოეფარა მოწაფეთა თვალს, რომელთაც დაევალათ ქრისტეს სიტყვის მიტანა ყველგან, რათა ადამიანებში ტრიალებდეს ეს ცხოველმყოფელი სიტყვა.

მოუწოდა იესომ ნათლის მიღებისკენ სახელითა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. სამი სახელი, რომელთა გარშემოც მომავალში მრავალი კამათი იქნებოდა, რადგან ყველამ როდი მიიღო სამპიროვანი ღმერთი, როგორც მოგვიანებით იწოდა ყოვლადწმინდა სამებად, რომელშიც პირველი პირი მამა ღმერთია, მეორე ძე ღვთისა, იგივე იესო ქრისტე, განკაცებული სიტყვა ღვთისა, სრული ღმერთი და სრული კაცი და მესამე – სულიწმინდა, რომელიც მამისგან გამოდის და აღავსებს ყოველივეს ცხოველმყოფელი ძალით. თუმცა ქრისტიანთა უმრავლესობა იღებს ყოვლადწმინდა სამების შესახებ სწავლებას, ნაწილი ქრისტიანთა რჩება განსხვავებულ აზრზე და არ ეთანხმებიან იესოს ღვთაებრივობის შესახებ სწავლებას. თავისი ორიათასწლოვანი არსებობის განმავლობაში ქრისტიანულმა რელიგიამ გამოიარა მრავალი კამათი, ბრძოლა, საეკლესიო გაყოფები და განხეთქილებები, რისი შედეგიც არის ის, რომ არსებობს მრავალი მიმართულება ქრისტიანობაში, როგორებიც არის მაგალითად მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, პროტესტანტობა, ძველი აღმოსავლური ეკლესიები და ა.შ.

დღემდე ქრისტიანული რელიგია ინარჩუნებს პირველობას მორწმუნეთა რაოდენობის მხრივ და დღესაც ფართოდ იქადაგება ქრისტიანობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, ამ რელიგიის მიმდევართა რწმენით, ეს ქადაგება გაგრძელდება თავად იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, როდესაც ის გამოცხადდება სამყაროს განსაკითხავად. სწორედ მაშინ გაცხადდება ყველაფერი დაფარული, როგორც პავლე მოციქული სწერდა კორინთელებს: „ რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია“

სამება. ხატმწერი ანდრეი რუბლიოვი(XIV-XVსს.).

სტატიის ავტორი: გიორგი


About Giorgi

Scroll To Top